როგორ ვუშველოთ გულის რიტმის დარღვევას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუშველოთ გულის რიტმის დარღვევას

ჯანმრთელი ადამიანი უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას, როგორ ასრულებს გული თავის სამუშაოს, მაგრამ თუ ამ შეკუმშვათა რიტმში დარღვევა მოხდა, გული მაშინვე გვახსენებს თავს. მარტივად თუ ვიტყვით, გულის მუშაობის რიტმის დარღვევაა სწორედ არიტმია, რომლის მკურნალობა და მართვა სიცოცხლისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროცესია. ამ პრობლემაზე სასაუბროდ თერაპიის ეროვნული ცენტრის ექიმს, კარდიოლოგ ნანა რეხვიაშვილს ვეწვიეთ.

- ქალბატონო ნანა, გულის რიტმის რა და რა სახის დარღვევები არსებობს?

- არსებობს გულის რიტმის დარღვევის მრავალი სახესხვაობა. ესენია:

  • სინუსური ტაქიკარდია (გულისცემის მომატება წუთში 100 დარტყმამდე და მეტად);
  • სინუსური ბრადიკარდია (გულისცემის შენელება წუთში 60-30 დარტყმამდე);
  • წინაგულოვანი ექსტრასისტოლიები (პაციენტი მათ შეიძლება აღწერდეს როგორც "გულის ფრიალს");
  • პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
  • პაროქსიზმული ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირის უეცარი მომატება);
  • წინაგულების ციმციმი და თრთოლა (მოციმციმე არიტმია);
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების თრთოლა და ფიბრილაცია;
  • გულის ბლოკადები (გულის გამტარ სისტემაში იმპულსის გავრცელების შეფერხება ან შეწყვეტა).

- რა შეიძლება იყოს გულის რიტმის დარღვევის მიზეზი?

- გულის რიტმის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანული და ფუნქციური, საკუთრივ კარდიული ან ექსტრაკარდიული წარმოშობისა. ფუნქციური გენეზის არიტმია შეიძლება გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხასიათის პირველადი დაზიანებით ან ფსიქოემოციური გავლენით. ორგანული წარმოშობის არიტმიის მიზეზი გახლავთ გულის ესა თუ ის დაავადება, მათ შორის:

  • გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმა (უმეტესად - მიოკარდიუმის ინფარქტი);
  • რევმოკარდიტი,
  • გულის მანკი;
  • ჰიპერტენზია;
  • ფილტვისმიერი გული;
  • მიოკარდიტი;
  • კარდიომიოპათია;
  • გულის კუნთის ინფექციურ-ალერგიული და ტოქსიკურ-ალერგიული დაზიანება.

არიტმიის ერთ-ერთი მიზეზია ელექტროლიტური ცვლის მოშლა. Na, K, Ca, Mg იონების კონცენტრაციის როგორც სიჭარბე, ისე ნაკლებობა არიტმიისა და ბლოკადის განვითარებას იწვევს. არიტმიის მიზეზია აგრეთვე:

  • გულზე ამა თუ იმ მედიკამენტის (საგულე გლიკოზიდების, კოფეინის და სხვათა) ტოქსიკური ზემოქმედება;
  • ჰორმონული დარღვევები (თირეოტოქსიკოზი, ჰიპოფიზის დაავადებები და სხვა);
  • მექანიკური ზემოქმედება გულზე (ტრავმა, ოპერაცია და სხვა);
  • თანდაყოლილი ანომალიები (WPW-სინდრომი).

- ზემოთ თქვენ არიტმიის ტიპებზე ისაუბრეთ. რომელი სახის არიტმიაა უფრო მეტად საშიში და რომელი - ნაკლებად?

- არიტმია შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, რომელიც არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს, ასევე ძალზე საშიში, ფატალური, რომელსაც ადეკვატური მკურნალობის გარეშე აუცილებლად მოჰყვება მძიმე შედეგი. საშიშ არიტმიებს მიაკუთვნებენ პარკუჭოვან ტაქიკარდიას, პარკუჭების თრთოლასა და ფიბრილაციას. ამ დროს პაციენტს აღენიშნება ჰიპოტენზია, სუნთქვის უკმარისობა, ცნობიერების დაბინდვა, ტკივილი გულის არეში ან ფილტვის შეშუპება. ასეთ დროს აუცილებელია სასწრაფო კარდიოვერსია.

საშიში არიტმიების რიცხვს ეკუთვნის აგრეთვე მოციმციმე არიტმია, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს. ნაკლებად საშიშია სინუსური არიტმიები, წინაგულოვანი ექსტრასისტოლიები, კვანძოვანი AV-ბლოკადები (I და II ხარისხისა), რომლებიც კლინიკურად აშკარად გამოხატული არ არის და მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს.

- რა მიმართულებით უნდა წარიმართოს არიტმიის მედიკამენტური მკურნალობა?

- არიტმიის მედიკამენტური მკურნალობა მიმართული უნდა იყოს:

  • პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ;
  • გულის ნორმალური რიტმის აღდგენისკენ;
  • ჰემოდინამიკური დარღვევების აღმოფხვრისკენ;
  • პაციენტის ცხოვრების ნორმალური რიტმის უზრუნველყოფისკენ.

ამჟამად არსებობს ანტიარიტმიული პრეპარატების რამდენიმე ჯგუფი, ამიტომ მედიკამენტები ინდივიდუალურად უნდა იქნეს შერჩეული, ყურადღება უნდა მიქცეს პრეპარატების დოზას, კომბინაციასა და მიღების ხანგრძლივობას.


- რომელი ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება არიტმიის სამკურნალოდ, მოქმედების როგორი მექანიზმი აქვს თითოეულ მათგანს და რა შეიძლება იყოს მათი დანიშვნის ჩვენება?

- არიტმიის სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე ჯგუფის ანტიარიტმიული პრეპარატები.

Ia კლასი გახლავთ ნატრიუმის არხების ბლოკერები. ამ ჯგუფის პრეპარატებიდან აღსანიშნავია ქინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი, მორიციზინი. ამ პრეპარატებს უმთავრესად პარკუჭოვანი ტაქიკარდიების, პაროქსიზმული ტაქიკარდიების, წინაგულების ფიბრილაციის მოსახსნელად ვიყენებთ. ამ ჯგუფის მედიკამენტები ხანგრძლივად არ ინიშნება. ისინი ანელებენ დეპოლარიზაციასა და გამტარობას.

Ib კლასია ადგილობრივი ანესთეტიკები - ისეთები, როგორიც არის ლიდოკაინი. იგი გამოიყენება პარკუჭოვანი ტაქიკარდიების სამკურნალოდ მწვავე ფაზაში. დიფენინი ეფექტურია ექსტრასისტოლების სამკურნალოდ. ეს პრეპარატები ამცირებს რეპოლარიზაციის დროს.

Ic კლასის მედიკამენტია პროპაფენონი. იგი, საზოგადოდ, ეფექტურია პარკუჭოვანი და ზოგიერთი სუპრავენტრიკულური ტაქიარიტმიის, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიების, პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის, მოციმციმე წინაგულოვანი არიტმიის დროს. ეს პრეპარატები თრგუნავენ რეპოლარიზაციის 0 ფაზას.

II კლასის მედიკამენტები - ბეტა-ბლოკერები - ანელებენ ატრიოვენტრიკულურ გამტარობას. მათ იყენებენ AV-კვანძოვანი რეციპროკული ტაქიკარდიის, წინაგულოვანი ტაქიკარდიის (ავტომატური ან რეენტრი), წინაგულების ფიბრილაციის დროს. ბეტა-ბლოკერები ამცირებენ უეცარი სიკვდილის რისკს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი. ისინი ხანგრძლივად ინიშნება.

III კლასის პრეპარატები ახანგრძლივებენ მოქმედების პოტენციალს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ამიოდარონი. ამ კლასში შედის ბეტა-ადრენობლოკერი სოტალოლი, ბრეტილიუმი. ეს პრეპარატები გამოიყენება პარკუჭოვანი ტაქიკარდიების, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების სამკურნალოდ.

IV კლასი კალციუმის არხების ბლოკერები გახლავთ. ამათგან ანტიარიტმიული მოქმედება აქვთ მხოლოდ ვერაპამილსა და დილტიაზემს. ეს ჯგუფი ეფექტურია სუპრავენტრიკულური წინაგულოვანი არიტმიების დროს.

V კლასი - ადენოზინი (ადენოკარდი). ეს არის კლასიკური AV-ბლოკატორი, გამოიყენება AV-კვანძოვანი რეციპროკული და რეენტრი ტაქიკარდიების კუპირებისთვის.

- 38 წლის მამაკაცი გვწერს, რომ პერიოდულად აწუხებს არიტმია, რის გამოც, ექიმის რჩევით, იღებს ანაპრილინს. შეიძლება ამ პრეპარატის დიდი ხნის განმავლობაში მიღება?

- ანაპრილინი არის I თაობის ბეტა-ბლოკერი. ამ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, როგორც უკვე მოგახსენეთ, შესაძლებელია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე იყიდება III თაობის ბეტა-ბლოკერები, რომელთაც გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებთ.

- რაკი ახსენეთ, იქნებ ზოგადად გვითხრათ კიდეც, რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს ანტიარიტმიულ პრეპარატებს.

- პრეპარატებს, რომლებსაც არიტმიების სამკურნალოდ იყენებენ, გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენებების მთელი წყება აქვთ. მაგალითად, ისინი იწვევენ გასტროინტესტინურ დისფუნქციას, რაც გულისრევით, ღებინებით, შეკრულობით ან დიარეით გამოიხატება. გარდა ამისა, მოსალოდნელია:

  • მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დაქვეითება;
  • ალერგიული რეაქციები;
  • შარდის შეკავება;
  • პირის სიმშრალე;
  • ძლიერი თავბრუხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • ლეიკოპენია;
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
  • ბრონქოსპაზმი;
  • ბრადიკარდია;
  • ჰიპოტენზია;
  • დაღლილობა;
  • სახის გარდამავალი სიწითლე;
  • ქოშინი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • მხედველობის ცვლილებები;
  • უეცარი სიკვდილი.

- რას გულისხმობს არიტმიის კომბინირებული მკურნალობა?

- არიტმიის კომბინირებული მკურნალობა რამდენიმე მეთოდს მოიცავს. ამ დროს მიზანშეწონილია როგორც მედიკამენტური მკურნალობა ანტიარიტმიული პრეპარატებით, ისე ინვაზიური მეთოდების გამოყენება.

- რომელია არიტმიის მკურნალობის ინვაზიური მეთოდი?

- არიტმიის მკურნალობის ინვაზიური მეთოდებია:

1. კარდიოსტიმულატორის - რიტმის ხელოვნური წამყვანის (პეისმეიკერის) - იმპლანტაცია (ჩანერგვა). ეს მოწყობილობა გულის შეკუმშვების სწორ რიტმს აწესებს;

2. კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ჩანერგვა, რომელიც განუწყვეტლივ აკვირდება გულის მუშაობას და სახიფათო შემთხვევებში ელექტროდარტყმით ნორმის ფარგლებში აბრუნებს;

3. რადიოსიხშირული აბლაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, აღდგეს გულის ნორმალური რიტმი.


- როგორია რადიოსიხშირული აბლაციის არსი, როდის შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება არიტმიის სამკურნალოდ? საჭიროა თუ არა წინასწარი გამოკვლევა?

- რადიოსიხშირული აბლაცია - ეს არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მცირე ნაჩხვლეტის დახმარებით განვკურნოთ არიტმია. ამ პროცედურის არსი ასეთია: გულის ნორმალურ რიტმს სპეციალური კათეტერის საშუალებით, გულის მცირე უბნის მოწვით აღვადგენთ. ოპერაციის პირველი ეტაპია ბარძაყის ვენაში სპეციალური კათეტერის შეყვანა, რომელშიც შემდეგ ატარებენ ელექტროდს გულის იმ უბნამდე, სადაც უნდა მოხდეს მოწვა. ამის შემდეგ აღმოცენდება იმპულსის გატარების ბლოკადა და ტაქიკარდიაც მეტად აღარ განვითარდება. მაგრამ იმისთვის, რომ განისაზღვროს უბანი, რომლის მოწვაც არის საჭირო, აუცილებელია ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის (ეფგ) ჩატარება.

ამრიგად, მთელი პროცედურა ორი ნაწილისაგან: ეფგ-სა და უშუალოდ აბლაციისგან - შედგება. რადიოსიხშირული აბლაცია გამოიყენება წამლის მიმართ რეფრაქტერობის, მისი აუტანლობის, ასევე - შეუპოვარი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს. აბლაციის მიზანია გამტარი გზების ელიმინაცია. სრული წარმატება ასიდან 30-65 შემთხვევაში მიიღწევა. პროგრესირებადი და დიფუზური ბუნების დაავადების დროს მულტიფოკალური არიტმოგენული კერების აბლაცია რთულია.

- ხორციელდება თუ არა საქართველოში ამ მეთოდით მკურნალობა?

- საქართველოში ამ მეთოდით მკურნალობა ტარდება თერაპიის ეროვნულ ცენტრში, ჯოენის კლინიკაში, ქუთაისში - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში.

- როდის არის აუცილებელი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია?

- თუ პაციენტს აქვს სინუსური კვანძის სისუსტე, ჰემოდინამიკის დარღვევით მიმდინარე ამა თუ იმ ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ხოლო მედიკამენტური მკურნალობა არ იძლევა საჭირო ეფექტს, მიზანშეწონილია კარდიოსტიმულატორის - რიტმის ხელოვნური წამყვანის - ჩანერგვა. კარდიოსტიმულატორი აპარატია, რომელიც საჭიროა გულის ნორმალური რიტმის შესანარჩუნებლად. მისი მთავარი ამოცანაა იმ პაციენტების გულის შეკუმშვათა სიხშირის ნორმალიზება, რომელთაც აქვთ ბრადიკარდია (გულის არსაკმარისი შეკუმშვა) ან გამტარობის დარღვევა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).

- რა არის კარდიოვერ-დეფიბრილატორი და როდის იყენებენ მას არიტმიის სამკურნალოდ?

- იმპლანტირებული კარდიოვერ-დეფიბრილატორი - ეს არის უნიკალური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა, არიტმიის დაწყებიდან რამდენიმე წამში მოხდეს კარდიოსტიმულაცია და დეფიბრილაცია. ეს ხელსაწყო განუწყვეტლივ აკვირდება გულის მუშაობას და როგორც კი სახიფათო ნიშნებს აღნუსხავს, ელექტროდარტყმით ნორმის ფარგლებში აბრუნებს.

კარდიოვერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია პრაქტიკულად არ განსხვავდება კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციისგან, მხოლოდ აპარატი და ელექტროდია უფრო დიდი. ეს ხელსაწყო გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც პარკუჭთა ფიბრილაციის მაღალი რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ და უეცარი სიკვდილი ემუქრებათ.

ამრიგად, ამ მოწყობილობის წყალობით საგრძნობლად გაიზარდა იმ პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელთაც სიცოცხლისათვის საშიში არიტმიები ჰქონდათ.

- დაბოლოს, როგორია პროგნოზი და რამდენად ეფექტურია მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი?

- არიტმიები კარდიოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. საქართველოში ეს დაავადება დღემდე განუკურნებლად ითვლებოდა, რადგან მედიკამენტებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დარღვევის განკურნება შეუძლებელია. საბედნიეროდ, არიტმოლოგია დღიდან დღემდე ვითარდება და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის მეშვეობით უკვე შესაძლებელია არიტმიების სრულყოფილი მართვა.

მეტად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ანტიარიტმიული პრეპარატები მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს, რადგან ყველა მათგანს ახასიათებს პროარიტმიული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს არიტმიის შეტევები, ისეთი ფორმის არიტმიისაც კი, რომელიც პაციენტს მანამდე არ ჰქონია.