მსოფლიო პრობლემა იოდდეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსოფლიო პრობლემა იოდდეფიციტი

- ბატონო დავით, რა იწვევს ბუნებაში იოდის უკმარისობას?

- იოდი - ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ეს მიკროელემენტი - საუკუნეების განმავლობაში მდინარეებმა ნიადაგიდან გამორეცხეს და ზღვებში ჩაიტანეს. აქედან გამომდინარე, მისი ერთადერთი წყარო ზღვები და ოკეანეები, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები გახლავთ. ზღვებისა და ოკეანეების მიმდებარე ნიადაგებში, ჰაერში, მცენარეებსა და საკვებში იოდი ახლაც მოიპოვება და აქედან ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში. წყალმცენარეების გარდა იოდს არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი არ წარმოქმნის. ძუძუმწოვრებისთვის ამ ქიმიურ ელემენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემადგენლობაში შედის, ეს ჯირკვალი კი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი ფუნქციობის გარეშე მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ხდება. ამიტომ აუცილებელია, ადამიანმა გარემოდან ყოველდღიურად მიიღოს გარკვეული რაოდენობის იოდი. იოდის დეფიციტი უმთავრესად მოსახლეობის იმ ნაწილში შეინიშნება, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობს. იოდდეფიციტი მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება, ეს მსოფლიო პრობლემაა.

- საქართველოში რომელი რეგიონებია ასეთი?

- მთათუშეთი, სვანეთი, მაღალმთიანი აჭარა, ზემო იმერეთი და კახეთის მთიანეთი. იქაური მოსახლეობისთვის ეს მდგომარეობა ფიზიოლოგიურია. იოდდეფიციტის დროს ორგანიზმში ირთვება მარეგულირებელი მექანიზმები და იოდის ნაკლებობის კომპენსაციისთვის ფარისებრი ჯირკვალი დიდდება. ამ მდგომარეობას იოდდეფიციტურ ჩიყვს უწოდებენ. ეს დაავადება არ გახლავთ, მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა იოდდეფიციტის გამო, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ამას შეიძლება მოჰყვეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და მისი დაავადება. უფრო მეტიც: თუ მშობლებს აქვთ ჩიყვი ფუნქციის დარღვევის გარეშე, მათ შეიძლება გაუჩნდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვი.

- როგორ და რა ნიშნებით ვლინდება იოდდეფიციტური დაავადება?

- იოდდეფიციტის დროს, პირველ რიგში, ფარისებრი ჯირკვალი დიდდება. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ გაუგებარია, რით აკომპენსირებს მდგომარეობას ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, როცა ჰორმონის კომპონენტი ორგანიზმს არ მიეწოდება. თუმცა ადამიანს სხვა დამცავი მექანიზმებიც აქვს. მაგალითად, იზრდება ამ დროს ორგანიზმში მოხვედრილი იოდის მარგი ქმედების კოეფიციენტი, მას ორგანიზმი რამდენჯერმე იყენებს. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, გეტყვით, რომ არაენდემურ კერებში, სადაც იოდი საკმარისადაა და ნორმალური რაოდენობის ჰორმონი გამოიყოფა, იოდი იშლება და ორგანიზმიდან იდევნება, იოდდეფიციტურ კერებში კი იოდი ორგანიზმმა შეიძლება რამდენჯერმე გამოიყენოს. რამდენიმე ხანს ამ გზით ხერხდება მდგომარეობის კომპენსირება. თუმცა ფარისებრი ჯირკვლის ადენოჰიპოფიზით  ჰიპერსტიმულირება,  გარდა ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისა, სხვა საშიშროებასაც ქმნის. კერძოდ, შეიძლება გაჩნდეს კვანძები, გაიზარდოს მათი რაოდენობა და უფრო მეტიც - კვანძებმა გადაგვარება განიცადოს. თუ პროფილაქტიკური ღონისძიებები დროულად არ ჩატარდა, გამორიცხული არ არის, ადრე თუ გვიან ჰიპოთირეოზიც განვითარდეს. იოდის ნაკლებობა არ იწვევს დაავადებებს, მაგრამ თუ მის ფონზე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, ანუ ჰიპოთირეოზია განვითარებული, ირღვევა ორგანიზმის ნორმალური ენერგეტიკული ცვლა, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა და ძვალსახსროვანი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული სისტემის დაზიანება, იმპოტენცია, უნაყოფობა. ბავშვებში იოდდეფიციტის უკიდურესი გამოვლინება კრეტინიზმია, ირთგუნება ზრდა, გონებრივი განვითარება. მოზრდილებს შესაძლოა განუვითარდეთ მიქსედემა, ლორწოვანის შეშუპება... საერთოდ კი,  ჰიპოთირეოზის წამყვანი ნიშნებია ბრადიკარდია, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე და სხვა.


- იოდის სიჭარბეც ხომ არ იწვევს რაიმე დაავადებას?

- იოდის პროფილაქტიკური დოზა არავითარ დაავადებას არ იწვევს. მაგრამ, სამწუხაროდ, არიან დიეტოლოგები, რომლებიც... ჩვენთან მათი ზოგიერთი პაციენტიც ხვდება... იცით, დღეს მოდაშია გამხდარი ქალები. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის შემთხვევაში მეტაბოლური პროცესების გაძლიერების გამო ყველა კატასტროფულად კარგავს წონას. და აი, ეს დიეტოლოგები ჯანმრთელ ახალგაზრდა ქალებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს უნიშნავენ. ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, რადგან ამ ჰორმონის დანიშვნით ვიღებთ ხელოვნურად გამოწვეულ ჰიპერთირეოზს. ადამიანმა ყოველდღიურად გრამობით უნდა მიიღოს იოდი, - რაც პრაქტიკულად შეუძლებელია,  - რომ ჰიპერთირეოზი განუვითარდეს, თუმცა მსგავსი შემთხვევები ლიტერატურაში მაინც არის აღწერილი.

- რამდენი იოდი უნდა მიიღოს ადამიანმა დღის განმავლობაში? გთხოვთ, ის პროდუქტებიც ჩამოგვითვალოთ, რომლებიც იოდს შეიცავს.

- კონსტიტუციის გათვალისწინებით, საშუალოდ 100-150 მიკროგრამი. გააჩნია აღნაგობას, სიმაღლეს, წონას. რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომარეობა პერიოდულად უნდა შემოწმდეს ულტრაბგერით, სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრით. ორსულობისას ორგანიზმს შეიძლება 200 მიკროგრამამდე იოდიც მიეწოდოს ყოველგვარი უარყოფითი შედეგის გარეშე. იოდს უმთავრესად ზღვის პროდუქტები, თევზი, ხიზილალა შეიცავს, ასევე - ხახვი, კივი, ბარდა. უნდა ითქვას ისიც, რომ, მაგალითად, კივი ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ჯობს და არა სათბურში მოყვანილი.

- რა მეთოდებს იყენებენ იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის?

- საამისოდ მთელ მსოფლიოში თითქმის ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, კერძოდ, ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ ის, რაც აკლია. ეს ძირითადად იოდიზებული საკვების მეშვეობით ხდება. ევროპაში საორგანიზაციო საკითხებს სხვადასხვა გზით აგვარებენ. არსებობს იოდიანი მარილის გამოყენების პრაქტიკა. საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში მიწაში იოდით გამდიდრებული სასუქები შეაქვთ. ჩინეთში, სადაც ძირითადად ბრინჯს მოიხმარენ, ნათესები იოდიზებული წყლით ირწყვება. ჩვენთან, საქართველოში, ტრადიციულად, იყენებენ იოდიან მარილს. როდესაც სოციალისტური ბანაკი დაიშალა, დაირღვა პროფილაქტიკური ღონისძიებების სქემები და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა ენდოკრინულ დაავადებებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, ამ პრობლემის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დაავადების გახშირება გამოიწვია ენდემურ რეგიონებში საორგანიზაციო საკითხების მოშლამ. ძველი ქვეყნები დაიშალა, ახალი ქვეყნები გაჩნდა და ამისთვის აღარავის ეცალა. შედეგად მოიმატა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა. ჩვენთანაც იყო პრობლემები, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევით, ჰუმანიტარული დახმარებების გზით შემოდიოდა იოდირებული კაფსულები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მოქმედებდა. ასე რომ, ეს პერიოდი დავძლიეთ. დღესდღეობით პრაქტიკულად ყველა მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობას მიეწოდება იოდიზებული მარილი და შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა მოგვარებულია. გარდა მასობრივი პროფილაქტიკისა, ჯგუფური და ინდივიდუალური პროფილაქტიკის მეთოდებიც არსებობს. ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ყველაზე მეტი გამოცდილება შეიძინეს იაპონელებმა ხიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური იარაღის გამოყენების შემდეგ. სწორედ ამ ამბის შემდეგ გაიგო სამყარომ, რა შეიძლება მოჰყვეს რადიაციული იოდის გამოფრქვევას, რომელიც ჰიპოთირეოზს,  გენეტიკურ მუტაციებს და სხვა პათოლოგიებს იწვევს.

- რას ურჩევთ მკითხველს იოდდეფიციტის თავიდან ასაცილებლად?

- იოდდეფიციტის პირველი ნიშანი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. მართალია, რიგით ადამიანს მისი გასინჯვა გაუჭირდება, მაგრამ თუ ამას ერთვის ადვილად დაღლა, ძილიანობა, უხალისობა, ყველა ამ ნიშნის გათვალისწინებით უნდა შემოწმდეს სისხლში თირეოტროპული ჰორმონის დონე ან ჩატარდეს გასინჯვა. ენდოკრინოლოგი პალპაციით ანუ მოსინჯვით კი ხვდება, ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია თუ არა, მაგრამ ულტრაბგერითი გამოკვლევა ზუსტად ადგენს მის ზომებს. დაბოლოს, მინდა, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ: რეანომობილი, ალბათ, ყველას გაუგონია. ეს გახლავთ მანქანა, რომელიც აღჭურვილია რეანიმაციისთვის საჭირო აპარატურით. არსებობს თირეომობილიც, რომელიც აღჭურვილია სპეციალური აპარატურით, რომლის საშუალებითაც ხდება ნიადაგსა და წყალში იოდის რაოდენობის განსაზღვრა. აქვეა მოსახლეობის სკრინინგული გამოკვლევებისთვის საჭირო ხელსაწყოებიც. იოდდეფიციტის პროფილაქტიკისა და, საერთოდ, მდგომარეობის მართვისთვის ძალიან კარგი იქნება საქართველოში ასეთი მანქანის არსებობა. იოდდეფიციტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ მრავალ ადგილას პრობლემა მოგვარებულია, რადგან კონტროლი და მასობრივი პროფილაქტიკა რეგულარულად ტარდება. საზოგადოდ, ვითარება კონტროლს რომ მოითხოვს, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ისიც ფაქტია, რომ თუ მასობრივი პროფილაქტიკის რომელიმე რგოლი დაირღვა, მაშინვე წამოყოფს თავს ჩიყვი ყველა თავისი ჰიპოთირეოიდული გამოვლინებით. ამიტომ ვოცნებობ, საქართველოს ჰქონდეს ასეთი მანქანის შეძენის შესაძლებლობა და მისი დახმარებით ენდოკრინოლოგებმა იოდდეფიციტის პრობლემა ვაკონტროლოთ. მართალია, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ერთი ასეთი მანქანაც რომ არსებობდეს საქართველოში, მდგომარეობის მართვა გაცილებით გაგვიადვილდებოდა.