რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი

ზოგადი დახასიათება და ძირითადი სიმპტომები
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი მოზრდილებზე ხშირად პატარებში, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებში, გვხვდება. შეგახსენებთ, რომ შუა ყური დაფის ღრუსა და სასმენი ლულისგან შედგება. შუა ყურთან განიხილავენ აგრეთვე დაფის ღრუში მდებარე სასმენ ძვლებსა და მის გარეთა კედელს - დაფის აპკს. ინფექცია დაფის ღრუში ხვდება მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, ქუნთრუშას, წითურას და სხვა ინფექციური პათოლოგიების დროს. შუა ყურში ანთებითი პროცესის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, ზოგადი ინფექცია და ორგანიზმის იმუნური სტატუსის დასუსტება.

შუა ოტიტის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცხვირ-ხახიდან შუა ყურის ლორწოვან გარსზე ინფექციის გავრცელება. ჩვეულებრივ, სასმენი ლულა ერთი ბოლოთი, დაფის უკანა ხვრელით, დაფის ღრუში იხსნება, მეორე, სასმენი ლულის ხახისკენა ბოლოთი კი ცხვირ-ხახის ლატერალურ (გვერდით) კედელში. ლულის დანიშნულებაა, დაფის ღრუს შინაგანი წნევა გარემოს (ატმოსფერულ) წნევასთან გაათანაბროს, რაც აუცილებელია ბგერების გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციობისთვის. სასმენი ლულის დაცობის გამო დაფის ღრუში წნევა მკვეთრად ეცემა, რაც ხელს უწყობს ანთებითი გამონადენის გამოყოფას. ეს უკანასკნელი კი ცხ­ვირ-ხახიდან მასში მოხვედრილი ბაქტერიებით ინ­ფ­იცირდება. დაფის ღრ­უში ინფ­ექციის მოხვედრის სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, ტრავმული, მენინგოგენური, როდესაც შუ­ა ყურში ინფექციური პროცესის გავრცელება ხდება ყურის ლაბირინთის საშუალებით. დაბოლოს, იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი ჰემატოგენური გზით ანუ სისხლის საშუალებით ვრცელდება. შუა ოტიტისთვის დამახასიათებელია:

  • ყურის ტკივილი - თავიდანვე ძლ­იერად გამოხატული ან ეტაპობრივად მზარდი, რომელიც ზოგჯერ თავის შესაბამის ნახევარში ირადიაციას განიცდის;
  • ყურების დაგუბება და ხმაური, რომელიც ხშირად პულსაციის შეგრძნებაში გადადის;
  • სმენის დაქვეითება (ხშირად);
  • სხეულის ტემპერატურის მომატება (პატარა ბავშვებში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს);
  • დაფის აპკის ჰიპერემია (სისხლის მიმოქცევის გაძლიერებისა და სისხლის მოწოლის გამო დაფის აპკი წითლდება).

ჩირქოვანი ოტიტის დროს დაფის აპკი გამოიბურცება. შესაძლოა გაიხვრიტოს კიდეც და ჩირქოვანი მასა გადმოიღვაროს. თუ ასე მოხდა, ტემპერატურა იკლებს და თანდათან ყველა სიმპტომი ქრება.


შუა ოტიტის ფორმები და მიმდინარეობა
შუა ოტიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ოტიტი გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან ინფექციის შუა ყურში გავრცელების შედეგია. ბავშვებს ის უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მოზრდილებს - მათ უფრო ხშირად აქვთ სურდო (რინიტი) და ადენოიდები, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. მწვავე შუა ოტიტის სიმპტომებია მფეთქავი (მოპულსირე) ტკივილი ყურის არეში, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად - პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებში). ჩვილ ბავშვებში მოუსვენრობა და ძილის დარღვევაც შეინიშნება. ბავშვი ძილში წამოიყვირებს ხოლმე, წრიალებს, თავს ატრიალებს, მტკივან ყურზე ხელს იდებს, უარს ამბობს ძუძუს წოვაზე, რადგან წოვისა და ყლაპვის დროს ყურის ტკივილი უძლიერდება. მწვავე ვირუსული ოტიტის განვითარება, ჩვეულებრივ, ზემო სასუნთქი გზების ინფექციას უკავშირდება. თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, მწვავე ოტიტი სავსებით იკურნება, ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობის შემთხევაში კი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ასეთ დროს ყურიდან მუდმივად ან პერიოდულად

მოედინება ჩირქი (ოტორეა), სმენა კი სტაბილურად დაქვეითებულია.


მკურნალობა
ოტიტის მკურნალობა დღემდე კამათის საგანია. კამათი ეხება უმთავრესად ანტიბიოტიკების გამოყენებას და გამოყენების ხანგრძლივობას. თუ მწვავე ოტიტი აქვს ორ წლამდე ასაკის ბავშვს, მდგომარეობა მძიმეა ან არსებობს ინფექციური გართულების საფრთხე, ექიმი ანტიბიოტიკს ნიშნავს. როდესაც დაავადება შედარებით იოლი ფორმით მიმდინარეობს და, მით უმეტეს, პაციენტის ასაკი აღემატება ორ წელს, მედიკამენტების დიაპაზონი ფართოა. ზოგიერთი ექიმი თავის დასაზღვევად ამ შემთხვევაშიც ნიშნავს ანტიბიოტიკს, რადგან არ აქვს გარანტია, რომ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრება. ზოგჯერ ექიმის რეკომენდაციით ბავშვის მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან, რადგან ათიდან რვა შემთხვევაში შუა ოტიტი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად გაივლის. ოტიტის მთავარი სიმპტომის, ტკივილის, შესამსუბუქებლად გამოიყენება ანთების საწინაღმდეგო პრეპარატები, ადგილობრივად - სათბური ან თბილი კომპრესი (სასურველია პატარა ტომსიკაში გაცხელებული მარილის ჩაყრა და ყურის ამით დათბუნება, რადგან მარილი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს). დღეს ფარმაცევტული წარმოება ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად მრავალნაირ წვეთებს გვთავაზობს, მაგრამ  დაფის აპკის პერფორაციის (გახვრეტის) დროს ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ მათ თვითნებურად ნუ ჩაიწვეთებთ, წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ოტოლოგთან. შუა ოტიტის მიმდინარეობის დამძიმებისას ატარებენ მირინგოპლასტიკას - დაფის აპკს კვეთენ და დაფის ღრუში ჩირქის გამოსადევნად პატარა მილი შეჰყავთ. ასეთი დრენაჟის წყალობით ჩირქი შედედებასა და გასქელებას ვერ ასწრებს. ოტიტის სამკურნალოდ სხვადასხვა ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებულ ტამპონსაც იყენებენ. მწვავე შუა ოტიტის დროს უმჯობესია, პაციენმა  წოლითი რეჟიმი დაიცვას.


შუა ოტიტის გართულებები
შუა ოტიტის გართულებებია:

  • სმენის დარღვევა - ის უმეტესად უმნიშვნელო ან ზომიერი სმენაჩლუნგობით ვლინდება. ასეთი დარღვევები, როგორც წესი, დროებითია და ზოგჯერ გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის, ზოგჯერ კი შედარებით მეტხანს გასტანს.
  • დაფის აპკის გასკდომა - შუა ოტიტის ექსუდაციური ფორმის დროს, როდესაც დაფის ღრუში ჩირქი გროვდება, დაფის აპკის მთლიანობა ირღვევა და მის არეში სანათური ჩნდება. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, ორ კვირაში ხორცდება.
  • ინფექციური პროცესის გაქრონიკულება. ყურის ანთებამ შესაძლოა ქრონიკული ფორმა მიიღოს არა მხოლოდ შუა ჩირქოვანი ოტიტის არასწორი და არადროული მკურნალობის შედეგად, არამედ ცხვირის, ცხვირ-ხახისა და წიაღების ანთებითი პროცესების გამოც. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ხშირად ზიანდება დაფის აპკი, ყალიბდება მისი ნაწილობრივი ან სრული დეფექტი პერიოდული ან მუდმივი ჩირქოვანი გამონადენით.
  • ქოლეოსტეატომა. ეს დაფის აპკის უკან გაზრდილი განსაკუთრებული სახის ქსოვილია. მისი ინტენსიური ზრდა-განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შუა ყური დაიბლოკოს და სმენა დაქვეითდეს. ასეთი მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
  • შუა ყურის სასმენი ძვლების დაზიანება - ანთებითი პროცესი ხშირად სასმენ ძვლებს - უზანგს, გრდემლსა და ჩაქუჩსაც მოიცავს.
  • მენინგიტი - ინფექციური პროცესი ზოგჯერ შუა ყურიდან ტვინის გარსებზე ვრცელდება.


 

თარიღი : 22-04-2017
იკა
ყურის ანთების დროს შესაძლოა ჩირქის გამაღიზიანებელი სუნი იგრძნოს ადამიანმა ცხვირში??
თარიღი : 06-09-2016
ნანა
გამარჯობათ მე ერთი კვირა თითქმის მტკივა ყურიი თან ორივე და ეს ორი დღეა ძლიერათ მეწვოს და ტკივილები მაწუხებს რისი ბრალი შეიძლება იყოს
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თუ ადამიანი თვითმფრინავში ძილს არჩევს, ის ყურის დაზიანების რისკის ქვეშაა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისა და დაშვების მომენტები.
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია. ეს საოცარი ფენომენი ვესტიბულური ანუ წონასწორობის სისტემის წყალობით მიიღწევა. ამავე სისტემის ნორმალური ფუნქციობის პირობებში ჩვენ სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარი გვაქვს.

მოკლე აღწერა

ქრონიკული ტონზილიტის დროს ზიანდება არა მარტო ხახის ლორწოვანი გარსი, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას შეიძლება შეიქმნას მეტად მძიმე, ჯანმრთელობისთვის საზიანო მდგომარეობა. თირკმლები, გული, სახსრები - ეს “სამიზნე ორგანოების” არასრული ჩამონათვალია. თავად დაავადების გამწვავების შესახებ არაფერს ვამბობთ - ანგინა, ნუშურების მიმდებარე ქსოვილის აბსცესი, თანმხლები 400C ტემპერატურით და ჭამა-სმის შეუძლებლობა. ამიტომ პრობლემა რადიკალურად უნდა აღიკვეთოს.


რა უნდა გავაკეთოთ?

20 წლის შემდეგ ნუშურა ჯირკვლები თავდაცვით ფუნქციას ვეღარ ასრულებენ, ამიტომ მათზე “უარის თქმა” გაცილებით ადვილია. თუ შესაძლებლობა გაქვთ, რა თქმა უნდა, შეიძლება კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმე იაროთ პოლიკლინიკაში და გამოირეცხოთ ნუშურა ჯირკვლები, მოიცილოთ დეტრიტის ნალექი (საკვების ნაწილაკები, მიკრობული მასები და სხვა). თუმცა, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ქრონიკულ ინფექციასთან საბრძოლველად არ არსებობს ოპერაციაზე უკეთესი მეთოდი.


ოპერაცია “გლანდებზე”

ოპერაცია ტონზილექტომია (“გლანდების” ამოკვეთა) - შესასრულებლად ადვილია. მისი გაკეთება შეიძლება ადგილობრივი ანესთეზიითაც და ზოგადი ნარკოზითაც. თუ პაციენტი თანახმაა და სისხლის არ ეშინია, მაშინ ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილია ადგილობრივი ანესთეზიით. ამ დროს პროცედურა ძირითადად ხუთ წუთში სრულდება. არსებობს რთული სიტუაციებიც - ქრონიკულ ანთებას ნუშურა ჯირკვლების მიმდებარე ქსოვილებში ნაწიბურებისა და შეხორცებების განვითარება მოსდევს და ნუშურების მოცილება შესაბამისი ადგილებიდან ძნელდება და ხანგრძლივდება. როგორც წესი, თუ სისხლდენა არ ვითარდება და შეხორცების პროცესი გეგმის მიხედვით, ბუნებრივად მიმდინარეობს, მაშინ პაციენტს ოპერაციიდან 3-5 დღეში სახლში უშვებენ.


ტონზილექტომიის მეთოდები, ანუ რომელი ავირჩიოთ?

სადღეისოდ ამ ოპერაციას რამდენიმე მეთოდით აკეთებენ. კლასიკური მეთოდის გარდა ქსოვილებზე ლაზერის, ულტრაბგერის, თხიერი აზოტისა და პლაზმის ზემოქმედება გამოიყენება.

1. კლასიკა - ოპერაცია მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიით ან ზოგადი ნარკოზით, სკალპელის, მაკრატლისა და მარყუჟის გამოყენებით. ამ დროს მთლიანად ამოიჭრება და ამოიგლიჯება ნუშურა ჯირკვლები. სისხლდენა ჩერდება ელექტროკოაგულაციით. მეთოდი რადიკალურია და ინფექციის წყაროს სამუდამოდ მოგაშორებთ. იდეალურ ვარიანტში შეხორცება ზომიერი ტკივილის სინდრომით მიმდინარეობს, ქრონიკული ტონზილიტის რეციდივი არ ვითარდება. თუმცა ლიმფოიდური წარმონაქმნების სრული ამოკვეთისას ქვეითდება ადგილობრივი უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტი და გზა ეხსნება ლარინგიტს (ხორხის ლორწოვანის ანთება), ფარინგიტს (ხახის ლორწოვანის ანთება) და ბრონქიტს (ბრონქების ანთება). ასევე იმატებს სასუნთქი გზების ალერგიული პათოლოგიების განვითარების რისკი.

2. უფრო დახვეწილი კლასიკური გზა - ეს წუთში 6 ათასი ბრუნის მქონე მიკროდებრიდერით ჯირკვლების ამოკვეთაა. ამ ვარიაციას მარტივი ოპერაციული მიდგომის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ტკივილი ოპერაციის დროს უფრო ნაკლებია, მაგრამ თავად ოპერაციას - მეტი დრო და შესაბამისად, გაუტკივარებასაც წამლის უფრო მეტი დოზა სჭირდება.

3. ლაზერული ტონზილექტომია. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება. ლაზერი ქსოვილებსაც აშორებს და სისხლძარღვებსაც “აწებებს”, რაც სისხლის დანაკარგს ამცირებს. ამ დროს არსებობს ლორწოვანზე დამწვრობის განვითარების რისკი, ეს კი შეხორცებას ახანგრძლივებს. ამ მეთოდით ოპერაციისას გამოიყენება სხვადასხვა სახის ლაზერი: ინფრაწითელი, ბოჭკოვან-ოპტიკური და სხვა. არსებობს ორგანოდამზოგველი ლაზერული ოპერაციაც - აბლაცია (ნუშურა ჯირკვლების ნაწილობრივი ამოკვეთა), რომლის დროსაც შორდება ჯირკვლების მხოლოდ ზედა ნაწილები ან ინფექციით დაზიანებული უბნები.

4. ელექტროკოაგულაცია. ამ მეთოდის გამოყენებისას ყოველთვის არ ხერხდება ჯირკვლების ერთი სეანსით მოწვა საკმარის სიღრმემდე. ეს კი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად არ კმარა. არასწორად შერჩეული სიმძლავრის შემთხვევაში შეიძლება დამწვრობა განვითარდეს, შესაბამისად, ჭრილობის შეხორცების დროც ხანგრძლივდება. დადებითი მხარე ის არის, რომ, ლიმფოიდური ქსოვილის მოცილება და სისხლძარღვების მოწვა ერთი აპარატით ხდება.

5. თხევადპლაზმური მეთოდი (კობლატორი). ოპერაცია ზოგადი ინტუბაციური ნარკოზით მიმდინარეობს. ოპერაციის ხარისხი ქირურგის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. მაღალკვალიფიციური ექიმის მიერ ჩატარებული ოპერაციისას სისხლდენა პრაქტიკულად არ ვითარდება, ჯირკვლები კი ფაქიზად იკვეთება. ამ დროს, კლასიკურ ვარიანტთან შედარებით, ოპერაციის შემდგომი ტკივილი გაცილებით ნაკლებია. მეთოდის არსი - მიმართული მაგნიტური ველით პლაზმის ჩამოყალიბებაა. ამისთვის შეირჩევა დენის ისეთი ძაბვა, რომელიც ქსოვილს 45-60 გრადუსამდე აცხელებს, რაც ცილებს ნახშირორჟანგამდე, წყლამდე და დაბალმოლეკულურ აზოტშემცველ პროდუქტებამდე შლის.

6. კრიოდესტრუქცია თხევადი აზოტის დახმარებით ყინავს ლიმფოიდურ ქსოვილს, რომლის შემდეგაც ქსოვილი კვდომას იწყებს და თავისით მოვარდება (შორდება). რადგან გაყინვა ტკივილის რეცეპტორების ბლოკირებას იწვევს, მანიპულაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. თუმცა მტკივნეულია ოპერაციისშემდგომი პერიოდი. შედეგი ყოველთვის რადიკალური არ არის, ზოგჯერ საჭიროა განმეორებითი პროცედურები. მოყინული ქსოვილები ორგანიზმს ნელ-ნელა სცილდება, ამიტომ ოპერაციის შემდეგ ხახის ლორწოვანს გულმოდგინე ანტისეპტიკური მოვლა სჭირდება.

7. ულტრაბგერითი სკალპელი. 20 ათას კჰც-ზე მეტი სიხშირეები ქსოვილებს ოთხმოც გრადუს ცელსიუსამდე აცხელებს. შედეგად ულტრაბგერითი გამომსხივებელი სკალპელის მსგავსად მუშაობს. მეთოდი ეფექტურია. მისი საშუალებით რადიკალური ტონზილექტომიის ჩატარება შეიძლება. თუმცა არსებობს ლორწოვანის დამწვრობის განვითარების რისკი.

ოპერაციის მეთოდის შერჩევა მაინც ექიმის პრეროგატივაა, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი მკურნალობის მიმდინარეობასა და შედეგზე და მხოლოდ მას შეუძლია სრულფასოვნად შეაფასოს არა მარტო პაციენტის მდგომარეობა, არამედ მომავალი ოპერაციის მოცულობაც.

ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის წინააღმდეგჩვენებები:

1. აბსოლუტური (კატეგორიულად არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება):

  • სიმსივნური დაავადებები;
  • სისხლისა და ძვლის ტვინის დაავადებები, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის დაზიანებასთან არის დაკავშირებული;
  • პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
  • მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია;
  • გულსისხლძარღვთა პათოლოგიების დეკომპენსაცია;
  • დეკომპენსირებული ფილტვისმიერი დაავადებები;
  • აქტიური ტუბერკულოზი.

2. დროებითი წინააღმდეგჩვენებები (მიზეზის მოცილების შემდეგ შესაძლებელია ტონზილექტომიის ჩატარება):

  • მწვავე ინფექციები (რესპირატორული, ჰაიმორიტი, რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი);
  • ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
  • ორსულობა.


ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის შედეგები

ტონზილექტომიის შესაძლო გართულებების გარდა, რომლებსაც მიეკუთვნება: სისხლდენა, ინფექცია, ქსოვილების დამწვრობა, შესაძლოა სხვა შორეული შედეგების განვითარება, კერძოდ:

  • ადგილობრივი უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ჰუმორული იმუნური პასუხის შესუსტება;
  • სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი;
  • ალერგიული ბრონქოსპაზმები (ბრონქული ასთმა), მათ შორის, ინფექციურ-ალერგიული ბუნების.


როგორ მოვიქცეთ ტონზილექტომიის შემდეგ?

ამ დროს აუცილებელია გარკვეული რეჟიმის დაცვა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში სახლში ყოფნა და ყელის მიდამოში ანტისეპტიკური ხსნარების გამოვლება. უმრავლეს შემთხვევაში, შეუძლოდ ყოფნის, სწრაფად დაღლის შეგრძნებები, ანგინები და ჯირკვლების მიმდებარე ადგილების დაავადებები უკვალოდ ქრება.


ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება. ის შესაძლოა ხმის ჩახლეჩის (დისფონია) ან ხმის დაკარგვის (აფონია) სახით გამოვლინდეს. ფონასთენია პროფესიული დაავადებაა. ის ძირითადად მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნება, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ. ხმის ფუნქცია, საზოგადოდ, სახმო აპარატის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი “გლანდები” ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - “გლანდულადან” მომდინარეობს. “გლანდულა” ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა). ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).

ყელის ტკივილი ყველასთვის კარგად ნაცნობი შეგრძნებაა, ის ძალზე მომაბეზრებელია, როდესაც ქრონიკული ხდება და საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება, ხორხის შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მატება, მტკივნეული შეგრძნებანი, სუნთქვის გაძნელებაც კი – ამ სიმპტომებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზეზები აქვს.

11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.