ვიზიტი სტომატოლოგთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიზიტი სტომატოლოგთან

- ქალბატონო სოფო, ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ კარიესის მიზეზი, საკმაოდ ხშირად, კბილის ქვაა. რატომ ჩნდება კბილებზე ქვები, მიზეზი მხოლოდ არასათანადო ჰიგიენაა?

- მოგესალმებით, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, მაგრამ შევეცდები ამომწურავად გიპასუხოთ. კბილის ქვის გამომწვევი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჰიგიენის დარღვევა, საზოგადოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ღეჭვა ცალ მხარეს, არასწორად შერჩეული ჯაგრისი, არასწორი თანკბილვა, კვება მხოლოდ რბილი კონსისტენციის საკვებით, სისტემური დაავადებები.

მოკლედ განვიხილავ თითოეული მათგანის მექანიზმს. არასწორად და არასრულფასოვნად დაცული ჰიგიენა ყველაზე დიდ როლს თამაშობს ქვის წარმოქმნაში. დროთა განმავლობაში კბილის ყელის არეში გროვდება საკვების ნარჩენები, ისინი გადაიქცევა კბილის ბალთად და ფიქსირდება კბილის ზედაპირზე, ყელის მიდამოში. ეს მიკრობებისთვის ხელსაყრელი გარემოა და მინერალიზაცია ნერწყვის საშუალებით ხდება. მეტად რომ დავაკონკრეტოთ - ნერწყვის სიბლანტე ცალსახად მონაწილეობს ამ პროცესში.

- რა არის კბილის ქვა, რისგან შედგება ის?

- კბილის ქვის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი კალციუმის მარილებია. მის შემადგენლობაშია აგრეთვე საკვების ნარჩენები, ბაქტერიები, ფოსფორისა და რკინის მარილები.

- ძირითადად რომელ კბილებზე ლოკალიზდება და რა ასაკიდან იწყებს გაჩენას?

- ლოკალიზაციის მიხედვით ქვები უფრო ხშირად გვხვდება ქვედა ყბის ფრონტალური კბილების შიგნითა ზედაპირზე და ზედა ყბის მოლარების ლოყისკენა ზედაპირზე, სადაც სანერწყვე სადინარი იხსნება. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ არსებობს ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვები. ღრძილზედა კბილის ქვის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ ნერწყვიდან დალექილი მინერალები, ხოლო ღრძილქვეშა ქვას ღრძილის სითხის მინერალები ქმნიან. რა თქმა უნდა, ორივე ლოკალიზაციის ქვა მავნე გავლენას ახდენს და თანაც არა მხოლოდ მინანქარზე, არამედ პაროდონტის ქსოვილზეც. ამის მიზეზია ის, რომ ქვების არსებობის გამო მუდმივად ტრავმირდება ღრძილი, შედეგად წარმოიქმნება პათოლოგიური ჯიბე და ჩნდება ღრძილქვეშა ქვა, რომელიც ვიზუალური შეფასებით, შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ის კბილის ფესვზე ფიქსირდება, მყარად ეკვრის მას და აზიანებს კბილის საყრდენ სტრუქტურას. საბოლოოდ, ამას კბილის დაკარგვა მოჰყვება.

- ქ-ნო სოფო, თქვენ ბრძანეთ, რომ ღრძილშიდა ქვა არ ჩანს ვიზუალურად. როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და როდის უნდა იეჭვოს ადამიანმა, რომ ღრძილშიდა ქვები აქვს?

- დიახ, ღრძილქვეშა ქვა არ ჩანს. მისი დიაგნოსტირება მხოლოდ ექიმ სტომატოლოგს შეუძლია სპეციალური ინსტრუმენტის დახმარებით.

- რა ჩივილები აქვს ადამიანს ქვების არსებობისას?

- კბილის ქვას ახასიათებს ტკივილი, სისხლდენა ღრძილებიდან, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ღრძილის რეცესია (განლევა). გარდა ამისა, ზოგჯერ ქვები ისეთ ფართო არეს მოიცავს, რომ პაციენტს აღენიშნება ვიზუალური დისკომფორტი.

- კრიესის გარდა, რა გართულებების გამოწვევა შეუძლია ქვებს?

- გარდა კარიესისა, როგორც აღვნიშნე, პაროდონტის ქსოვილს აზიანებს. ასევე იწვევს პაროდონტიტს, პათოლოგიურ ჯიბეებსა და გინგივიტს.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ქვების გაჩენა?

- უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს გამომწვევ ფაქტორს. თუ ადამიანს აწუხებს სისტემური დაავადება (კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის პრობლემები), მაშინ აუცილებელია შესაბამის სპეციალისტთან მკურნალობა. უხშირესად კი ქვების პროფილაქტიკა კბილის ნადებთან ბრძოლაა. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური და პროფესიული ჰიგიენის ჩატარება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჰიგიენური პროცედურის დაწყება ბავშვობიდან, პირველი კბილის ამოჭრისთანავე აუცილებელია.

შემდგომი გართულების თავიდან ასარიდებლად საჭიროა:

  • სტომატოლოგთან რეგულარული მიმართვა. 6 თვეში ერთხელ პროფილაქტიკური წმენდის ჩატარება.
  • ჯანსაღი პროდუქტით კვება. კვების რაციონში უნდა იყოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. გახსოვდეთ, რომ უხეშბოჭკოვანი პროდუქტი ხელს უწყობს კბილის ზედაპირის მექანიკურ წმენდას.
  • კვებისას დატვირთვა უნდა გადანაწილდეს ორივე მხარეს.
  • აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხე - დღის განმავლობაში 1,5-2ლ.
  • კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ - დილა-საღამოს, თუმცა სასურველია ყოველი კვების შემდგომაც. კბილის გახეხვის ტექნიკასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სულ ცოტა 3 წუთის მანძილზე უნდა იხეხოთ კბილები, ყველა კბილი ყოველი მხრიდან. მიუდგომელ ადგილებში, კბილთაშორის კონტაქტებში, აუცილებელია კბილის ფლოსის გამოყენება. ზოგჯერ საჭიროა პირის ღრუს სავლების გამოყენებაც.
  • მნიშვნელოვანია, რომ კბილების ხეხვისას არ დაზიანდეს ღრძილი.
  • მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული კბილის ჯაგრისი და პასტა. სტომატოლოგი მდგომარეობის გათვალისწინებით გირჩევთ, როგორი სიხისტის ჯაგრისი გესაჭიროებათ (რბილი, საშუალო თუ მაგარი) და რომელი შემადგენლობის კბილის პასტა (სისხლდენის საწინააღმდეგო, მათეთრებელი ეფექტით თუ კალციუმის, ფთორის შემცველი).

- ბრეკეტებიანი კბილები სპეციალურ მოვლას ხომ არ საჭიროებს?

- რა თქმა უნდა. როდესაც პაციენტი იყენებს ბრეკეტსისტემას, აუცილებელია სპეციალური ჯაგრისი ძნელად მისადგომი ბრეკეტთაშორისი და რკალის ქვეშ ადგილების გასაწმენდად. აგრევე პროფესიული წმენდა 3 თვეში ერთხელ.

- ქვების მოშორება როგორ ხდება?

- ქვების მოშორება ძირითადად ულტრაბგერითი აპარატით ხდება. ეს აპარატი ეფექტურად აცილებს როგორც ღრძილზედა, ისე ღრძილქვეშა ქვებს.

ასევე Air Flow-ს სისტემის მეშვეობით - ნატრიუმის ბიკარბონატი წყალთან ერთად ქმნის აბრაზიულ ჭავლს, ფხვნილის წვრილდისპერსული მარცვლები აშორებს ნადებს და რაც მთავარია, არ ზიანდება მინანქარი.

- ქალბატონო სოფო, კბილებზე ნადები რატომ ჩნდება?

- დავიწყოთ იმით, რომ კბილზე შესაძლოა ნადები არც იყოს, მაგრამ ბუნებრივად ჰქონდეს მოყვითალო ან მონაცრისფრო შეფერილობა. როგორც ყველაფერი, კბილის ფერიც ინდივიდუალურია.

არსებობს სამი სახის კბილის ნადები:

1. რბილი ნადები ანუ თეთრი, რომელსაც საკვების ნარჩენი პროდუქტები და ბაქტერიები ქმნის. ეს ნადები ფიქსირებულია კბილის ყელის არეში. თეთრი კბილის ნადები ადვილად სცილდება კბილის ჯაგრისით. თუკი არ მოცილდა აღნიშნული ნადები, საკმაოდ აგრესიული გახდება მისი შემდგომი მექანიზმის გამო - ისინი მინერალიზდება და კბილებზე ჩნდება ქვები. კბილის თეთრი ნადების პროფილაქტიკა გულისხმობს მაგარი საკვების მიღებას, როგორიცაა ვაშლი, სტაფილო და სიმინდი.

2. მწეველებისთვის დამახასიათებელი ნადები - მოყავისფრო-მოშავო შეფერილობისაა. გამომწვევი თამბაქოა. კბილის ჯაგრისით აღნიშნული ნადების მოშორება შეუძლებელია. ამისათვის იყენებენ ულტრაბგერით სკეილერს და სხვადასხვა საშუალებებს.

3. მომწვანო-მოშავო ფერის ნადები ბავშვებთან, ე.წ. “პრისლის ნადები”, არა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა, კარიესის ხელშემწყობი ფაქტორიცაა. ჩნდება სკოლამდელ ასაკში. ეს პრობლემა უმთავრესად გასტროენტეროლოგთან გვარდება, ნადებს კი მხოლოდ სტომატოლოგი აცილებს.

- როგორია ნადების პროფილაქტიკა?

- პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის დაცვას და მაგარი საკვების მიღებას, როგორებიცაა ვაშლი, სტაფილო...

- ზოგი შინ ცდილობს სხვადასხვა საშუალებით კბილებიდან ნადების მოშორებას (მაგალითად, სოდით, მარილით და ა.შ). გვესაუბრეთ ამ შინაური მეთოდების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

- ბევრი შინაური მეთოდი მსმენია, მაგრამ ჩვენს მკითხველს არ ვურჩევ თვითმკურნალობას. რისკის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, ეს საქმე სტომატოლოგს მიანდოთ, რომ საფუძვლიანად შეფასდეს, დადგინდეს ეტიოლოგიური ფაქტორი და დაიგეგმოს თქვენთვის ოპტიმალური კომპლექსური სამკურნალო კურსი.

- ნადების მოშორების რა მეთოდები არსებობს?

- თუ ნადები ჯერ კიდევ არამინერალიზებულია, მისი მოშორება სავსებით შესაძლებელია კბილის ჯაგრისითა და პასტით. აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია სწორად და სრულფასოვნად ჩატარებული პროცედურა.

- დაბოლოს, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- მკითხველს ვურჩევ, ხშირად მიმართონ სტომატოლოგს. ექიმი ინდივიდუალურად შეადგენს მათთვის საჭირო პროფილაქტიკურ მეთოდს. შეასრულეთ ექიმის ყველა რჩევა თუ რეკომენდაცია და ნუ ეცდებით თვითმკურნალობას. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ჯანსაღ ღიმილზე!