რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ვესტიბულური დარღვევები და მათი დიაგნოსტიკა
ვესტიბულური დარღვევები და მათი დიაგნოსტიკა
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია. ეს საოცარი ფენომენი ვესტიბულური ანუ წონასწორობის სისტემის წყალობით მიიღწევა. ამავე სისტემის ნორმალური ფუნქციობის პირობებში ჩვენ სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარი გვაქვს.


ვესტიბულური სისტემის ნებისმიერი სახის (სიმსივნური, სისხლძარღვოვანი თუ ანთებითი პროცესით) დაზიანებისას სპეციფიკური სიმპტომები აღმოცენდება, ძირითადად, თავბრუხვევა და ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე, რიტმული მოძრაობა), გარდა ამისა, გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება, არტერიული წნევის მერყეობა, ოფლდენის გაძლიერება, სახისა და კისრის შეწითლება
ან გაფერმკრთალება და სხვა.

ვესტიბულურ დარღვევათა თავისებურებებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებზე გვესაუბრება აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, მედიცინის დოქტორი, ნეიროოტოლოგი ეკატერინე ხარხელი:

- ქალბატონო ეკატერინე, რა იწვევს ძირითადად ვესტიბულურ დარღვევებს და რომელი დაავადებები გვხვდება უხშირესად?

- კონკრეტული დარღვევების განხილვამდე, მინდა, მოკლედ შევეხო ვესტიბულური სისტემის ანატომიასა და ფუნქციას.

მოგეხსენებათ, ვესტიბულური სისტემა ანუ წონასწორობის ორგანო სხვა სომატო-სენსორულ სისტემებთან კომუნიკაციის გზით უზრუნველყოფს სივრცეში ორიენტაციას, მიმართულების შეგრძნებას და პოსტურალურ ბალანსს მოძრაობის, უძრაობისა თუ სტატიკურ პირობებში. შესაბამისად, ამ სისტემის დისფუნქცია მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ადამიანს. ცალკეულ შემთხვევებში ადამიანი პრაქტიკულად კარგავს ფიზიკურ ქმედითობას და სოციალურად არასრულფასოვანი ხდება.

ვესტიბულური სისტემა მოიცავს როგორც პერიფერიულ, ისე ცენტრალურ სტრუქტურებს. პერიფერიულს მიეკუთვნება შიგნითა ყურში მოთავსებული, ერთმანეთის მიმართ 90 გრადუსით მიმართული ნახევარრკალოვანი არხების სისტემა და ოტოლითური ორგანოები. აღნიშნულ სტრუქტურებში მოთავსებულია სენსორული ნერვული უჯრედები. ამასთან, ნახევარრკალოვანი არხის უჯრედები მგრძნობიარენი არიან კუთხური აჩქარების მიმართ, ხოლო ოტოლითური ორგანოების შესაბამისი უჯრედები – გრავიტაციისა და წრფივი აჩქარების მიმართ. ვესტიბულური ნერვები სმენის ნერვთან ერთად ქმნიან ქალა-ტვინის მერვე წყვილ ნერვს. აღნიშნული ნერვები გაივლიან ნათხემ-ხიდის კუთხეს და უკავშირდებიან ვესტიბულურ ბირთვებს, რომლებიც ხიდში მდებარეობენ. ვესტიბულური ბირთვები, თავის მხრივ, დაკავშირებულნი არიან თვალის მამოძრავებელ ბირთვებთან, რეტიკულურ ფორმაციასთან, ზურგის ტვინის მოტონეირონებთან, ნათხემთან, ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასთან და თავის ტვინის ქერქთან.

პერიფერიული წარმოშობის ვესტიბულურ დარღვევათა შორის ძირითადად გვხვდება კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა, მენიერის დაავადება და ვესტიბულური ნეირონიტი.

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა ძირითადად უკანა ნახევარრკალოვანი არხის დაზიანების შედეგად ვითარდება. მას ახასიათებს შეტევისებური ეპიზოდური თავბრუხვევა, რომელიც თავის გარკვეულ პოზიციაში აღმოცენდება, მაგალითად, დაავადებული ყურის მხარეს საწოლში გადაბრუნებისას, თავის აწევა-დაწევისას, სწრაფი წამოდგომისას. შეტევის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წმ-ს შეადგენს. შეტევათა შორის აღინიშნება მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის დისბალანსი. სადიაგნოსტიკო, ე.წ. დიქს-ჰოლპაიკის ტესტის გამოყენებისას აღინიშნება ვერტიკალურ-როტაციული ნისტაგმი.

მენიერის დროს კი არჩევენ როგოც მენიერის დაავადებას, ასევე მენიერის სინდრომს. მენიერის დაავადება ანუ ენდოლიმფური წყალმანკი, ძირითადად, 30-50 წლის პირებთან გვხვდება, ბავშვთა ასაკში იშვიათია, უმეტესად უნილატერალური ანუ ცალმხრივია, ხოლო 30-50%-თან - ბილატერალური (ორმხრივი). ახასიათებს ყურის სისავსე, ფლუქტუაციური ხასიათის სმენის დაქვეითება, რომელიც დროთა განმავლობაში სმენის მდგრად და მკვეთრ დაქვეითებას განაპირობებს. დამახასიათებელია ასევე ტინიტუსი (ყურებში ხმაურის სუბიექტური შეგრძნება), თავბრუხვევა. ეს უკანასკნელი 20 წუთიდან 3-4 საათამდე გრძელდება. ახლავს გულისრევის შეგრძნება, ღებინება. შეტევათა შორის რჩება მსუბუქი დისბალანსი. ხშირ შემთხვევაში მენიერის დაავადება კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება. შემთხევათა 20%-ში საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

მენიერის სინდრომი, რომელიც მსგავსი სიმპტომატიკით ხასიათდება, სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება: კერძოდ, შიგნითა ყურის ტრავმული დაზიანებებისა და აუტოიმუნური დაავადებების დროს, ინფექციების (ქრონიკული შუა ოტიტი, სიფილისი, ვირუსული ან ბაქტერიული ლაბირინთიტები), მეტაბოლური დარღვევების (ოტოსკლეროზი, ჰიპერლიპიდემია), ენდოკრინული (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, დიაბეტი), იდიოპათიური დაავადებების დროს და სხვა.

- რა კავშირია ვესტიბულურ დაავადებებსა და სმენის ფუნქციას შორის?

- სმენისა და ვესტიბულური აპარატის ბირთვამდელი სტრუქტურები ერთმანეთის მეზობლად მდებარეობენ. ამდენად, ვესტიბულური პათოლოგიები ხშირად სმენის დაზიანებას იწვევს და პირიქით, სმენის პათოლოგია ვესტიბულურ დისფუნქციებს განაპირობებს. მაგალითად, ცალკეულ შემთხვევებში შუა ყურის მწვავე და ხშირად ქრონიკული ანთება, შუა ჩირქოვანი ოტიტი, ვესტიბულური სისტემის პერიფერიულ სტრუქტურებს აზიანებს. მენიერის დაავადებისას, რომლის დროსაც ენდოლიმფური სივრცის ჰიდროფსი აღინიშნება, ბგერის გამტარი და მიმღები აპარატები ზიანდება; პერილიმფური ფისტულის დროს ზიანდება როგორც ვესტიბულური, ისე სმენის ფუნქცია, აუტოიმუნური დაავადებისას კი თანაბრად ზიანდება როგორც სმენის, ისე ვესტიბულური ფუნქცია.

- რა მეთოდებით ხდება ვესტიბულურ დარღვევათა დიაგნოსტიკა?

- ვესტიბულურ დისფუნქციათა დიაგნოსტიკა დღემდე ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად მიიჩნევა. გამოკვლევა უნდა დაიწყოს ანამნეზის ზედმიწევნითი შეგროვებით, სწორად შერჩეული კითხვარი დიდწილად აადვილებს დიაგნოზის დასმას. სმენა-ვესტიბულური სტრუქტურების ანატომიურად ახლო მდებარეობის გამო ვესტიბულურ დისფუნქციათა დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სმენის ფუნქციის გამოკვლევასაც. მაგალითად, მენიერის დაავადების დროს აუდიომეტრიულად სენსონევრალური სმენის დაქვეითება აღინიშნება, დაბალ სიხშირეებზე შეიძლება იყოს ჰაეროვან-ძვლოვანი ინტერვალი. ვესტიბულური შვანომის დროს, სმენის ნერვზე ზეწოლის გამო, სმენის ასიმეტრია ვითარდება. აღნიშნული დაავადება თანდათანობითი ცენტრალური კომპენსაციის გამო უფრო მეტად არა თავბრუხვევით, არამედ სმენის უეცარი დაკარგვითა და ტინიტუსით ვლინდება. ამდენად, სმენის ფუნქციის გამოკვლევას დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კომპიუტერული ვესტიბულომეტრია კი საქართველოში სიახლეა. ის, ფაქტობრივად, წონასწორობის აპარატის კვლევის ობიექტური მეთოდია, მოიცავს ელექტრო ან ვიდეონისტაგმოგრაფიას და გამოწვეული ვესტიბულური პოტენციალების რეგისტრაციას.

წარმოდგენილი ტესტებით სრულად ხერხდება ხუთივე ვესტიბულური “ენდ ორგან”-ოს ფუნქციის შესწავლა, ასევე პერიფერიული და ცენტრალური ვესტიბულური დარღვევების დიფდიაგნოსტიკა. ელექტრო და ვიდეონისტაგმოგრაფიის დროს, როგორც სახელწოდება მიგვითითებს, ნისტაგმის რეგისტრაცია და მისი შეფასება წარმოებს. როგორც მოგეხსენებათ, ვესტიბულური დისფუნქციისას, მწვავე სტადიაში ნისტაგმი აღმოცენდება. ის ორფაზიანია: მოიცავს სწრაფ და ნელ კომპონენტებს. მათი საშუალებით პათოლოგიის ლოკალიზაცია და დაავადების ხანდაზმულობაც კი დგინდება.

გამოწვეული ვესტიბულური პოტენციალების რეგისტრაციის მეთოდი, ე.წ. VEMP, თავის მხრივ ორ ტესტს მოიცავს. ესენია ოკულარული და ცერვიკალური რეგისტრაციის მეთოდები, რომლებიც ოტოლითური ორგანოების და ზედა და ქვედა ვესტიბულური ნერვების ფუნქციის შესასწავლადაა მოწოდებული. VEMP-ის საშუალებით შესაძლებელია არა მარტო ვესტიბულური ნევრიტის ან ბილატერალური ვესტიბულური ჰიპოფუნქციის დადგენა, არამედ ისეთი რთულად დიაგნოსტირებადი პათოლოგიის გამოვლენა, როგორიცაა ზედა ნახევარრკალოვანი არხის დეჰისცენციის სინდრომი. VEMP-ის საშუალებით მენიერის დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის მონიტორინგიც კი არის შესაძლებელი.

- როგორ მკურნალობთ ვესტიბულურ დარღვევებს და რას მოიცავს პროფილაქტიკა?

- ვესტიბულურ დისფუნქციათა კონსერვატიული თერაპია მოიცავს როგორც სიმპტომურ, ისე პათოგენეზურ მკურნალობას. სიმპტომური გულისხმობს გულისრევა-ღებინებისა და თავბრუხვევის დათრგუნვას, პათოგენეზური კი ნეირონული მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და იმ ძირითადი ნერვული კავშირების აქტივაციას ან დათრგუნვას, რომლებიც ვესტიბულური სტრუქტურების ფუნქციობაზე მოქმედებს.

ვესტიბულურ დაავადებათა პრევენცია კი, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, ითვალისწინებს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვას, უნდა აიკრძალოს მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ზედმეტად ცხიმიანი საკვების, ოტო- და ვესტიბულოტოქსიკური პრეპარატების, კერძოდ, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის მედიკამენტების (სტრეპტომიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) მიღება, აუცილებელია ვირუსულ დაავადებათა პროფილაქტიკა და ა. შ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გერმანიაში გამგზავრების მსურველი ქართველები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ მიწებზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი მარტიდან
თუ ადამიანი თვითმფრინავში ძილს არჩევს, ის ყურის დაზიანების რისკის ქვეშაა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისა და დაშვების მომენტები.
მოკლე აღწერა

ქრონიკული ტონზილიტის დროს ზიანდება არა მარტო ხახის ლორწოვანი გარსი, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას შეიძლება შეიქმნას მეტად მძიმე, ჯანმრთელობისთვის საზიანო მდგომარეობა. თირკმლები, გული, სახსრები - ეს “სამიზნე ორგანოების” არასრული ჩამონათვალია.
ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება. ის შესაძლოა ხმის ჩახლეჩის (დისფონია) ან ხმის დაკარგვის (აფონია) სახით გამოვლინდეს. ფონასთენია პროფესიული დაავადებაა. ის ძირითადად მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნება, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ. ხმის ფუნქცია, საზოგადოდ, სახმო აპარატის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი “გლანდები” ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - “გლანდულადან” მომდინარეობს. “გლანდულა” ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა). ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).

23 თებერვალი 2018
როცა დედა ტყუპისცალია. ბავშვი შარშია :)
22 თებერვალი 2018
ქსანტოგუმოლი, სვიაში შემავალი კომპონენტი და ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ჭარბ
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა მაია ასათიანის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ჩვენს საიტზე უამრავი წერილი შემოდის, აინტერესებთ მაიას მდგომარეობა
ზოგიერთი გენები ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობს. ამ დასკვნამდე სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა.
პოლონელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ფეხის სიმაღლე შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მარკერი აღმოჩნდეს.