ღვიძლის ვენების დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლის ვენების დაავადებები

რატომ ვითარდება ბად-კიარის სინდრომი

ღვიძლის ვენების დახშობის მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • ჰემატოლოგიური ანუ სისხლის დაავადებები - ჭეშმარიტი პოლიციტემია და სხვა მიელოპროლიფერაციული დაავადება (სისხლის სისტემის ავთვისებიანი დაავადებები); თრომბოფილური მდგომარეობები - დაავადებები რომელთა დროსაც ხშირია თრომბების ფორმირება; ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ესენციური (რაიმე მიზეზი გარეშე) თრომბოციტოზი; ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია (ჰემოლიზით მიმდინარე დაავადება), ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი
  • სისხლის ნაკადის დაქვეითება - ქვემო ღრუ ვენის დაავადებები, მარჯვენა გულის უკმარისობა, კონსტრიქციული პერიკარდიტი, მარჯვენა წინაგულის მიქსომა.

ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი

მედიკამენტები: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, ჩანაცვლებითი ჰორმონული მკურნალობა. ქრონიკული ინფექციები: ამებური აბსცესი, ასპერგილოზი, სიფილისი, ტუბერკულოზი. ქრონიკული ანთებითი მდგომარეობები: ნაწლავთა ანთებითი დაავადებები, სარკოიდოზი, სისტემური წითელი მგლურა, შაგრენის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება. სიმსივნეები: ჰეპატოცელულური კარცინომა, თირკმლის კარცინომა, ვილმსის სიმსივნე, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ლეიკომიოსარკომა.

ტრავმა

ქირურგიული ჩარევა. სხვა მიზეზები - ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტი. შემთხვევათა 30%-ში ბად-კიარის სინდრომის მიზეზი უცნობია.

როგორ ვლინდება ბად-კიარის სინდრომი

ჩვეულებრივ, ბად-კიარის სინდრომი რამდენიმე კვირიდან თვემდე პერიოდში ვითარდება. პროცესი ციროზისა და პორტული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებას იწვევს. განსაზღვრულ ეტაპამდე დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლებელია ღვიძლის უკმარისობის განვითარებაც. კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია ღვიძლის ვენების დახშობის განვითარების სისწრაფეზე. ღვიძლის ვენების მწვავე დახშობა, რაც შემთხვევათა 20%-ში გვხვდება, იწვევს ტკივილს მუცლის მარჯვენა ზემო ნაწილში, გულისრევას, ღებინებას, მცირედ გამოხატულ სიყვითლეს, ღვიძლის გადიდებას და მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას - ასციტს. ჩვეულებრივ ღვიძლის ვენების მწვავე დახშობა ორსულობის პერიოდში გვხვდება. ღვიძლის მწვავე უკმარისობა ამ დროს იშვიათია. სისხლში იმატებს ღვიძლის ფერმენტების აქტივობა. ვენური დინების ქრონიკული დახშობა, რაც კვირებისა და თვეების განმავლობაში ვითარდება, გარკვეულ დრომდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შემდგომი პროგრესირებისას კი ვლინდება სისუსტით, მუცლის ტკივილით, ღვიძლის გადიდებით. ქვემო კიდურების შეშუპება და ასციტი შეიძლება განვითარდეს ვენური ობსტრუქციის იმ შემთხვევებშიც, როცა პაციენტს ციროზი არ აქვს. ციროზის განვითარების შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს მისი ტიპური სიმპტომები - სისხლდენა ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან, ასციტი, ელენთის გადიდება ან ამ სიმპტომთა ერთობლიობა. ქვემო ღრუ ვენის სრული დახშობა იწვევს მუცლის წინა კედლისა და ქვემო კიდურების შეშუპებას, მუცლის ვენების გაგანიერებას.

დიაგნოსტიკა

ბად-კიარის სინდრომზე ეჭვი შეიძლება მივიტანოთ, როცა პაციენტს შესამჩნევი მიზეზების (ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ვირუსული ჰეპატიტი) გარეშე ან აუხსნელი მიზეზით უვითარდება ღვიძლის გადიდება, ასციტი, ღვიძლის უკმარისობა ან ციროზი ან როცა პაციენტს აქვს ღვიძლის ტესტების ცვლილება და თრომბოზის რისკფაქტორები.


ინსტრუმენტული კვლევა

კვლევა იწყება ექოსკოპიით, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს დოპლეროგრაფია. ეს საშუალებას გვაძლევს დადგინდეს ღვიძლის ვენურ სისტემაში სისხლის მიმოქცევის თავისებურებები, გამოვლინდეს ობსტრუქცია - დახშობა. როცა ექოსკოპია ვერ გვაძლევს სადიაგნოზო ინფორმაციას, რეკომენდებულია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა იგეგმება ქირურგიული ჩარევა, შეიძლება ჩატარდეს ვენოგრაფია კარის ვენაში წნევის გაზომვით და არტერიოგრაფია. ღვიძლის ბიოფსია საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ციროზის არსებობა.

პროგნოზი

მკურნალობის გარეშე პაციენტთა უმრავლესობა ღვიძლის ვენების სრული დახშობის (ობსტრუქციის) შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში იღუპება ღვიძლის უკმარისობის გამო. სიცოცხლის ხანგრძლივობა განსხვავებულია ვენური სისტემის არასრული დახშობისას.

მკურნალობის პრინციპები

ბად-კიარის სინდრომის დროს რეკომენდებულია შემანარჩუნებელი მკურნალობა და ის ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სისხლის ვენური დინების სათანადო უზრუნველყოფა. საზოგადოდ, მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა (მწვავე თუ ქრონიკული) და სიმძიმეზე (მიმდინარეობა სიმპტომების გარეშე, სტაბილური სურათი, ციროზი თუ ღვიძლის უკმარისობა). აგრესიულ ჩარევას (არსებული თრომბის დაშლა, სტენტირება), ჩვეულებრივ, მიმართავენ მწვავე დაავადებისას, რომლის ხანგრძლივობა 4 კვირამდეა და პაციენტს არ აქვს ღვიძლის ციროზი. თრომბოლიზისის ანუ თრომბის დაშლისას ხდება არსებული თრომბის დაშლა, რაც ვენის განვლადობას აღადგენს და ღვიძლში არსებულ შეგუბებას ამცირებს. მნიშვნელოვანია რადიოლოგიური ჩარევები - ანგიოპლასტიკა, სტენტირება, კარის ვენისა და სისტემური (პორტოკავალური) შუნტირება. უკანასკნელი ნაჩვენებია, როცა კარის ვენის განვლადობის აღდგენა შეუძლებელია. კარის ვენის თრომბოზის ეპიზოდის განმეორების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ანტიკოაგულანტებით ხანგრძლივი მკურნალობა. ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობის ან დეკომპენსირებული ციროზის დროს შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს ღვიძლის გადანერგვას.

ვენოოკლუზიური დაავადება  - სინუსოიდების ობსტრუქციის სინდრომი

ეს არის ღვიძლის კიდევ ერთი საინტერესო დაავადება. ღვიძლის ვენების ოკლუზია ანუ დახშობა ამ დროს ღვიძლშიდა ვენების შიგნითა შრის - ენდოთელიუმის დაზიანების შედეგია. ენდოთელიუმის დაზიანება იწვევს ღვიძლში არსებული ვენულების და სინუსოიდების არათრომბოზულ დახშობას. განსხვავებით ბად-კიარის სინდრომისაგან, ამ დროს ღვიძლის ვენების ან ქვედა ღრუ ვენის დახშობა არ ვითარდება. ღვიძლშიდა ვენური სისტემის დახშობა იწვევს კარის ვენის სისტემაში წნევის მომატებას და ღვიძლის იშემიურ (სისხლის მიწოდების დაქვეითებით გამოწვეულ) ნეკროზს. სინუსოიდების ობსტრუქციის სინდრომის უხშირესი მიზეზებია:

  • დასხივება;
  • ძვლის ტვინის ან ჰემოპოეზური უჯრედების გადანერგვის შემდეგ დაავადება “ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ”;
  • ზოგიერთი მცენარე, მათ შორის - სამკურნალოც, რომელიც პიროლიზინის ალკალოიდს შეიცავს - კროტალარია, ხარისშუბლა, ლაშქარა;
  • სხვა ჰეპატოტოქსინები - დიმეთილნიტროზამინი, აფლატოქსინი, აზათიპორინი, ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება).

დაავადების საწყისი გამოვლინებებია უეცრად აღმოცენებული სიყვითლე, ასციტი, ღვიძლის გადიდება. ეს სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს ძვლის ტვინის ან ჰემოპოეზური უჯრედების გადანერგვიდან პირველი 3 კვირის განმავლობაში. შემდგომი მიმდინარეობა განსხვავებულია - თავისთავად გამოჯანმრთელებიდან უეცრად აღმოცენებულ ღვიძლის უკმარისობამდე. ზოგ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ასციტი, პორტული ჰიპერტენზია, ელენთის გადიდება, ციროზიც კი.

რას ემყარება დიაგნოსტიკა

ვენოოკლუზიური დაავადების დიაგნოზის საფუძველია პაციენტის კლინიკური გამოკვლევა, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, ულტრასონოგრაფია, ზოგჯერ კი ინვაზიური ტესტები - ღვიძლის ბიოფსია, კარის ვენასა და ღვიძლის ვენას შორის წნევის გრადიენტის განსაზღვრა. დიაგნოზზე ეჭვი მიგვაქვს მაშინ, როცა პაციენტს აქვს აუხსნელი ღვიძლის დაავადების კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომები, განსაკუთრებით, თუ ეს ნიშნები ვლინდება ტრანსპლანტაციის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ არც ლაბორატორიული და არც ექოსკოპიური მონაცემები არ არის სპეციფიკური - არ მიუთითებს კონკრეტულ დაავადებაზე. როცა დიაგნოზი არ არის ნათელი, აუცილებელი ხდება ინვაზიური ტესტები - ღვიძლის ბიოფსია ან კარის ვენასა და ღვიძლის ვენას შორის წნევის გრადიენტის განსაზღვრა.

მკურნალობის პრინციპები

რასაკვირველია, მნიშვნელოვანია შემანარჩუნებელი მკურნალობა, გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, ხოლო პროგრესირებადი დაავადების შემთხვევაში შუნტირება კარის ვენასა და ღრუ ვენას შორის ან ღვიძლის ტრანსპლანტაცია.


პორტული ჰიპერტენზია

დაბოლოს, შეუძლებელია, ღვიძლის ვენების შესახებ საუბრისას არ გავიხსენოთ პორტული ჰიპერტენზია - სისხლის წნევის მომატება ღვიძლის კარის ვენის სისტემაში. Kკარის ვენის სისტემას უერთდება კუჭის, ნაწლავების, ელენთის, პანკრეასის ვენები. კარის ვენა სისხლს აწვდის ღვიძლს და მასში იტოტება. როცა ღვიძლი ზიანდება, სისხლის მიმოქცევა ირღვევა. შედეგად კარის ვენაში წნევა მატულობს, რასაც შემდგომში მოჰყვება წნევის მატება საყლაპავის, კუჭის, სწორი ნაწლავის, ჭიპის ირგვლივ ვენებში, მათი ვარიკოზული გაგანიერება. არ არის გამორიცხული ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების გასკდომა და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა.

რატომ ვითარდება პორტული ჰიპერტენზია

პორტული ჰიპერტენზიის უხშირესი მიზეზია ღვიძლის ციროზი. თავის მხრივ ციროზი ვითარდება ალკოჰოლური, ვირუსული ჰეპატიტის ან სხვა მიზეზების შედეგად. პორტული ჰიპერტენზიის სხვა მიზეზებია კარის ვენის თრომბოზი, ზოგიერთი პარაზიტული ინფექცია, კვანძოვანი ჰიპერპლაზია. ზოგჯერ მიზეზი უცნობია.

როგორ ვლინდება

როცა ცნობილია, რომ პაციენტს ღვიძლის ქრონიკული დაავადება აქვს, პორტული ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა არ არის რთული, თუმცა აღსანიშნავია, რომ სიმპტომების აღმოცენებას ყოველთვის არ უსწრებს წინ ღვიძლის ქრონიკული პათოლოგიის დიაგნოზი. მოსალოდნელია:

  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან - გამოვლინება შეიძლება იყოს შავი ან სისხლნარევი განავალი ან ალისფერი სისხლის ძლიერი სისხლდება კუჭიდან - სისხლიანი ღებინება;
  • ასციტი - მუცლის ღრუში სითხის დაგროვება;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • სისხლში თრომბოციტების ან ლეიკოციტების შემცველობის დაქვეითება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ასციტის ან მუცლის წინა კედელზე გაგანიერებული ვენების არსებობა ადასტურებს პორტული ჰიპერტენზიის დიაგნოზს. დახმარებას გვიწევს ლაბორატორიული კვლევები, კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა. სამწუხაროდ, პორტული ჰიპერტენზიის მიზეზთა უდიდესი ნაწილის მკურნალობა შეუძლებელია. ამის გამო მკურნალობის ძირითადი მიზეზია გართულებების თავიდან აცილება. ეს განსაკუთრებით ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენის პროფილაქტიკას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია:

  • ენდოსკოპიური მკურნალობა - ენდოსკოპის მეშვეობით შესაძლებელია საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირება ან სკლეროთერაპია;
  • მედიკამენტები - არასელექციური ბეტა-ბლოკერები - ნადოლოლი და პროპრანოლოლი ამცირებს წნევას კარის ვენაში და აქვეითებს სისხლდენის რისკს.

როცა ზემოთ მითითებული ღონისძიებები არაეფექტურია, კარის ვენის დეკომპრესიის მიზნით შეიძლება ჩატარდეს ღვიძლშიდა პორტოკავალური შუნტირება, ან სპლენორენული (ელენთასა და თირკმელს შორის) შუნტირება. ღვიძლშიდა პორტოკავალური შუნტირებისას ნემსის მეშვეობით ღვიძლში იქმნება ერთგვარი გვირაბი, რომელიც კარის ვენას აერთებს ღვიძლის ვენასთან, გვირაბში თავსდება სპაციალური სტენტი, რაც მის განვლადობას უზრუნველყოფს. სპლენორენული შუნტირებისას, რაც ქირურგიული პროცედურაა, ელენთის ვენა სცილდება კარის ვენას და უერთდება მარცხენა თირკმლის ვენას.

ცხოვრების წესი

ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი სხვა ღონისძიებებთან ერთად თავიდან აგვაცილებს პორტული ჰიპერტენზიის გართულებებს. ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესების ღონისძიებათა შორის აღსანიშნავია:

  • ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარის თქმა;
  • მედიკამენტების უკონტროლო მიღების აკრძალვა - აქ იგულისხმება არა  მარტო ჩვეულებრივი ფარმაკოლოგიური საშუალებები, არამედ მცენარეული პრეპარატებიც, მათი გარკვეული ნაწილი ღვიძლისათვის საკმაოდ საშიშია;
  • ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, მარილის ჭარბ მიღებაზე უარის თქმა.