რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მენიერის დაავადება
მენიერის დაავადება

მენიერის დაავადება არის შიგნითა ყურის პათოლოგია, რომელიც იწვევს თავბრუხვევის - ოთახისა და საგნების ტრიალის შეგრძნების - შეტევებს, სმენის გარდამავალ დაკარგვას, ყურების შუილს, ზოგჯერ - დაგუბებისა და ზეწოლის შეგრძნებას. მენიერის დაავადება უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული. მართალია, მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც მისი განკურნების შეუძლებლობას გულისხმობს, მაგრამ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც სიმპტომების შემსუბუქებასა და ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნებაში გვეხმარება.

როგორ ვლინდება
მენიერის დაავადების სიმპტომებია:

  • თავბრუხვევის განმეორებითი ეპიზოდები. ეს არის
    ჭეშმარიტი თავბრუხვევა, რომელიც მოგვაგონებს ბავშვობაში, კარუსელზე ან ტრიალის შემდეგ განცდილ შეგრძნებას. ადამიანი გრძნობს, როგორ ტრიალებს ოთახი და წონასწორობას კარგავს. თავბრუხვევა აღმოცენდება ერთბაშად, წინამორბედი სიმპტომების გარეშე, და 20 წუთიდან 2 საათამდე, ზოგჯერ კი 24 საათსაც გასტანს. ძლიერმა თავბრუხვევამ შესაძლოა გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.
  • სმენის დაკარგვა. სმენის დაკარგვა
    მენიერის დაავადების დროს ცვალებადი ხასიათისაა, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიაში, თუმცა პაციენტთა დიდი ნაწილი სმენას თანდათანობით კარგავს.
  • ყურების შუილი. პაციენტს შესაძლოა ჩაესმოდეს ზუზუნი, წუილი, წკრიალი, შიშინი.
  • სისავსის - დაგუბების, ზეწოლის - შეგრძნება ყურში.

მენიერის დაავადების ტიპური ეპიზოდი შესაძლოა დაიწყოს ყურში სისავსის შეგრძნებით, ხმაურის გაძლიერებითა და სმენის კარგვით, რასაც მოჰყვება ძლიერი თავბრუხვევა. მას ხშირად ერთვის გულისრევა და ღებინება. ეპიზოდი, ჩვეულებრივ, 2-დან 3 საათამდე გრძელდება, მერე კი სიმპტომები მცირდება. მენიერის დაავადების ეპიზოდები კლასტერული (ჯგუფური) ხასიათისაა და მას უსიმპტომო ან მცირედ გამოხატული სიმპტომების პერიოდი მოსდევს. სმენის დარღვევათა სიმძიმე, სიხშირე და ხანგრძლივობა შესაძლოა ყოველი ეპიზოდის დროს სხვადასხვა იყოს, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიებზე. მაგალითად, პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ხშირ ეპიზოდებს ძლიერი თავბრუხვევით, მაგრამ მცირედ გამოხატული სხვა შეგრძნებებით; შესაძლოა, იშვიათად აწუხებდეს სუსტი თავბრუხვევა და სმენის დაკარგვა, მაგრამ ხშირად უჩიოდეს ყურების შუილს, რაც ჩაძინების საშუალებას არ მისცემს.


როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა
ექიმთან მისვლა რეკომენდებულია მენიერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის არსებობისას, ვინაიდან არ არის გამორიცხული, სიმპტომი სხვა დაავადების გამოხატულებას წარმოადგენდეს. საჭიროა, მივმართოთ ექიმს და დავაზუსტოთ დიაგნოზი. თავბრუხვევა, თუმცაღა არცთუ ისე ხშირად, შესაძლოა იყოს ისეთი დაავადებების გამოვლინებაც, როგორებიცაა ინსულტი, ტვინის სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ თავბრუხვევას ერთვის:

  • თავის ტკივილი, რომელიც ადრე არ გაწუხებდათ ან მეტისმეტად ძლიერია;
  • მხედველობის გაორება ან დაკარგვა;
  • მეტყველების დარღვევა;
  • კიდურების სისუსტე;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • სიარულის გაძნელება ან შეუძლებლობა;
  • კიდურების დაბუჟება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • გულისცემის აჩქარება ან შენელება.


რა იწვევს
მენიერის დაავადების მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა ცნობილია, რომ ის უკავშირდება შიგნითა ყურში არსებული სითხის ანომალიურ მოცულობას ან შემადგენლობას. შიგნითა ყური არხებისა და ღრუების სისტემაა. მას ლაბირინთი ეწოდება. ლაბირინთი შედგება ძვლოვანი და მემბრანული ნაწილებისგან. მემბრანული ნაწილი შეიცავს სითხეს - ენდოლიმფას და თმის მსგავს წარმონაქმნებს - სენსორებს, რომლებიც სითხის მოძრაობაზე რეაგირებენ. სენსორების ნორმალური ფუნქციობისთვის ენდოლიმფას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მოცულობა, წნევა და ქიმიური შემადგენლობა. მენიერის დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს ის ფაქტორები, რომლებიც ენდოლიმფის თვისებებს ცვლიან. მეცნიერებმა გამოყვეს ამ ცვლილების გამომწვევი შესაძლო ფაქტორები:

  • ენდოლიმფის დრენირების დარღვევა, რაც შესაძლოა ანატომიურმა პათოლოგიამ ან სითხის მოძრაობის ბლოკირებამ გამოიწვიოს;
  • ანომალიური იმუნური პასუხი;
  • ალერგია;
  • ვირუსული ინფექცია;
  • გენეტიკური განწყობა;
  • თავის ტრავმა.

ვინაიდან არ არის დადგენილი მენიერის დაავადების გამომწვევი ერთი მიზეზი, დიდია ალბათობა, ბრალი ამ ფაქტორების კომბინაციას მიუძღოდეს.


გართულებები
მენიერის დაავადების დროს ყველაზე დიდი პრობლემაა თავბრუხვევის ეპიზოდები, რომელთა მოახლოების პროგნოზირებაც შეუძლებელია. თავბრუხვევის დროს პაციენტი ხშირად იძულებული ხდება, ჩვეულ საქმიანობას თავი დაანებოს და დაწვეს, რაც ემოციურ სტრესს იწვევს. გარდა ამისა, თავბრუხვევის შეტევის დროს იზრდება დაცემის, ავტოავარიის, დეპრესიის ან აღგზნების, სმენის პროგრესირებადი დაქვეითების ალბათობა.


რეკომენდებული გამოკვლევები
მენიერის დაავადების დიაგნოზს სვამენ, როდესაც დასტურდება:

  • თავბრუხვევის, სულ ცოტა, 2 ეპიზოდი, რომლებიც 20 წუთს მაინც გრძელდება;
  • სმენის დაკარგვა, რომელიც თან სდევს შეტევას და ადგენენ სათანადო შემოწმებით;
  • ყურების შუილი ან დაგუბება;
  • და გამორიცხულია სმენის სხვა პრობლემები.

ექიმი ატარებს პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და ადგენს მისი ავადმყოფობის ისტორიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ დეტალს, მათ შორის:

  • რამდენად მძიმე, ხანგრძლივი და ხშირია სმენის დარღვევა;
  • რომელი ინფექციური დაავადებები აქვს გადატანილი პაციენტს, უჩივის თუ არა ალერგიას;
  • რომელ მედიკამენტებს იღებდა ან იღებს;
  • ადრეც უჩიოდა თუ არა სმენის პრობლემებს;
  • როგორია მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა;
  • დატვირთულია თუ არა ყურის პრობლემებით მემკვიდრეობა.


სმენის შეფასება
სმენის ტესტირება - აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია - საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, როგორია სმენა და განვსაზღვროთ, რასთან არის დაკავშირებული სმენის დაქვეითება - უშუალოდ შიგნითა ყურთან თუ სმენის ნერვთან.




თარიღი : 13-02-2017
ლელა
ხომ არ იცით რომელიმე მედიკამენტი რომელიც შეაჩერებს ამ თავბრუსხვევას ?მეკლიზინი მირჩიეს რომელიც საქართველოში არ იშოვება
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი მარტიდან
თუ ადამიანი თვითმფრინავში ძილს არჩევს, ის ყურის დაზიანების რისკის ქვეშაა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისა და დაშვების მომენტები.
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია. ეს საოცარი ფენომენი ვესტიბულური ანუ წონასწორობის სისტემის წყალობით მიიღწევა. ამავე სისტემის ნორმალური ფუნქციობის პირობებში ჩვენ სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარი გვაქვს.

მოკლე აღწერა

ქრონიკული ტონზილიტის დროს ზიანდება არა მარტო ხახის ლორწოვანი გარსი, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას შეიძლება შეიქმნას მეტად მძიმე, ჯანმრთელობისთვის საზიანო მდგომარეობა. თირკმლები, გული, სახსრები - ეს “სამიზნე ორგანოების” არასრული ჩამონათვალია.
ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება. ის შესაძლოა ხმის ჩახლეჩის (დისფონია) ან ხმის დაკარგვის (აფონია) სახით გამოვლინდეს. ფონასთენია პროფესიული დაავადებაა. ის ძირითადად მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნება, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ. ხმის ფუნქცია, საზოგადოდ, სახმო აპარატის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი “გლანდები” ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - “გლანდულადან” მომდინარეობს. “გლანდულა” ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა). ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).

16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა