როგორ გადავურჩეთ ყურის ანთებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავურჩეთ ყურის ანთებას

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს დაავადება?

- ოტიტი მიკრობული ინფექციაა. მას იწვევს ბაქტერია, ვირუსი, სოკო - როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინირებულად.

- ოტიტის რა და რა ფორმებია ცნობილი?

- ოტიტი შეიძლება განვითარდეს როგორც იზოლირებული დაავადება და როგორც რომელიმე სხვა დაავადების გართულება. ზოგჯერ ის თან ახლავს ისეთ ინფექციურ დაავადებებს, როგორებიცაა ქუნთრუშა, ტიფი და წითელი ქარი. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • გარეთა ოტიტს (ყურის ნიჟარიდან დაფის აპკამდე);
  • შუა ოტიტს (დაფის ღრუში, დაფის აპკის შიგნითა მხარეს);
  • შიგნითა ოტიტს (მოიცავს ლოკოკინას და სმენის ნერვს).

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ოტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

- რა იწვევს გარეთა ყურის ანთებას?

- გარეთა ყურის ანთება ხშირად ტრავმული ხასიათისაა; ნიჟარის ტრავმის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პერიქონდრიტი, რომელიც გამოიხატება ყურის ნიჟარის (ბიბილოს გარდა) გაწითლებით, შესივებითა და სიმხურვალით. გარეთა ოტიტს მიეკუთვნება გარეთა სასმენი მილის ანთებაც, რომელიც ხშირად ზღვაზე დასვენების შემდეგ ემართება ადამიანს. ამ დროს გარეთა სასმენი მილი შესივებულია და თავს იჩენს ტკივილი, რომელიც წინასახურზე ხელის დაჭერისას ძლიერდება. არცთუ იშვიათად გარეთა ყურის ანთება სოკოვანი წარმოშობისაა, რადგან აქ სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობებია - სითბო, სიბნელე და ტენი.

- რა იწვევს შუა ყურის ანთებას?

- შუა ყურის ანთება ხშირად ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების გართულებაა - ცხვირ-ხახის შუა ყურთან შემაერთებელი მილით მიკრობი ცხვირ-ხახიდან შუა ყურში აღწევს. თუმცა ბავშვებს შუა ოტიტი შესაძლოა ფილტვების ანთების ანუ ქვემო სასუნთქი გზების ინფექციის დროსაც დაემართოთ.

- რა იწვევს შიგნითა ყურის ანთებას?

- შიგნითა ყურის ანთება იზოლირებულად პრაქტიკულად არ გვხვდება. ის მაშინ ვითარდება, როდესაც შუა ყურიდან ინფექცია კონტაქტური, ანუ პირდაპირი გზით ვრცელდება, ანდა მიკრობი სისხლით მოითესება ამ მიდამოში.

- ყველაზე ხშირად რომელი ლოკალიზაციის ანთებითი პროცესი გვხვდება?

- შუა ოტიტი. ყურის დაავადებების 15-20% მის წილად მოდის.

- რა სიმპტომებით ვლინდება ოტიტი?

- ოტიტისთვის დამახასიათებელია:

  • ტკივილი, ზოგჯერ მოპულსირე;
  • სმენის შედარებითი დაქვეითება;
  • დაფის აპკისა და გარეთა სასმენი მილის სიწითლე, რასაც გასინჯვა (ოტოსკოპია) ავლენს.

- როდის ჩნდება ყურიდან გამონადენი?

- შუა ოტიტის დროს დაფის ღრუში გროვდება ანთებითი სითხე. ის შეიძლება იყოს თხელი, სეროზული ხასიათისაც, და ჩირქოვანიც. დაფის ღრუში წნევის მატების გამო ხშირად დაფის აპკი თავისთავად სკდება და ანთებითი სითხე გარეთ, სასმენ მილში გამოდის. ამ დროს ტკივილი იკლებს და პაციენტის თვითშეგრძნება უმჯობესდება.

- რომელი ფორმის ოტიტი გვხვდება უპირატესად?

- 5 წლამდე ასაკის ბავშვთა თითქმის 90%-ს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ყურის მწვავე ანთება. ეს ასაკობრივი ანატომიური თავისებურებებით არის განპირობებული. ევსტაქის მილი - ცხვირ-ხახის შუა ყურთან შემაერთებელი მილი - ბავშვებს უფრო მოკლე და განიერი აქვთ, ამასთან, დახრის კუთხეც ბლაგვია, ამიტომ ცხვირიდან და ყელიდან მიკრობები ადვილად აღწევენ შუა ყურში. რაც შეეხება მიმდინარეობას, ბავშვებში ოტიტი ხშირად მწვავეა, ადვილად იკურნება და არ ტოვებს გართულებებს, თუმცა ამის გარანტია სწორი დიაგნოზი და დროულად დაწყებული მკურნალობაა.

- როგორ მკურნალობენ ოტიტს?

- ოტიტის მკურნალობა გულისხმობს სისტემური (ანუ შინაგანად მისაღები) ანტიბიოტიკების და ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების გამოყენებას. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს დაფის ღრუდან ანთებითი სითხის ცხვირ-ხახაში დრენირებას სწორედ იმ მილით, რომლითაც მიკრობი მოხვდა შუა ყურში. ტკივილის შემთხვევაში ინიშნება ყურის წვეთებიც, რომელთაც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ.


- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ყურის ანთებას?

- შუა ყურიდან ანთება შეიძლება გავრცელდეს შიგნითა ყურში. ეს უმეტესად ხდება ქრონიკული შუა ოტიტის დროს. მისთვის დამახასიათებელია თავბრუხვევა და წონასწორობის დაკარგვა - მენიერის სინდრომი. ბავშვებში შუა ყურის ანთება შეიძლება გართულდეს მასტოიდით. შუა ყურში დაფის ღრუდან გადის დამატებითი წიაღი, სწორედ აქ შეიძლება გავრცელდეს ანთებითი პროცესი. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ტკივილი და შესივება ყურის უკან. ამ სიმპტომის აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. დაფის ღრუს ზედა კედელი და შიგნითა ყური უშუალოდ ეხება ტვინის მაგარ გარსებს, ამიტომ ოტიტი შეიძლება გართულდეს მენინგიტითა და ენცეფალიტით (ტვინის ნივთიერების ანთება). ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს აღინიშნება დაფის აპკის მყარი პერფორაცია. იწყება პერიოდული ან მუდმივი ჩირქდენა ყურიდან და დაფის აპკის შეხორცება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ის ხშირად ბავშვობის ასაკიდან მოჰყვება ადამიანს, რისი მიზეზიცაა არასრული და არასწორი მკურნალობა, ან ევსტაქის მილის არასათანადო დრენირება ამა თუ იმ მიზეზით, მაგალითად, ადენოიდების, ქრონიკული რინიტის (ცხვირის ლორწოვანის ანთება), ცხვირის ძვლების პათოლოგიის (გამრუდება ან სხვა რამ) გამო. ზოგჯერ, მექანიკური ტრავმის შედეგად, დაფის აპკი ფართოდ ზიანდება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა ამ უბანში და დაფის ღრუს ქსოვილებში ვითარდება ნეკროზი. ამ დროს ხდება სმენის დაქვეითება მეტ-ნაკლები ინტენსივობით. დაფის აპკის დარჩენილ ნაწილზე მოხვედრილი ბგერები მაინც გადაეცემა შუა ყურში მდებარე სასმენ ძვლებს და მოძრაობაში მოჰყავს ისინი. ზოგჯერ ჩირქი ანტრიტიდან (ყურის უკან მდებარე წიაღიდან) ქვეშ მდებარე ქსოვილებზეც ვრცელდება და შესაძლოა სახის ნერვის პარეზი და დამბლაც კი გამოიწვიოს. ანთებითი პროცესის შიგნითა ყურში გავრცელების შემთხვევაში ღიზიანდება ლოკოკინას რკალები და ადამიანს აწუხებს თავბრუხვევა, გულისრევა და ღებინება. თუ ანთების გავრცელების გამო ლოკოკინას რკალზე გაჩნდა ფისტულა (ნახვრეტი), ამ სიმპტომებს ემატება ნისტაგმიც - თვალის კაკლების არათანაბარი, ნახტომისებური მოძრაობა. ამასთან, ანთებითი პროცესის დროს ზიანდება ლოკოკინაში არსებული ბგერის აღქმის რეცეპტორები და ვითარდება სრული სიყრუე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ მძიმე შედეგია, არსებობს უფრო დიდი საშიშროებაც, რომელიც ზოგჯერ ფატალურად მთავრდება: თუ ანთება ლაბირინთიდან ტვინის გარსებსა და ქსოვილებზე გავრცელდა, ვითარდება მენინგიტი და ტვინის საფეთქლის წილის აბსცესი.Aამ დროს ადამიანი უჩივის თავის ლოკალურ ტკივილს იმ ადგილას, სადაც შესაძლოა აბსცესი იყოს განვითარებული. სისხლისა და ლიმფის გზით ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ზურგის ტვინის სითხეში და განვითარდეს ლეპტომენინგიტი. ამ დროს ყველაზე ხშირი სიმპტომია თავის ძლიერი ტკივილი კეფისა და შუბლის არეში, ზოგჯერ - ხერხემლისაკენ გავრცელებით. მდგომარეობა მძიმეა, ავადმყოფი იღებს დამახასიათებელ პოზას, ცნობიერება დაბინდული აქვს, გამოსავალი არაკეთილსაიმედოა. თუ ინფექცია გავრცელდა სისხლის გზით და მთელ ორგანიზმში მოითესა, ვითარდება ოტოგენური სეფსისი. ამ დაავადებას ახასიათებს ტემპერატურის უეცარი მატება, რომელსაც მოსდევს შემცივნება და ტემპერატურის ვარდნა.

- რომელი დაავადება რთულდება ოტიტით ყველაზე ხშირად?

- ინფექციური დაავადებები - გრიპი, წითელა, ქუნთრუშა, ჰეპატიტი, ასევე - იმ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რომლებიც ტოქსიკურად მოქმედებენ ყურზე, იწვევენ ლაბირინთის ნერვული უჯრედების დაზიანებას და ნერვული გამტარობის დარღვევას.Aამ დროს მაღალი ბგერების აღქმა გაძნელებულია. შემდგომ, ნერვული უჯრედების დაზიანების გავრცელების გამო, სმენის დაქვეითება პროგრესირებს და შესაძლოა, საქმე სრულ სიყრუემდე მივიდეს. სმენის ნერვის ნევრიტის ადრეულ სტადიაში ავადმყოფი უჩივის ხმაურს ყურებში - ყურჩქამს, რომელსაც პაციენტები სხვადასხვანაირად აღწერენ: სტვენა, შიშინი, ზუზუნი, პულსაციის გაძლიერებული ხმა... ხშირად ეს უფრო შემაწუხებელია, ვიდრე სმენის შედარებითი დაქვეითება.

- როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას?

- ნევრიტის მკურნალობა გულისხმობს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატების, ბ ჯგუფის ვიტამინების, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებების გამოყენებას. სოციალური რეაბილიტაციის მიზნით (ასეთ ადამიანებს უჭირთ საზოგადოებასთან ურთიერთობა) რეკომენდებულია სმენის პროთეზირება - სასმენი აპარატის შერჩევა.

- ზემოთ უკვე გვითხარით, როგორ უნდა ვუმკურნალოთ შუა ყურის ანთებას, მაგრამ როგორია ოტიტის მკურნალობა ლოკალიზაციის, ანთების მიმდინარეობის მიხედვით?

- გარეთა ოტიტის შემთხვევაში ანტიბიოტიკებსა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ინიშნება ყურის წვეთები და მალამოები. შიგნითა ყურის ანთების დროს საჭიროა სპეციფიკური მკურნალობა და სპეციალისტის - ოტონევროლოგის - კონსულტაცია. ჩირქოვანი და ქრონიკული ოტიტის შემთხვევაში საჭიროა ხშირად გამოვასუფთაოთ ყური, გამოვაშროთ ტურუნდით. სისტემურ ანტიბიოტიკებთან ერთად ხშირად ინიშნება ადგილობრივი ანტიბიოტიკის შემცველი წვეთებიც.

- ორსული და ყურის ანთება - რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა და როგორია ამ დროს მკურნალობის ტაქტიკა?

- ორსულთა ყურის ანთება არცთუ იშვიათი დაავადებაა. მით უფრო, თუ ქალს ორსულობამდე ჰქონდა ყურის ქრონიკული ანთება - შესაძლოა, დაავადება გამწვავდეს. მკურნალობა ტარდება ძირითადად ადგილობრივი საშუალებებით და საჭიროების შემთხვევაში - პირველი რიგის ანტიბიოტიკებით, რომელთაც არ ახასიათებთ ნაყოფზე ტოქსიკური მოქმედება. გასათვალისწინებელია, რამდენად მწვავედ მიმდინარეობს დაავადება, როგორია ორსულობის ვადა და როგორია ანტიბიოტიკის დანიშვნის შემთხვევაში რისკისა და სარგებლის ურთიერთშეფარდება.

- როგორია პროგნოზი, ახასიათებს თუ არა დაავადებას რეციდივები?

- მწვავე ოტიტი უმეტესად გართულების გარეშე იკურნება 7-10 დღეში, ქრონიკული ოტიტის შემთხვევაში კი მოსალოდნელია რეციდივი, რომელიც ვითარდება ვირუსული ინფექციის გადატანის, იმუნური სისტემის დაქვეითების ან ყურში წყლის მოხვედრის შემთხვევაში.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ყურის ანთება?

- ოტიტის თავიდან აცილების გზები ასეთია:

  • ზღვაში ან აუზში ცურვის შემდეგ აუცილებელია კარგად გაიმშრალოთ ყური.
  • დაუშვებელია ჩხირებითა და სხვა ნივთებით ყურის გაღიზიანება ქავილის დროს, რადგან ადვილად შეიძლება დაიზიანოთ გარეთა სასმენი მილის კანი, რომელიც თხელია და ნაზი, და ინფექციის შეჭრას შეუწყოთ ხელი.
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს სასურველია ცხვირისა და პირის ღრუს სანაცია (ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვა), რათა მიკრობს ცხოველმყოფელობისა და გამრავლების ნაკლები შანსი მივცეთ.

თუ, მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ყურის ტკივილმა მაინც შეგაწუხათ, თვითმკურნალობას ნუ დაიწყებთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს. კვალიფიციური კონსულტაცია დაგეხმარებათ, დროულად და ყოველგვარი გართულების გარეშე განიკურნოთ ოტიტისგან.