როგორ დავიბრუნოთ ლამაზი ღიმილი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიბრუნოთ ლამაზი ღიმილი?

- ადენტია (ბერძნ. a უარყ. თავსართ. ლათ. dens კბილი) არის ერთი ან რამდენიმე კბილის ან საერთოდ კბილების არარსებობა. განასხვავებენ პირველად და მეორეულ, ნაწილობრივ და სრულ ადენტიას.

- რა არის მისი გამომწვევი?

პირველადი ადენტიის მიზეზი კბილის ჩანასახის არარსებობაა. მეორეულ ადენტიას კი კარიესი და მისი გართულებები (პულპიტი, პერიდონტიტი) ან მექანიკური ტრავმა იწვევს, რაც არსებული კბილის დაკარგვის მიზეზი ხდება. ნაწილობრივი, მეორეული ადენტია ყველაზე გავრცელებული ფორმაა და, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის 75%-ში გვხვდება.

კბილების დაკარგვა თავიდან რომ ავიცილოთ, უნდა შევასრულოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • პირის ღრუს კარგი და რეგულარული ჰიგიენა;
  • გეგმური ვიზიტი სტომატოლოგთან;
  • სტომატოლოგიური პრობლემების ადრეულ ეტაპზე მოგვარება.

- რა გვერდითი მოვლენები და გართულებები შეიძლება მოჰყვეს ადენტიას, ესთეტიკურ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ?

- ნებისმიერი ფორმის ადენტიის დროს პაციენტებს უჭირთ საკვების ნორმალურად გადამუშავება, რაც უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, თანდათანობით კი მთელ ორგანიზმზე.

საკვები პირის ღრუში უნდა დაქუცმაცდეს, დასველდეს ნერწყვით და დაიწყოს მისი ფერმენტული მონელება, რაც ამ დროს არასრულფასოვნად ხდება.

ნაწილობრივი ადენტიისას ვითარდება ე.წ. პოპოვ-გოდონის ფენომენი, ანუ დეფექტის მხარეს მეზობელი კბილების გადახრა და საპირისპირო კბილების ჩამოწევა ან აწევა, ანუ კბილების დეფორმაცია-გადაადგილება, რაც შემდგომში ართულებს პროთეზირებას.

დაკარგული კბილების მიდამოში ყბის ძვალი არ იტვირთება ღეჭვითი ძალით, რაც მის განლევას იწვევს. ეს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია სრული ადენტიის დროს, როდესაც ძვალთან ერთად მისი მფარავი ლორწოვანი გარსიც განილევა. რადგან ყბების ძვლები თხელდება და სიმაღლეშიც მცირდება, ქვედა ყბის კუთხე ბლაგვდება, სასახსრე ფოსო ბრტყელდება და სასახსრე თავი იწყებს თავისუფლად მოძრაობას. საღეჭი და მიმიკური კუნთები ატროფირდება და დუნდება, რაც გარეგნობაზეც აისახება:

  • ტუჩის კუთხეები ქვემოთ ეშვება;
  • სწორდება ცხვირ-ტუჩის ნაოჭი;
  • მცირდება სახის ქვედა მესამედის სიმაღლე, რაც ადამიანს ხანდაზმულ იერს სძენს.

კბილების დაკარგვას ხშირად ახლავს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაც.

- როგორია ადენტიის მკურნალობის მეთოდები და რა უპირატესობა ან უარყოფითი მხარე აქვს თითოეულს?

- ადენტიას მკურნალობენ პროთეზირებით. ერთეული, რამდენიმე და ყველა კბილის დაკარგვის შემთხვევაში პროთეზირების სახეები სხვადასხვაგვარია:

ერთეული კბილის დანაკლისისას შეიძლება გაკეთდეს 3-კბილიანი ხიდი (მეტალო-კერამიკის, ცირკონო-კერამიკის) ან დენტალური იმპლანტი.

ხიდი საკმაოდ მყარი კონსტრუქციაა, მაგრამ მოითხოვს დეფექტის მიმდებარე კბილების დამუშავება-დაქლიბვას და შემდგომ გადაკვრას. იმპლანტის ჩანერგვის შემთხვევაში კი მეზობელ კბილებს არ ვეხებით, რითაც ვინარჩუნებთ მათ სიმტკიცეს, იკლებს კბილების კარიესით დაზიანების რისკი, არ ირღვევა ჰიგიენა და ძვლის განლევა ჩერდება.

ერთი კბილის დანაკლისის აღდგენა შეიძლება მერილენდის ანუ ადჰეზიური ხიდითაც, რომელიც კეთდება ადჰეზიური მინაბოჭკოვანი ლენტის საყრდენ კბილებზე დამაგრებით და შემდგომ მასზე სხვივგამყარებადი მასალის დაშენებით. ეს კონსტრუქცია გამოირჩევა მაღალესთეტიკურობით და საყრდენი კბილების მინიმალური დამუშავებით.

რამდენიმე კბილის დანაკლისის აღდგენის დროსაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ხიდი, რომელიც მაგრდება პირის ღრუში არსებული დეფექტის მოსაზღვრე კბილებზე ან დენტალურ იმპლანტებზე. თუმცა გარკვეული რაოდენობის კბილების დაკარგვის შემთხვევაში (6 და მეტი) ან დაბოლოებითი დეფექტების არსებობისას დღის წესრიგში დგება ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზების საკითხი.

სრული ადენტიის დროს, როგორც ნებისმიერი ადენტიის შემთხვევაში, ნაჩვენებია დენტალური იმპლანტები და შემდგომში მათი დატვირთვა სხვადასხვა ორთოპედიული კონსტრუქციით (მოუხსნელი ან მოსახსნელი) ან მთლიანი მოსახსნელი პროთეზები.

- როდის კეთდება მოსახსნელი პროთეზები?

- მოსახსნელი პროთეზები კეთდება როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული ადენტიის დროს.

ნაწილობრივი ადენტიის დროს, თუ დაკარგულია კბილების ის რაოდენობა, რომლის ჩანაცვლება ე.წ. ხიდით შეუძლებელია ან გვაქვს დაბოლოებითი დეფექტები, მაშინ ნაჩვენებია ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზი.

პროთეზების უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ღეჭვითი ძალის არაფიზიოლოგიური ან ნახევრადფიზიოლოგიური გადაცემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ღეჭვითი ძალა გადაეცემა არა კბილსა და ფესვს, არამედ ალვეოლურ ძვალს და მის მფარავ ლორწოვანს, რაც მის ატროფიას უწყობს ხელს.

მოსახსნელ პროთეზებთან შეგუება ბევრად რთულია, ვიდრე მოუხსნელ კონსტრუქციასთან (მაგ. ხიდთან).

- რა შემთხვევებშია ნაჩვენები იმპლანტაცია და ერთდროულად რამდენი კბილი შეიძლება გაკეთდეს?

- დენტალური იმპლანტაცია ნაჩვენებია როგორც ერთეული კბილის დაკარგვის, ასევე ნაწილობრივი და სრული ადენტიის დროს. ერთდროულად რეკომენდებულია გაკეთდეს არა უმეტეს 10 დენტალური იმპლანტისა.

- როდისაა შესაძლებელი ხიდის გაკეთება?

- ხიდისებური პროთეზი ანუ ხიდი კეთდება ნაწილობრივი ადენტიის დროს, მაგრამ მისთვის აუცილებელია ჩართული დეფექტების არსებობა (როდესაც დეფექტის ორივე მხარეს არსებობს საყრდენი კბილი). ამასთან, ხიდისებური კონსტრუქციით ხდება, ყველაზე ბევრი, 3 დაკარგული კბილის ჩანაცვლება.

- რას მოიცავს კბილების რესტავრაცია?

- რესტავრაცია არის კბილის აღდგენა მისი დაზიანების დროს.

- როგორ ხდება კბილების რესტავრაცია და რა უპირატესობა აქვს თითოეულ მეთოდს?

- რესტავრაცია შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მეთოდით. პირდაპირი რესტავრაცია კეთდება მაღალი ხარისხის ჰელიობჟენებისა და მინაბოჭკოვანი წკირების დახმარებით. ამ დროს მნიშვნელოვანია კოფერდამით იზოლაცია. ეს მეთოდი ძალიან კარგია, როდესაც შენარჩუნებული გვაქვს კბილის გარკვეული მოცულობა. ამასთან, ის სრულდება იმ დღესვე.

მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ხანგრძლივობა (2-4სთ).

არაპირდაპირი რესტავრაცია კი მოიცავს კბილის აღდგენას ჩანართით (არსებობს სხვადასხვა სახეობის ჩანართები) და შემდგომ მის დაფარვას ხელოვნური გვირგვინით. ამ მეთოდის უპირატესობაა კონსტრუქციის სიზუსტე, სიმტკიცე და შედარებით ხანმოკლე ვიზიტი სტომატოლოგთან. თუმცა ზოგჯერ ეს მეთოდიც ითხოვს რამდენიმე ვიზიტს სამუშაოს დასრულებამდე.