ანემიები და მათთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანემიები და მათთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

- რა არის ანემია და როგორ ვლინდება ის ძირითადად?

- ანემია ბერძნული სიტყვაა და ქართულად სისხლნაკლებობას ნიშნავს. თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში ტერმინი "ანემია" განისაზღვრება როგორც მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მოცირკულირე ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებით. ანემია საკმაოდ ხშირად გვხვდება ყველა პროფილის ექიმის მოღვაწეობაში, რაც ალბათ იმით აიხსნება, რომ ის, როგორც წესი, მეორეულია და გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის, გინეკოლოგიური, ენდოკრინული ან შარდგამომყოფი სისტემის დაავადებებით. გარდა ამისა, ანემია თან სდევს რიგი მედიკამენტით ან მეტალით მოწამვლას და არასრულფასოვან კვებას. 

- რომელი ანემია გხვდებათ დღეს ყველაზე ხშირად და თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? ისიც საინტერესოა, რომელი ასაკობრივი ჯგუფისა და რომელი სქესის პრობლემაა უმთავრესად ანემია.

- ანემია პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. თუმცა უფრო ხშირია გოგონებში პუბერტატულ ასაკში და ქალებში პრემენოპაუზის პერიოდში, რაც მოჭარბებული მენო-მეტრორაგიებით არის გამოწვეული (მეტრორაგია საშვილოსნოდან არამენსტრუალური სისხლდენაა). მამაკაცებში ანემია მეტწილად პოსტჰემორაგიულია და გასტროინტესტინური (ანუ კუჭ-ნაწლავის) ტრაქტიდან სისხლდენით არის განპირობებული. შესაბამისად, ყველაზე მეტად გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემიები. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ან სქესის მიხედვით ანემიის გავრცელების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, სამწუხაროდ, მე არ მომეპოვება, თუმცა ჩვენი კლინიკების მუშაობის რეტროსპექტული ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქალების მომართვიანობა ანემიის გამო მამაკაცებთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ხშირია. ანემიის კლინიკური გამოვლინება ანემიის განვითარების სიჩქარეზეა დამოკიდებული. რაც უფრო სწრაფად იკლებს მოცირკულირე ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა, მით უფრო მკვეთრად არის გამოხატული ანემიის სიმპტომები: ადვილად დაღლა, თავბრუხვევა, ქოშინი, სტენოკარდია, კონცენტრაციის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება და ქსოვილოვანი ჰიპოქსიის სხვა ნიშნები.

- ცნობილია, რომ მრავალი სხვა დაავადების მსგავსად ანემიებიც გახშირდა. რით ახსნით ამ ფაქტს?

- ანემიების, ისევე როგორც მრავალი სხვა დაავადების გახშირება ალბათ დაკავშირებულია დიაგნოსტიკური მეთოდების გაუმჯობესებასა და, რაც მთავარია, ლაბორატორიული გამოკვლევების ხელმისაწვდომობასთან (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ არა მატერიალურ მხარეს, არამედ ლაბორატორიების ფართო არჩევანს ქვეყნის პრაქტიკულად ყველა კუთხეში).

- მართალია თუ არა, რომ სისხლის ამა თუ იმ მაჩვენებლის (ჰემოგლობინის დონის, ფერადობის მაჩვენებლის, ერითროციტების რაოდენობისა და სხვათა) ნორმები წინა წლებთან შედარებით რამდენადმე დაწეულია, ანუ დღეს უფრო დაბალი მაჩვენებლებია ნორმად მიჩნეული? თუ ასეა, რა არის ამის საფუძველი?

- არა, ასე არ არის. სისხლის ცალკეულ მაჩვენებელთა ნორმები არ დაწეულა. რაც შეეხება ნორმალური ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ვარიაბელობას, ეს გამოწვეულია ლაბორატორიების განსხვავებული აღჭურვილობით, რის გამოც სხვადასხვა ლაბორატორია სხვადასხვა მაჩვენებლებში გასცემს ხოლმე პასუხებს (მაგალითად, ჰემოგლობინის შემთხვევაში - ერთეული ან გ/ლ, ან გ/დლ და ა.შ.). დღეს მსოფლიოში მამაკაცებისთვის ნორმად ქალებთან შედარებით ოდნავ მაღალი მაჩვენებლებია მიღებული. მაგალითად, ქალებში ანემიურ მდგომარეობად ფასდება ჰემოგლობინი <120გ/ლ [ჰემატოკრიტი <36%], ხოლო მამაკაცებში - ჰემოგლობინი <140გ/ლ [ჰემატოკრიტი <41%].

- თვითმკურნალობა დღეს ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. არც ის არის სიახლე, რომ ხშირად ანემიის საპროფილაქტიკოდ ადამიანები ექიმის დანიშნულების გარეშე, თავად იღებენ ხოლმე რკინის პრეპარატებს. რას ეტყოდით მკითხველს ამასთან დაკავშირებით? ახსენით, რატომ არის ეს დაუშვებელი, რა შეიძლება გამოიწვიოს რკინის პრეპარატების უკონტროლო მიღებამ, რა ხდება სისხლის დონეზე ამ დროს და სხვა დეტალები თქვენი პროფესიული გადასახედიდან.

- გეთანხმებით, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ცდილობს თავად დაუნიშნოს საკუთარ თავს ან ოჯახის წევრებს ესა თუ ის მკურნალობა. უპირველეს ყოვლისა, ეს იწვევს ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებას, რამაც შესაძლოა შემდგომ ექიმი შეცდომაში შეიყვანოს. მაგალითად, მიღებულმა რკინის პრეპარატმა შესაძლოა ფერადობის მაჩვენებლისა და შრატის რკინის რაოდენობის ცრუ ნორმალური შედეგები გვიჩვენოს. შესაბამისად, რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზი ვერ დაისმება. გარდა ამისა, ვიტამინ B12-ის მიღებიდან 5-10 დღეში მკვეთრად მატულობს რეტიკულოციტების (ახალგაზრდა ერითროციტების) რაოდენობა. შესაბამისად, თუ ექიმმა არ იცის, რომ პაციენტი იღებს ზემოხსენებულ პრეპარატს, B12-დეფიციტური ანემია შესაძლოა ჰემოლიზურ ანემიადაც კი მიიჩნიოს. ამასთანავე, არსებობს ანემიების დიდი ჯგუფი, რომელთა სამკურნალოდ რკინის პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება. ეს იწვევს ქსოვილებში, განსაკუთრებით - ღვიძლში, რკინის ჩალაგებას - ჰემოსიდეროზს, რაც საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და სპეციალიზებულ მკურნალობას საჭიროებს.

- რა პერიოდულობით არის სავალდებულო სისხლის ანალიზი ანემიით დაავადებულთათვის? რას ურჩევთ სხვა სპეციალობის კოლეგებს, როდის, რა შემთხვევაში გამოგზავნონ პაციენტები საკონტროლოდ? თუ გაქვთ სხვა რეკომენდაციები და მითითებები თქვენი პროფესიული მოღვაწეობიდან გამომდინარე? რისი გათვალისწინებაა საჭირო? რას არ ექცევა ხოლმე უხშირესად ყურადღება? რა შეცდომები იკვეთება?

- ყოველთვის, როცა ჩატარებული ანტიანემიური მკურნალობის მიუხედავად ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობა უცვლელი რჩება ან ანემია ღრმავდება, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს ჰემატოლოგთან.


- გვაინტერესებს აგრეთვე ინფორმაცია თალასემიაზე. რას წარმოადგენს ეს დაავადება? რა არის მისი ძირითადი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი? როგორ ხდება მისი მკურნალობა?

- თალასემიები აერთიანებს თანდაყოლილი ანემიების ჯგუფს, რომლებიც გამოწვეულია ჰემოგლობინის ტეტრამერში ალფა ან ბეტა გლობინების ჯაჭვების პროდუქციის დაქვეითებით. თალასემია უვითარდებათ ხმელთაშუა ზღვის, აფრიკული, შუა აღმოსავლური, ინდური და აზიური წარმოშობის პირებს, ასევე გვხვდება საქართველოში. არჩევენ ალფა და ბეტა თალასემიებს.

ალფა თალასემია ვითარდება ალფა-გლობინების სინთეზის შემცირების გამო, რასაც საფუძვლად უდევს ოთხი ალფა-გლობინური გენიდან ერთის ან მეტის დეფექტი. ბეტა თალასემია ვითარდება ორი ბეტა-გლობინური გენიდან ერთის ან მეტის პროდუქციის დაქვეითების ან არარსებობის შემთხვევაში. ბეტა თალასემიის დროს ერითროციტებში ჭარბი ალფა-გლობინური ჯაჭვები წარმოქმნიან უხსნად ტეტრამერებს, რასაც მოჰყვება მემბრანის დაზიანება, არაეფექტური ერითროპოეზი (ანუ ერითროციტების წარმოქმნა) და ჰემოლიზური ანემია. მსგავსი პროცესი ვითარდება ალფა თალასემიის დროს ჭარბი ბეტა-გლობინური ჯაჭვებით, თუმცა ბეტა-გლობინური ტეტრამერები ხსნადია, რის გამოც დაავადება ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს.

დიაგნოზი და ფიზიკალური გამოკვლევა

  • სპლენომეგალია (ელენთის გადიდება) და ძვლოვანი სისტემის ანომალიები, გამოწვეული ძვლის ტვინის მოცულობის გაზრდით, გვხვდება თალასემიების მძიმე ფორმების დროს.
  • ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), გულის იშემიური დაავადებები, ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა და ჰიპოგონადიზმი ხშირია ტრანსფუზიებით გამოწვეული რკინის სიჭარბის გამო.

მკურალობა მოიცავს: ტრანსფუზიულ თერაპიას, ქირურგიულ მკურნალობას და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას.

ტრანსფუზიული თერაპია

  • ერითროციტული მასები: ჰემოგლობინი >9გ/დლ ზრდის მდგრადობას და ძვლების დეფორმაციის პროფილაქტიკას ემსახურება. როგორც წესი, გამოიყენება 1 დოზა ერითროციტული მასა 2-3 კვირაში ან 2 დოზა თვეში.

თალასემიის მძიმე ფორმების დროს ტრანსფუზიების შედეგად ვითარდება ქსოვილებში რკინის ჭარბი დაგროვება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის იშემიური დაავადება, ღვიძლის დისფუნქცია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის მოშლა და მეორეული ჰიპოგონადიზმი. აღნიშნული გართულებების დროში გადასადებად და პრევენციისთვის გამოიყენება რკინის ხელაციური თერაპია. რკინის ჭარბად დაგროვების დროს ორგანოს ფუნქციის მოშლა ყოველთვის შეუქცევადია.

ქირურგიული მკურნალობა

  • სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა) აცილებს ექსტრავაზალური ჰემოლიზის პირველად კერას და ნაჩვენებია საწყისთან შედარებით ერითროციტული მასების ტრანსფუზიის საჭიროების ერთნახევარჯერ გაზრდის შემთხვევაში.

არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტი 5-6 წელზე უმცროსია, სეფსისის რისკის გამო.

ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია

  • ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ნაჩვენებია დიდი ბეტა თალასემიის მქონე ახალგაზრდა პაციენტებისთვის, რომელთაც ჰყავთ HLA-იდენტური სიბლინგი (და ან ძმა, ან სხვა დონორი. HLA ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენია).

- დასასრულ, რას ურჩევთ მკითხველს ანემიების და ზოგადად სისხლის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ - რით უნდა იკვებონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა არ უნდა გამოეპაროთ, რა უნდა აკრძალონ?

- ყველა დაავადების და მათ შორის ანემიების პროფილაქტიკა, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესია. საკვებიდან აღსანიშნავია ხორცი, რადგან სწორედ მასშია რკინა და ჰემოგლობინის სინთეზისთვის აუცილებელი ცილოვანი კომპონენტები. ყველა, ვისაც კი აღენიშნება სისუსტე, თავბრუხვევა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, გემოს გაუკუღმართება, ენის ლორწოვანისა და დვრილების ცვლილებები, აუცილებლად უნდა მივიდეს ჰემატოლოგთან, რათა დროულად მოხდეს ანემიის დიაგნოსტირება და, შესაბამისად, მკურნალობა.