შაქრიანი დიაბეტის გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტის გართულებები

მწვავე გართულებაა კომა, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია და აქტიურ ჩარევას და რეანიმაციულ ღონისძიებებს მოითხოვს. არსებობს გვიანი გართულებები, რომლებსაც ქრონიკულთა რიცხვს მიაკუთვნებენ. რა თქმა უნდა, ეს გართულებები აგრესიულად და სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ სათანადო მკურნალობა თუ არ ჩატარდა, შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს. ძირითადად ხუთი ტიპის გართულებასთან გვაქვს საქმე (ეს გართულებები ორივე ტიპის დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ სხვადასხვა პროცენტული სიხშირით). ესენი გახლავთ: მაკროანგიოპათია, რომელიც სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარეობს, ნეფროპათია - თირკმლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე გართულება, რეტინოპათია, რომელიც თვალის ბადურას სისხლძარღვების ცვლილებებით მიმდინარეობს, ნეიროპათია - ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე გართულება და დიაბეტური ტერფის სინდრომი. ყველაზე ხშირია მაკროანგიოპათია, რომელიც უფრო თვალში საცემია და მის გამო უფრო ხშირადაც მიმართავენ ექიმს. ამ დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვითარდება ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, შედეგად ინსულტი და სხვა. ასეთი გართულებით პაციენტები უფრო ხშირად ხვდებიან ექიმთან, ვიდრე რეტინოპათიით ან ნეფროპათიით. ქრონიკული გართულების ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. ტკივილები პაციენტებს იშვიათად აწუხებთ, შესაძლოა, მხედველობა დაუქვეითდეთ ოდნავ, მაგრამ, როგორც წესი, ამ დროს ექიმთან ვიზიტს გაურკვეველი ხნით გადადებენ ხოლმე და ბოლოს შორსწასული ფორმებით მოდიან. როდესაც რეტინოპათია ცალმხრივად მიმდინარეობს, მხედველობა ცალ თვალში ქვეითდება, მეორეში კი 50-60% ან უფრო მეტია. პაციენტი უმეტესად არც ამ დროს მიდის ექიმთან. თუმცა მედიცინაში ისეთი შემთხვევებიც არის აღწერილი, როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს. არაფერს უჩივის, არასოდეს უმკურნალია, არც გლუკოზის ანალიზი გაუკეთებია და პირდაპირ ოფთალმოლოგს მიმართავს მხედველობის დაქვეითების გამო. მიმართავს სათვალის დასანიშნად, რადგან ჰგონია, რომ ეს ასაკობრივი პრობლემაა. გამოცდილი ოფთალმოლოგი თვალის სისხლძარღვოვანი სურათის ნახვისთანავე პაციენტს სისხლში გლუკოზის ანალიზის ჩასაბარებლად გზავნის. შაქრიანი დიაბეტის გართულებები ერთდროულად არ ყალიბდება. თითოეული გართულების ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, დიაბეტის ხანგრძლივობაზე, თანმხლებ დაავადებებზე, მაგალითად, დისლიპიდემიაზე - სისხლში ცხიმოვანი ცვლის დარღვევაზე, ქოლესტერინის მომატებაზე, არტერიული წნევის მომატებაზე. ზოგს უფრო მეტად თირკმლის დარღვევები უვითარდება, ზოგს - მხედველობისა და ასე შემდეგ. თუ ადამიანს აქვს დიაბეტური ტერფი, არ არის აუცილებელი, მხედველობის დარღვევებიც ჰქონდეს.

მაკროანგიოპათია

ამ დროს კლინიკურად გამოვლინდება გულის იშემიური დაავადებები, თავის ტვინის, ქვედა კიდურების, შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და სხვა. გულის დაავადებებით სიკვდილიანობა როგორც ჩვენში, ასევე მთელ მსოფლიოში საკმაოდ მაღალია. ლიტერატურაში აღწერილია, რომ დიაბეტიან პაციენტებს 6-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ გულისმხრივი გართულებები. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომელთა არსებობა ზრდის ამ დაავადების განვითარების ალბათობას, მათ შორის - თამბაქოს მოხმარება, გენეტიკური ფონი, დისლიპიდემია, სისხლის კოაგულაციური პარამეტრების ცვლილებები. ტიპი-1 დიაბეტიან პაციენტებში გულისა და თავის ტვინისმხრივი გართულებები ასიდან დაახლოებით ოცდახუთ შემთხვევაში ვითარდება, მეორე ტიპის დიაბეტის დროს კი 75-ში. ეს ადამიანის ასაკზეა დამოკიდებული. პირველი ტიპის დიაბეტით ავადდება ახალგაზრდა თაობა - ბავშვები, მოზარდები გარდატეხის პერიოდში და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. 30 წლის შემდეგაც ვითარდება ტიპი-1 დიაბეტი, მაგრამ ასეთი რამ შედარებით იშვიათია. ტიპი-2 დიაბეტი კი უფრო მოზრდილი თაობის დაავადებაა და უმეტესად 40 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებს ემართებათ. მაკროანგიოპათიის დროს პაციენტი შესაძლოა ინფარქტით, გულის მწვავე იშემიური დაავადებით, თავის ტვინის ინსულტით მოხვდეს ამა თუ იმ ტიპის დაწესებულებაში, სადაც მას პირველად გადაუდებელ დახმარებას გაუწევენ, მერე კი ენდოკრინოლოგთან გაგზავნიან. თუმცა ეს გართულებები შესაძლოა არც კი ჩამოყალიბდეს, თუ ადამიანი მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, იცავს სწორ დიეტას, იტარებს ადეკვატურ მკურნალობას და სხვა. გართულებები მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როდესაც დიაბეტიანი პაციენტი არ ან ვერ მკურნალობს, არღვევს დიეტას და სხვა. ამ გართულებების ჩამოყალიბებას რამდენიმე წელი სჭირდება. ახალგამოვლენილი დიაბეტის დროს გართულების საფრთხე ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა ტიპი-2 დიაბეტით დაავადებული პაციენტი შესაძლოა პირდაპირ ამ გართულებით მოხვდეს ექიმთან. ეს იმიტომ, რომ ტიპი-2 დიაბეტი ხშირად ფარულად მიმდინარეობს, მკაფიო ნიშნები არ ახასიათებს და თუ ადამიანმა პროფილაქტიკურად არ შეიმოწმა სისხლში გლუკოზის დონე, ვერც კი მიხვდება, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს. უნდა ითქვას, რომ შაქრიან დიაბეტს საქართველოში რატომღაც მალავენ, ეს დაავადება სამარცხვინოდ მიაჩნიათ და ექიმთან არ მიდიან. ბევრი ძალზე ემოციურად ხვდება ამ დიაგნოზს - ჰგონიათ, სიცოცხლე დასრულდა, ყველაფერზე ხელს ჩაიქნევენ და დეპრესიას ეძლევიან. არადა, შაქრიანი დიაბეტი არ არის მომაკვდინებელი სენი, არ არის გადამდები, თუ დედას აქვს დიაბეტი, არ არის აუცილებელი, შვილსაც განუვითარდეს… პაციენტს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, რომ ექიმს მიენდოს და ადეკვატურად იმკურნალოს. შაქრიანი დიაბეტით სისხლძარღვების დაზიანების დროს სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს. მათ შორის - პერიოდული ჩხვლეტა გულის არეში, მოჭერის შეგრძნება  გულის არეში, გადაცეითი ტკივილები მარცხენა ბეჭის და ხელის არეში, თითების ან ქვედა კიდურების დაბუჟება, თავბრუხვევა, თავის ტკივილი და სხვა. ეს ნიშნები წინ უძღვის ინფარქტს ან ინსულტს და თუ ადამიანმა დროულად მიაქცია მათ ყურადღება, ამ პრობლემების პრევენცია შესაძლებელია. არის შემთხვევები, როდესაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ინფარქტის განვითარებასაც კი ვერ გრძნობს. ასეთი რამ ასიდან 30 შემთხვევაში ხდება. ეს იმიტომ, რომ ნეიროპათიაა ჩამოყალიბებული, ნერვული დაბოლოებები დაჩლუნგებულია და ადამიანი გულის ტკივილს ვერ გრძნობს. გამორიცხული არ არის, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, შემთხვევითი გამოკვლევის დროს, კარდიოგრამაზე აღმოჩნდეს გადატანილი ინფარქტის კვალი. რაც შეეხება ამ გართულების მკურნალობას, უწინარეს ყოვლისა, ის უნდა ითქვას, რომ უმჯობესია საქმე აქამდე არ მივიყვანოთ. ამ მიზნით პერიოდულად, წელიწადში  ორჯერ, პაციენტებს ისეთი ტიპის პრეპარატებს ვუნიშნავთ, რომლებიც აუმჯობესებს გულის კუნთის მიერ ჟანგბადის ათვისებას და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ამ ორგანოებს კვებავს. ეს პროფილაქტიკური მკურნალობაა. თავად გართულებებს კი ვიწრო პროფილის სპეციალისტი - კარდიოლოგი, ნევროლოგი, ნეფროლოგი და სხვა - მკურნალობს.

რეტინოპათია

ეს გახლავთ თვალის ბადურას სისხლძარღვოვანი დაზიანება, რომელიც დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება და ინვალიდობის ყველაზე ხშირი მიზეზია. რეტინოპათია ბადურას სისხლძარღვების მიკროანგიოპათია ანუ მიკროსისხლძარღვების დაზიანებაა. ინვალიდობის მიზეზთა ნუსხაში რეტინოპათიასა და დიაბეტურ ტერფს პირველი-მეორე ადგილები უკავიათ. რეტინოპათია დიაბეტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული - რაც უფრო დიდი ხანია მიმდინარეობს შაქრიანი დიაბეტი, მით უფრო მეტია რეტინოპათიის ჩამოყალიბების შანსი. მაგალითად, თუ დიაბეტი ახალგანვითარებულია, პაციენტს რეტინოპათია ასიდან 8-15 შემთხვევაში უვითარდება, ხოლო თუ დიაბეტი 20-30 წლისაა, რეტინოპათია ასიდან 85 შემთხვევაშია მოსალოდნელი. ამ გართულებას მხედველობის გაუარესებამდე და ბოლოს სრულ დაკარგვამდე მივყავართ. მისი უკუგანვითარება არ ხდება.


ბევრს ჰგონია, რომ თუ თვალის ოპერაციას გაიკეთებს ან თვალის წვეთებს ჩაიწვეთებს, მხედველობა დაუბრუნდება. როდესაც მხედველობა დაკარგულია და რეტინოპათია უკანასკნელ სტადიაშია, ვერავითარი ოპერაცია, ვერავითარი მედიკამენტი საქმეს ვერ უშველის. პაციენტებისთვის ერთადერთი შვება ის არის, რომ რეტინოპათია არ გაღრმავდეს, ერთი სტადია (სულ სამ სტადიას განარჩევენ) მეორეში არ გადავიდეს. აი, ეს კი თანამედროვე მედიცინას ძალუძს. ოფთალმოლგისა და ენდოკრინოლოგის ურთიერთშეთანხმებული მუშაობით ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. პაციენტი სავალალო მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეს, ექიმმა მას დიაბეტის გამოვლენისთანავე უნდა აუხსნას, რა არის დიაბეტი, რა შეიძლება მოჰყვეს მას და საერთოდ მიაწოდოს ყოველგვარი ინფორმაცია. ეს არ არის პაციენტის დაშინება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებაა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რა სჭირს მას და შემდეგ თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მკურნალობა. როცა მკურნალობა თავიდანვე მიმდინარეობს და დაავადების ადეკვატურია, შედეგი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, ხოლო გართულებათა ჩამოყალიბების რისკი - მინიმალური. რეტინოპათიას ოფთალმოლოგი მკურნალობს ენდოკრინოლოგთან ერთად, რომელმაც გამუდმებით უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე და მისი კორეგირება მოახდინოს. თუ შაქრის დონე არ გაკონტროლდა და სისხლში მისი რაოდენობა არ მოწესრიგდა, რაც არ უნდა გააკეთოს ოფთალმოლოგმა, მკურნალობას შედეგი არ მოჰყვება. მკურნალობისას წამყვანი დიეტოთერაპიაა. ხშირად პაციენტები ისეთ წამალს ითხოვენ, რომ რაც უნდათ, ის მიირთვან. ასეთი წამალი არ არსებობს... ასეთ პასუხს არ სჯერდებიან, იწყებენ მკურნალობას ბალახეული პრეპარატებით და, სამწუხაროდ, ჰგონიათ, რომ დიეტა აღარ არის საჭირო. როდესაც პაციენტი ინფორმირებულია, როგორც წესი, სათანადოდ მკურნალობს და დიეტასაც იცავს.

დიაბეტური ნეფროპათია

ეს გახლავთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც გამოვლინდება შარდში ცილის რაოდენობის მომატებით, თირკმლის უკმარისობით. პაციენტები, რომელთა თირკმელი საბოლოოდ კარგავს ფუნქციას, დიალიზზე, ხელოვნურ თირკმელზე გადაგვყავს. ეს ძალიან მძიმე გართულებაა, რომელიც სიკვდილით მთავრდება. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, რამდენიმე წლის შემდეგ თირკმლის უკმარისობა შეიძლება მაინც განვითარდეს. პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება ამ დროს ხელოვნური თირკმლის დახმარებით მხოლოდ რამდენიმე წლით არის შესაძლებელი. თირკმლის ფუნქციის უკმარისობის დიაგნოზს ექიმი სვამს, პაციენტი ამას ძნელად თუ მიხვდება, მაგრამ ამ დროს შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა სიმპტომებმა: თვალების, სახის, კიდურების შეშუპებამ, ყრუ ტკივილმა წელის არეში, შარდვის შეკავებამ ან შემცირებამ. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ხშირად შარდვის გახშირებას უჩივის, ამბობს, რომ ბევრ წყალს სვამს და ამის გამო დღისით თუ ღამით ხშირად უწევს მოშარდვა. როდესაც თირკმლის უკმარისობა ყალიბდება, ამ დროს შარდის რაოდენობა მცირდება; ზოგიერთ პაციენტს ჰგონია, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა და უხარიათ, თუმცა ბოლოს ხვდებიან, რომ შარდის გამოყოფა უკვე აღარ ხდება. ადამიანმა შეიძლება რამდენიმე დღეც კი ვეღარ გამოყოს შარდი. ბევრი ამ დროს თვითნებურად იღებს შარდმდენ პრეპარატებს, რაც მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. თუ პაციენტმა არ იმკურნალა, მსგავსი გართულება აუცილებლად სიკვდილით დასრულდება. ეს გართულება ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს და უფრო მძიმედაც მიმდინარეობს ადამიანებში, რომლებსაც ცალი თირკმელი აქვთ. მძიმეა ამ გართულების მიმდინარეობა დიაბეტიან ორსულებშიც.

დიაბეტური ნეიროპათია

იგი გამოიხატება ნერვული სისტემის დაზიანებით და სხვადასხვა სიმძიმისაა. ეს გართულება ფარულად მიმდინარეობს, არავითარი მკაფიო ნიშანი არ აქვს. ნეიროპათიას ტკივილიც კი არ ახასიათებს. პერიოდულად პაციენტმა ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით - მუხლებს ქვემოთ, შესაძლოა სიმხურვალე იგრძნოს ან ჭიაჭველების ცოცვის შეგრძნებამ შეაწუხოს, დაუბუჟდეს ხელები, თითები და სხვა. მხოლოდ ამ ჩივილების გამო ადამიანმა შესაძლოა არც კი მიმართოს ექიმს, უბრალოდ დაიზილოს კიდური, მასაჟები გაიკეთოს ან რომელიმე ნაცნობის მიერ ნარჩევი პრეპარატი მიიღოს. ამ ნიშნების გამოვლენიდან რამდენიმე წლის შემდეგ ყალიბდება მძიმე დიაბეტური ნეიროპათია, რომელიც შემდგომ დიაბეტური ტერფის, განგრენის, ტროფიკული წყლულის განვითარებას ედება საფუძვლად. ამრიგად, დიაბეტური ტერფის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების განვითარებას ხელს უწყობს ორი ფაქტორი: ანგიოპათია და ნეიროპათია - სისხლძარღვოვანი დიაბეტური გართულება და ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე დიაბეტური გართულება. ხშირად ორივე გართულება პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა არ არის აუცილებელი, პროცესმა სიმეტრიულად მოიცვას ორივე კიდური; სადაც უფრო სუსტ წერტილს იპოვის დაავადება, იქ განვითარდება წყლული, განგრენა და დიაბეტური ტერფი. ნეიროპათიის დროს ყველაზე თვალშისაცემი ის არის, რომ როდესაც განათება ცუდია, მაგალითად, ღამით, პაციენტს გადაადგილება უჭირს, სიარულის დროს ქვედა კიდურებს ვერ გრძნობს და შესაძლოა წონასწორობა დაკარგოს. ამის გამო ავადმყოფები ხშირად ეცემიან, ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ბალიშებზე დადიან. ეს დიაბეტური ნეიროპათიის კლასიკური ნიშანია. ღამით პაციენტი რომ ადგეს, შუქის ანთებამდე მოძრაობა უჭირს - რამეს უნდა მოეჭიდოს, კედელს გაჰყვეს. დღის სინათლეზე კი, როდესაც განათება კარგია, დაბლა იყურებიან და ისე დადიან. ამ დროს გადაადგილება არ უჭირთ, მხედველობით აკონტროლებენ მდგომარეობას. მეორე ნიშანი ქვედა კიდურებში წვისა და სიმხურვალის შეგრძნებაა. ავადმყოფს ზამთარშიც კი უხურს ფეხები. ამ შეგრძნებას ღამით უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას. დღისით მუშაობენ, მოძრაობენ და შესაძლოა ყველაფერი ფეხით სიარულს ან მთელი დღე ფეხზე დგომას დააბრალონ, აი, ღამით კი, როცა დაწვებიან, შემაწუხებელ შეგრძნებას ფეხების საბნიდან გამოყოფით "ებრძვიან" ან ცივ წყალში ყოფენ. მიუხედავად ამისა, ფეხები მაინც უხურთ. ნეიროპათიით დაავადებულებს შესაძლოა მუდმივად ცივი ქვედა კიდურები ჰქონდეთ, განსაკუთრებით ტერფები. ამ პრობლემებს ნევროლოგი მკურნალობს. ნეიროპათია და მისი გართულებები ასიდან დაახლოებით 30 შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს და მისი მიზეზი უმთავრესად სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალი დონეა. სწორედ ეს იწვევს ცვლილებებს ნერვულ ბოჭკოებზე, რაც შემდგომ ნეიროპათიით ვლინდება. მკურნალობა ამ დროსაც კომპლექსურია, ადამიანს სჭირდება როგორც ენდოკრინოლოგის, ასევე ნევროლოგის დახმარება, მაგრამ თუ სისხლში გლუკოზის დონე არ მოწესრიგდა, ნევროლოგს მკურნალობა ძალიან გაუჭირდება, ამიტომ ის პაციენტს პირველად ენდოკრინოლოგთან უშვებს სისხლში გლუკოზის დონის მოსაწესრიგებლად და შემდეგ იწყებს მის მკურნალობას.

დიაბეტური ტერფი

ეს საკმოდ მძიმე გართულებაა და, ისევე როგორც რეტინოპათია, შესაძლოა ინვალიდობის მიზეზად იქცეს. ხშირად საქმე კიდურის ამპუტაციამდეც კი მიდის. დიაბეტური ტერფი როგორც პირველი, ასევე ტიპი-2  დიაბეტის დროს შემთხვევათა 10-25%-ში გვხვდება. ამიტომ აუცილებელია, პაციენტებმა გულდასმით მოუარონ ქვედა კიდურებს: ჩაიცვან ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი, რომ კანი არ დაუზიანდეთ, წყლის ტემპერატურა შეამოწმონ არა ხელის მტევნით, არამედ თერმომეტრით ან იდაყვით. წყალი მეტისმეტად ცხელი არ უნდა იყოს. კიდურების აბაზანისთვის ნელთბილი წყალი უნდა გამოიყენონ. აუცილებლად უნდა იხმარონ მალამოები, რათა ქუსლებზე ან თითებზე კანი არ აექერცლოთ და მისი გამოშრობა არ მოხდეს. აბაზანის შემდეგ კანი კარგად უნდა გაიშრონ, რომ სადმე სისველე არ დარჩეთ, ისე დაიჭრან ფრჩხილები, რომ მაკრატლით არ დაიზიანონ მიმდებარე ადგილები, რათა შემდგომ იქ ინფექცია არ განვითარდეს; არ უნდა ჩაიცვან ფეხსაცმელი, რომლიდანაც თითები ჩანს, მაქსიმალურად უნდა ერიდონ ტრავმებს, თერმულ დაზიანებებს, და ეს ყველაფერი - იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ დიაბეტური ტერფის განვითარება. თუ გართულება მაინც განვითარდა, ადამიანი ადრე თუ გვიან ქირურგთან ხვდება და ამპუტაცია გარდაუვალია. საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს თითის ამპუტაცია; თუ მდგომარეობა უფრო მძიმეა, ამპუტაცია შესაძლოა წვივის ან ბარძაყის მიდამოში ჩატარდეს. დიაბეტური ტერფი, ისევე როგორც სხვა გართულებები, შაქრიანი დიაბეტის გვიან სტადიაში ან მოუწესრიგებელი, არაკონტროლირებადი დიაბეტის ფონზე ყალიბდება, როდესაც სისხლში გლუკოზისა და გლიკოჰემოგლობინის დონე მუდმივად მაღალია. სხვათა შორის, ადრე გლიკოჰემოგლობინის ანუ გლიკოზირებული ჰემოგლობინის გამოკვლევა არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში არ ხდებოდა. დაახლოებით ათი წელია, რაც ეს მეთოდი დაინერგა, და ეს დიაბეტის კომპენსაცია-დეკომპენსაციის ხარისხის მაჩვენებელი გახლავთ. იგი აჩვენებს, რამდენად იყო მომატებული სისხლში გლუკოზის დონე ბოლო სამი თვის განმავლობაში. თუ გლიკოზირებული ჰემოგლობინის რაოდენობა ერთი პროცენტით იმატებს, 10-15 პროცენტით მეტია ქრონიკული გართულების განვითარების ალბათობა, ხოლო თუ იკლებს, გართულების განვითარების რისკიც 10-15-ჯერ მცირდება. დაბოლოს, დიაბეტის მკურნალობისას პირველი და აუცილებელი პირობაა დიეტა. ეს გახლავთ დიაბეტის მკურნალობის ბაზისი, რასაც ეფუძნება დიაბეტის შემდგომი მართვა. თუ პაციენტმა დიეტა არ დაიცვა, ვერავითარი მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს. გარდა ამისა, დიაბეტით დაავადებულმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკურად იაქტიუროს. ძალიან კარგია დღეგამოშვებით ერთსაათიანი ცურვა, ფიტნესი, მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში. ეს თუ ვერ შეძლო, ყოველდღე ოცდაათი წუთის განმავლობაში მაინც უნდა იაროს ფეხით. ეს ძალიან კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და წონის კორექციისთვის. მედიკამენტური მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. ექვს თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ პროფილაქტიკურ გამოკვლევათა კურსი, რომელშიც სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრაც შედის, განსაკუთრებით - იმ ადამიანებმა, ვინც უკვე გადააბიჯა 40 წელს, ვისაც ახლო ნათესავები შაქრიანი დიაბეტით ჰყავს დაავადებული, ვისაც ჭარბი წონა აქვს, ვისაც ორსულობის დროს ერთხელ მაინც ჰქონდა სისხლში შაქრის მაღალი დონე და სხვებმაც. გახსოვდეთ, დიაბეტით ცხოვრება არ სრულდება. სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს, რადგან დროული მკურნალობით თუ პროფილაქტიკით ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია.