სულით ძლიერნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სულით ძლიერნი

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ამ ჯოჯოხეთს გაუძლეს, უფრო მეტიც - სძლიეს საკუთარ კომპლექსებს, უკან არ დაიხიეს, უამრავი ბარიერი გადალახეს და დაამტკიცეს, რომ ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, შესაძლებელია, ადამიანმა წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიოს. დაამტკიცეს და ამით უამრავ სხვას მისცეს მაგალითი. ამჯერად "ოჯახის მკურნალი" სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ გიამბობთ.

ჰომეროსი - ლეგენდარული ბერძენი პოეტი-მთხრობელი, რომელსაც "ილიადასა" და "ოდისეას" შექმნას მიაწერენ. მისი ცხოვრებისა და პიროვნების შესახებ დანამდვილებით არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის არის სარწმუნო, რომ "ილიადა" და "ოდისეა" მათში აღწერილ მოვლენებზე გაცილებით გვიან შეიქმნა. ეს მოვლენები, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნემდე უნდა მომხდარიყო.

ქრონოლოგიური პერიოდი, რომელშიც ათავსებენ თანამედროვე მეცნიერები ჰომეროსის ცხოვრებას, დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეა. მისი დაბადების ადგილიც უცნობია. მისი სამშობლოს სახელისთვის შვიდი ქალაქი იბრძოდა: სმირნა, ჰიოსი, კოლოფონი, სალამინი, როდოსი, არგოსი და ათენი.

ტრადიციულად, ჰომეროსს უსინათლო მოხუცად გამოსახავდნენ. უფრო მეტად სარწმუნოა, რომ ეს წარმოდგენა მისი ცხოვრების რეალური ფაქტებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ წარმოადგენს რეკონსტრუქციას, რომელიც ანტიკური ბიოგრაფიების ჟანრისთვის არის დამახასიათებელი. ვინაიდან მრავალი წინასწარმეტყველი, ნათელმხილველი და მომღერალი ბრმად ითვლებოდა ან მართლაც ბრმა იყო, ანტიკური ლოგიკის მიხედვით, რომელიც წინასწარმეტყველურ და პოეტურ ნიჭს ერთმანეთს უკავშირებდა, ჰომეროსის სიბრმავის შესახებ ვარაუდი შესაძლოა სიმართლესთან ახლოს იდგეს. გარდა ამისა, დაბადებიდან ბრმა მომღერალი დემოდოკე, რომელიც "ოდისეას" გმირია და რომლის იდენტიფიცირება მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს, შესაძლოა თავად ჰომეროსიც იყოს, ხოლო ნაწარმოები - ამ უდიდესი პოეტის ავტობიოგრაფია. ასეა თუ ისე, ჰომეროსს თავისი ნაწარმოებების გამო დღეს მსოფლიო ლიტერატურაში თვალსაჩინო ადგილი უკავია.

ჯონ მილტონი (1608-1674, ლონდონი) - სახელგანთქმული ინგლისელი პოეტი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. მან ორმოცდაოთხი წლისამ დაკარგა მხედველობა, რამაც მის ქონებრივ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა, ხოლო ორიოდე წელიწადში სტიუარტების მმართველობის აღდგენამ მთლიანად გააკოტრა. კიდევ უფრო დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის მისი პარტიის "ინდეპენდენტის" განადგურება. მიუხედავად ამისა, მილტონი სულით არ დაცემულა. სწორედ ამ პერიოდში - 1660 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - შექმნა სამი გენიალური ნაწარმოები: "დაკარგული სამოთხე", "დაბრუნებული სამოთხე" და "სამსონი". ალბათ, მკითხველისათვის ის ფაქტიც იქნება საინტერესო, რომ მილტონის პატივსაცემად მისი სახელი პლანეტა მერკურის ერთ-ერთ კრატერს ეწოდა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები) - ამ გერმანელმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და პიანისტმა, ვენის სამ კლასიკოსს შორის ერთ-ერთმა, ორმოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში უამრავი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა, მათ შორის - სიმფონიები, ოპერა, ბალეტი, ხუთი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და სხვა. ოცდაექვსი წლის ასაკში ამ უდიდესმა კომპოზიტორმა შიგნითა ყურის ანთების შედეგად სმენა დაკარგა. ავადმყოფობისას, მიუხედავად იმისა, რომ ყურში მუდმივი წკრიალი ჩაესმოდა, ბეთჰოვენს მუშაობა არ შეუწყვეტია, მაგრამ თანდათან მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მკურნალმა ექიმმა კატეგორიულად მოსთხოვა დასვენება. კომპოზიტორი ჰაილიგენშტადტში გაემგზავრა, მაგრამ სიმშვიდემ და სიწყნარემ ბევრი ვერაფერი არგო. ამ ტრაგიკულ დღეებში მან დაწერა წერილი, რომელსაც მოგვიანებით ჰაილიგენშტადტის ანდერძი უწოდეს. აქ ის აღწერდა თავის ემოციურ მდგომარეობას და აღიარებდა, რომ თავის მოკვლას აღარაფერი აკლდა, თუმცა ორიოდე თვის შემდეგ გაგზავნილ წერილში უკვე ჩანს მისი ოპტიმიზმი: "მომეჩვენა, რომ სანამ არ შევქმნი ყველაფერს, რისთვისაც მოწოდებული ვარ, ამ ქვეყნის დატოვება სისულელეა", - წერს იგი. სწორედ ამ წერილის შემდეგ დაიწყო მან მესამე სიმფონიის წერა, რომელსაც მოგვიანებით "გმირული სიმფონია" უწოდა. დამეთანხმებით, სმენადაკარგული ადამიანის მხრიდან ეს მართლაც გმირობის ტოლფასი იყო.

სხვათა შორის, ბეთჰოვენის სიყრუის შედეგად შემონახულია უნიკალური ისტორიული დოკუმენტები - "სალაპარაკო რვეულები", სადაც კომპოზიტორის მეგობრებს თავიანთი რეპლიკები შეჰქონდათ, რომლებზეც ასევე წერილობით ან სიტყვიერად პასუხობდა ბეთჰოვენი, თუმცა ბეთჰოვენის მკვეთრი პოლიტიკური გამონათქვამების გამო ამ რვეულების უმრავლესობა მისმა მეგობრებმა გაანადგურეს, რათა დიდი კომპოზიტორის სახელისთვის ჩრდილი არ მიეყენებინათ.

საინტერესოა ისიც, რომ კომპოზიტორის ნაწარმოებთა უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის. უფრო მეტიც - ის შინაგანი სმენის დახმარებით სხვა კომპოზიტორთა ნამუშევრებსაც კი ასწორებდა. ალბათ, ბევრს გაუგონია, როგორ წერდა დაყრუებული ბეთჰოვენი: კბილებით ხის სახაზავი ეჭირა და ფორტეპიანოზე მისი საშუალებით უკრავდა; ეგრეთ წოდებული ძვლოვანი სმენით (მოგეხსენებათ, თავის ქალაში უამრავი ღრუა და, ყურის მსგავსად, ისინიც ატარებენ ბგერებს, თუმცა გაცილებით უარესად) "ისმენდა" ინსტრუმენტის მიერ გამოცემულ ხმებს, ხოლო ფურცელზე მათი გადატანა, როგორც იტყვიან, უკვე ტექნიკის საქმე იყო. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ბეთჰოვენს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა - სანამ მუსიკის წერას დაიწყებდა, თავს ყინულიანი წყლით სავსე თასში ყოფდა. ეს ჩვევა მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა და შესაძლოა, სწორედ ეს იქცა მისი დაყრუების მიზეზად. მოარული ხმები იმასაც ამბობენ, თითქოს სიკვდილის წინ ბეთჰოვენს სმენა აღუდგა, თუმცა, წმინდა სამედიცინო კუთხით თუ მივუდგებით, ეს სრულიად შეუძლებელი გახლდათ.

თომას ალვა ედისონი (1847-1931) საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე გახლდათ. მან აშშ-ში - 1093, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში 3000-მდე გამოგონების პატენტი მიიღო. ხომ შთამბეჭდავია?! მან გააუმჯობესა ტელეგრაფი, ტელეფონი, კინოაპარატურა, ელექტრონათურა, ელექტრომატარებელი, საფუძველი ჩაუყარა ელექტრონიკას, გამოიგონა ფონოგრაფი და სხვა.

თვით სატელეფონო საუბრის დაწყებისას სიტყვა "ალოს" გამოყენებაც კი ამ გენიალური ადამიანის მოწოდებულია. თომას ედისონი ანთების გამო არაპროპორციული თავით დაიბადა და ჯანმრთელობაც წლების განმავლობაში საკმაოდ ჰქონდა შერყეული. შვიდი წლისას ქუნთრუშა დაემართა, რომელმაც პროგრესირებადი სიყრუით დააჯილდოვა. ბავშვობაში დიდი თავის გამო "უტვინო იდიოტს" ეძახდნენ, მაგრამ ამ "უტვინომ" დაამტკიცა, რომ მას უდიდესი შესაძლებლობები ჰქონდა. დედამ სკოლიდან გამოიყვანა და გადაწყვიტა, განათლება მისთვის შინ მიეცა. მოგვიანებით ედისონი წერდა, "გამომგონებელი იმიტომ გამოვედი, რომ სკოლაში არ მისწავლიაო". იგი საოცარი შრომისმოყვარეობითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა. მაგალითად, ელექტრონათურისთვის, უფრო სწორად, ვარვარის ძაფისთვის საუკეთესო მასალის მოსაძებნად ექვსი ათასამდე ნიმუში გადაარჩია და საბოლოოდ ბამბუკი აირჩია. შეეძლო, ლაბორატორიაში ზედიზედ 45 საათი გაეტარებინა და ხანდაზმულ ასაკშიც კი დღე-ღამეში 18-19 საათს მუშაობდა. ნიკოლო ტესლა მასზე ამბობდა: თივის ზვინში ნემსის პოვნა რომ დასჭირდეს, არასდროს დაკარგავს დროს მის საძებნელად; უბრალოდ, სათითაოდ გადადებს განზე თივის ღერებს, სანამ ნემსს არ იპოვისო. მართლაც შესანიშნავი დახასიათებაა.


რეი ჩარლზი (1930-2004) - ალბათ, მრავალ მკითხველს ჯერ ისევ ახსოვს ეს გენიალური ამერიკელი მუსიკოსი, 70 სტუდიური ალბომის ავტორი, სოულის, ჯაზისა და რიტმ-ენ-ბლუზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი. ის 17-ჯერ დააჯილდოეს "გრემით", მოხვდა როკ-ენ-როლის, ჯაზის, ქანთრისა და ბლუზის დიდების დარბაზებში, ჯორჯიის შტატის დიდების დარბაზში. მისი ჩანაწერები აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაშიც კი არის შეტანილი. ფრენკ სინატრამ მას "შოუ-ბიზნესში ერთადერთი ნამდვილი გენიოსი" უწოდა. მის გენიას აღიარებდნენ პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი, სტივ უანდერი, ბენ მორისონი და სხვები.

რეი ჩარლზი უღარიბეს ოჯახში დაიბადა. როგორც თვითონ ამბობდა, მათი ოჯახი თვით ზანგებს შორისაც კი ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგა. რეი ხუთი წლის იყო, როდესაც მისი ძმა, მასზე ერთი წლით უმცროსი ჯორჯი, ქუჩაში მდგარ წყლით სავსე როფში ჩავარდა. რეი ძმას მივარდა, მაგრამ ვერ ამოიყვანა - ბიჭუნა მისთვის მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა. ჯორჯი დაიხრჩო, ხოლო რეიმ, სავარაუდოდ, იმ დროს მიღებული ემოციური შერყევის გამო, მხედველობა თანდათან დაკარგა და შვიდი წლის ასაკში დაბრმავდა. როგორც შემდეგ თავად ამტკიცებდა, მისი სიბრმავის მიზეზი ბოლომდე აუხსნელი დარჩა, თუმცა არსებობს მონაცემები, რომ ეს შესაძლოა გლაუკომის ბრალიც ყოფილიყო.

რეი ჩარლზმა მუსიკალური ნიჭი ჯერ კიდევ მოწაფეობისას გამოამჟღავნა და მიუხედავად უსინათლობისა, წუთითაც არ შეუწყვეტია მუშაობა, ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლა. ალბათ მკითხველისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ ოფიციალურად რეი ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა ცხრა ქალისგან თორმეტი შვილი დარჩა. რეი ჩარლზის შესახებ გადაღებულია ფილმი, რომელსაც საფუძვლად მისი ავტობიოგრაფია დაედო. მთავარი როლის შემსრულებელმა ჯიმი ფოქსმა "საუკეთესო მსახიობის" ნომინაციაში "ოსკარი" დაიმსახურა.

სტივ უანდერი - სოულის შემსრულებელი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი და პროდიუსერი. ის ვირტუოზულად უკრავს კლარნეტსა და ტუჩის გარმონიკაზეც. 13 მაისს მას 60 წელი შეუსრულდა.

სტივ უანდერმა, დაბადებიდან უსინათლო ადამიანმა, მუსიკაში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. მას ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსს უწოდებენ. სწორედ სტივ უანდერი გახლდათ ერთ-ერთი იმ მუსიკოსთაგანი, რომელთაც მეოცე საუკუნის შუა ხანების "შავი" მუსიკის - რიტმ-ენდ-ბლუზისა და სოულის პოპულარული სტილი ჩამოაყალიბა. მთელი კარიერის მანძილზე მას შექმნილი აქვს 30 ალბომი და 22 (!) "გრემის" მფლობელია.

ოცწლიანი პაუზის შემდეგ მუსიკის სამყაროში დაბრუნებულმა სტივ უანდერმა 2007 წელს აშშ-ის ცამეტ ქალაქში გამართა ტურნე, რომელსაც წარმოუდგენელი წარმატება ხვდა წილად. მისი სახელი აღბეჭდილია როკ-ენ-როლისა და კომპოზიტორთა დიდების დარბაზებში. ჰოლივუდის დიდების ხეივანში არის ვარსკვლავი, რომელსაც მუსიკაში წვლილის შეტანისა და არაჩვეულებრივი მიღწევებისთვის სტივ უანდერის სახელი ჰქვია.

დაბოლოს, კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი უნდა გაგაცნოთ, რომლის გენია მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ეს სტივენ უილიამ ჰოკინგი გახლავთ - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი და ჩვენი დროის თეორიული ფიზიკის საუკეთესო წარმომადგენელი.

ის ოქსფორდში დაიბადა 1942 წელს, ოცი წლისამ დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი და თეორიულ ფიზიკაში დაიწყო მუშაობა. სწორედ იმხანად გამოაჩნდა ამიოტროფული სკლეროზის ნიშნები, რომელმაც საბოლოოდ სრულ დამბლამდე მიიყვანა. ის მხოლოდ ეტლით ახერხებს გადაადგილებას და მეგობრების მიერ ნაჩუქარი მეტყველების სინთეზატორით საუბარს. სტივენ ჰოკინგი ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამეცნიერო აკადემიების წევრია. სპეციალური ფიზიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით მკითხველი რომ არ გადავღალოთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ გარდა კოსმოლოგიისა და კვანტურ გრავიტაციაზე მუშაობისა, ის ლიტერატურულ ასპარეზზეც აქტიურობს და ამით ფიზიკას დიდ პოპულარიზაციას უწევს.

დიანა ღურწკაია - ამ ქართველ მომღერალზე, რომელიც არა მარტო საქართველოსა და რუსეთში (სადაც უკვე ათ წელიწადზე მეტია ცხოვრობს), არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც არის აღიარებული, დიდხანს არ შევჩერდებით. მის ბიოგრაფიას ისედაც კარგად იცნობს მკითხველი. დღეს დიანა ძირითადად რუსეთში მოღვაწეობს, თუმცა არც საქართველოს ივიწყებს და ხშირად სტუმრობს მშობლიურ ქვეყანას.

აი, ასეთები იყვნენ და არიან ცხოვრების ჯოჯოხეთში გამობრძმედილი ადამიანები... სანამ სიტყვა "ასეთებს" დავწერდი, დიდხანს ვიფიქრე, რა დამეწერა შემდეგ: გმირები?.. უდრეკნი?.. მედგარნი?.. სიცოცხლეზე შეყვარებულნი?.. სამშობლოსა და თავიანთი საქმისთვის თავდადებულნი?.. ბოლოს გონება გამინათდა - აჰა, ეს ადამიანები სულით ძლიერნი იყვნენ და არიან, რამეთუ სულია ყველაფრის თავიდათავი. დიახ, ეს ადამიანები სულით არ დაცემულან და სწორედ სულიერი სიმტკიცით გაიტანეს და გააქვთ ცხოვრების ლელო.