გულის მანკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის მანკი

გულის მანკის სახეები

განასხვავებენ გულის მანკის რამდენიმე ტიპს. სარქვლის სტენოზი არის მდგომარეობა, როგა გულის სარქველი სრულად ვერ იღება და სისხლს ნორმასთან შედარებით ვიწრო ხვრელში უწევს გავლა. ამის გამო გულის ღრუ უფრო დიდი დატვირთვით მუშაობს, რათა ვიწრო ხვრელში საკმარისი რაოდენობის სისხლი გადატყორცნოს. დროთა განმავლობაში გაძლიერებული მუშაობა გულის უკმარისობას და სხვა სიმპტომებს იწვევს. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სამკარედი სარქვლის სტენოზი, ორკარედი ანუ მიტრალური სარქვლის სტენოზი, აორტული ან ფილტვის არტერიის სტენოზი. სარქვლის უკმარისობა არის მდგომარეობა, როცა სარქვლის აფრები სრულად ვერ ხურავენ გულის ღრუთა შორის არსებულ ხვრელს. შედეგად ვითარდება სისხლის უკუდენა ანუ რეგურგიტაცია გულის მუშაობის იმ ფაზაში, როცა სარქველი დახურული უნდა იყოს. გულის ღრუ, რომელშიც სისხლის უკუდინება ვითარდება, სისხლით გადაიტვირთება და შეკუმშვისას უფრო ინტენსიური მუშაობა უწევს, ხოლო ორგანიზმს უკუდენის გამო ნაკლები სისხლი მიეწოდება. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სამკარედი სარქვლის, ფილტვის არტერიის სარქვლის, მიტრალური ან აორტული სარქვლის უკმარისობას.

რა იწვევს სარქვლების დაზიანებას

სარქვლოვანი პათოლოგია შეიძლება აღმოცენდეს როგორც მუცლადყოფნის პერიოდში (ანუ თანდაყოლილი იყოს), ასევე შემდგომ. არის შემთხვევები, როცა სარქვლების დაზიანების მიზეზი უცნობია. თანდაყოლილი პათოლოგია უმეტესად აორტის ან ფილტვის არტერიის სარქვლებს აზიანებს. ამ დროს შესაძლოა შეიცვალოს სარქვლების ზომა, აფრების აგებულება, მათი მიმაგრება რგოლთან. სარქვლების შეძენილი დაავადებები კი მანამდე ნორმალურ, შეუცვლელ სარქვლებში აღმოცენდება. მათი წარმოშობის მიზეზია სარქველთა აგებულების შეცვლა, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ დაავადებით, მაგალითად, რევმატიზმით ან ენდოკარდიტით შეიძლება იყოს განპირობებული. რევმატიზმი არის სტრეპტოკოკული ინფექციის, მაგალითად, სტრეპტოკოკული ფარინგიტის შედეგად აღმოცენებული დაავადება. საბედნიეროდ, ანტიბიოტიკების შექმნამ და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვამ სტრეპტოკოკული ინფექციით განპირობებული რევმატიზმი საგრძნობლად გააიშვიათა. დაავადება პირველად, ჩვეულებრივ, სასკოლო ასაკში ვლინდება, თუმცა მასთან დაკავშირებულმა გულის პრობლემებმა შესაძლოა 20-40 წლამდეც არ იჩინოს თავი. ამ დროისთვის ვითარდება გულის სარქვლების ანთება, სარქვლის აფრები ერთმანეთს ეწებება, სქელდება, მყიფე ხდება, მოკლდება და საბოლოოდ სტენოზი ან ნაკლოვანება ყალიბდება. ენდოკარდიტი მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერიები სისხლის ნაკადის მეშვეობით გულის სარქვლებში ხვდება. ბაქტერია სარქველზე იბუდებს, ფიბრინის ძაფებით იფარება და გამრავლებას იწყებს. სარქველი ზიანდება და სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ენდოკარდიტის გამომწვევი ბაქტერია სისხლში შეიძლება მოხვდეს სტომატოლოგიური პროცედურის, ქირურგიული ჩარევის, მედიკამენტების ინტრავენური გამოყენების ან მძიმე ინფექციის დროს. ამგვარად ენდოკარდიტით დაავადების ალბათობა დიდია, როცა ადამიანს გულის სარქვლები დაზიანებული აქვს. გულის სარქვლებში სხვა ცვლილებებიც შეიძლება აღმოცენდეს - შეიცვალოს მყესოვანი სიმების ან დვრილისებრი კუნთების ტონუსი და სისქე, გაფართოვდეს სარქვლის საფიქსაციო რგოლი, ფიბროზულად შეიცვალოს და კალციფიცირდეს სარქვლის აფრები. სარქვლის დაზიანებათა შორის ცალკე უნდა გამოვყოთ მიტრალური პროლაფსი -ფართოდ გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის 1-2%-ს აღენიშნება. ამ დროს მიტრალური სარქვლის აფრა გულის შეკუმშვისას წინაგულისკენ განაგრძობს მოძრაობას. ზოგჯერ მიტრალური პროლაფსი სარქვლის ცვლილებასაც იწვევს, რასაც სარქვლის უკმარისობა მოსდევს, თუმცა ასეთი რამ იშვიათია და, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ მოითხოვს. სარქვლის დაზიანების სხვა მიზეზებიდან უნდა გამოვყოთ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია, სიფილისი, არტერიული წნევის მატება, აორტის ანევრიზმა, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. იშვიათად დაზიანებას იწვევს სიმსივნე, მედიკამენტი ან რადიაცია.

როგორ ვლინდება გულის მანკი

ხშირად გულის მანკი განსაზღვრულ ეტაპამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თანდათან, უმთავრესად - გულის უკმარისობის განვითარების კვალდაკვალ, თავს იჩენს:

  • ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება. ის უმთავრესად ფიზიკური დატვირთვისას ან დაბალ სასთუმალზე წოლისას აწუხებს ადამიანს. სუნთქვის გასაადვილებლად ის იძულებული ხდება წამოჯდეს, სასთუმალი აიმაღლოს, ხშირად შეჩერდეს დატვირთვისას;
  • სისუსტე და თავბრუხვევა;
  • დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც უფრო მეტად შემაწუხებელია ფიზიკური დატვირთვისას და სიცივეში;
  • გულის ფრიალი - პაციენტი გრძნობს გულისცემის აჩქარებას, რიტმის დარღვევას;
  • წვივების შეშუპება;
  • წონის მატება, რაც ორგანიზმში სითხის დაგროვების შედეგია.

უნდა ითქვას, რომ სიმპტომების გამოხატულება სარქვლის დაზიანების სიმძიმეზე ყოველთვის არ არის დამოკიდებული. ზოგიერთი მაშინაც კი არაფერს უჩივის, როცა სარქვლის დაზიანება საკმაოდ მძიმეა და დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს, ზოგიერთს კი შემაწუხებელი სიმპტომები აღენიშნება შედარებით მსუბუქი დაავადების - მიტრალური პროლაფსის დროსაც კი.


როგორ სვამენ დიაგნოზს

ექიმი გულის მანკს პაციენტის ჩივილებისა და გასინჯვისას მიღებული მონაცემების საფუძველზე ივარაუდებს. გულის მოსმენისას ხშირად ისმის შუილი, რაც იმის ბრალია, რომ სისხლის დინებამ ხასიათი იცვალა. გარდა ამისა, შეინიშნება გულის ზომების მატება და არითმია. თუ მანკის გამო გულის უკმარისობა ჩამოყალიბდა, ექიმი ცვლილებებს ფილტვების მოსმენითაც აღმოაჩენს. თუ გასინჯვისას მიღებული მონაცემები საფუძველს იძლევა, გულის მანკი ვივარაუდოთ, ინიშნება სპეციალური გამოკვლევები. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ექოკარდიოგრაფია;
  • ტრანსეზოფაგური (საყლაპავიდან) ექოკარდიოგრაფია;
  • ანგიოგრაფია;
  • რადიონუკლიდური სკანირება;
  • მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

ზოგჯერ გამოკვლევა მეორედაც ტარდება, რათა გაირკვეს, რამდენად პროგრესირებს დაავადება და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს მკურნალობის გეგმა.

როგორ მკურნალობენ გულის მანკს

გულის მაკის მკურნალობის ტაქტიკა სარქვლის დაზიანების სიმძიმესა და ხასიათზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ გულის მანკის მკურნალობას სამი მიზანი აქვს:

  • სარქვლის დაცვა შემდგომი დაზიანებისგან;
  • სიმპტომების შესუსტება;
  • სარქვლების აღდგენა ან შეცვლა, რისთვისაც ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

როგორ დავიცვათ სარქველი შემდგომი დაზიანებისგან

სარქვლის დაზიანება საგრძნობლად ზრდის ენდოკარდიტის - გულის შიგნითა გარსის ანთების - განვითარების რისკს. ენდოკარდიტის განვითარების ალბათობა აქვთ იმ პირებსაც, რომლებსაც გადატანილი აქვთ ოპერაცია გულის მანკის გამო. მათთვის ენდოკარდიტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • აუცილებლად აცნობონ ექიმსა და სტომატოლოგს, რომ აქვთ გულის მანკი ან ამ დაავადების გამო ოპერაცია გადაიტანეს;
  • აუცილებლად დაუკავშირდნენ ექიმს ყელის ტკივილის, ცხელების შემთხვევაში;
  • რეგულარულად მიმართონ სტომატოლოგს, რათა პირის ღრუში არ ჰქონდეთ ინფექციის კერა;
  • ექიმთან შეთანხმებით მიიღონ ანტიბიოტიკი სტომატოლოგიური ჩარევისა თუ სხვა სახის ტრავმული მანიპულაციის წინ.

სიმპტომების შესუსტება

გულის მანკის დროს დაავადების სიმპტომების შესასუსტებლად და სარქვლების შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად ინიშნება განსაზღვრული მედიკამენტები. ოპერაციული მკურნალობის შემთხვევაში ზოგიერთი მათგანის მიღება შეიძლება შეწყდეს, ზოგიერთი კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოთ. გულის მანკის შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებული იქნეს:

  • შარდმდენები - ისინი გამოდევნიან ორგანიზმში ჭარბად დაგროვილ სითხეს, რითაც გულის უკმარისობის სიმპტომებს ასუსტებენ;
  • ანტიარითმიული საშუალებები - მათი მეშვეობით შესაძლებელია გულის რიტმის მოწესრიგება;
  • ვაზოდილატატორები ანუ სისხლძარღვთა გამაფართოებლები - ისინი ამცირებენ გულის დატვირთვას, აადვილებენ გულის მიერ სისხლის გადატყორცნას და აქვეითებენ სისხლის მიდენას გულში;
  • ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები - აქვეითებენ წნევას, ასუსტებენ გულის უკმარისობის სიმპტომებს;
  • ბეტა-ბლოკერები - აქვეითებენ არტერიულ წნევას, აიშვიათებენ გულის შეკუმშვას, ამცირებენ შეკუმშვათა ძალას, აწესრიგებენ რიტმს;
  • ანტიკოაგულანტები - ახანგრძლივებენ სისხლის შედედებას და ამცირებენ თრომბოზის ჩამოყალიბების რისკს.

მიტრალური სტენოზი

ამ მანკის დროს მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის არსებული მიტრალური ხვრელი სრულად ვერ იღება, რაც აბრკოლებს სისხლის წინაგულიდან პარკუჭისაკენ დენას. თუ მარცხენა წინაგული სისხლით გადაიტვირთება, არ არის გამორიცხული სისხლის შეგუბება ფილტვებში. მიტრალური სტენოზის მიზეზი უმეტესად რევმატიზმია; იშვიათად ის მიტრალურ რგოლში კალციუმის ჩალაგებით, რადიაციით ან ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით არის გამოწვეული.


როგორ ვლინდება მიტრალური სტენოზი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანკი ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გულის უკმარისობის შემთხვევაში კი თავს იჩენს ზემოთ აღწერილი სიმპტომები. ვლინდება უშუალოდ მიტრალური სტენოზისთვის ტიპური ნიშნებიც. სახელდობრ, შესაძლოა სტენოზი წინაგულთა ფიბრილაციით (მოციმციმე არითმიით) გამოვლინდეს, ანდა გულის უკმარისობამ ორსულობის, გულის ან ფილტვის ინფექციის ან სხვა დაავადებების ფონზე იჩინოს თავი. სხვა მანკებისგან განსხვავებით, მიტრალურ სტენოზს თან ახლავს (თუმცა არა ყოველთვის) სისხლიანი ხველა ანუ ჰემოფტოე, ხშირი ხველა. მიტრალური სტენოზის გართულებებია:

  • მოციმციმე არითმია ან წინაგულების თრთოლა;
  • თავის ტვინის, ნაწლავების, თირკმლის ან სხვა ორგანოების არტერიათა თრომბოზი;
  • გულის უკმარისობა;
  • ფილტვების შეშუპება;
  • ფილტვის არტერიაში წნევის მატება.

მიტრალური ნაკლოვანება

მიტრალური ნაკლოვანებისას სარქვლის აფრები სრულად ვერ ხურავს მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის არსებულ ხვრელს, რის გამოც მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას სისხლი წინაგულში გადაიტყორცნება. დროთა განმავლობაში ეს ტვირთავს წინაგულსა და პარკუჭს, ვითარდება გულის უკმარისობა, რაც მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება. მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება უმეტესად მსუბუქად არის გამოხატული და ნელა პროგრესირებს, პაციენტი ათეულობით წლის განმავლობაში არაფერს უჩივის და არც კი იცის, რომ მანკი აქვს. დაავადების თაობაზე ეჭვი პირველად მაშინ იბადება, როცა ექიმს გულის მოსმენისას შუილი ესმის, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სიმპტომები მოულოდნელად და ერთბაშად იჩენს თავს. მძიმე მიტრალური ნაკლოვანება, განურჩევლად მიზეზისა, გულში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას სისხლი წინაგულში უკუგადაიტყორცნება და აორტაში საჭიროზე ნაკლები ოდენობით ხვდება. ამის გამო უარესდება ორგანოებისთვის სისხლის მიწოდება. დროთა განმავლობაში ვითარდება მარცხენა პარკუჭის გაფართოება (დილატაცია), რის გამოც გული უფრო მეტ სისხლს გადაისვრის აორტაში. ეს ცვლილებები გულის მუშაობას ერთხანს აუმჯობესებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვითარდება გულის უკმარისობა და გულის რიტმის დარღვევა - მოციმციმე არითმია.

მიტრალური ნაკლოვანების მიზეზები

მიტრალურ ნაკლოვანებას მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • მიტრალური პროლაფსი;
  • მყესოვანი სიმების დაზიანება - მყესოვანი სიმები ანუ ქორდები სარქვლის აფრას გულის კუნთთან აკავშირებს. მათი დაჭიმვისას აფრებმა მთლიანად უნდა დახუროს ხვრელი, მაგრამ დაზიანებისას ასე არ ხდება;
  • რევმატიზმი;
  • ენდოკარდიტი;
  • სარქვლების დაზიანება, რაც ასაკის თანმხლები მოვლენაა;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • მაღალი არტერიული წნევა, რომელიც წლობით რჩება მოუწესრიგებელი.

მიტრალური ნაკლოვანების გართულებები

მცირე ნაკლოვანებამ შესაძლოა არავითარი გართულება არ გამოიწვიოს, მძიმე ნაკლოვანება კი ხშირად რთულდება:

  • გულის უკმარისობით - გული ვეღარ აწვდის ორგანიზმს საჭირო რაოდენობის სისხლს;
  • წინაგულთა ფიბრილაციით - ამ დროს გულის რიტმი არარეგულარულია, მარცხენა წინაგულის კუნთოვანი ბოჭკოები არარეგულარულად და ქაოსურად იკუმშება, რის გამოც წინაგულში ხშირად თრომბი ყალიბდება. თრომბის ნაწილაკები შეიძლება მოწყდეს და ინსულტი და ინფარქტი გამოიწვიოს;
  • ენდოკარდიტით;
  • ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიით.

მიტრალური ნაკლოვანების მკურნალობა

მიტრალური ნაკლოვანებისას მკურნალობის ტაქტიკა მდგომარეობის სიმძიმესა და დაავადების პროგრესირებაზეა დამოკიდებული. მკურნალობის მიზანია ჩივილების შემცირება და გართულებების თავიდან აცილება. იმ პაციენტებს, რომელთაც მცირე რეგურგიტაცია აქვთ, მკურნალობა არ სჭირდებათ, მაგრამ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა აუცილებელია. ვიზიტებისა და კვლევების სიხშირე რეგურგიტაციის ხარისხზეა დამოკიდებული.


მედიკამენტური მკურნალობა

რა თქმა უნდა, მედიკამენტები ვერ გამოასწორებენ ანატომიურ დეფექტს, მაგრამ ასუსტებენ გულის უკმარისობის სიმპტომებს. შარდმდენების წყალობით მცირდება ორგანიზმში სითხის შეკავება. წნევის რეგულირება კი საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ რეგურგიტაცია. სუფრის მარილის გამოყენების შეზღუდვა ამცირებს შეშუპებას და წნევის რეგულირებას უწყობს ხელს. სათანადო ჩვენების არსებობისას მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია:

  • არტერიული წნევის კონტროლი;
  • ჯანსაღი კვება, რათა თავიდან ავიცილოთ ათეროსკლეროზი;
  • ნორმალური წონის შენარჩუნება;
  • კოფეინით მდიდარი საკვების შეზღუდვა;
  • ალკოჰოლის გამორიცხვა;
  • ფიზიკური აქტივობა;
  • ექიმთან რეგულარული სიარული.

მიტრალური ნაკლოვანების მქონე ქალები ორსულობის თაობაზე აუცილებლად უნდა შეუთანხმდნენ ექიმს, რადგან ორსულობა გულის დატვირთვას ზრდის.

როგორ ავიცილოთ თავიდან სარქვლის დაზიანების პროგრესირება

აუცილებელია სტრეპტოკოკული ინფექციის დროული მკურნალობა. მნიშვნელოვანია მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, რადგან მაღალი წნევა ზრდის რეგურგიტაციას. რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი მითითებულ ვადებში.

აორტის სარქვლის ნაკლოვანება

აორტის ნაკლოვანება არის მანკი, რომლის დროსაც აორტის სარქველი სრულად ვერ ხურავს ხვრელს მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის. ამის გამო აორტაში გადატყორცნილი სისხლი პარკუჭს უბრუნდება, ეს კი დროთა განმავლობაში მარცხენა პარკუჭის გადატვირთვას იწვევს.

როგორ ვლინდება აორტის ნაკლოვანება

აორტის ნაკლოვანება უმეტესად თანდათან ვითარდება, რის გამოც ორგანიზმი ამ ცვლილების კომპენსაციას ახდენს და ჩივილები წლობით არ აღმოცენდება. მოგვიანებით თავს იჩენს გულის უკმარისობის სიმპტომები. აორტული ნაკლოვანებისას ხშირია გულმკერდის ტკივილი, რაც ჰიპერტროფირებული პარკუჭის სისხლით მომარაგების დარღვევასთან არის დაკავშირებული.

აორტის ნაკლოვანების მიზეზები

აორტის ნაკლოვანებას მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • გულის თანდაყოლილი დეფექტები - ჩვეულებრივ, აორტის სარქველს აქვს სამი კარედი, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ერთ ან ორკარედიანი სარქველი აქვთ. ეს ანომალია ზრდის განსაზღვრულ ასაკში აორტის სარქვლის ნაკლოვანების აღმოცენების რისკს;
  • სარქვლის ასაკობრივი დაზიანება - ხანდაზმულ ასაკში აორტის სარქვლის ნაკლოვანება შესაძლოა აღმოცენდეს სარქვლის აფრების დაზიანების გამო. ამ ცვლილების განვითარების რისკი იზრდება მაღალი წნევის დროს;
  • ენდოკარდიტი;
  • რევმატიზმი;
  • ზოგიერთი დაავადება - მარფანის სინდრომი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, სიფილისი;
  • ტრავმა - გულმკერდის ტრავმა შესაძლოა რეგურგიტაციის მიზეზად იქცეს.

რა ცვლილებებს იწვევს აორტის სარქვლის ნაკლოვანება

როგორც აღვნიშნეთ, აორტის ნაკლოვანების შემთხვევაში აორტაში გადასროლილი სისხლის ნაწილი მარცხენა პარკუჭის მოსვენებისას პარკუჭში ბრუნდება. ამის გამო მარცხენა პარკუჭი სისხლით გადაიტვირთება, დროთა განმავლობაში მისი კედელი სქელდება, პარკუჭი ფართოვდება. ეს ცვლილება თავდაპირველად გულს სისხლის გადატყორცნაში ეხმარება, მაგრამ მერე და მერე გული სუსტდება და ვითარდება მისი უკმარისობა. აორტის ნაკლოვანება, ისევე  როგორც სხვა სარქვლოვანი დაავადებები, ზრდის ენდოკარდიტის განვითარების რისკს. მძიმე აორტული რეგურგიტაცია იწვევს გულის უკმარისობას.

აორტის სარქვლის სტენოზი

აორტის სარქვლის სტენოზი აორტის სარქვლის ანომალიური შევიწროებაა. მნიშვნელოვანი შევიწროებისას ფერხდება აორტაში სისხლის გადატყორცნა მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს, რის გამოც ორგანოების სისხლით მომარაგება ირღვევა. ხვრელის შევიწროების გამო ფიზიკური დატვირთვისას ორგანოებს საკმარისი რაოდენობის სისხლი ვეღარ მიეწოდება, რაც სისუსტესა და თავბრუხვევას, გულის არეში ტკივილს იწვევს. ვიწრო ხვრელში სისხლის გადასატყორცნად მარცხენა პარკუჭი გაძლიერებულად მუშაობს, რის გამოც მისი კუნთი ჰიპერტროფიას განიცდის. დროთა განმავლობაში კუნთის გადაძაბვის გამო ვითარდება გულის უკმარისობა.


რა იწვევს აორტის სტენოზს

ზრდასრულ ადამიანებში აორტის ხვრელის სტენოზს უმთავრესად სამი მიზეზი აქვს: ორკარედი აორტის სარქველი, რაც თანდაყოლილი ანომალიაა, სარქვლის დაზიანება ასაკოვან პირებში კალცინოზის - კალციუმის ჩალაგების გამო და სარქვლის დაზიანება რევმატიზმის გამო. ცნობილია, რომ აორტის სტენოზი მამაკაცებში სამჯერ ხშირია, ვიდრე ქალებში.

მკურნალობის პრინციპი

ისევე როგორც სხვა მანკების დროს, პათოლოგიურ ცვლილებათა აღმოფხვრა მხოლოდ ოპერაციული ჩარევით არის შესაძლებელი, მაგრამ არსებობს სხვა საშუალებებიც, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დაავადების სიმპტომები და მოხერხდეს მისი პროგრესირების თავიდან აცილება. ასეთია არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები, არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებლად განკუთვნილი მედიკამენტები.

ცხოვრება გულის მანკით

სარქვლოვანი პათოლოგიის დროს აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ სარქვლების შემდგომი დაზიანება, ხშირად - მაშინაც კი, როცა პაციენტს უკვე გადატანილი აქვს სარქვლის პროთეზირება ან სხვა ოპერაცია. ამისთვის აუცილებელია:

  • პაციენტმა იცოდეს, რა სახის მანკი აქვს;
  • ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად აცნობოს ექიმს, რომ მანკი აქვს;
  • ინფექციის სიმპტომებისას შეეხმიანოს მკურნალ ექიმს;
  • გულდასმით მოუაროს პირის ღრუს, პრობლებემის აღმოცენებისას დაუყოვნებლივ მიმართოს სტომატოლოგს;
  • რეგულარულად მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები არტერიული წნევის, ქოლესტერინის, არითმიის კონტროლისა და გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

იმ შემთხვევაში, როცა ოპერაციული მკურნალობა არ არის ჩატარებული, აუცილებელია ექიმთან რეგულარული სიარული, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერაცია დროულად დაინიშნოს. დროულ ჩარევას შედეგისთვის ხშირად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.