საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი

რა აწუხებს პაციენტს

როგორც აღვნიშნეთ, მცირე ზომის თიაქარი უმეტესად არავითარ გამოვლინებას არ იწვევს, დიდი თიაქრის შემთხვევაში კი ავადმყოფს შეიძლება აწუხებდეს:

  • გულძმარვა;
  • ბოყინი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • გულისრევის შეგრძნება.

ეს ჩივილები მძაფრდება, როცა ადამიანი წინ იხრება, მძიმე ტვირთს სწევს ან წვება, ასევე - ორსულობის პერიოდში.

იშვიათად შესაძლოა, კუჭის ის ნაწილი, რომელიც გულმკერდის ღრუშია გადანაცვლებული, შემოიგრიხოს ან დაირღვეს მისთვის სისხლის მიწოდება. ასეთ დროს მოსალოდნელია:

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
  • დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
  • ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა.

რა იწვევს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარს

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ზუსტი მიზეზები უცნობია. დადგენილია, რომ თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა დიაფრაგმის ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთები სუსტდება, მუცლის ღრუს ორგანოები კი მუდმივად ისწრაფვიან, შეაღწიონ სუსტ წერტილებში. სწორედ ეს განაპირობებს გულმკერდისკენ კუჭის გადანაცვლებას.

ზოგიერთს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ტრავმის შედეგად უვითარდება. არის შემთხვევები, როცა ადამიანს დიაფრაგმის ხვრელის თანდაყოლილი სისუსტე აქვს ან დიაფრაგმაში არსებული ხვრელი დიდი ზომისაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი მიზეზი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევას ზრდის, შესაძლოა თიაქრის მიზეზად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ძლიერი ხველა ან ღებინება, ორსულობა, ასციტი ანუ მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, მძიმე საგნების აწევა.

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, როცა:

  • პაციენტის ასაკი 50 წელს აღემატება;
  • პაციენტი მსუქანია;
  • პაციენტი მწეველია.

ბავშვებში აღნიშნული დაავადება, როგორც წესი, თანდაყოლილია.

როდის მივმართოთ ექიმს

ხშირად საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარს მაშინ აღმოაჩენენ, როცა პაციენტი ექიმს გულძმარვის გამო მიმართავს. გულძმარვა უმეტესად ზომიერია. თუ ის მეტისმეტად შემაწუხებელია, ხშირია, თან სდევს ხველა, ხიხინი, ასთმის შეტევები ან ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ დიდი ზომის თიაქარი აქვს, გულმკერდის უეცარმა ძლიერმა ტკივილმა, სუნთქვის გაძნელებამ ან ყლაპვის დარღვევამ შეაწუხა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

დიაგნოსტიკა

როგორც აღვნიშნეთ, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდეს გულძმარვის ან ტკივილის მიზეზის დასადგენად ჩატარებული კვლევისას. ასეთია:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოგრაფია. ამ დროს პაციენტი სვამს ბარიუმის წყალხსნარს, რაც შესაძლებელს ხდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ვიზუალიზაციას. მიიღება სალაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გამოსახულება. თიაქრის შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუშია ამოსული.
  • ენდოსკოპია (გასტროსკოპია). ამ გამოკვლევის დროს ექიმი თხელ, დრეკად მილს, რომლის ბოლოზეც ოპტიკური სისტემაა დამონტაჟებული, პირის ღრუდან ჯერ საყლაპავში, ხოლო შემდეგ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაუშვებს და თან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამ მონაკვეთების ლორწოვან გარსს ათვალიერებს. კვლევის ამ მეთოდის მეშვეობით ვლინდება არა მარტო საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი, არამედ ფასდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზოგადი მდგომარეობა და დგინდება საყლაპავის დაზიანება რეფლუქსის - კუჭში არსებული მჟავე წვენის ამოტყორცნის - გამო.

რა გართულებაა მოსალოდნელი საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს

  • სისხლდენა და ანემია

    დიდი ზომის თიაქრის დროს შესაძლოა დაზიანდეს კუჭის ზედა ნაწილი. თუ დაზიანება მნიშვნელოვანია, მოსალოდნელია სისხლდენა, რასაც სისხლის ქრონიკული კარგვის გამო რკინადეფიციტურ ანემიამდე მივყავართ.

  • კუჭისთვის სისხლის მიწოდების შემცირება

    ზოგჯერ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი იმდენად დიდია, რომ კუჭის ერთი მესამედი და მეტიც კი დიაფრაგმის ზემოთ აღმოჩნდება. ეს დიაფრაგმასა და ფილტვებზე მნიშვნელოვან ზეწოლას განაპირობებს. მოსალოდნელია გულმკერდის ღრუში გადანაცვლებული კუჭის ნაწილის შემოგრეხა ან მისთვის სისხლის მიწოდების დარღვევა, რასაც გულმკერდის მიდამოს ძლიერი ტკივილი და ყლაპვის გაძნელება მოსდევს. ამ დროს აუცილებელია დაუყოვნებელი ვიზიტი ექიმთან. არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.

გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადება

გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადება საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ყველაზე ხშირი გართულებაა, თუმცა საშიშია მხოლოდ დიდი ზომის თიაქარი. რეფლუქსი მაშინ ვითარდება, როცა თიაქარი ადგილს უცვლის საყლაპავის ქვედა სფინქტერს - მის ქვედა ნაწილში არსებულ კუნთოვან მომჭერს, რომელიც, ჩვეულებრივ, დიაფრაგმის დონეზეა. როდესაც ადამიანი საკვებს იღებს ან სითხეს სვამს, სფინქტერი დუნდება და საყლაპავის შიგთავსიც თავისუფლად ჩადის კუჭში. როდესაც არაფერს ვყლაპავთ, სფინქტერი დახურულია. ეს კუჭის შიგთავსის საყლაპავისგან იზოლაციას უზრუნველყოფს. სფინქტერის სრული დახურვა მისი კუნთების ტონუსითა და დიაფრაგმის ზეწოლით არის განპირო-ბებული. საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს სფინქტერი გადაინაცვლებს დიაფრაგმის ზემოთ, რის გამოც მასზე დიაფრაგმის კუნთების ზეწოლა მცირდება. ამის გამო სფინქტერი იხსნება მაშინ, როცა ეს სულაც არ არის საჭირო, შედეგად კი კუჭში არსებული მჟავე წვენი და შიგთავსი საყლაპავში ამოდის. გარდა ამისა, კუჭის ის ნაწილი, რომელიც თიაქრის გამო გულმკერდის ზედა ნაწილშია ამოსული, შესაძლოა კუჭის მჟავე წვენის რეზერვუარად იქცეს, რაც ასევე წვენის საყლაპავში გადატყორცნას იწვევს. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების განმეორებითმა ეპიზოდებმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია. კუჭის მჟავე წვენის საყლაპავში ხშირი გადმოტყორცნა მისი ლორწოვანის ანთებასა და დაწყლულებას იწვევს, ამას კი შესაძლოა საყლაპავის შევიწროება და ყლაპვის გაძნელება მოჰყვეს.
  • ბარეტის საყლაპავი. საყლაპავზე კუჭის წვენის განმეორებითი, ხანგრძლივი ზემოქმედება საყლაპავის ლორწოვანის დამახასიათებელ მიკროსკოპულ ცვლილებებს იწვევს. ასეთ დროს იზრდება საყლაპავის კიბოს აღმოცენების რისკი.
  • საყლაპავის კიბო. ბარეტის საყლაპავის მქონეთა უმრავლესობას კიბო არ უვითარდება, მაგრამ მისი აღმოცენების შემთხვევაში პროგნოზი ცუდია. საყლაპავის სიმსივნის დროს ყლაპვა ძნელდება, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება.

მკურნალობის პრინციპები

შესაძლოა, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი აღმოგაჩნდეთ, მაგრამ არაფერს უჩიოდეთ. უმეტესად ასეც ხდება. ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, მკურნალობა საერთოდ არ დაგჭირდეთ. თუ აღინიშნება რეფლუქსის განმეორებითი ეპიზოდები, შესაძლოა, ცხოვრების წესის შეცვლაც (მაგალითად, ჭარბი წონის დაკლება) საკმარისი აღმოჩნდეს.

მედიკამენტები

თუ ცხოვრების წესის შეცვლა და წონის რეგულირება საკმარისი არ აღმოჩნდა, შეგიძლიათ, მდგომარეობა მედიკამენტების მეშვეობით შეიმსუბუქოთ.

  • ანტაციდები ანუ სიმჟავის დამთრგუნველი პრეპარატები (მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი ალმაგელი და მისი მსგავსი თანამედროვე საშუალებები) ანეიტრალებს საყლაპავში გადმოტყორცნილი წვენის სიმჟავეს და ამსუბუქებს გულძმარვის შემაწუხებელ შეგრძნებას, მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ მათი მეშვეობით კი არ მკურნალობთ გულძმარვას, - უბრალოდ, ამცირებთ მას. როგორც კი ანტაციდების მიღებას შეწყვეტთ, გულძმარვა აღდგება.
  • ალფა 2 ბლოკერები (ფართო მომხმარებლისათვის უკვე ნაცნობი რანიტიდინი, ნიზატიდინი და სხვა) ამცირებს კუჭის მჟავე წვენის სეკრეციას. მძიმე ეზოფაგიტის ან შემაწუხებელი გულძმარვისას შესაძლოა ექიმმა პრეპარატის დიდი დოზები დაგინიშნოთ. ამ საშუალებების მიღება მანამდე სჯობს, ვიდრე იმ საკვებს მიირთმევდეთ, რომელიც გულძმარვას იწვევს. შეგიძლიათ, აბი მიიღოთ არა წინასწარ, არამედ სიმპტომების აღმოცენების შემდეგ. მედიკამენტი 30 წუთის შემდეგ იმოქმედებს. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. შესაძლოა, რამდენიმეთვიანი მკურნალობა დაგჭირდეთ.

    პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი და სხვა) ყველაზე ეფექტური საშუალებებია გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადების სამკურნალოდ. ისინი თრგუნავს კუჭის მჟავე წვენის სეკრეციას და აჩქარებს საყლაპავის დაზიანებული ლორწოვანის აღდგენას.

ქირურგიული მკურნალობა

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის მქონეთა მცირე ნაწილს შესაძლოა ქირურგიული მკურნალობაც დასჭირდეს. ოპერაციის საკითხი დაისმის, როცა ცხოვრების სტილის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ არის რეფლუქსის შემაწუხებელი სიმპტომების ლიკვიდაციისთვის ან ვითარდება დაავადების ზემოთ აღწერილი გართულებები. ქირურგიული ჩარევა შესაძლოა აუცილებელი გახდეს მეტისმეტად დიდი ზომის თიაქრის შემთხვევაშიც.

ოპერაციის დროს გულმკერდის ღრუსკენ გადანაცვლებულ კუჭს მუცლის ღრუში აბრუნებენ, ამცირებენ დიაფრაგმის ხვრელის ზომებს, აღადგენენ საყლაპავის სფინქტერს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩატარდეს სპეციალური ხელსაწყოს - ლაპაროსკოპის გამოყენებით ეგრეთ წოდებული ლაპაროსკოპიული ოპერაციისას, რომლის დროსაც კანის განაკვეთი უფრო პატარაა, ოპერაცია ნაკლებად ტრავმულია და გამოჯანმრთელებაც უფრო სწრაფად ხდება.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს ჩივილები უმთავრესად გასტროეზოფაგული რეფლუქსით არის განპირობებული. რამდენიმე წესის დაცვა რეფლუქსით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებაში დაგვეხმარება:

  • საკვები მცირე ულუფებად მიიღეთ. დიდი ოდენობით საკვების მიღება კუჭის გადავსებას იწვევს, ეს კი თიაქრის დროს გულმკერდის არეში დისკომფორტს განაპირობებს.
  • ერიდეთ ზოგიერთ საკვებს, კერძოდ, ალკოჰოლს, კოფეინიან და გაზიან სასმელებს (ყავას, მუქ ჩაის, კოლას), შოკოლადს, ნიორს, საკმაზებს, პილპილს. ეს ყოველივე ზრდის კუჭის სეკრეციას და ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს. ანთებითად შეცვლილი საყლაპავის ლორწოვანი უკოფეინო ყავამაც კი შეიძლება გააღიზიანოს. რაციონიდან გამორიცხეთ ციტრუსები, ფანტა, ტომატიანი კერძები - მათ მჟავური ბუნება აქვთ და საყლაპავს აღიზიანებენ.
  • შეზღუდეთ ცხიმიანი საკვები. ის ადუნებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს და აფერხებს კუჭის დაცლას, რის გამოც რეფლუქსის ეპიზოდები ხშირდება.
  • ნუ წამოწვებით ჭამის შემდეგ. უკანასკნელი ტრაპეზიდან ძილამდე 3 საათი მაინც უნდა გავიდეს. ეს აუცილებელია, რათა მიღებული საკვების ნაწილი წვრილ ნაწლავში გადავიდეს. სხვაგვარად დიდია რეფლუქსის რისკი.
  • ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად საკვების მიღებისთანავე. 2-3 საათი მაინც დაიცადეთ. შეგიძლიათ, ამ ხნის განმავლობაში ზომიერი ნაბიჯით იაროთ.
  • დაიკელით წონა. წონის შემცირება მუცლის ღრუში არსებულ წნევას აქვეითებს, რაც საუკეთესო გზაა უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად.
  • თავი ანებეთ თამბაქოს წევას. თამბაქო ხელს უწყობს რეფლუქსს და ამცირებს ნერწყვის ოდენობას, ნერწყვს კი საყლაპავის დამცველობითი ფუნქცია აკისრია.
  • თუ შესაძლებელია, ნუ მიიღებთ ზოგიერთ მედიკამენტს, კერძოდ, კალციუმის ანტაგონისტებს, ტეტრაციკლინს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (დიკლოფენაკს, ასპირინს, იბუპროფენს), ქინიდინს, თეოფილინს და სხვა.
  • იძინეთ მაღალ სასთუმალზე ან საწოლის თავი 15-20 სანტიმეტრით აამაღლეთ. ეს რეფლუქსისაგან დაგიცავთ.
  • ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელიც წელის არეში გიჭერთ - ეს კუჭზე ზეწოლას ზრდის.
  • ნუ ინერვიულებთ. სტრესი ანელებს კუჭის შიგთავსის გადაადგილებას და ხელს უწყობს რეფლუქსს.