სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

პირველი პროცედურა ძილის წინ გავუკეთე, რათა სითბო დიდხანს შენარჩუნებულიყო. დილით, როდესაც კომპრესი მოვხსენი, ჩემდა გასაკვირად, მცენარის ფოთლებზე მარილის ნადები აღმოვაჩინე. მეორე პროცედურის შემდეგ მარილი უფრო ნაკლები იყო. მეუღლე მეუბნებოდა, რომ კომპრესის ქვეშ ფეხის წვას გრძნობდა, მაგრამ დისკომფორტი სავსებით ასატანი იყო.

 

ჭინჭრის წვენი ნაღვლის ბუშტის უებარი წამალია

ყოველთვის მიყვარდა გემრიელად და მაძღრისად ჭამა, დიეტის დაცვა დღესაც მიჭირს, შედეგად კი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება მივიღე. თბილისის ახლოს აგარაკი მაქვს და ეზოში ყოველ წელს უამრავი ჭინჭარი იზრდება. ზოგს ეს მცენარე სარეველად მიაჩნია, ჩემთვის კი ის ნამდვილი მწვანე მეგობარია. ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ვიყენებ მის წვენს, რომელსაც ასე ვამზადებ:

  • წვენსაწურში ვათავსებ ჭინჭრის ფოთლებს და ვწურავ. გამონაწურის 20 წვეთს ვუმატებ 1/4 ჭიქა თბილ წყალს ან რძეს და ვიღებ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვეა.

 

კონიუნქტივიტს თაფლის წვეთები აცხრობს

რამდენიმე წლის წინ დამემართა ვირუსული კონიუნქტივიტი. ცალი თვალი პროცესმა ისე ჩაითრია, რომ პრაქტიკულად ვერაფერს ვხედავდი. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მაღალმთიან სოფელში რამდენიმე სკა აქვს და კარგად იცის, რა სიკეთის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის თაფლი, მირჩია, თვალში თაფლის წვეთები ჩამეწვეთებინა. თავდაპირველად ჩაწვეთება დავიწყე ასეთი პროპორციით - 10:1, ანუ 10 წვეთი მდუღარე წყალი და 1 წვეთი თაფლი. ყოველდღე წყალს 1 წვეთით ნაკლებს ვიღებდი. ასე ჩამოვედი 3 წვეთ წყალსა და 1 წვეთ თაფლზე. მკურნალობა გავაგრძელე 3 თვე, შესვენების გარეშე. ვიწვეთებდი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. წვეთებს ყოველ ჯერზე ახალ-ახალს ვამზადებდი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თაფლმა მხედველობა გადამირჩინა.

 

ნიორი თმის ცვენას შეგიჩერებთ

მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო. ამბობდნენ, ნიორი შველისო, მაგრამ ვიდრე თავად არ გამოვცადე, არ მჯეროდა. ახლა თამამად ვაცხადებ: დიახ, ნიორი თმის ძირებს ამაგრებს და ვისაც თმა სცვივა, ვურჩევ, მისი სამკურნალო თვისებებით ისარგებლოს.

დაიდეთ დანაყილი ნიორი თმაგაცვენილ ადგილებზე დღეში ერთხელ, 2 საათით, შემდეგ თავი კარგად დაიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ 7-10 დღის განმავლობაში, შემდეგ ათი დღით შეისვენეთ და გაიმეორეთ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ. ორი-სამი კურსი უნდა გეყოთ.

თმის სწრაფი ზრდისთვის დანაყილი ნიორი კვირაში ერთხელ, დაბანის წინ, 2 საათით შეიზილეთ თმის ძირებში (თავს ნუ შეიხვევთ). თუ მშრალი კანი გაქვთ, გირჩევთ გამოიყენოთ დანაყილი ნივრისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. 2-3 თვეში შესამჩნევ შედეგს მიიღებთ.

 

წიწიბურა - მარილების წამალი

ჩემს ირგვლივ, - ცხადია, ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ, - არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მარილების დაგროვება არ აწუხებდეს. ექიმებთანაც გავიარე კონსულტაცია და ექიმბაშებთანაც, მაგრამ დიდი შედეგი ვერსად ვნახე. ბოლოს ჩემი მეზობლის სტუმარმა, რომელსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, მასწავლა მარტივი, იაფი და კარგი საშუალება, რომელმაც ტკივილები შემიმსუბუქა და ჩემი ცხოვრება უფრო აქტიური გახადა.

  • 1 სუფრის კოვზი წიწიბურა ჩავყაროთ ჩაის ჭიქაში და ჭიქის ნახევრამდე დავასხათ მაწონი. ეს უნდა გაკეთდეს საღამოს. დაწოლამდე რამდენჯერმე მოვურევთ, დილით გადავავსებთ მაწვნით, ისევ მოვურევთ და დავლევთ უზმოზე. მივიღებთ სულ 10 დღის განმავლობაში. ათდღიანი შესვენების შემდეგ შეიძლება გავიმეოროთ. თავდაპირველად საკმარისია სამი კურსი.

 

მრავალძარღვას სიკეთე

მართალია, დღეს ქიმიური პრეპარატებით მკურნალობას არავინ უარყოფს, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისინი ერთი მხრივ თუ კურნავს დაავადებულ ორგანიზმს, მეორე მხრივ უკუშედეგსაც იწვევს და უარყოფითად მოქმედებს ზოგიერთ ჯანმრთელ უჯრედზე, ამიტომ მივესალმები ძირძველ ხალხურ მედიცინას და მინდა, გასწავლოთ რეცეპტი, რომელსაც ბრონქიტის სამკურნალოდ ვიყენებ.

  • გარეცხეთ მრავალძარღვას ქორფა ფოთლები, დაჭერით წვრილად და მოსრისეთ. გადაწურეთ და მიღებულ წვენს დაუმატეთ იმავე ოდენობის თაფლი. ჭურჭელს დაახურეთ თავსახური და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით.

 

გვირილა - ღრძილების მკურნალი

დიდი ხანია მაწუხებს პირის ღრუს პრობლემები, განსაკუთრებით - მწარე ან მჟავე საკვების მიღების შემდეგ. დღეს სტომატოლოგთან მისვლა, მოგეხსენებათ, ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ჩემს პრობლემებს გვირილის ნაყენით ვაგვარებ, რომელიც ტკივილსა და დისკომფორტს საგრძნობლად მიმსუბუქებს.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი გვირილა, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 2 საათს გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 2-4-ჯერ, ჭამის შემდეგ.

 

ვარიკოზულ ვენებს ახალი პომიდორი უხდება

დათბება, დაიწყება მინდვრის სამუშაოები და ვენებიც მახსენებს თავს: ფეხები მისივდება, მიჩნდება კვანძები და მოლურჯო ლაქები. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ჩემს გარდა სხვებმაც გამოსცადეს და მოიწონეს.

  • აიღეთ ახალი პომიდორი, დაჭერით რგოლებად და დაიწყვეთ გაგანიერებულ ვენებზე. გაიჩერეთ, ვიდრე წიწკნას არ დაგიწყებთ. შემდეგ მოიშორეთ და ფეხები გრილი წყლით დაიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი დაცხრება და ლურჯი ლაქები გაქრება.

ამ რეცეპტის გამო ბევრი მემადლიერება. დარწმუნებული ვარ, თქვენც გიშველით.

 

ზაფხულში ფეხების შეშუპებას სელი და შავბალახა შველის

ჭარბი წონა ნამდვილად არ მაწუხებს, არც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე დაავადება მჭირს, მაგრამ აი, უკვე რამდენიმე წელია, ფეხების შეშუპება სერიოზულ პრობლემად მექცა. ზაფხულის მოსვლას ყოველთვის უსიამოვნოდ ვხვდები, რადგან ვიცი, ცხელი ამინდების დადგომისთანავე ფეხები ისე უნდა შემიშუპდეს, ღია ქოშების გარდა ვერც ერთ ფეხსაცმელში ვეღარ ჩამეტიოს. დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, რომ ხალხურ მედიცინას ცხელი ამინდების თანამდევი ფეხების შეშუპების სამკურნალო რამდენიმე მეტად ეფექტიანი რეცეპტი აქვს, რამდენიმე მათგანი თავად გამოვცადე და გაზაფხულის რამდენიმეწლიანი შიშის შემდეგ შვებით ამოვისუნთქე.

  • ხალხური მედიცინა ქვედა კიდურების შეშუპების დროს სელის თესლის ნახარშის დალევას გვირჩევს, რომელიც ასე უნდა მომზადდეს: 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათი დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ. გემოს გამოსაკეთებლად შეგიძლიათ ნახარშს ლიმონის წვენი დაამატოთ. უნდა მიიღოთ ცხელი, ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

ამავე მიზნით კარგია შავბალახას ნაყენისა და თირკმლის ჩაის დალევა. ამ ორი მცენარის ნაყენი შესანიშნავად დევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აქრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს.

მის მოსამზადებლად აიღეთ ამ ორი მცენარის ნარევი 5 გრამის ოდენობით და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, შეათბეთ 5 წუთი წყლის ორთქლის აბაზანაზე, გააჩერეთ 4 საათი თერმოსში.

მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე. კურსი 2 კვირიდან ორი თვემდეა.


 

დახეთქილი ქუსლების მწვანე მკურნალები

თუ ქუსლებზე კანი ძლიერ გაუხეშდა და გარქოვანდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ მისი ზედა შრე კვდება. ამ დროს საპნიან და სოდიან აბაზანაში დარბილების შემდეგ მაკრატლით ან რაიმე ბასრი საგნით მოიცილეთ კანის მკვდარი შრე და ქუსლებზე ახალი მწვანე ხახვის საფენი დაიდეთ.

ახალი მწვანე ხახვის საშუალო ზომის თავი რამდენიმეჯერ ჩაუშვით მდუღარე წყალში და მაშინვე ამოიღეთ, გაჭერით შუაზე და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, ზემოდან ცელოფანი დააფინეთ, შეიხვიეთ დოლბანდით და მთელი ღამით გაიჩერეთ.

დილით ხახვის ნარჩენები მოიცილეთ, ქუსლი სპეციალური ქვით საგულდაგულოდ გაიხეხეთ და ხელის წრიული მოძრაობით შეიზილეთ რომელიმე მკვებავი მალამო. 2-3 ასეთი პროცედურა საკმარისია, რომ ქუსლებზე კანი რბილი, ნაზი და გლუვი გახდეს.

ქუსლების დასარბილებლად შეგიძლიათ სიმინდის ზეთი გამოიყენოთ - ის ძილის წინ უნდა წაისვათ, ზემოდან ცელოფანი დააფაროთ, დოლბანდით შეკრათ და დილამდე დაიტოვოთ.

დილით, აბაზანის შემდეგ, გაისუფთავეთ ქუსლები, მოიცილეთ კანის მკვდარი უბნები და მალამო წაისვით. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე. ორი კვირის შემდეგ ქუსლები ატლასივით გლუვი, სრიალა და ნაზი გახდება.

არანაკლებ ეფექტიანია გარგარის ნიღაბი. ის ადვილი მოსამზადებელია: დაჭყლიტეთ 2 ცალი მწიფე გარგაი ჩანგლით ან დანით, დაამატეთ ორი წვეთი მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი, საგულდაგულოდ აურიეთ და 3 წუთით გააჩერეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. თბილი ნიღაბი დაიდეთ ქუსლებზე, ზემოდან კვლავ პოლიეთილენის ცელოფანი დააფარეთ და დოლბანდი შემოიხვიეთ.

ნიღაბი 20 წუთით უნდა გაიჩეროთ, შემდეგ ფეხები დაიბანოთ ცივი წყლით, ამის შემდეგ კი სასურველია, ქუსლებზე მკვებავი კრემი წაისვათ.

 

ასისთავა აუცილებლად გიშველით

ჯერ კიდევ ბებიაჩემისგან ვიცოდი, რომ ასისთავას ბალახის ნაყენსა და ნახარშს ჩვენი წინაპრები წარმატებით იყენებდნენ როგორც მადის მომგვრელ საშუალებას. იგი რგებდა როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, ამიტომ როდესაც მოგვიანებით თავად გავხდი ბებია და ჩემი უფროსი შვილიშვილი დიდი უმადო ვინმე გამოდგა, სწორედ ბებიას რეკომენდებულმა ასისთავამ მიშველა. მადის მოსაგვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ ერთნაირი წარმატებით გამოიყენება ასისთავას როგორც ნაყენი, ისე ნახარში და სპირტიანი ნაყენი.

  • ნაყენი: 1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ ნახევარი საათით. გაწურეთ. უნდა დაილიოს 1 სადილის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • ნახარში: 2 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასისთავას ნახარში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, დიზენტერიის, დისპეფსიური მოვლენების, მეტეორიზმის, გულძმარვისა და პირღებინების დროს.

  • ასისთავას სპირტიანი ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, გაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

 

ბალზამი მოაგარაკეთათვის

ავადმყოფი ნამდვილად არ მეთქმის, მაგრამ საკმარისია, სახლს, ჩვეულ გარემოს მოვცილდე და დასასვენებლად თუნდაც ქალაქგარეთ, სადმე თბილისის სიახლოვეს გავიდე, რომ მაშინვე რაღაცები მემართება, ხან გულის აჩქარებული ძგერა მაშინებს, ხან გულმკერდის ტკივილი მაფორიაქებს. 4-5 დღე რომ უძილობა მტანჯავს, ამაზე აღარაფერს ვამბობ... ჩემი შვილები ყველაფერს აკლიმატიზაციით ხსნიდნენ. გასულ წელს შვებულების შემდეგ ექიმთან ვიზიტმაც დამარწმუნა ამაში და მათი რჩევით აკლიმატიზაციის გასაადვილებელი ნაყენების სმა დავიწყე. მოგვიანებით შევიტყვე, რომ მათი დალევა უსიამოვნო სიმპტომების ჩასაცხრობად ნებისმიერ დროს შეიძლებოდა.

  • გულმკერდის არეში ტკივილების, უძილობისა და ფორიაქისგან გვირილის, კამის თესლის, პიტნისა და კატაბალახას ფესვების ნაყენმა მიხსნა. ნაყენის მოსამზადებლად თითოეული მათგანი თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოთ. 10 გრამ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთით თბილი წყლის აბაზანაში ჩადგით, შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დილა-საღამოს, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. სასურველია, 3-4 კვირა მაინც.
  • აჩქარებული გულისძგერა კატაბალახას ფესვმა და შავბალახამ დამიწყნარა. ამ ორი მცენარის 15 გრამს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გაათბეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთით. დააყენეთ 45 წუთს და გაწურეთ. სვით ჭიქის მეოთხედი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 3-4 კვირის განმავლობაში.