ხერხემლის პათოლოგიები მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემლის პათოლოგიები მკურნალობა და პროფილაქტიკა

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი-ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ლევან თოფურიძე.

- ბატონო ლევან, საუბარი ოსტეოქონდროზით დავიწყოთ. როგორ ვითარდება ეს დაავადება?

- ოსტეოქონდროზი ხერხემლის სვეტის ქრონიკული დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა. უბრალო ენით, ეს გახლავთ მარილების დაგროვება ხერხემლის სვეტში. მარილებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ოსტეოქონდროზის დროს ხერხემლის მალებზე ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები. სწორედ ამას ეძახის ხალხი მარილებს.

ტერმინი ოსტეოქონდროზი უმთავრესად საბჭოთა კავშირში იყო გავრცელებული. ახლა ამ დაავადების აღსანიშნავად მთელ მსოფლიოში გავრცელებულ ტერმინს სპონდილოზს ვიყენებთ.

ხერხემალი ძალიან რთული, მრავალკომპონენტიანი კონსტრუქციაა. ხერხემლის ძირითადი სტრუქტურები, რომლებსაც სპონდილოზი მოიცავს, არის მალათაშუა დისკები, მალათაშუა სახსრები და იოგოვანი აპარატი. ცვლილებები ორგანიზმში ახალგაზრდობიდან, ზოგჯერ 25-30 წლიდანაც კი იწყება. წესისამებრ, პროცესი მალათაშუა დისკებიდან იღებს სათავეს. თანდათანობით ხდება მათი დეჰიდრატაცია ანუ გამოშრობა, გაუწყლოება. საქმე ის არის, რომ ამ ასაკში დისკებს უკვე აღარ გააჩნია საკუთარი მკვებავი სისხლძარღვი, - ეს უკანასკნელი იხშობა, - და, ფაქტობრივად, აღარ მიეწოდება სისხლი. საჭირო საკვები ნივთიერებები მათში მხოლოდ დიფუზიის ხარჯზე შედის. ამის გამო დისკები თანდათანობით შრება. ამით იწყება ცვლილებათა კასკადი, რომელიც ძალიან ნელა, დუნედ მიმდინარეობს და საბოლოოდ სპონდილოზის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. გამოშრობა-გაუწყლოების გამო დისკები თანდათანობით დაბლდება, მარტივად რომ ვთქვათ, მალები ერთმანეთზე ჯდება. ამის შედეგად იმატებს მათი ერთმანეთის მიმართ ძვრადობაც. მართალია, სულ ოდნავ, - მილიმეტრებით ან მილიმეტრის მეათედებით, - მაგრამ ხერხემლის ის სეგმენტი სტაბილურობას მაინც კარგავს, სტაბილურობის დაკარგვა კი მალათა შორის არსებულ სახსრებში მეორეულ ცვლილებებს იწვევს (ყოველი ორი მეზობელი მალა ერთმანეთთან ხერხემლის მალათაშორისი სახსრით არის დაკავშირებული).

სპონდილოზის დროს ქრონიკული დეგენერაციული ცვლილებები მოიცავს მალათაშორის სახსრებსაც, ვითარდება სპონდილოართროზი - მალათაშორისი სახსრების ქრონიკული დეგენერაციული პროცესი, რომელიც სპონდილოზის შემადგენელ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. ყოველივე ამას შეიძლება მოჰყვეს სპონდილოზის სხვა გამოვლინებებიც, მათ შორის - მალათაშუა დისკის თიაქარი. ამ დროს გაუწყლოებული დისკის კაფსულის მთლიანობა ირღვევა, მისი შიგთავსი, პულპოზური ბირთვი, ხერხემლის არხში გამოდის და იქ არსებულ სტრუქტურებს, ზურგის ტვინს ან რომელიმე ნერვს აწვება. დროთა განმავლობაში მალათა შორის ძვრადობის მომატების გამო შესაძლოა განვითარდეს ეგრეთ წოდებული ქვეამოვარდნილობები ანუ ლისთეზი. ამის საკომპენსაციოდ ორგანიზმი მალებზე წარმოქმნის ძვლოვან წანაზარდებს - ოსტეოფიტებს. დიახ, თანამედროვე შეხედულებისამებრ, მათი არსებობა თავად ორგანიზმს სჭირდება, რათა ხერხემალი უფრო უკეთ დააფიქსიროს - მალებს შორის ძვრადობა შეამციროს და ამოვარდნილობისგან თავი დაიზღვიოს, თუმცა ეს წანაზარდი შესაძლოა ისეთ ადგილას წარმოიქმნას ან ისეთი ზომისა იყოს, რომ თავად გამოიწვიოს პრობლემა - მიაწვეს ზურგის ტვინს ან რომელიმე ნერვს.

- როგორ ვლინდება ოსტეოქონდროზი, როგორია მისი კლინიკური ნიშნები?

- ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი, უნივერსალური გამოვლინება ლოკალური ხასიათის ტკივილი გახლავთ. ოსტეოქონდროზი, წესისამებრ, მოიცავს ხერხემლის ყველა სეგმენტს: კისრისასაც, გულმკერდისასაც და წელისასაც, - მაგრამ ხშირად რომელიმე მათგანში უფრო მეტად არის გამოხატული, შესაბამისად, პაციენტსაც ის ადგილი უფრო მეტად აწუხებს.

- მაშასადამე, ტკივილი იმ ადგილას აღმოცენდება, სადაც ოსტეოქონდროზია ჩამოყალიბებული?

- მოდი, წელით დავიწყოთ. ტკივილი პატარა, შემოფარგლულ უბანზე არ ლოკალიზდება - უმეტესად წელის თითქმის მთელ მიდამოს მოიცავს. გარდა ამ ლოკალური ტკივილისა, ხშირად ჩნდება გადაცემითი ხასიათის ტკივილი ქვედა კიდურებში. ტკივილი ზოგჯერ ორმხრივია, უფრო ხშირად კი ცალმხრივი - გააჩნია, ხდება თუ არა ზეწოლა ნერვებზე. ტკივილის გადაცემის ზუსტი ადგილი იმაზეა დამოკიდებული, რომელი ნერვი გაიჭყლიტება.

ყველაზე ხშირად ეს პრობლემა ყველაზე ქვევით მდებარე ნერვებში, წელის მეოთხე და მეხუთე მალათაშორის სივრცეში იჩენს თავს. ამ დონიდან გამომავალი ნერვული ფესვები საჯდომი ნერვის ფორმირებაში მონაწილეობენ. შესაბამისად, ამ დროს ტკივილი გადაეცემა ფეხში, მის უკანა ან გვერდით ზედაპირზე.

- მაშასადამე, ოსტეოქონდროზმა შესაძლოა დისკოზი გამოიწვიოს, ხოლო დისკოზმა - იშიაზი, ესე იგი ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია?

- დიახ, როდესაც ადამიანი მოდის ასეთი ჩივილებით და ამბობს, რომ აწუხებდა წელის ტკივილი, რომელმაც გარკვეული ხნის შემდეგ ფეხში გადაინაცვლა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დაავადების პროცესში განვითარდა ზეწოლა ერთ-ერთ ნერვზე. ყველაზე ხშირი მიზეზი ამ ზეწოლისა (80-90%-ში) დისკის თიაქარია, თუმცა არც სხვა მიზეზების გამორიცხვა შეიძლება.

დისკის თიაქარი ფაქტობრივად ყოველთვის ოსტეოქონდროზის ფონზე ვითარდება: დისკი უნდა იყოს გამომშრალი, დაავადებული, რომ მასზე თიაქარი ჩამოყალიბდეს. ჯანსაღ დისკზე თიაქარი პრაქტიკულად არ ჩნდება. არსებობს ტრავმული თიაქრებიც, მაგრამ აბსოლუტურად ჯანსაღი დისკის თიაქარი ტრავმის დროსაც იშვიათია.

- ხომ შეიძლება, ხერხემალზე მხოლოდ ოსტეოფიტები იყოს და ეს იწვევდეს რომელიმე კლინიკურ სიმპტომს?

- შესაძლოა, ასეც იყოს, ნერვზე ზეწოლა სხვა რამემაც გამოიწვიოს, თუნდაც ოსტეოფიტმა. ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ნერვისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დისკის თიაქარი მიაწვება თუ ოსტეოფიტი.

- გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს უმეტესად რას უჩივიან?

- ძირითადი ჩივილი ამ დროსაც ლოკალური ტკივილია. გადაცემითი ტკივილი ნეკნთაშუა ნერვების გასწვრივ უფრო იშვიათია.

- ხშირად გამიგონია, მავანს ეგონა, რომ გული სტკიოდა, მაგრამ ოსტეოქონდროზი აღმოაჩნდაო.

- დიახ, ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. თუ დაზიანება ლოკალიზდება გულმკერდის მეოთხე-მეხუთე-მეექვსე სეგმენტების დონეზე და მარცხენამხრივია, ის ხშირად იწვევს გადაცემითი ხასიათის ტკივილს დაახლოებით გულის პროექციაში, ზოგჯერ საკმაოდ მწვავესაც, ისეთს, რომელიც გულის არეში იშემიური, სტენოკარდიული ტკივილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხშირია შემთხვევები, როცა ასეთი პაციენტები კარდიოლოგს მიმართავენ, გამოკვლევა კი ცხადყოფს, რომ ეს კარდიოლოგიური პრობლემა არ არის, ნამდვილი მიზეზი ხერხემალში იმალება. ეს არის გადაცემითი ტკივილები ხერხემლიდან გულის მიმართულებით ოსტეოქონდროზის ფონზე.


- გთხოვთ, კისრის ოსტეოქონდროზის შესახებაც გვესაუბროთ, ოღონდ მანამდე ერთ კითხვასაც დაგისვამთ: პროცენტულად რომელი ტიპის ოსტეოქონდროზი ჭარბობს?

- ყველაზე ხშირია წელის ოსტეოქონდროზი. მას კისრისა და გულმკერდისა მოჰყვება. კლინიკური გამოვლინებები კისრის ოსტეოქონდროზის დროს უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე წელის ოსტეოქონდროზის დროს. ეს იმიტომ, რომ წელის მალების დონეზე ზურგის ტვინი აღარ არის. უფრო სწორად, ზურგის ტვინი წელის პირველი მალის ქვედა კიდესთან მთავრდება, მის ქვემოთ კი მხოლოდ ნერვული ფესვებია. შესაბამისად, როცა დისკის თიაქარი წელის დონეზე ვითარდება, ერთადერთი, რასაც ის შეიძლება მიაწვეს, ნერვები გახლავთ. რაც შეეხება კისერს, იქ არის როგორც ცალკეული ნერვები, ასევე ზურგის ტვინიც, ამიტომ კისრის დონეზე განვითარებულ დისკის თიაქარს შეუძლია გამოიწვიოს ზეწოლა როგორც ცალკეულ ნერვულ ფესვზე, ასევე ზურგის ტვინზეც. გარდა ამისა, კისრის მალების გვერდით ზედაპირს ორივე მხარეს მიუყვება ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს კვებავს. კისრის ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა მოხდეს ოსტეოფიტების ზეწოლა ამ არტერიებზე. თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ყურების შუილი ძალიან ხშირად კისრის მალების ოსტეოქონდროზის გამოვლინებაა.

- ერთ-ერთი მკითხველი გვწერს: "შეიძლება თუ არა, კისრის ოსტეოქონდროზმა გამოიწვიოს წინამხრის ტკივილი ან საერთოდ მხრების ტკივილი?"

- დიახ, კისრის ოსტეოქონდროზმა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ტკივილი. წესისამებრ, ეს არის ტკივილი კისრის არეში, რომელიც ზედა კიდურის ამა თუ იმ ნაწილზე ვრცელდება. შესაძლოა, ეს იყოს წინამხარი, შესაძლოა, წინამხრის ან მხრის მიდამოს რომელიმე სეგმენტი. გააჩნია, რომელ ნერვზე ხდება ზეწოლა.

- აქვე მეორე მკითხველის კითხვაც: "ვარ 52 წლის ქალი. უკვე ორი თვეა, მტკივა წინამხარი. ტკივილი გადადის თითქმის იდაყვამდე. დღის განმავლობაში და საქმის კეთებისას ისე ძლიერ არ მტკივა, ღამით, წოლისას კი ხელის განძრევა საშინელ ტკივილს მაყენებს. გთხოვთ ამიხსნათ, რისი ბრალია ეს და რომელ სპეციალისტს მივმართო".

- როგორც უკვე მოგახსენეთ, კისრის ოსტეოქონდროზის ფონზე შესაძლოა თავი იჩინოს ზედა კიდურების ტკივილმა, ამიტომ ამ ქალბატონს ვურჩევდი, პირველ რიგში ნევროლოგისთვის მიემართა. ის ნევროლოგმა უნდა გასინჯოს, რათა გაირკვეს, არის თუ არა ეს ტკივილი ნეიროგენული ხასიათისა. თუ დადგინდა, რომ ტკივილი ნეიროგენულია, მაშინ შეიძლება ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევები, დაწყებული კისრის მალების რენტგენოგრაფიით და დამთავრებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, ხოლო თუ ტკივილი ნეიროგენული ხასიათისა არ აღმოჩნდა, მაშინ მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ. შესაძლოა, ეს კიდურის სახსრების ან ცალკეული კუნთის პრობლემაც იყოს.

კისრის ოსტეოქონდროზის კლინიკური სურათი, როგორც მოგახსენეთ, მრავალფეროვანია. ამ დროს მოსალოდნელია კეფის ნერვის ნევრალგია, რომელიც კეფის ძალიან ძლიერი მწვავე ტკივილით გამოიხატება. კისრის ზედა სეგმენტებიდან გამომავალი ფესვები კეფის ნერვის შექმნაში მონაწილეობენ და თუ პრობლემა ამ დონეზეა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილის გადაცემა არა ხელში, არამედ უფრო ზემოთ, კეფისკენ.

ყველაზე მძიმე და ყველაზე არასასურველი პათოლოგია, რაც კი შეიძლება განვითარდეს კისრის ოსტეოქონდროზის ფონზე, არის მიელოპათია - ზურგის ტვინის დაზიანება. დისკის თიაქრის ან ოსტეოფიტების განვითარებამ კისრის მალების დონეზე შესაძლოა გამოიწვიოს ხერხემლის არხის შევიწროება ამ მიდამოში, ზეწოლა ზურგის ტვინზე, რაც გაცილებით მძიმე და უსიამოვნო სიმპტომებით გამოვლინდება, ვიდრე, ვთქვათ, ხელის ტკივილია. კერძოდ, ფეხების სისუტით, პარეზით, კუნთების პათოლოგიურად მომატებული ტონუსით, რაც სიარულის დროს სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მგრძნობელობის მოშლა კისრის დონიდან ქვევით, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში - შარდვის ფუნქციის მოშლაც. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების დიაგნოსტირება ხშირად მეტისმეტად გვიან ხდება.

- იმდენი ნიშანი ჩამოთვალეთ, იმდენად მრავალფეროვანია ისინი, ბატონო ლევან, რომ დარწმუნებული ვარ, პაციენტები დიდხანს დადიან სხვადასხვა სპეციალისტთან, ვიდრე სწორ დიაგნოზს დაუსვამდნენ. რას უნდა მიაქციოს ასეთმა პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება, როდის უნდა მივიდეს ნეიროქირურგთან ან ნევროლოგთან?

- თუ, ვთქვათ, ადამიანს გარკვეული ხნის განმავლობაში აწუხებდა ლოკალური ტკივილი წელის ან კისრის არეში, რომელიც შემდეგ კიდურში გავრცელდა, ეს საკმაოდ საყურადღებო სიმპტომია და მან ნევროლოგს ან ნეიროქირურგს უნდა მიმართოს. როცა ტკივილი კიდურისკენ გადაინაცვლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაიწყო ზეწოლა რომელიღაც ნერვზე და შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა იყოს საჭირო. ყურების შუილმა სხვა, მაგალითად, თავად ყურის, დაავადებებისა და არტერიული წნევის მომატების დროსაც შეიძლება იჩინის თავი, მაგრამ ადამიანმა მაინც უნდა მიმართოს ნევროლოგს, რათა კისრის ოსტეოქონდროზი გამოირიცხოს. ელემენტარული ნევროლოგიური გასინჯვით, ანამნეზის შეკრებითა და სიმპტომების გაანალიზებით ძნელი არ არის იმის დადგენა, მიზეზი კისრის მალების ოსტეოქონდროზია თუ სხვა რამ. გარდა ამისა, დამატებითი გამოკვლევებით, თუნდაც იმავე კისრის რენტგენოგრაფიით თუ ხერხემლის არტერიების დოპლეროგრაფიული კვლევით, შესაძლებელია დაავადების ზუსტი დიაგნოზი დაისვას.


- აი, ხერხემლის პათოლოგიების დიაგნოსტიკის საკითხსაც მივადექით. დიაგნოსტიკის რომელი მეთოდები გამოიყენება ამ დროს?

- ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება დავადგინოთ ოსტეოქონდროზი, არის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა. რენტგენოგრამებზე ჩანს ძვლოვანი წანაზარდები, დისკების სიმაღლეში შემცირება, მალების ქვეამოვარდნილობა და სხვა. მაგრამ ხშირად უფრო დეტალური გამოკვლევისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ეს უკანასკნელი ყველაზე სრულყოფილია, რადგან ყველა სტრუქტურას აჩვენებს.

- როგორ მკურნალობენ?

- მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს: კონსერვატიული, ქირურგიული, ბალნეოლოგიური, ფიზიოთერაპიული, წყალქვეშა დაჭიმვები. ზოგჯერ მიმართავენ აკუპუნქტურასაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას უჩივის პაციენტი და რა კლინიკური გამოვლინება აქვს დაავადებას. აუცილებელია საქმეში თანამედროვე ნეიროვიზუალური კვლევის ჩართვაც. კონსერვატიული მკურნალობის დაწყებამდე მრტ-ით წინასწარ უნდა გამოირიცხოს ქირურგიული პათოლოგია.

- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ოსტეოქონდროზი ქრონიკული დაავადებაა. რამდენად იმედის მომცემია მკურნალობის შედეგები?

- ცვლილებები, რომლებიც ოსტეოქონდროზის დროს ხერხემალში ვითარდება, შეუქცევადია. მკურნალობის ფონზე ადამიანს შესაძლოა გაუქრეს ჩივილები და, ასე ვთქვათ, პროცესის პროგრესირება შეჩერდეს, მაგრამ მისი უკუგანვითარება და ხერხემლის პირვანდელ, ჯანსაღ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია. ბოლო ხანს ერთი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა: ოსტეოქონდროზი იმდენად გავრცელებულია, რომ მკვლევრები ფიქრობენ, ჩაითვალოს თუ არა ის დაავადებად, ხომ არ მიიჩნიონ ის, სიბერის მსგავსად, ასაკთან ერთად განვითარებულ ნორმის ვარიანტად, ასაკობრივ ცვლილებად და არა პათოლოგიად.

- მაინც რა უნდა იყოს მისი ესოდენ მასობრივი გავრცელების მიზეზი?

- ოსტეოქონდროზი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო საუკუნის განმავლობაში ძლიერ გახშირდა. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვების, ცხოვრების რეჟიმს... ჰიპოდინამიაც ხელს უწყობს ოსტეოქონდროზის განვითარებას. სხვათა შორის, დისკის თიაქრის წარმოშობაში თავიანთი წვლილი შეაქვთ ისეთ პროფესიებსაც, რომლებიც დიდხანს ჯდომას მოითხოვს: მძღოლებს, ბუღალტრებს, ოფისის მუშაკებს შედარებით ხშირად აქვთ დისკოგენური პრობლემები. პაციენტები, რომელთაც დისკის თიაქრის დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად ცდილობენ, დაადგინონ მისი მიზეზი, დაავადების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირება კი ძალიან ძნელია. ხშირად დისკის თიაქარი, ასე ვთქვათ, ცარიელ ადგილზე ვითარდება. ის 18-19 წლის გოგონასაც კი შეიძლება დაემართოს, რომელსაც ხუთ კილოგრამზე მეტი სიმძიმის ტვირთი არ აუწევია. აქ განსაზღვრულ როლს ასრულებს ამ დაავადებისადმი ორგანიზმის მიდრეკილება.

- პროფილაქტიკა, ალბათ, ჩამოთვილილი ფაქტორების საპირისპიროდ მოქცევას გულისხმობს...

- დიახ, ასეა. გარდა ამისა, უარი უნდა ვუთხრათ ჭარბ წონას, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მეტი დრო დავუთმოთ ფიზიკურ აქტიურობას და სხვა.

- ხერხემლის გამრუდებაზეც ვისაუბროთ...

- ხერხემალი სწორი არ არის. მას აქვს ფიზიოლოგიური, ბუნებრივი გამრუდებები. გვერდიდან რომ შევხედოთ, კისრისა და წელის მიდამოებში ის წინ არის გაზნექილი, - ამას ფიზიოლოგიური ლორდოზი ჰქვია, - გულმკერდის დონეზე კი ოდნავ უკან არის გამოდრეკილი, - ეს ფიზიოლოგიური კიფოზია. ეს არის ხერხემლის ბუნებრივი მდგომარეობა. გვხვდება შემთხვევები, როცა კისრის ან წელის ლორდოზი ზედმეტად არის გასწორებული. ამ დროს ადამიანს ტკივილი აწუხებს. შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის გამრუდება სხვა, მაგალითად, გვერდით სიბრტყეშიც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბავშვთა ასაკში სიმძიმის არასწორად განაწილების შემთხვევა: ალბათ შეამჩნევდით, რომ ბავშვებს, უმეტესად გოგონებს, ყოველთვის ერთი და იმავე მხრით ჩანთის ტარებისას ეს მხარი დაწეული აქვთ, მეორე კი აწეული.

სკოლიოზი არასწორმა ჯდომამაც შეიძლება გამოიწვიოს. მსუბუქი ხარისხის სკოლიოზი ბევრ ბავშვს აქვს, მაგრამ ზოგჯერ მისი მძიმე ფორმებიც გვხვდება, რომლებიც ქირურგიულ კორექციას საჭიროებს.

სკოლიოზი, არსებითად, გენეტიკური, თანდაყოლილი ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა არასწორი ჯდომა, სიმძიმის არათანაბარი განაწილება და ზოგიერთი სხვა ფაქტორები ხელს უწყობს მის გამოვლენას. ზოგჯერ ხერხემალი იმდენად არის გამრუდებული, რომ ადამიანს სიარულიც კი უჭირს. გარდა ამისა, გამრუდებული ხერხემალი ზოგჯერ მის შიგნით არსებულ სტრუქტურებს - ნერვებსა და ზურგის ტვინს - აწვება. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა საჭირო. რენტგენით ზუსტად ადგენენ სკოლიოზის ხარისხს.

მკურნალობა უმეტესად კონსერვატიულია. სკოლიოზს, წესისამებრ, ექიმი ორთოპედები მკურნალობენ, ნეიროქირურგებთან ასეთი პაციენტები იშვიათად ხვდებიან. მკურნალობა ზოგჯერ სპეციალური კორსეტის ტარებას გულისხმობს, ზოგჯერ ტარდება განსაზღვრული ტიპის ვარჯიშები. ბოლო ხანს საქართველოში ჩატარდა სკოლიოზის ქირურგიული კორექციაც. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხერხემლის სვეტზე მეტალის სპეციალურ ფიქსატორებს აყენებენ. ასეთ ოპერაციას განსაზღვრული ჩვენებები და შეზღუდვები აქვს. ის თხუთმეტიდან ოც წლამდე ასაკის პაციენტებს უტარდებათ.


- რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ სკოლიოზის პროფილაქტიკისთვის?

- საწოლი არ უნდა იყოს მეტისმეტად რბილი. ჩვეულებრივი მყარი მატრასი სავსებით საკმარისია. საჭიროა, ყურადღება მივაქციოთ ჯდომას, სიმძიმის განაწილებას. ბავშვმა უნდა მისდიოს სპორტს, ოღონდ არა ისე, რომ მხოლოდ ერთი ჯგუფის კუნთები იყოს განვითარებული; აუცილებელია ორგანიზმის ჰარმონიული განვითარება.

ხერხემლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი: რაც უფრო კარგად აქვს განვითარებული ადამიანს ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტი, მით უფრო ნაკლებია პრობლემა. ამ ყველაფერს ბავშვობიდანვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან მას შემდეგ, რაც ხერხემლის სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, რამის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

- ორიოდე სიტყვით სპონდილოართროზების შესახებაც ვისაუბროთ.

- ყველასთვის გასაგებ ენაზე სპონდილოართროზი მალათაშუა სახსრების ქრონიკული დეგენერაციული დაავადებაა. როგორც აღვნიშნე, ყოველ ორ მეზობელ მალას შორის არის წყვილი მალათაშუა სახსარი, რომლებითაც მალები ფაქტობრივად ერთმანეთზე ზის. სპონდილოართროზიც შეიძლება სპონდილოზის ერთ-ერთ გამოვლინებად, ერთ-ერთ კომპონენტად ჩაითვალოს. ამ დროს ხდება სახსრების ჰიპერტროფია, გადაგვარება, სასახსრე ჩანთების გასქელება.

სპონდილოართროზის მთავარი გამოვლინება ლოკალური ტკივილია. თუ დადგინდა, რომ ტკივილის მიზეზი მალათაშორისი სახსრების დაავადება ან მათი გადატვირთვაა, ზოგჯერ ტარდება ლოკალური პროცედურა - ბლოკადა კომპიუტერული ტომოგრაფიული კონტროლით: მალათაშუა სახსრების მიდამოში შეგვყავს ჯერ ნოვოკაინი და თუ ეფექტი მივიღეთ ანუ დადასტურდა, რომ ტკივილის მიზეზი მალათაშორისი სახსრებია, შემდეგ - ჰორმონი, ვთქვათ, დექსამეტაზონი. პროცედურა დაახლოებით ხუთ-ექვსთვიან შედეგს იძლევა.

მალათაშუა სახსრების პრობლემებს დეტალურად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ვიკვლევთ.

ხშირად ამ სახსრების გასქელება იმდენად ძლიერია, რომ ხერხემლის არხის შევიწროებას ანუ სტენოზს იწვევს. ეს ისეთი დაავადებაა, რომელზეც 15-20 წლის წინ საქართველოში ბევრი არაფერი იცოდნენ, იმიტომ, რომ კტ-ისა და მრტ-ის გარეშე მისი დიაგნოზის დასმა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

კიდევ ერთი საინტერესო სიმპტომი, რომელიც სხვა დაავადების დროსაც გვხვდება, არის ხანგამოშვებითი კოჭლობა. ამ დროს განსაზღვრული მანძილის გავლის შემდეგ ადამიანს ეწყება ქვედა კიდურების ტკივილი, რომელიც გაჩერებას აიძულებს. ხანგამოშვებითი კოჭლობის მიზეზი უმეტესად ორია: ერთი - ქვედა კიდურების სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (განსაკუთრებით ხშირად მწეველებს აქვთ ეს პრობლემა) და მეორე - წელის დონეზე ხერხემლის არხის შევიწროება (ამას სპინალურ ხანგამოშვებით კოჭლობას ვუწოდებთ). უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლოა მარტო ტკივილი არ იყოს გამოხატული. ხშირად ადამიანს განსაზღვრული მანძილის გავლის შემდეგ ქვედა კიდურები უბუჟდება, სისუსტე ეუფლება, რომელიც დასვენების შემდეგ გაივლის. ეს ხერხემლის არხის სტენოზის ტიპობრივი სიმპტომია.

- დაბოლოს, რა შეიძლება ვურჩიოთ ადამიანს ხერხემლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად?

- ცხოვრების აქტიური რეჟიმი, სპორტი, სიმპტომების გაჩენისას ექიმთან დროულად მისვლა და რადიოლოგიური კვლევების დროულად ჩატარება მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან. რაც უფრო მალე გაკეთდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია, რადგან ხერხემალში ოსტეოქონდროზის ფონზე შეიძლება ისეთი პრობლემა წარმოიშვას, რომლის სამკურნალოდ დღეებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.