ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი

- ბატონო გელა, რომელ ძვლებს აზიანებს ყველაზე ხშირად ტუბერკულოზი და რა პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს ამ დროს ძვლოვან ქსოვილში?

- ძვალსახსროვანი ტუბერკულოზი ფილტვგარე ტუბერკულოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის ფილტვგარე ტუბერკულოზის შემთხვევათა 10-15%-ს შეადგენს. ავადმყოფს უზიანდება ჩონჩხის სხვადასხვა ნაწილი, ყველაზე ხშირად - ხერხემალი, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრები. ძვლების ინფიცირება ხდება მაშინ, როდესაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იჭრება ძვლოვან ქსოვილში ჰემატოგენური (სისხლის) ან ლიმფური გზით სპეციფიკური პროცესით დაზიანებული რბილქსოვილოვანი ორგანოდან, უმეტესად - ფილტვიდან. ასეთი რამ ხდება ტუბერკულოზური ინფექციის პირველადი ან, უფრო იშვიათად, მეორეული გენერალიზაციის დროს. ჰემატოგენური დისემინაციის წყაროს აღმოჩენა ზოგჯერ ვერ ხერხდება, რადგან ძვლებში ტუბერკულოზური კერები ნელა ყალიბდება და მისი გამოვლენის დროისთვის კერა სხვა ორგანოში უკვე დანაწიბურებულია. ამის შედეგად წარმოიშობა ძვლის იზოლირებული დაზიანებები - პირველადი ტუბერკულოზური ოსტიტები, რომლებიც დიდ როლს ასრულებს ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის შემდგომ განვითარებაში. სპეციფიკური პროცესი ვითარდება კარგი სისხლმომარაგებისა და დიდი რაოდენობით ღრუბლისებრი ნივთიერების მქონე ძვლებში, სადაც არის მიელოიდური ქსოვილი. ასეთი ადგილებია მალების სხეულები, გრძელი ძვლების დიაფიზი და ეპიფიზი. ამ ქსოვილების შერჩევითობა დაკავშირებულია მათ ადგილობრივ მიკროცირკულაციასთან: მიკროცირკულაციური აუზის მოცულობასთან, სისხლის შენელებულ დინებასთან.

- გამოდის, რომ ძვალსახსროვანი ტუბერკულოზი ტუბერკულოზის სხვა ფორმების - მაგალითად, ფილტვის, თირკმლის ფორმების - გართულება-გაგრძელებაა?

- ძვალსახსროვანი ტუბერკულოზი შეიძლება იყოს იზოლირებულიც და ფილტვის, თირკმლისა და სხვა ორგანოთა ტუბერკულოზურ დაზიანებასაც ახლდეს თან.

- ვინ ხვდება ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის რისკჯგუფში ანუ ვინ შეიძლება დასნებოვნდეს ყველაზე ადვილად?

- ზოგადად შემიძლია გითხრათ, ფილტვგარე ტუბერკულოზი განსაკუთრებით ხშირია იმუნოკომპრესიული დაავადებების მქონე პაციენტებთან, ამდენად, მათთვის აუცილებელია ტესტირება აივ ინფექციაზე. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ტრავმები და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ხშირი გადატვირთვა, გადაცივება, განმეორებადი ზოგადი დაავადებები, მათ შორის - ინფექციურიც, აგრეთვე - ცუდი სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობები.

- რა კლინიკური სიმპტომებით ვლინდება ძვლების ტუბერკულოზური დაზიანება? რით გამოირჩევა ის სხვა სახის დაზიანებისგან? რა არის მისთვის სპეციფიკური?

- ყურადსაღებ ადგილობრივ სიმპტომებს მიეკუთვნება ხერხემლის ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ტკივილი შესაძლოა ჰგავდეს ნეკნთაშუა ნევრალგიის, რადიკულიტის, იშიაზისთვის დამახასიათებელ ტკივილს. ზოგჯერ ის ირადირდება (ვრცელდება) შინაგან ორგანოებში. ტკივილის პასუხად ზურგის კუნთები რიგიდული ხდება, ამის გამო იზღუდება მოძრაობა ხერხემალში. იცვლება სიარული. სპონდილური ფაზის განვითარების სტადია შეესაბამება ტუბერკულოზური პროცესის მეზობელ მალებზე გადასვლას. ამ სტადიაზე ზოგადი მდგომარეობა მძიმდება, სხეულის ტემპერატურა სუბფებრილური ან მაღალია, იმატებს ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის სიმპტომები. ტკივილი ხერხემალში ძლიერი და მუდმივია, მოსვენებისას ყუჩდება.


კუნთების რიგიდულობის გამო მოძრაობა ხერხემალში შეუძლებელია, ვითარდება ზურგის კუნთების ატროფია. პოსტსპონდილურ ფაზაში სპეციფიკური ანთების ადგილობრივი და ზოგადი სიმპტომები არ შეინიშნება, მაგრამ გამოხატულია დაავადების დროს წარმოქმნილი ყველა ანატომიურ-ფუნქციური ცვლილება: კუნთების ატროფია, კიფოზი, სკოლიოზი, გულმკერდის მეორეული დეფორმაცია. პაციენტები უჩივიან ხერხემლის არამდგრადობას, მოძრაობის შეზღუდვას, ტკივილს ლორდოზების არეში, სადაც ვითარდება დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები: დეფორმაციული სპონდილოზი, სპონდილოართროზი. არცთუ იშვიათად ამ პაციენტებთან თავს იჩენს რეციდივი და ტუბერკულოზური პროცესის გამწვავება, რომელიც მწვავედ მიმდინარეობს. სახსრების ტუბერკულოზის პრეართრიტულ ფაზას, ისევე როგორც პრესპონდილურს, ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის სუსტი გამოვლენა ახასიათებს. ავადმყოფები უჩივიან სწრაფ დაღლას და არამყარობას სახსრებში. ზოგჯერ აწუხებთ სახსრების ტკივილი, რომელიც თავს იჩენს დატვირთვის დროს და ქრება მოსვენებისას. ამ ფაზაში განისაზღვრება შემდეგი სიმპტომები: ლოკალური ტკივილი, რომელიც ვლინდება სახსრის ღრმა პალპაციის დროს; კიდურების შეზღუდული მოძრაობა - სახსარში მოძრაობა კიბისებური ხდება. არცთუ იშვიათად ვითარდება სინოვიური გარსების არასპეციფიკური რეაქტიული ანთება, რომელიც ვლინდება სახსრის ტკივილით, შესივებითა და კოჭლობით. ეს პროცესები შედარებით სწრაფად გაივლის, მერე კი შესაძლოა ისევ დაიწყოს. ძვლის კიდეებში განვითარებული პირველადი ოსტიტების დროს გამორიცხული არ არის ნაჟღენთი აბსცესის არსებობაც. პირველადმა ოსტიტმა შესაძლოა ნეიროტროფიკული გავლენა მოახდინოს სახსარსა და მთელ კიდურზე და გამოიწვიოს მისი დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა, კიდურის ატროფია, კოჭლობა. ართრიტული ფაზის დასაწყისი შეესაბამება პროცესის სახსარზე გადასვლას და ტუბერკულოზური სინოვიტის განვითარებას. ამ დროისთვის უფრო და უფრო მკაფიოდ გამოიხატება ადგილობრივი სიმპტომები: სუსტი, მაგრამ მუდმივი ტკივილი, კუნთების რიგიდულობა, სახსრის კონტურების გასადავება, შეზღუდული მოძრაობა, კოჭლობა. შეინიშნება სუსტად გამოხატული ტროფიკული დარღვევებიც: ჰიპოტონია, რბილი ქსოვილების ატროფია, დაზიანების მხარეს კანის ნაოჭის გასქელება. ართრიტული ფაზის პიკზე პროგრესირებს ძვლების სასახსრე ბოლოების დესტრუქცია, რომელიც ვლინდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, მკვეთრად გამოხატული ტუბერკულოზური ინტოქსიკაციით, მაღალი ტემპერატურით. სახსარში ძლიერდება ტკივილი, რომელიც ყუჩდება სახსრის იმობილიზაციის შემდეგ, იმატებს ადგილობრივი ტემპერატურა, კიდურები მოკლდება, მოსალოდნელია ძვლების სასახსრე ბოლოების ცდომაც, უფრო მკვეთრად არის გამოხატული რბილი ქსოვილების ატროფია და სხვა ტროფიკული დარღვევები.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა და რას გულისხმობს თანამედროვე მკურნალობა?

- ფილტვგარე ტუბერკულოზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ქირურგიული მანიპულაციების (პუნქცია, ბიოფსია, ოპერაცია) და აუტოფსიის შედეგად მიღებული ნებისმიერი მასალის კულტურალური და მორფოლოგიური გამოკვლევა. სადიაგნოსტიკოდ რეკომენდებული გამოკვლევებია: რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა. ძვალსახსრის ტუბერკულოზის შემთხვევაში მკურნალობა რეკომენდებულია გაგრძელდეს 9 თვე შემდეგი სამკურნალო სქემით: 2 თვე - იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი, ეთამბუტოლი; 7 თვე - იზონიაზიდი, რიფამპიცინი. როდესაც სახეზეა ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის მძიმე და გართულებული შემთხვევები და/ან იზონიაზიდზე მგრძნობელობის პასუხი ცნობილი არ არის, შეიძლება ეთამბუტოლის დამატება. მკურნალობის სქემა უმჯობესია შეირჩეს კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე. ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის ძირითად მეთოდად მიიჩნევა ოპერაცია სპეციფიკურ ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად, რომელიც ტარდება ოპერაციამდეც და მის შემდეგაც. ფართოდ გამოიყენება ორთოპედიული, ფუნქციური, ფიზიკური და მკურნალობის სხვა მეთოდებიც. ოპერაციული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია ჩონჩხის დაზიანებული ნაწილის დესტრუქციის ხარისხზე. ადრეულ სტადიაზე ხდება პირველადი ტუბერკულოზური ოსტიტების რადიკალური ამოკვეთა, რაც განკურნების საშუალებას იძლევა. უფრო გვიან ტარდება გაცილებით რთული ოპერაციები, რადგან აუცილებელია ძვლების სასახსრე ბოლოებიდან და მალის სხეულებიდან მასიური დეფექტების ლიკვიდაცია, ძვლების დაგრძელება, ზურგის ტვინის დეკომპრესია. თუ ყველა ეს პროცედურა მაღალკვალიფიციურად ჩატარდა, შესაძლოა მიღწეულ იქნეს განკურნების მაღალი მაჩვენებელი - 90%-ზე მეტი. გაცილებით ძნელია ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის უფრო მძიმე შედეგების მკურნალობა, ისეთებისა, როგორებიცაა მრავალი მალის დაზიანება, ძვლის სასახსრე ბოლოების სრული დაშლა, მნიშვნელოვანი დეფორმაცია, ზურგის ტვინის დაზიანება. ასეთი პაციენტების ოპერაციული მკურნალობა ინვალიდობის თავიდან აცილების საშუალებას არ იძლევა - ის მხოლოდ ამსუბუქებს მას.

- რა გართულებები ახასიათებს ძვლის ტუბერკულოზურ დაზიანებას?

- ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები უზრუნველყოფს კეთილსაიმედო გამოსავალს, თუ დაავადება დროულად იქნა აღმოჩენილი და ქირურგიული ჩარევაც დროულად მოხდა.