ფსიქოლოგის რჩევები პირველკლასელთა პრობლემების დასაძლევად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგის რჩევები პირველკლასელთა პრობლემების დასაძლევად

მშობლები ბავშვებზე მეტად ღელავენ: რომელ სკოლაში აჯობებს შვილის მიყვანა, როგორ შეეგუება ის ახალ გარემოს, თანაკლასელებს, პედაგოგებს, როგორ მოერგება სასწავლო პროცესს, როგორ ისწავლის? მღელვარება და წუხილი ათმაგდება, როდესაც "დიდი იმედები" ინგრევა, მომავალი, ლამაზ ფერებად რომ გვესახებოდა, ხუნდება, ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც უფროსებს ეგონათ და სურდათ... ამ საკითხებზე გვესაუბრება და მათ მოსაგვარებლად პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ჟურნალისტი და ფსიქოლოგი ნანა კალანდაძე.

- ქალბატონო ნანა, თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით, თავის დროზე საქართველოს განათლების სამინისტროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრშიც მუშაობდით, ამიტომ, ბუნებრივია, კარგად იცნობთ იმ პრობლემებს, რომლებიც სკოლისა და ბავშვის ურთიერთობას, საზოგადოდ, სასწავლო პროცესს ახლავს თან. ყველაზე ხშირად რა სირთულეები იჩენს თავს ბავშვის სკოლაში მისვლის დროს და რატომ?

- ბავშვის სკოლაში მისვლა, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მომენტია ოჯახის ცხოვრებაში. ამ დროს მშობლები უფრო მეტად ღელავენ - მათ ხომ ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, რა რთული გზის გავლა ელის მათ პატარას. ნეიროფსიქოლოგების აზრით, სკოლაში ბავშვის ქცევა და აკადემიური მოსწრება მისი ტვინის მუშაობას ეფუძნება. ამრიგად, ყველა ის სირთულე, რომელსაც პედაგოგები ხშირად სიზარმაცეს ან უდისციპლინობას მიაწერენ, იმის ბრალია, რომ ტვინის განსაზღვრული უბნები ვერ უმკლავდება ბავშვისთვის წაყენებულ მოთხოვნებსა თუ დატვირთვას. მიზეზი მრავალია. უმეტესად ბრალი მიუძღვის ფუნქციურ დარღვევებს, ტვინის ზოგიერთი ზონის არასაკმარის განვითარებას. მეორე მიზეზი ტვინის დაავადებით ან თავის ქალას ტრავმით გამოწვეული ორგანული დაზიანებები გახლავთ, თუმცა ასეთი ბავშვები, როგორც წესი, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათთან სპეციალისტები მუშაობენ. უნდა ითქვას, რომ ტვინის პრობლემებს აღრმავებს სწავლების თანამედროვე, დაჩქარებული რიტმი. ნეგატიურ როლს ასრულებს მშობლების ფაქტორიც - პატივმოყვარეობისა თუ ზღვარგადასული შფოთვის გამო ბავშვს ხშირად დამატებით მეცადინეობას აიძულებენ, ჭარბ დატვირთვას კი ნერვული სისტემის გადაძაბვამდე მივყავართ.

- რა პრობლემას აწყდებით ყველაზე ხშირად სასკოლო ცხოვრებაში, რას უჩივიან ყველაზე ხშირად მშობლები?

- ბავშვების ნაწილი მერყევი, არამდგრადი ყურადღებით გამოირჩევა. ზოგიერთი მათგანი სწრაფად იღლება, იოლად ეცვლება გუნება-განწყობა, ხშირად ჭირვეულობს, გაღიზიანებულია, დიდხანს ვერ ახერხებს ჩაძინებას. თუ ასეთი ბავშვების ანამნეზს გულისყურით შევისწავლით, ადრეული ასაკიდანვე აღმოვაჩენთ ძილისა და მადის პრობლემებს, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებას, იმუნიტეტის დაქვეითებას. სკოლაში ეს ბავშვები მხოლოდ პირველ ორ გაკვეთილს უძლებენ, მერე კი მათი შრომისუნარიანობა მკვეთრად ეცემა. რვეულებში ჩნდება `სულელური შეცდომები~. ბავშვი ვერ იმახსოვრებს დავალებას, რომელიც ეს-ეს არის მისცეს, ხშირად ინერტულია, დაფასთან იბნევა, ისე გამოიყურება, თითქოს გაკვეთილს არც კი ესწრებოდა, რვეულში ჩნდება უსუფთაო და უწესრიგო ნაწერები. არც მშობლების მხარდაჭერას მოაქვს შედეგი, რის გამოც მშობლების აღშფოთება და წუხილი პიკს აღწევს.

- რისი ბრალია ეს?

- საქმე ის არის, რომ ბავშვის ტვინში ყველაზე ადრე ყალიბდება სიღრმისეული განყოფილებები, ე. წ. ქერქქვეშა და ღეროვანი სტრუქტურები, რომლებიც ბავშვის დაბადების მომენტისთვის, თეორიულად, თითქმის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. ეს განყოფილებები უზრუნველყოფს ტვინის ქერქის ენერგეტიკულ ტონუსს (მაშასადამე, ხელსაყრელ ფონს ქმნის თავის ტვინის მუშაობისთვის) და ხელს უწყობს ორგანიზმის ყველა სისტემის რიტმულ მუშაობას. ორსულობის არასასურველი მიმდინარეობა, რთული მშობიარობა, ჩვილ ასაკში გადატანილი დაავადებები, პირველ რიგში, თავის ტვინის სიღრმისეულ განყოფილებებს ვნებს, ამიტომ მათ მუშაობაში სხვადასხვა სახის დარღვევისას შეიძლება აღმოვაჩინოთ ე. წ. დამჯდარი ელემენტის სინდრომი. კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი ამ სინდრომის ნაწილებია.

- როგორ მოიქცნენ ასეთ დროს მშობლები?

- კონსულტაციისთვის მიმართონ ბავშვთა ფსიქონევროლოგს. ის, ალბათ, დანიშნავს მედიკამენტურ მკურნალობას, რომელშიც ჭარბად იქნება ვიტამინები. გარდა ამისა, ორგანიზაცია უნდა გაუკეთდეს ბავშვის ყოფა-ცხოვრებას, დღის რეჟიმი ზედმიწევნით უნდა იქნეს დაცული. სკოლის შემდეგ ბავშვმა აუცილებლად უნდა დაისვენოს (უმჯობესია, დაიძინოს) და მხოლოდ ამის შემდეგ იმეცადინოს. დავალება უნდა შეასრულოს იმავე დღეს, როცა მიიღებს. ძილის წინ უნდა მოვარიდოთ მოძრავ თამაშებს, ტელევზორს, კომპიუტერს, რათა მისმა ნერვულმა სისტემამ მოდუნება და დასვენება შეძლოს. სპორტის სახეობებიდან ასეთი ბავშვებისთვის რეკომენდებულია უშუ, ცურვა და ცეკვები.

- ზოგიერთ პირველკლასელს საშინაო დავალება ავიწყდება, ამიტომ ხშირია ასეთი პრაქტიკა: დაწყებითი კლასის მასწავლებელი გაკვეთილების ბოლოს მშობლებს უცხადებს მეორე დღისთვის მიცემულ საშინაო დავალებებს ან თითოეულ მოსწავლეს უნიშნავს რვეულში. ზოგიერთი პატარა თავს იმით იმართლებს, რომ მასწავლებელი ჩქარა ან გაურკვევლად მეტყველებს... ასეა თუ ისე, ფაქტია - ახალი გარემოცვა, უჩვეულო სასწავლო პროცესი პირველკლასელის ნერვულ სისტემას დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას აყენებს...

- საზოგადოდ, მშობლებმა თვალყური უნდა ადევნონ ბავშვის ქცევას, ყურადღება მიაქციონ იმას, რომ პატარა რაღაცას ვერ იგებს, რაღაც ავიწყდება, ყურადღება ეფანტება. გადამეტებული ეჭვიანობა არ არის საჭირო; უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ყურადღება მიექცეს ბავშვის თავისებურებებს, რომლებსაც მუდმივი და აშკარად გამოხატული ხასიათი აქვს, რომლებიც ხელს უშლის თავად ბავშვს, იცხოვროს ჩვეულ პირობებში და შეეგუოს ახალ გარემოს. ისიც საყურადღებოა, რომ თითოეული ისე წერს, როგორც ესმის. სასკოლო ცხოვრებაში ხშირად ვეჯახებით სირთულეებს, რომლებიც თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს საფეთქლის ზონის განუვითარებლობას უკავშირდება. მარცხენა ნახევარსფერო განსაზღვრავს ადამიანის ფონემატიკურ სმენას (სიტყვიდან `ფონემა~ - სამეტყველო ბგერა), პასუხს აგებს მეტყველების აღქმაზე. ამ ნახევარსფეროს საფეთქლის ზონების განუვითარებლობის შემთხვევაში ბავშვი ერთმანეთში ურევს სიტყვებს, რომლებიც ერთნაირად ჟღერს; ჭირს ცალკეული სიტყვების გარჩევა მეტყველებით ნაკადში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი სწრაფად ლაპარაკობს. მინდა, ვუთხრა მშობლებს: ნუ აურევთ ერთმანეთში სმენის სიმახვილის დაქვეითებას და ფონემატიკური სმენის განუვითარებლობას. თუ ეჭვი გაგიჩნდათ, აუცილებლად აჩვენეთ ბავშვი სპეციალისტს. ბავშვი, რომელსაც ფონემატიკური სმენის უკმარისობა აქვს, ხშირად ჩივის, რომ მასწავლებელი კლასში გაუგებრად, სწრაფად ან ჩუმად ლაპარაკობს, სხვა ბავშვები კი ხმაურობენ და ამიტომ მას ცუდად ესმის. მეტყველების არამკვეთრი აღქმის მქონე ბავშვები თანამოსაუბრეს ხშირად ამეორებინებენ ნათქვამს, ზოგჯერ მაშინვე არ რეაგირებენ მიმართვაზე ან ძახილზე, კარნახში უამრავი შეცდომა მოსდით. ისინი ერთნაირად მჟღერ ბგერებს ერთმანეთში ურევენ, ვერ ახერხებენ ინტონირებას, ვერ ამჩნევენ სასვენ ნიშნებს, ერთი სიტყვით, არასრული აღქმის გამო სწორად ვერ გადმოსცემენ წაკითხულ ან მოსმენილ ტექსტს.


- რა იღონონ ამ შემთხვევაში მშობლებმა?

- უპირველეს ყოვლისა, ბავშვს არ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მღელვარება; ვესაუბროთ მშვიდად, ნელა, სიტყვები წარმოვთქვათ მკაფიოდ, გასაგებად. თუ ბავშვმა მაინც ვერ გაიგო ნათქვამი, ნელა და მშვიდად გავუმეოროთ. აჩვენეთ ბავშვს სწორი მეტყველების მაგალითი: ხმამაღლა უკითხეთ მარტივი ლექსები, ზღაპრები და მოთხრობები, ატარეთ თეატრში, მასთან ერთად უყურეთ მულტიპლიკაციურ ფილმებს. მეცადინეობის დროს გამოიყენეთ მხედველობითი და ტაქტილური აღქმის საშუალებები. გაარჩიეთ რთული ბგერები, გამოძერწეთ ისინი პლასტილინისაგან, შეადგინეთ ჩხირებისგან. დააკვირდით და ბავშვსაც გაამახვილებინეთ ყურადღება იმაზე, რით ჰგვანან ერთმანეთს ან რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ასოები, წარმოთქვით ის ბგერები, რომელთა აღქმაც ბავშვს ყველაზე მეტად უჭირს. უმჯობესია ამის გაკეთება სარკის წინ. იმსჯელეთ იმაზე, როგორ მოძრაობენ ტუჩები, ლოყები და ენა. ამოხსენით კროსვორდები. ითამაშეთ სიტყვებით: წარმოთქვით 3-5 ბგერისგან შემდგარი სიტყვა და ჰკითხეთ ბავშვს, რამდენი ბგერაა მასში, რომელია პირველი ბგერა, რომელი - ბოლო; მოიგონეთ სიტყვები, შეადგინეთ მარცვლები, რომლებიც გარკვეული ბგერებით იწყება და მთავრდება.

- ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, აუცილებელია თუ არა, სწავლის დაწყებამდე ბავშვმა ბაღში იაროს? განსხვავდებიან თუ არა იზოლირებულად, მხოლოდ ოჯახურ გარემოს მიჩვეული პირველკლასელები იმ ბავშვებისგან, რომლებიც სკოლამდე ბაღშიც დადიოდნენ?

- ბაღი ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ჩამოყალიბებაში. საბავშვო ბაღში პატარა იძენს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებას, გამოიმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს. ბავშვი ბაღში თანატოლებთან თანაბარ პირობებში იმყოფება, ეჩვევა მაგიდასთან მათ გვერდით ჯდომას, პედაგოგთან ურთიერთობას, მის მოსმენას, მისი კითხვების გააზრებას, პასუხის გაცემას. თუ ამას ერთვის მიზანმიმართული მეცადინეობები წიგნთან, ფურცელთან, ფანქართან, საწერ კალამთან ურთიერთობის ჩვევის გამოსამუშავებლად, კიდევ უკეთესი - ყველა ეს ჩვევა შემდგომ ბავშვს სკოლაში გამოადგება. არის ოჯახები, სადაც მიაჩნიათ, რომ საბავშვო ბაღში სიარული აუცილებელი არ არის. ასეთ ოჯახებში მშობლები ცდილობენ, პატარას თავად ასწავლონ წერა-კითხვა, ანგარიში, ხატვა, განუვითარონ სხვადასხვა უნარ-ჩვევა, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ოჯახში სულ სხვა გარემოა. სახლში ბავშვი თავისუფალია, მას თავს ევლებიან დედ-მამა, ბებია-ბაბუა, რაც მთავარია, სახლში არ არის ის მიკროსოციუმი, რომელიც ბავშვს ბაღში, მერე კი სკოლაში ხვდება. პირველკლასელის რეჟიმი და ცხოვრება სრულიად იცვლება. ბავშვი სკოლაში გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილოს, მერხიდან უნებართვოდ ვერ ადგება, საკლასო ოთახიდან ვერ გავა. ის პატარები, რომელთაც ბაღში სიარულის გამოცდილება აქვთ, შეჩვეულები არიან ამას და სკოლაში მისულებს მათი შესრულება არ ეძნელებათ, `ოჯახის~ ბავშვებს კი ამ წესებთან შეგუება ხშირად უჭირთ, თავისუფლების შეზღუდვის გამო იძაბებიან. ასეთი ბავშვები ხშირად ტირიან, სკოლაში დარჩენა არ სურთ. თუმცა ისეც ხდება, რომ, ბავშვებთან ურთიერთობას მოწყურებულნი, მეტი ინტერესით ხვდებიან ახალ გარემოს. ერთი რამ გვახსოვდეს: თუ ბავშვმა ახალ გარემოზე მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოამჟღავნა, ძალდატანება არ შეიძლება; პატარა სკოლას ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა შევაგუოთ.

- ბავშვები ზოგჯერ ნაადრევად, ხუთი წლის ასაკში შეჰყავთ სკოლაში. როგორია ამ საკითხისადმი თქვენი როგორც ფსიქოლოგის დამოკიდებულება?

- ყოველი ბავშვი განვითარების განსაზღვრულ ეტაპებს გაივლის. თითოეულ საფეხურზე ხდება მისი როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური მომწიფება. რაც მთავარია, ამ მომწიფების დონე და სიჩქარე ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალურია. მთავარია, ბავშვი სკოლისთვის ფსიქოლოგიურად და ინტელექტუალურად მოემზადოს. ამიტომ მისი სკოლაში მიყვანა, ალბათ, 6 წლის ასაკისთვის უფრო მიზანშეწონილია. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველაფერი ინდივიდუალურია - ზოგიერთი ბავშვი ხუთი წლის ასაკშიც შესანიშნავად ართმევს თავს სასკოლო მოთხოვნებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სკოლაში ბავშვს, გარდა თანატოლებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობისა, კიდევ ერთი სიახლე ელის - სწავლის პროცესი. ზოგი დიდი ინტერესითა და სიხარულით ხვდება ამ პროცესს, ზოგს კი ექვსი წლის ასაკშიც უჭირს თამაშიდან სწავლაზე გადასვლა. ბევრი მშობელი ძალას ატანს ბავშვს. ასეთი რამ დაუშვებელია - შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს და ბავშვს თავიდანვე შესძულდეს სწავლა. პირველკლასელი თამაშის ასაკიდან ჯერ არ არის გამოსული და მისთვის მკაცრი რეჟიმი დამტანჯველია.

- ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა 7-8 წლისთვისაც ვერ გამოვიდეს თამაშის ასაკიდან. როგორ მოვიქცეთ?

- ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს თამაშისა და სწავლის შერწყმა. ბავშვს თანდათანობით უნდა გავაცნობიერებინოთ, რა არის სწავლა, რა არის დავალება, ავუხსნათ, რომ ეს მისი ახალი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. სწავლის შემდეგ ბავშვი უნდა დავასვენოთ, გართობის საშუალება მივცეთ, გაუთავებელი ჩიჩინითა და დაჟინებული მოთხოვნით სწავლისადმი უარყოფითი განწყობა არ უნდა გავუჩინოთ. იმას, რომ დავალების შესრულება აუცილებელია, თანდათანობით უნდა მივაჩვიოთ, მივახვედროთ. დიდი ტაქტიკით უნდა ავუხსნათ შეფასების არსიც - ის, რომ ნიშნით აფასებენ, რამდენად კარგად შეასრულა მან დავალება, რამდენად კარგად მოამზადა გაკვეთილი. ყოველივე ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვი არ დაითრგუნოს, პირიქით, ინტერესით აღიქვას ყველა სიახლე. მშობლები ხშირად თავიდანვე თრგუნავენ პირველკლასელებს. ზოგიერთი აშინებს კიდეც ბავშვს ან კიდევ დაპირებებს აძლევს, რათა უკეთესი ნიშნების მისაღებად წააქეზოს. ეს ცუდი მეთოდია. ცხადია, ყველას სურს, მისი შვილი წარმატებული, წარჩინებული იყოს, მაგრამ ამისთვის მუქარა და მოსყიდვა არ გამოდგება; საჭიროა, ბავშვს შრომის, საკუთარ თავზე მუშაობის ჩვევა გამოვუმუშაოთ, სწავლის სიყვარული, მისდამი ინტერესი გავუღვივოთ. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მშობლები პედაგოგების მსგავსად, რთული ამოცანის წინაშე დგანან, სასწავლო პროცესთან პირველკლასელთა შეგუება, საზოგადოდ სკოლისადმი მათი დამოკიდებულების ფორმირება მნიშვნელოვანწილად მათზეც არის დამოკიდებული.