როგორ დავიცვათ თავი გაციებისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი გაციებისგან

- ქალბატონო ნატო, რა არის გაციება და როგორ გამოიხატება იგი?

- გაციება - ასე უწოდებენ ხალხში ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებას, რომელიც სასუნთქი გზების ამ ნაწილის ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. გაციების სიმპტომებია სურდო, ცემინება, ფარინგიტი (ყელის ანთება).

- რამ შეიძლება გამოიწვიოს გაციება?

- გაციება, როგორც სახელიც მიგვანიშნებს, შეიძლება გამოიწვიოს სხეულის გადაცივებამ, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დასუსტებული და გადაღლილი ორგანიზმისთვის. გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებაში ბრალი მიუძღვის ცხვირში, ხახასა და ბრონქებში არსებულ ბაქტერიებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიში არ არის, იმუნიტეტის დაქვეითებისას კი მრავლდება და იწვევს ფარინგიტს, ტონზილიტს და სხვა დაავადებებს.

ვირუსული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს არა მარტო ჰაერის, არამედ ხელების საშუალებითაც. ვირუსით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად დაუბანელი ხელებით არ უნდა შევეხოთ თვალებს, პირს, ცხვირს, ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით, განსაკუთრებით - ავადმყოფთან კონტაქტის შემთხვევაში.

- გაციებისას ექიმთან ცოტა თუ მიდის, უმრავლესობა თვითმკურნალობას ამჯობინებს. როდის არის აუცილებელი სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი ან ექიმის გამოძახება?

- ვირუსული ინფექცია, რომელსაც ჩვენ გაციებას ვუწოდებთ, ხშირად თავისთავად, უწამლოდ იკურნება. საკმარისია მოსვენება, წოლითი რეჟიმი, დიდი რაოდენობით სითხის, ცალკეული სიმპტომების კუპირებისთვის - ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება.

არსებობს დაავადებები, რომლებიც სიმპტომატიკით გაციებას ჰგავს, მაგრამ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას და სპეციალური მედიკამენტების მიღებას მოითხოვს. თუ თავი ძალიან ცუდად იგრძენით, აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, რითი ხართ ავად და როგორი მკურნალობა გჭირდებათ.

თუ გგონიათ, რომ გრიპი დაგემართათ, გამოიძახეთ ექიმი მისი პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

ქრონიკული დაავადებების მქონე და 50 წელს გადაცილებული ადამიანები განსაკუთრებული რისკის ჯგუფებს ქმნიან. გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში მათ აუცილებლად, ვიმეორებ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აღარაფერს ვამბობ ისეთ სერიოზულ გართულებებზე, როგორიც არის პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრონქიტი, სინუსიტი და შუა ყურის ანთება (ოტიტი).

ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, თუ მაღალ ცხელებას (38 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას) თან ახლავს შემცივნება და ხველა სქელი ნახველით ან ხველა, რომელიც იწვევს მწვავე გულმკერდის ტკივილს (ასეთივე ტკივილს იწვევს ღრმა ჩასუნთქვაც), ასევე - თუ გაციების სიმპტომები 7 დღის განმავლობაში არ ალაგდა ან ნახველი სისხლიანია.

ყელის ტკივილის შემთხვევაში საყურადღებოა შემდეგი ნიშნები: ჩირქი (მოყვითალო-მოთეთრო ლაქა) ნუშურა ჯირკვლებზე ან ყელში, 38 გრადუსზე მაღალი ცხელება, კისრის წინა მხარეს ლიმფური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა, ანგინით დაავადებულთან კონტაქტი, გამონაყარი, ანამნეზში თირკმლის დაავადება, რევმატიზმი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი და სხვა.

- გრიპი, რომელსაც ხშირად გაციებასთან ვაიგივებთ, საშიში ვირუსული დაავადებაა. როგორია მისი სიმპტომები?

- გრიპი მართლაც მძიმე დაავადებაა. ის ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. გრიპის პირველი სიმპტომებია შემცივნება, ტემპერატურის მკვეთრი მომატება (39-40 გრადუსამდე), მთელ სხეულში მტვრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, საერთო სისუსტე. მოგვიანებით იწყება მშრალი ხველა, ჩნდება ფხაჭნის შეგრძნება ყელის არეში, წამოწითლდება სახე, თვალები. სურდო თავდაპირველად შესაძლოა არც კი განვითარდეს და დაავადების მხოლოდ მეორე-მესამე დღეს იჩინოს თავი.

გრიპის პირველივე სიმპტომების შემჩნევისას ადამიანი უნდა დაწვეს. არ შეიძლება გრიპის ფეხზე გადატანა - ამან შესაძლოა საშიში გართულებები გამოიწვიოს.

გრიპი,  ჩვეულებრივ,  5-7 დღეს გრძელდება. თუ ტემპერატურა უფრო მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გრიპი უფრო ძნელად გადააქვთ ხანდაზმულებს, ასევე - ქრონიკულ ავადმყოფებს, მაგალითად, ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. ასეთმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

- როგორ ვებრძოლოთ გრიპს?

- ეპიდემიის პერიოდში უნდა ვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ხალხმრავალ ღონისძიებებს. თუ მაინც გავხდით ავად, მივმართოთ ექიმს. გრიპის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი წოლითი რეჟიმია. თუ ავადმყოფს აქვს ძალიან მაღალი - 38,5-39 გრადუსი - ტემპერატურა, აუცილებლად უნდა დავწიოთ სიცხე - ავადმყოფს შუბლზე დავადოთ სველი საფენი, მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება.

- შეიძლება თუ არა ამ დროს ანტიბიოტიკების მიღება?

- გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკების მიღება უსარგებლოა, ვინაიდან ისინი მოქმედებენ ბაქტერიებზე და არა ვირუსებზე. ანტიბიოტიკების მიღება არათუ თავიდან ვერ აგვაცილებს გრიპის გართულებებს, არამედ შესაძლოა გააუარესოს კიდეც მდგომარეობა - გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, დაავადების გაქრონიკულება, დისბაქტერიოზი. ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა გრიპის გართულებათა სამკურნალოდ.

დაავადების პირველ დღეებში მიზანშეწონილია მივიღოთ ანტივირუსული პრეპარატები, რომლებსაც აქვს სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მოგვიანებით მათი მიღება უეფექტოა. გამოგვადგება რემანტადინი, ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისათვის - ინტერფერონი, ვიროგელი, ოქსოლინის მალამო (ცხვირზე წასასმელად). სიცხის დამწევი საშუალებებიდან - პარაცეტამოლი, კოლდრექსი, ფერვექსი და სხვა.

- სიცხის დამწევი საშუალებები ახსენეთ. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ტემპერატურის დაწევა. აგვიხსენით, როდის უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები?

- მოზრდილი ადამიანისთვის კრიტიკული ტემპერატურა 38,5 გრადუსია. თუ სიცხემ უფრო მაღლა აიწია, სიცხის დამწევი საშუალება აუცილებლად უნდა მივიღოთ.

- რამდენად ეფექტურია გრიპის ეპიდემიის დროს ვიტამინოპროფილაქტიკა?

- ზამთრის მიწურულს, გაზაფხულის პირზე, ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტია. ხილსა და ბოსტნეულში ამ დროისათვის არსებული ვიტამინები ვეღარ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას. მაგალითად, ჩ ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს, ადამიანმა ყოველდღე უნდა შეჭამოს 4-6 ცალი ლიმონი, 2 კგ ხახვი ან 800 გრამი ნიორი. რასაკვირველია ეს შეუძლებელია. გრიპის ეპიდემიის პირობებში შესაძლებელია ვიტამინოპროფილაქტიკა შესაბამისი პრეპარატებით.


- როგორ განვასხვაოთ გრიპი ბანალური გაციებისგან?

- გრიპი და ბანალური გაციება მართლაც ბევრს ერევა ერთმანეთში. გრიპის ეპიდემიის პერიოდში ტემპერატურის ოდნავი მატებისა და გრიპის მსგავსი სიმპტომების გამოვლინებისას ბევრი გრიპის საწინააღმდეგო მკურნალობას იწყებს. სინამდვილეში მათი გარჩევა რთული არ არის:

ლ გაციებისას ტემპერატურა უმნიშვნელოდ (37-37,5 გრადუსამდე) იმატებს, გრიპის დროს კი სიცხე დაავადების პირველივე დღეს აღწევს 39-40 გრადუსს და 3-4 დღის განმავლობაში გრძელდება.

ლ გრიპს თან სდევს ძლიერი ინტოქსიკაცია (ოფლდენა, ძლიერი თავის ტკივილი, მთელ ტანში ტეხის შეგრძნება, შემცივნება), გაციებისას კი ეს მოვლენები ძალიან სუსტია.

ლ გაციებისას დასაწყისშივე ვითარდება ძლიერი სურდო, ხოლო გრიპის დროს სურდო დაავადების მესამე-მეოთხე დღეს იჩენს თავს.

ლ გაციებისას ხველა, წესისამებრ, მშრალია და დასაწყისშივე ვითარდება, გრიპის დროს კი ის 2-3 დღის შემდეგ ვლინდება, ნახველიანია და აქვს შეტევითი, მტანჯველი ხასიათი.

- საჭიროა თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

- ვაქცინაციას გრიპისგან თავის დასაცავ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევენ. გრიპის საწინააღმდეგო თანამედროვე ვაქცინები მაღალი ხარისხისაა და პრაქტიკულად უსაფრთხოა. აცრა შეიძლება ჩავიტაროთ ყოველ წელს, ვინაიდან ვაქცინის მოქმედება გრძელდება მხოლოდ 1 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად მოდიფიცირდება ვირუსის იმ ქვეტიპის გათვალისწინებით, რომელიც სეზონიდან სეზონამდე ვარირებს. თუმცა აცრას აქვს ნაკლოვანებებიც: ვინაიდან ვირუსული ანტიგენები სწრაფად იცვლება, იმუნიზაცია გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებებისგან სრულყოფილად ვერ გვიცავს. ვაქცინა თავიდან გვაცილებს მხოლოდ განსაზღვრულ ქვეტიპს, სხვა შტამის მიმართ კი უძლურია. გარდა ამისა, აქვს უკუჩვენებებიც: თირკმელების პათოლოგია, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის დაავადებები, ორსულობა...

- წლის რომელ დროს სჯობს ვაქცინაციის ჩატარება?

- ვაქცინაცია უმჯობესია ჩატარდეს სექტემბრიდან დეკემბრამდე. ეფექტურია გრიპის ეპიდემიის დროსაც.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ვიცით, რომ ადამიანს ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია აქვს?

- ასეთ შემთხვევაში აცრა არ უნდა გაკეთდეს.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს გრიპს, რომელი სიმპტომებით ვლინდება ის და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

- გრიპის გართულება უპირატესად გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციის თანდართვით ორგანიზმის იმუნური ძალების დასუსტების ფონზე. ყველაზე საშიში გართულებები გახლავთ პნევმონია (ფილტვების ანთება), მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), გლომერულონეფრიტი (თირკმელების ანთება), მენინგოენცეფალიტი (ტვინის გარსების ანთება).

პნევმონიისთვის დამახასიათებელია ქოშინი, სიწითლე ლოყებზე. ხველა შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობისა, მშრალი ან ნახველიანი. ტემპერატურა, როგორც წესი, იმატებს, მაგრამ უმეტესად არ აღემატება 37,2-37,5-გრადუსს.

გრიპს ხშირად დაერთვის ოტიტი - შუა ყურის ანთება. ამ დროს ყურის ტკივილს თან სდევს მაღალი სიცხე.

მიოკარდიტი და გლომერულონეფრიტი შეიძლება განვითარდეს დაავადების გადატანიდან 2-3 კვირის შემდეგ.

- როგორ დავიცვათ თავი გაციებისგან?

- უპირველეს ყოვლისა, გავკაჟდეთ. დილაობით ვივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე, ვირბინოთ, ვიცუროთ, ბევრი ვიაროთ ფეხით. ძალიან ადვილია გაციება გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ასევე - ზამთრის მიწურულს, ჰაერის დღეღამური ტემპერატურა მკვეთრად იცვლება, ამიტომ ნუ დაიზარებთ და წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდეთ ორგანიზმის იმუნური ძალების ამაღლებას. იკვებეთ სწორად, საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მცენარეული იმუნომასტიმულირებელი საშუალებები - ექინაცეა, ჟენშენი, ელეუტეროკოკი, ლიმონიკი და სხვა. ვერიდოთ გადაცივებას. თუ წვიმაში ფეხები დაგვისველდა, შინ შესვლისთანავე დავიზილოთ არყით, გავითბოთ და ჩავიცვათ შალის მშრალი წინდები.

- როგორ ვუმკურნალოთ გაციებას და გრიპს?

- გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება სითხის უხვი მიღებაა. რეკომენდებულია დღეში 8-10 ჭიქა თბილი ან ცხელი უალკოჰოლო სითხე. როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებელია წოლითი რეჟიმი და მოსვენება, თამბაქოსა და ალკოჰოლისთვის თავის დანებება. ძალიან კარგია ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ასკილის თბილი ნაყენი. ძილის წინ აუცილებლად დალიეთ 2 ჩაის ჭიქა თაფლიანი ჩაი ან რძე. შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენიც. ოთახი, სადაც ავადმყოფი წევს ხშირად უნდა განიავდეს. თუ ტემპერატურამ 38,5 გრადუსზე მაღლა აიწია, უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი საშუალება.

ახლა - რაც შეეხება დაავადების სიმპტომების მკურნალობას. ამბობენ, ნამკურნალევი სურდო 1 კვირაში გაივლის, ხოლო არანამკურნალევი - 7 დღეშიო... სისხლძარღვთა შემავიწროებელი ცხვირის წვეთების დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება სასურველი არ არის. კარგია ინჰალაცია ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარეების - სალბის, კრაზანას, ევკალიპტის ნახარშის ორთქლით. ინჰალატორად შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ჩაიდანი.

მშრალი ხველის შემთხვევაში ეფექტურია მუკოლიზური პრეპარატები, რომლებიც ნახველს ათხიერებს, ხოლო როდესაც ხველა პროდუქტიული გახდება, საჭიროა ამოსახველებელი პრეპარატების მიღება.