კვლავაც დაბინდული მხედველობის შესახებ... კატარაქტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვლავაც დაბინდული მხედველობის შესახებ... კატარაქტა

ცუდად მხედველთა რაოდენობა 161 მილიონს აღწევს. მათ შორის 37 მილიონი ბრმაა. თვალის დაავადებებს შორის კი მოწინავეა დაავადება კატარაქტა.

კატარაქტა უძველესი დროიდან ცნობილი დაავადებაა, რომელსაც ძველი ბერძნები “წყალვარდნილს, ჩანჩქერს” უწოდებდნენ, მაგრამ დაავადებას ბუნების ამ მოვლენასთან საერთო არაფერი აქვს; რა დაავადებაა კატარაქტა, როგორი სიმპტომებით ვლინდება და როგორ მკურნალობენ მას თანამედროვე მეთოდებით, ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯისა” და წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმ ოფთალმოლოგს, სოფია იმედაშვილს:

- ქ-ნო სოფია, ამ საკითხზე მრავალგზის გვისაუბრია, მაგრამ დღესაც არ ქრება ცხოველი ინტერესი კატარაქტის მიმართ. ვიდრე დაავადებას შევეხებით, იქნებ კვლავ განგვიმარტოთ, რა არის ბროლი და რა ფუნქციას ასრულებს ის ადამიანისთვის?

- ბროლი თვალის ერთ-ერთი უნიკალური წარმონაქმნია. ეს არის ცვლადი სიმრუდის, ორმხრივამოზნექილი გამჭვირვალე სხეული, რომელიც ფერადი გარსის უკან მდებარეობს. ბროლი ადამიანის ორგანიზმში ე.წ. ბიოლოგიური ლინზის როლს ასრულებს და ბადურაზე გამოსახულების ფოკუსირებას ახდენს. ის არ შეიცავს ნერვებსა და სისხლძარღვებს, შემოსაზღვრულია კაფსულით, რომელიც შერჩევით უშვებს მასში საჭირო საკვებ ნივთიერებებს. ბროლს შეუძლია ფორმის შეცვლა, გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველგვარ ზემოქმედებას ბროლი შემღვრევით პასუხობს.

- მაინც რა დაავადებაა კატარაქტა და რამდენადაა დღეისათვის გავრცელებული?

- როგორც მოგახსენეთ, ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა, კატარაქტის დროს კი ბროლის ნივთიერება ან კაფსულა სრულად ან ნაწილობრივ იმღვრევა, მისი გამჭვირვალობა იკარგება და მონაცრისფრო, მონაცრისფრო-მოთეთრო ან რძისფერი ხდება. ბროლის შემღვრევა ხელს უშლის სინათლის შეღწევას თვალის ბადურა გარსზე, რის გამოც ადამიანს თანდათანობით უქვეითდება მხედველობა.

- რამდენად არის ის ხანდაზმულთა გარდაუვალი ხვედრი?

- მართალია, რამდენიმე ათეული წლის წინ კატარაქტას ხანდაზმულთა დაავადებად მოიაზრებდნენ, მაგრამ დღევანდელი ვითარებით ეს ასე აღარ არის. ორმოც წელს მიტანებულ და მით უმეტეს - ორმოცს გადაცილებულ ადამიანებთან სულ უფრო გახშირდა ამ პათოლოგიის შემთხვევები. ბროლის ძირითადი კომპონენტები წყალი და მყარი ნივთიერებაა. ბავშვობისას წყალი მეტია, ასაკთან ერთად კი იმატებს მყარი ნივთიერება – ბროლი მაგრდება, კარგავს ელასტიკურობას და ყვითლდება. ელასტიკურობის დაკარგვის გამო ბროლის გარდატეხის ძალა ნორმის ფარგლებში ვეღარ იცვლება. ეს დაავადებად არ ითვლება, უფრო ფიზიოლოგიური ნორმაა. ეს პრობლემა მარტივად, სათვალის შერჩევით გვარდება. გამჭვირვალობის დაქვეითება კი სერიოზული დარღვევაა და სათანადო მკურნალობას მოითხოვს.

- რა არის დაავადების გამომწვევი?

- კატარაქტის მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. მისი განვითარება შესაძლოა უკავშირდებოდეს ამა თუ იმ დაავადებას. ის შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი და შემდგომ შეძენილი, პროგრესირებადი და არაპროგრესირებადი.

თანდაყოლილ კატარაქტას, ჩვეულებრივ, პროგრესირება არ ახასიათებს. მიზეზი შესაძლოა გახდეს დედის მიერ ორსულობის დროს გადატანილი ინფექცია, ასევე ის, თუ დედა ორსულობისას ამა თუ იმ მიზეზით მოიხმარდა სტეროიდულ ჰორმონებს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. გარდა ამისა, კატარაქტა შესაძლოა ბავშვს მემკვიდრულად გადაეცეს.

mkurnali.ge

კატარაქტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობაც. კატარაქტის რისკფაქტორებია: მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, შავი კანი, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.

შეძენილი კატარაქტის ფორმებიდან შეიძლება გამოიყოს:

  • ასაკობრივი (მოხუცებულთა);
  • ტრავმული, გამოწვეული როგორც კონტუზიით, ისე თვალის კაკლის პირდაპირი დაზიანებით;
  • თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური გადაგვარებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების შედეგად განვითარებული;
  • სხივური ენერგიით (ინფრაწითელი, რენტგენისა და რადიაციული გამოსხივებით) ბროლის დაზიანების შედეგი (ეს, ძირითადად, პროფესიული დაავადებაა);
  • ტოქსიკური - ამ ჯგუფს მიეკუთვნება მედიკამენტური კატარაქტა, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს კორტიკოსტეროიდების, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების ან სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ;
  • ქრონიკული დაავადებების ფონზე განვითარებული, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, თირკმლის დაავადებები და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი სახის დარღვევა.

- რა პათოლოგიური ძვრები მიმდინარეობს ამ დროს თვალში?

- ბროლში მიმდინარე ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილების გამო ირღვევა მისი სისხლით მომარაგება, შესაბამისად, მისი კვებაც. ამიტომ ბროლი ხდება მკვრივი და გაუმჭვირვალე. სინათლის სხივი ძლივს ახერხებს შემღვრეული ლინზის გავლას და სწორედ ამიტომ ადამიანი სამყაროს თითქოს დაორთქლილი მინიდან ხედავს. თანდათანობით კატარაქტა ძლიერდება და მხედველობის სიმახვილე კიდევ უფრო იკლებს. ე.წ. “მწიფე” კატარაქტის დროს ადამიანი ვეღარ არჩევს საგნების საზღვრებს, მხოლოდ ფერად ლაქებს ამჩნევს.

- ამ დროს ორივე თვალი ზიანდება?

- ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს. თუმცა ერთი მათგანი შეიძლება დაავადდეს რამდენიმე თვით ან წლით ადრეც კი.

- რას უჩივის ამ დროს ავადმყოფი?

- კატარაქტის ეჭვს ბადებს შემდეგი ნიშნები:

  • თუ პაციენტი ბუნდოვნად ხედავს, უჭირს შორი საგნების გარჩევა;
  • ფერები ადრინდელივით მკვეთრი და კაშკაშა აღარ ეჩვენება;
  • გარემომცველი საგნები ნელ-ნელა კარგავს მკვეთრ კონტურებს;
  • სათვალე აღარ შველის;
  • უჭირს მსხვილი შრიფტით დაწერილი წიგნის კითხვა;
  • მზის შუქი და სხვა ნებისმიერი სინათლე თვალს სჭრის;
  • სინათლის ირგვლივ ჩნდებიან შუქის რგოლები;
  • თვალები მომეტებულად მგრძნობიარე ხდება სინათლისადმი;
  • მხედველობა დაქვეითებულია, განსაკუთრებით - ღამით;
  • მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მომატებას;
  • შავი გუგები შეიძლება გაბაცდეს;
  • დაწყებითი კატარაქტის დროს პაციენტთა უმრავლესობა უჩივის მხედველობის ველში შავი, მოძრავი (ბუზების მსგავსი) წერტილების არსებობას.

- როგორ დგინდება დაავადება?

- დაავადების დიაგნოზი დგინდება ჩივილების, ბიომიკროსკოპიის (თვალის დათვალიერება), ოფთალმოსკოპიის (თვალის ფსკერის დათვალიერება), ვიზომეტრიის, ტონომეტრიის, ავტორეფრაქტომეტრიის საფუძველზე. ოფთალმოლოგი განსაზღვრავს მხედველობის სიმახვილეს, შემდეგ - ბროლის შემღვრევის ტიპს, ფორმასა და ლოკალიზაციას.

- როგორ მკურნალობენ?

- კატარაქტის მკურნალობა ოპერაციულია, შესაძლებელია მისი პროფილაქტიკა მედიკამენტების დახმარებით. პროფილაქტიკის დაწყება კატარაქტის ადრეულ სტადიაშია მიზანშეწონილი და მკურნალობა ტარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც გარკვეული დროით აყოვნებს კატარაქტის მომწიფებას, თუმცა არ აქრობს კატარაქტისთვის დამახასიათებელ ჩივილებს, შემღვრევას და გარკვეული დროის შემდეგ ოპერაციული ჩარევა მაინც საჭირო ხდება. ეს პრეპარატები უმთავრესად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე მოქმედებს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კატარაქტის ოპერაციული მკურნალობა მიზანშეწონილია ბროლის დაწყებითი შემღვრევიდან და არ სჭირდება კატარაქტის მომწიფების ლოდინი. ხელოვნური ბროლი ანუ ინტრაოკულარული ლინზა კატარაქტის დროს ბუნებრივი ბროლის ადგილას ჩაიდგმება.

- როგორია ოპერაციული მკურნალობის შედეგები, მთლიანად აღდგება თუ არა მხედველობა?

- ოპერაციის პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია ბადურა გარსისა და მხედველობის ნერვის ფუნქციური შესაძლებლობების დადგენა. წინათ კატარაქტის ოპერაციას არ აკეთებდნენ, ვიდრე ის არ „მომწიფდებოდა“. შემღვრეული ბროლის ექსტრაქციამდე საჭირო იყო კატარაქტის სრული მომწიფების ლოდინი. თანამედროვე მეთოდები კი ოპერაციის ნებისმიერ სტადიაზე ჩატარების საშუალებას იძლევა. ოპერაციული მკურნალობით მხედველობა აღდგება და, რასაკვირველია, უმჯობესდება სიცოცხლის ხარისხიც. თუმცა ზოგიერთი დაავადების დროს კატარაქტის ექსტრაქციის შედეგი შესაძლოა ყოველთვის არ იყოს სასურველი. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს თვალის ფსკერზე ვითარდება ცვლილებათა წყება, რომლებიც ცნობილია დიაბეტური რეტინოპათიის სახელწოდებით, მაგრამ კატარაქტის ოპერაცია უნდა გაკეთდეს, რადგან მხედველობის მომატება შემღვრეული ბროლის ამოღების ხარჯზე მოხდება და ოფთალმოლოგსაც შეეძლება თვალის ფსკერის დათვალიერება და ცვლილებათა დინამიკაზე დაკვირვება.

კატარქტის ოპერაცია სადღეისოდ თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება: არსებობს ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ინტრაკაფსულური ექსტრაქცია, ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია, ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. ოპერაციის დროს ხდება ხელოვნური ბროლის იმპლანტირება (ჩანერგვა). ჩამოთვლილ მეთოდთაგან უკანასკნელი ორი ე.წ. უნაკერო ოპერაციაა: სპეციალური ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატით ბროლი დანაწევრდება, მას ამოიღებენ და ხელოვნურ, კუმშვად ბროლს ჩანერგავენ.

- როგორ არჩევენ ოპერაციულ მეთოდს და შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ორივე თვალზე ოპერაციის ჩატარება?

- ოპერაციული მეთოდის არჩევა ინდივიდუალურია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ოპერაციის მეთოდს, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმი ირჩევს. თუ ორივე თვალის ოპერაციაა საჭირო, ქირურგიული ჩარევა ნაკლებად მხედველ თვალზე ხდება. ერთდროულად ორივე თვალის ოპერაცია არ ტარდება.

- რომელი ოპერაციაა ყველაზე უსაფრთხო და რამდენ ხანს გრძელდება?

- ოპერაცია რამდენიმე წუთს გრძელდება, უმტკივნეულოდ და უნაკეროდ. კატარაქტის ქირურგიაში რევოლუცია მოახდინა ფემტოსეკუნდო ლაზერით კატარაქტის ქირურგიული ოპერაციის მეთოდმა, ამ მეთოდით ოპერაცია დანის გარეშე კეთდება. ამ დროს სპეციალური ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატის მეშვეობით ბროლი ნაწევრდება, ანუ ხდება ფაკოემულსიფიკაცია და მინიმალურ განაკვეთში ხელოვნური კუმშვადი ბროლის იმპლანტაცია (ჩანერგვა). ოპერაციის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და უტყუარი სიზუსტით გამოირჩევა, რაც პოსტოპერაციული პერიოდის უსაფრთხოებას განაპირობებს. სასიხარულოა, რომ ამ მეთოდით პირველად უკვე ჩატარდა ოპერაცია ჩვენს კლინიკაში და ინტენსიურად მიმდინარეობს მხოლოდ თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში”.

- რას გვეტყვით ლინზებზე - სადღეისოდ რომელი მოდელებია ყველაზე ცნობილი და მისაღები?

- ბროლის ფართო არჩევანია - ისინი განსხვავდება მასალის, შემადგენელი ნივთიერების, დიზაინის, ზომისა და მწარმოებელი ქვეყნის (ამერიკული, გერმანული, რუსული და ა. შ.) მიხედვით. უნდა შეირჩეს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბროლი, რომელიც იდეალურად ცვლის ბუნებრივ ბროლს. ისინი უსაფრთხოდ იდგმება და წლების შემდეგაც გაურთულებლად ასრულებს დაკისრებულ “ვალდებულებებს”.

არსებობს ასფერული, მულტიფოკალური, თორიული, ჰიდროფობური და ჰიდროფილური ბროლის სახეობები. სრული გამოკვლევისა და კონსულტაციის შემდეგ ექიმი და პაციენტი ბროლს ერთობლივად ირჩევენ. არჩევანი დამოკიდებულია ასაკზე, სოციალურ მდგომარეობასა და რეფრაქციის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.

mkurnali.geXX

- შესაძლებელია თუ არა ბროლის გამოყენება შერწყმული პათოლოგიების, მაგალითად, კატარაქტისა და ასტიგმატიზმის დროს, ან სათვალისგან სრულად გათავისუფლება?

- დიახ, მაგალითად, ასტიგმატიზმის კორექციისთვის არსებობს თორიული ბროლი. ის შემუშავებულია ერთდროულად კატარაქტის ოპერაციის დროს იმპლანტაციისა და რქოვანას ასტიგმატიზმის კორექციისთვის. უზრუნველყოფს შორსმხედველობას და აუმჯობესებს გამოსახულების აღქმის ხარისხს.

არსებობს მულტიფოკალური ბროლიც, რომელიც კატარაქტის ოპერაციის იმპლანტაციისა და პრესბიოპიის კორექციისთვის შემუშავდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უსათვალოდ მხედველობის სრულ სპექტრს უზრუნველყოფს - ახლო, შუალედურ და შორ მანძილებზე. აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს.

- რა რეჟიმით უნდა იცხოვროს პაციენტმა ოპერაციის შემდეგ?

- ოპერაციის შემდეგ პაციენტს ენიშნება მკურნალობა სქემის მიხედვით, დინამიკაში ოფთალმოლოგის დაკვირვება, ეკრძალება ფიზიკური დატვირთვა, მძიმე საგნების აწევა, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისა და მკვეთრი განათებისას აუცილებელია დამცავი სათვალის გამოყენება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა მოერიდონ მხედველობით დატვირთვას. ასიდან 90-95 შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით სრულდება - მხედველობა აღდგება ოპერაციის მეორე დღიდანვე, საბოლოო შედეგი კი მკურნალობის დასრულების შემდეგ დგება. ადამიანი აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება.

- დასასრულ, რას ურჩევთ პაციენტებს?

- ჩემი რჩევაა, თუკი ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ჩივილებს შენიშნავენ 45 წელს გადაცილებულნი, თვითმკურნალობას ნუ მიეცემიან, დროულად გაიარონ კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია და საჭირო დიაგნოსტიკა.

ძვირფასო მკითხველო, ნუ დაელოდებით კატარაქტით გამოწვეულ სიბრმავეს, დრო არ ითმენს... დატკბით სამყაროს სილამაზით და უცქირეთ მას ჯანსაღი თვალებით.