ტკივილი კუჭის მიდამოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი კუჭის მიდამოში

კვებითი ტოქსიკოინფექცია

კვებით ტოქსიკოინფექციას უამრავი მიკროორგანიზმი იწვევს: ენტერობაქტერიები (სალმონელა, პროტეუსი და სხვა), სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ანაერობული მიკრობები (კლოსტრიდია, ბოტულინი)... ინფექციის წყარო კი შეიძლება იყოს როგორც დაავადებული, ასევე ბაქტერიამატარებელი ადამიანი და დაავადებული ცხოველი. დასნებოვნება ფეკალურ-ორალური გზით ხდება. გადაცემის ფაქტორი ინფიცირებული საკვებია, რომელშიც გამრავლდა და დაგროვდა მიკრობი და მისი ტოქსინები. საკვები შეიძლება დაინფიცირდეს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევისას. ამიტომაც არის აუცილებელი მკაცრი სანიტარიული კონტროლი რძისა და ხორცპროდუქტების რეალიზაციის დროს. კვებითი ტოქსიკოინფექციისთვის ყველაზე ხელსაყრელი ცილოვანი გარემოა, ამიტომ დაავადებას ყველაზე ხშირად ინფიცირებული თევზის, ხორცისა და რძის პროდუქტების მიღება იწვევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ინფიცირებული საქონლის ხორცის დიდი ნაჭრების არასაკმარისი ხარშვისას დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები შესაძლოა ხორცის სიღრმეში დარჩეს და მისი გაცივების შემდეგ გააქტიურდეს. სეზონურობა ამ დაავადებას არ ახასიათებს, თუმცა ზაფხულში მის გამოსავლენად პირობები ბევრად უფრო ხელსაყრელია და, შესაბამისად, დაავადების შემთხვევაც - უფრო მეტი. გარემოს მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს საკვებში მიკროორგანიზმების სწრაფ დაგროვებასა და გამრავლებას. გვხვდება დაავადების როგორც სპორადული (ერთეული), ისე ჯგუფური შემთხვევები. დაავადების კლინიკური სურათი გამომწვევის რაოდენობითა და ტოქსინის დოზით განისაზღვრება. ყველაზე ხშირად ტოქსინი აზიანებს კუჭსა და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილს. კვებითი ტოქსიკოინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მიერ გამოყოფილი ეგზოტოქსინი კუჭში ინფიცირებულ საკვებთან ერთად ხვდება. ამ დროს ის კუჭის წვენის ზემოქმედებით შეიძლება ნაწილობრივ დაიშალოს. თუ სეკრეტული აქტივობა არასაკმარისია, კუჭის ლორწოვანი გარსი ღიზიანდება და აღმოცენდება ტკივილი, რომელსაც ხშირად ღებინება მოჰყვება. ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, ამ გზით იცილებს ის ტოქსინს. ტოქსინი გარკვეული რაოდენობით სისხლშიც შეიწოვება და ზოგადტოქსიკურ ეფექტს იწვევს. ამ დროს ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, თავის ტკივილს, გულისრევას. შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვა, შეუჩერებელი ღებინება, ეცემა არტერიული წნევა. მაღალი მჟავიანობისას მიკროორგანიზმები მასიურად იღუპება. ამ დროს გამოიყოფა ენდოტოქსინი, რომელიც იმავე მოვლენებს იწვევს. დამატებით ზიანდება ნაწლავის ეპითელიუმი, ძლიერდება პერისტალტიკა და ვითარდება დიარეული სინდრომი ("დიარეა" - ბერძ. ვიცლები, ვიღვრები). კვებითი ტოქსიკოინფექციის გამომწვევის გამრავლებას უმეტესად რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე ხანი სჭირდება. დაავადება იწყება მწვავედ - ძლიერი ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით, ძლიერი მჭრელი ტკივილით მუცლის, უმთავრესად ეპიგასტრიუმის (კუჭის) არეში, გულისრევით, უმეტესად - შეუჩერებელი ღებინებით, ფაღარათით (სითხის შემცველი მასებით). დეფეკაციის სიხშირემ შესაძლოა დღე-ღამეში ოცსაც კი მიაღწიოს. ამას თან ახლავს მუცლის ყურყური, მეტეორიზმი (მუცლის გაბერვა აირების დაგროვების გამო), წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია. პაციენტის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, რადგან ასეთი კლინიკური ნიშნები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს და მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია დასვას ზუსტი დიაგნოზი და დანიშნოს საჭირო მკურნალობა.

პილოროსპაზმი

პილოროსპაზმი კუჭის ფუნქციური დარღვევაა. ასეთი დარღვევებით ზრდასრული მოსახლეობის 30% იტანჯება. პილოროსპაზმი პილორუსის სპაზმია, პილორუსი კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ის ნაწილია, რომელიც კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლის ადგილას მდებარეობს. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად ნევროზით დაავადებულ ადამიანებში გვხვდება. საკვების მიღებისას ან მიღებიდან გარკვეული ხნის შემდეგ აღმოცენდება ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში და იწყება ღებინება საკვების უხვი მასებით. ასეთ დროს ავადმყოფები ხშირად ხდებიან, რადგან მიღებული საკვები გადამუშავებას ვერ ასწრებს, შესაბამისად, ვერც ორგანიზმი ასწრებს მის ათვისებას. პილოროსპაზმის დიაგნოსტირებისთვის და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ორგანული დაავადებების გამოსარიცხად აუცილებლად უნდა ჩატარდეს ავადმყოფის სრულყოფილი გამოკვლევა. აღნიშნული დაავადებების არარსებობის შემთხვევაში პილოროსპაზმის მკურნალობა ნევროზების მკურნალობის პრინციპით ხორციელდება.

გასტრიტი

გასტრიტი ანუ კუჭის ლორწოვანის ანთება, რომელიც ესოდენ ხშირია საქართველოში და რისი ერთ-ერთი მიზეზიც ჩვენი კვებითი თავისებურებებია, თავდაპირველად - კუჭის მიდამოში სიმძიმის შეგრძნებით, ხოლო მოგვიანებით ტკივილითა და გულძმარვით გვახსენებს თავს. გასტრიტსაც მრავალი მიზეზი აქვს, ზემოხსენებული კვების რეჟიმით დაწყებული, ბაქტერიებით დამთავრებული. თუ თავს დროულად მიხედეთ და მხოლოდ სოდიანი წყლით ან ბორჯომით არ სცადეთ მკურნალობა, ეს პათოლოგია ადვილად სამართავია. წინააღმდეგ შემთხვევაში ანთებამ შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედელზე სუსტი წერტილი იპოვოს და წყლული ჩამოყალიბდეს (ამ შემთხვევაში  კლინიკური ნიშნები - ტკივილი უზმოზე ან ჭამის შემდეგ, სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა და სხვა - უფროა გამოხატული, ვიდრე გასტრიტის დროს), მისი მკურნალობა კი გაცილებით რთულია. გარდა ამისა, წყლულის არსებობისას დიდია შანსი, კიდევ ერთმა გართულებამ - კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციამ იჩინოს თავი.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორირებული წყლული, როგორც წესი, ეპიგასტრიუმის (როგორც ხალხში უწოდებენ, კუჭის თავის) მიდამოში მწვავე ტკივილით ვლინდება. პერფორაციის დროს წყლულის ფსკერის მთლიანობა ირღვევა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება და ვითარდება პერიტონიტი. პერფორაციას ახასიათებს მოულოდნელი ძლიერი ტკივილი კუჭის მიდამოში, გულის კოვზთან და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელსაც პაციენტები ხშირად ხანჯლის ჩარტყმას ადარებენ. ამ დროს ავადმყოფი ფითრდება, ენა მშრალი აქვს, ზოგჯერ ქოშინებს კიდეც. ტიპურია წოლის პოზა - ავადმყოფი გვერდზე წევს, ხოლო ფეხები მუხლებში აქვს მოხრილი. მუცლის კედელი დაჭიმულია ("ფიცრისებრი" მუცელი სწორი კუნთების დაჭიმვის გამო ვითარდება). ხელით გასინჯვისას, პალპაციისას, შეინიშნება მკვეთრი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, უფრო მეტად - მარჯვნივ. ორიოდე საათის შემდეგ დაჭიმულობა და ტკივილი მარჯვნივ და ქვევით, თეძოს ფოსოსკენ გადაინაცვლებს. ამან შესაძლოა შეცდომით აპენდიციტი გვაეჭვებინოს. ამიტომ არის აუცილებელი ტკივილის აღმოცენებისთანავე სასწრაფო დახმარების გამოძახება და პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაციას გაუკეთებენ. გაცილებით რთული სადიაგნოზოა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მიფარებული პერფორაცია. ეს მდგომარეობა მაშინ ვითარდება, როცა პერფორირებულ (გახვრეტილ) ადგილს ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი ან ბადექონი ეფარება. ამ დროს მკვეთრი ტკივილი თანდათანობით იკლებს, საერთო მდგომარეობა კი უმჯობესდება. ასეთ შემთხვევებში ვითარების გასარჩევად იყენებენ კვლევის რენტგენოლოგიურ ან ენდოსკოპიურ მეთოდებს, მიმართავენ დაკვირვებას სტაციონარულ პირობებში. ოპერაციული მკურნალობა ჩვენებაზეა დამოკიდებული; შესაძლოა, პერფორირებული ადგილის გაკერვაც საკმარისი აღმოჩნდეს, შესაძლოა, კუჭის რეზექცია გახდეს აუცილებელი.


კუჭის რეზექციის შემდგომი მოვლენები

მიზეზთა გამო, მაგალითად, პენეტრირებული (სხვა ორგანოში ჩაზრდილი) წყლულის პერფორაციის, სისხლმდენი წყლულის, სიმსივნისა და სხვათა არსებობის დროს, ქირურგები ზოგჯერ კუჭის რეზექციას მიმართავენ - ამოკვეთენ კუჭის სხვადასხვა ზომის ნაწილს, რის შემდეგაც ახლო თუ შორეულ მომავალში შესაძლოა ისეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომლებსაც კუჭის მიდამოში ტკივილი ახასიათებს.

დემპინგსინდრომი

დემპინგსინდრომს ანუ "გადაცვენის სინდრომს" მრავალი სიმპტომი აქვს. ამ გართულებას რეზექციის შემდგომ დარღვევათა ნუსხაში სიხშირით პირველი ადგილი უკავია. იგი უმეტესად რეზექციის შემდეგ მალევე, ავადმყოფის გაწერამდე ვითარდება, უფრო იშვიათად - მოგვიანებით, 0,5-1 წლის შემდეგ. დემპინგსინდრომის განვითარების მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის. მას განაპირობებს საკვების ნორმალური მონელების მოშლა - საჭმელი კუჭში არ ყოვნდება, სწრაფად გადადის ნაწლავებში, ირღვევა ორგანოთა სეკრეციული (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფის) ფუნქციები და ა.შ. საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში თავს იჩენს სიმძიმის შეგრძნება ან ტკივილი კუჭის მიდამოში, ავადმყოფს წამოახურებს, ოფლს ასხამს, ეუფლება სისუსტე, თავბრუ ეხვევა, პულსი უხშირდება, იშვიათად ამას გულისრევა, პირღებინება, ფაღარათიც ერთვის. ავადმყოფი იძულებულია დაწვეს (ზოგჯერ მწოლიარე ჭამს). დემპინგსინდრომს აძლიერებს ტკბილი, ზოგჯერ ცხელი, თხიერი საკვები, გაძღომა. მოვლენები გრძელდება რამდენიმე წუთს, არა უმეტეს ნახევარი საათისა. მძიმე შემთხვევებში ავადმყოფმა შესაძლოა მოკლე ხნით გონიც დაკარგოს. მკურნალობა ითვალისწინებს ორგანიზმის მომაგრებას. მსუბუქი დემპინგსინდრომი სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს. ეფექტიანია დიეტის რეგულირება - ხშირად და მცირე ულუფებით კვება, მკვრივი საკვები; თხიერი, ნახშირწყლოვანი და ტკბილი პროდუქტები უნდა შეიზღუდოს. საშუალო სიმძიმის დემპინგსინდრომის შემთხვევაში, დიეტოთერაპიასთან ერთად, საჭირო ხდება დროდადრო სტაციონარული და კურორტული მკურნალობაც. მძიმე ფორმის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს განმეორებითი, რეკონსტრუქციული ოპერაცია.

ჰიპოგლიკემიური ანუ ჭამისშემდგომი მოგვიანებითი სინდრომი

ზოგჯერ კუჭისოპერაციაგადატანილ ავადმყოფებს ნახშირწყლების ცვლის მოშლის შედეგად ჭამიდან 3-4 საათის შემდეგ სისხლში შაქრის რაოდენობა მკვეთრად უქვეითდებათ. ჰიპოგლიკემიური სინდრომის დროს, დემპინგსინდრომისგან განსხვავებით, სიმპტომები უზმოზე აღმოცენდება და არა ჭამის შემდეგ. ესენია: სპაზმი მუცლის ზედა ნახევარში (კუჭის თავთან), პულსაციის შეგრძნება, ძლიერი საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, ცივი ოფლი, თავის ტკივილი, გულის ფრიალი და ძლიერი შიმშილის შეგრძნება - მგლის მადა, რის გამოც ავადმყოფი იძულებულია, დაჯდეს ან დაწვეს და მიიღოს თუნდაც ცოტაოდენი საკვები (რომელსაც ასეთი ავადმყოფები თითქმის ყოველთვის თან ატარებენ). შეტევის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ავადმყოფს აწუხებს ძლიერი საერთო სისუსტე. შეტევას ახშირებს და აძლიერებს ფიზიკური დატვირთვა. მკურნალობა საკვების ხშირად და მცირე ულუფებით მიღებას გულისხმობს. ასეთი დიეტოთერაპია უმეტესად საკმარისია.

ნაღველკენჭოვანი დაავადება (ქოლეცისტიტი)

ნაღველკენჭოვანი დაავადება ვლინდება უძლიერესი ტკივილის შეტევით, რომელსაც ღვიძლის ჭვალს ანუ კოლიკას უწოდებენ. კოლიკა უეცრად აღმოცენდება. მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებია დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, მანქანით შორ მანძილზე მგზავრობა, რაც სხეულის რყევას იწვევს, უარყოფითი ემოციები. არის შემთხვევებიც, როცა ჭვლის უშუალო მიზეზის დასახელება ძნელია. ზემოთ აღწერილი ფაქტორების ზემოქმედებით იწყება კენჭის მიგრაცია (მოძრაობა), რაც ნაღვლის ბუშტისა და სადინარების სპაზმურ შეკუმშვას იწვევს. ტკივილი ხშირად ღამით აღმოცენდება, ლოკალიზებულია მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ვრცელდება მუცლის მთელ ზემო ნაწილში - ეპიგასტრიუმში, ირადიაციას განიცდის ანუ ვრცელდება გულმკერდის მარჯვენა ნახევრისკენ - მარჯვენა ბეჭის, მხრის, კისრის მიდამოსკენ. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი ადგილს ვერ პოულობს, კვნესის, ყვირის. ზოგჯერ შეტევის დროს ტკივილის პიკზე გულისრევა და ღებინება ვითარდება. ტემპერატურის მომატება იმაზე მეტყველებს, რომ დაავადებას ინფექციაც დაერთო. ღვიძლის ჭვალი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება, ზოგჯერ - ერთი-ორი დღე-ღამეც კი. უკანასკნელ შემთხვევაში ტკივილი დროდადრო სუსტდება, მერე კი კვლავ ძლიერდება. თუ შეტევას ნაღვლის ბუშტის ანთება არ დაერთო (მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი, როგორც აღვნიშნეთ, ტემპერატურის მომატებაა), გამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალებებით ტკივილის კუპირების შემდეგ ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს და მომდევნო შეტევამდე აღარაფერი აწუხებს. რამდენ ხანს გასტანს სიმშვიდე - რამდენიმე დღე, კვირა, თვე თუ წელიწადი, ძნელი სათქმელია. ნაღველკენჭოვან დაავადებას ქირურგიული წესით მკურნალობენ. ქოლეცისტიტის დროს პერიტონიტი ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა. გადაუდებელი ოპერაცია უნდა გაკეთდეს პირველ 24-72 საათში დესტრუქციული ფორმების (ფლეგმონა, განგრენა, პერფორაცია) შემთხვევაში, როდესაც დაავადების კლინიკური სურათი პროგრესულად უარესდება (ან, მიუხედავად ანტიბიოტიკებით ენერგიული მკურნალობისა, არ უმჯობესდება). ნაადრევ ოპერაციას აკეთებენ დაავადებიდან 7-10 დღის შემდეგ, განმეორებითი მორეციდივე ქოლეცისტიტის დროს - მწვავე მოვლენების ჩაცხრობის შემდეგ. ოპერაციას არ აკეთებენ, როდესაც შეტევა ხანმოკლეა და მარტივი სამკურნალო ღონისძიებების შედეგად უკუვითარდება. ბოლო ხანს ქირურგები ცდილობენ, თავი აარიდონ გადაუდებელ ოპერაციას, როცა შეტევა მაქსიმალურად ძლიერია. რა თქმა უნდა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საკითხი ინდივიდუალურად, დაავადების სურათისა და მოსალოდნელ გართულებათა ალბათობის მიხედვით წყდება. მართებულად აღნიშნავენ, რომ გონივრული არ არის, აუცილებლად ვეცადოთ პროცესის ჩაცხრობას მედიკამენტური მკურნალობით და უარი ვთქვათ ოპერაციაზე. შეიცვალა ნაადრევი ოპერაციის დროც: თუ ის პირველ კვირაში არ გაკეთდა, შემდგომ ანთებითმა ინფილტრატმა შესაძლოა ოპერაციული ჩარევა გაართულოს, ამიტომ ასეთ დროს ზოგჯერ უმჯობესია, ოპერაცია გაკეთდეს ინფილტრატის გაწოვის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვით გვიან. სადღეისოდ ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩარევის ისეთი მცირეინვაზიური მეთოდები, როგორებიცაა ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა მინიმიდგომით (მინიგანაკვეთით) და ლაპაროსკოპიული (ხალხში "უსისხლო ოპერაციად" წოდებული) ქოლეცისტექტომია. ეს უკანასკნელი მეტად პოპულარულია.

ქრონიკული ქოლეცისტიტი

ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ყრუა, ირადიაციას განიცდის მარჯვენა ბეჭში, მწვავდება ცხიმიანი საკვების, ფიზიკური ან ფსიქიკური გადაძაბვის გავლენით. აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები: უმადობა, გულისრევა, მეტეორიზმი, ყაბზობა. ავადმყოფი წონას იკლებს. ზოგიერთს აქვს სუბფებრილური ტემპერატურა, სუბიქტერული (მოყვითალო ფერის) სკლერები. ხელით გასინჯვისას მტკივნეულია ნაღვლის ბუშტის საპროექციო არე. ქრონიკული ქოლეცისტიტი ხანგრძლივად, პერიოდული გამწვავებებით მიმდინარეობს. პროფილაქტიკისთვის საჭიროა წინამორბედი პათოლოგიის - ნაღველკენჭოვანი დაავადების, კუჭ-ნაწლავის დაავადების, სიმსუქნის - დროული მკურნალობა.


მწვავე პანკრეატიტი

პანკრეატიტს განსაკუთრებული ადგილი უკავია მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებებს შორის, რადგან ძლიერ ტკივილს და უმძიმეს ოპერაციისშემდგომ გართულებებს იწვევს. ადამიანი, რომელსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, უმჯობესია ექიმის ყველა რეკომენდაციას დაემორჩილოს, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და დაიცვას დიეტა, იმიტომ, რომ ალტერნატივა გამწვავების ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობა და მძიმე გართულებებია. პანკრეატიტის განვითარებას ხელს უწყობს ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ალკოჰოლიზმი. კლინიკური ნიშნებია: შემოსარტყლული ხასიათის ყრუ ტკივილი ეპიგასტრიუმში, ირადიაციით მარცხნივ, ზევით ან მარჯვნივ, მუცლის შებერვა, ყაბზობა, შორს წასულ შემთხვევაში - დისპეფსია ფაღარათით. გამწვავებისას ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის არიდან ვრცელდება ფერდქვეშა მიდამოში, შემოსარტყლავს სხეულს, მარაოსავით იშლება მარცხნივ მუცლისკენ, ზურგისკენ, გულმკერდისკენ, მხრისკენ და მკერდის ძვლის უკან. ტკივილი მუდმივია, გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე. ავადმყოფს ეუფლება სიკვდილის შიში. ტკივილს თან ახლავს პირღებინება, ზოგჯერ - შეუკავებელიც, რომელსაც შვება არ მოაქვს. ენა მშრალია, აქვს მუქი ნადები. მწვავე პანკრეატიტის ან მასზე ეჭვის დროს ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ ქირურგიულ განყოფილებაში. ვიდრე მას საავადმყოფომდე მიიყვანენ, მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ტკივილით გამოწვეულ შოკთან ბრძოლისკენ. ამისთვის საჭიროა სრული შიმშილი; სასწრაფო დახმარების ექიმმა შესაძლოა ზონდით ამოქაჩოს ადრე მიღებული საკვები; მუცლის ზედა ნაწილში უნდა დაედოს ცივი, რათა შემცირდეს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა; პანკრეასის მიდამოში სპაზმის მოსახსნელად შეიძლება ენის ქვეშ 1-2 წვეთი ნიტროგლიცერინის დაწვეთება ან კუნთებში სპაზმის მომხსნელი პრეპარატის (პაპავერინის, ნო-შპას და სხვ.) შეყვანა. რაც უფრო ადრე დაიწყება სპაზმოლიზური პრეპარატების გამოყენება, მით უფრო ნაკლებია ჯირკვლის ნეკროზის (კვდომის) ალბათობა. სასწრაფო დახმარების ექიმი ასევე ვალდებულია, პაციენტს გაუკეთოს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი. ბოლო დროს ქირურგიულ განყოფილებებში უმეტესად მწვავე პანკრეატიტის მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდებს იყენებენ. თუ ის უეფექტო აღმოჩნდა, საქმეში ქირურგიული მკურნალობა ერთვება. პანკრეატიტის პროფილაქტიკისთვის საჭიროა კუჭისა და სანაღვლე გზების დაავადების რაციონალური მკურნალობა, ჭარბი კვების აკრძალვა, ცხიმოვანი საკვების შეზღუდვა.

მწვავე აპენდიციტი

ჭიანაწლავის ანთება (აპენდიციტი) მუცლის ღრუს ორგანოთა ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მის შესახებ უამრავი რამ დაწერილა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი უმეტესად მუცლის ქვედა ნახევარში, მარჯვენა თეძოს ფოსოში ლოკალიზდება, არ არის გამორიცხული, აპენდიციტი ატიპურად დაიწყოს. მაგალითად, არის შემთხვევა, როდესაც ტკივილი კუჭის მიდამოში იწყება და თანდათან გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოს ფოსოსკენ. ამ დროს პაციენტს ტკივილი ხშირად საკვებით მოწამვლის ბრალი ჰგონია და ირეცხავს კუჭს ან იკეთებს ოყნას, რასაც შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი ზოგჯერ სუსტად აქვთ გამოხატული და ა.შ. ამიტომ მუცლის ნებისმიერი ხასიათის ტკივილის დროს აუცილებელია ქირურგის კონსულტაცია. მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს, დაფარული ნიშნების მიუხედავად დასვას სწორი დიაგნოზი და სიკვდილს გადაარჩინოს პაციენტი. გაუთვითცნობიერებელ მკითხველს სამედიცინო ლიტერატურაში გავრცელებულ ერთ ფრთიან გამოთქმას შევახსენებთ: "აპენდიციტი არის მარტივი და ყველაზე რთული დაავადება". ვგონებ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მწვავე აპენდიციტის ყველა შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია - ჭიანაწლავის ამოკვეთა. რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო უხიფათოა იგი და იოლად ააცილებს თავიდან ავადმყოფს უმძიმეს გართულებებს, რომლებიც შესაძლოა საბედისწეროც გახდეს. მწვავე აპენდიციტის გართულებების მთავარი მიზეზია ექიმთან დაგვიანებით მისვლა, უმეტესად იმიტომ, რომ მუცლის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას, განსაკუთრებით - ბავშვებში, რაიმე სხვა მიზეზით ხსნიან. ერთ შეცდომას მეორე, უფრო სახიფათო მოსდევს - ხმარობენ საფაღარათო საშუალებას ან ოყნას, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დაუშვებელია! არსებობს ე. წ. ქრონიკული აპენდიციტი, რომელსაც ახასიათებს მუდმივი ან პერიოდული ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში. ასეთი პათოლოგიის მატარებელი ადამიანები ხშირად მოხვედრილან ქირურგის ხელში, თუმცა პროცესზე დაკვირვებისას ტკივილს გაუვლია და ოპერაცია საჭირო აღარ გამხდარა. ზოგი მიჩვეულია ასეთ მდგომარეობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრონიკული აპენდიციტი ნებისმიერ დროს შეიძლება მწვავეში გადაიზარდოს. ამიტომაა საჭირო ექიმის მეთვალყურეობა და ოპერაციული მკურნალობა. ისე კი, ვისაც ქრონიკული ტკივილის მოცილება სურს, შეუძლია სურვილისამებრ აირჩიოს ოპერაციული ჩარევის დრო. აპენდიციტის ძირითადი სიმპტომი მუცლის ტკივილია. თავდაპირველად ის მთელ მუცელში ვრცელდება, განსაკუთრებით - მის ზედა ნახევარში. პაციენტს უჭირს მისი ზუსტი ლოკალიზაციის განსაზღვრა. მერე, როცა ჭიანაწლავის ანთებითი პროცესი მის გარეთა კედელზე, მოგვიანებით კი პერიტონეუმზე გავრცელდება, ტკივილი ხასიათს იცვლის - მკვეთრად გამოიხატება ერთ მცირე უბანზე. თუ აპენდიქსი გაიხვრიტა, ინფექცია მუცლის ღრუში ვრცელდება და ტკივილი ისევ მთელ მუცელს მოიცავს. აპენდიციტს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა და ღებინება, რაც შესაძლოა ნაწლავთა გაუვალობით იყოს განპირობებული. ჩამოთვლილთა გარდა, აპენდიციტის ჩვეულებრივი სიმპტომია ტემპერატურის მომატება - ორგანიზმის პასუხი ანთებაზე. მეორე მხრივ, ტემპერატურის არარსებობა აპენდიციტს არ გამორიცხავს, რადგან ეს დაავადება ტემპერატურის მომატების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს. აპენდიციტის დიაგნოსტიკა გულმოდგინე გამოკითხვითა და დათვალიერებით იწყება. პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნება საშუალო ინტენსივობის (ანუ მოსათმენი) ან ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა მარჯვენა მხარეს, როცა ექიმი ამ ადგილს აწვება. თუ ანთება პერიტონეუმამდე მივიდა, შეინიშნება რიკოშეტული ტკივილი - როცა ექიმი მტკივან ადგილს დააწვება და შემდეგ ხელს სწრაფად აიღებს, ავადმყოფი უეცარ, ხანმოკლე, მაგრამ უფრო ძლიერ ტკივილს გრძნობს. უნდა ვიცოდეთ, რომ მუცლის მწვავე ტკივილი უფრო ხშირად მწვავე აპენდიციტის ბრალია და სასწრაფოდ გამოვიძახოთ ექიმი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის მიღება - ის ნიღბავს დაავადებას და შეცდომის მიზეზად იქცევა. აპენდიციტის მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი და, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რაც უფრო სწრაფად მიმართავთ ექიმს, მით უფრო მეტია გამოჯანმრთელების შანსი.