რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
რა არის პლექსიტი
რა არის პლექსიტი

პლექსიტი - ნერვული წნულის დაზიანება - ათასი ახალშობილიდან საშუალოდ ორს აღენიშნება. ის შედეგია გახანგრძლივებული, მძიმე მშობიარობისა, რომელიც ხელოვნური ჩარევით მიმდინარეობს. გვესაუბრება ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე.


- რამდენნაირი პლექსიტი არსებობს?
- დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კისრის, მხრისა და კუდუსუნ-წელის მიდამოს პლექსიტს.


კისრის პლექსიტი
კისრის წნულს ქმნის კისრის ზემოთა თავზურგტვინის ნერვები (I-IV), რომელთა საშუალებითაც ხდება კისრის კანისა და კუნთების, ნაწილობრივ კი თავისა და დიაფრაგმის ინერვაცია. კისრის პლექსიტის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე, კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ინფექცია (გრიპი, ტუბერკულოზი, სიფილისი). კისრის არეში წარმოიშობა ტკივილი, უფრო ხშირად - წინა და გვერდით ზედაპირებზე, ასევე - ყურის მიდამოშიც. შესაძლოა განვითარდეს კისრის კუნთების დამბლა, დაზიანება ან დიაფრაგმის ნერვის დამბლა, რომელსაც მოჰყვება სუნთქვის დარღვევა, დიაფრაგმის მოძრაობის შეზღუდვა, არასრულყოფილად მუშაობს მუცლის პრესი, ავადმყოფი ვერ ლაპარაკობს ხმამაღლა, ვერ ახველებს, აწუხებს სლოკინი.


მხრის პლექსიტი
მხრის წნულს ქმნის კისრის ქვედა თავზურგტვინის (V, VI, VII, VIII) და გულმკერდის (I და II) ნერვები, რომლებიც მხრის სახსრის კუნთებისა და კანის, ბეჭების ზემოთა ნაწილისა და გულმკერდის, ზედა კიდურების მხრის სარტყლის, ზედა კიდურების სახსრებისა და მყესების ინერვაციას ახდენს. მხრის პლექსიტი შეიძლება გამოიწვიოს:

  • მხრის ამოვარდნილობამ;
  • ლავიწის ძვლის მოტეხილობამ;
  • ცეცხლნასროლმა ჭრილობამ;
  • სამშობიარო ტრავმამ;
  • ნარკოზისა და ყავარჯნის დამბლამ, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შედეგია;
  • ხერხემლის ან ფილტვის მწვერვალის სიმსივნემ;
  • ლავიწქვეშა არტერიის ანევრიზმამ;
  • ინფექციურმა დაავადებამ (ტონზილიტმა, გრიპმა, ტუბერკულოზმა, ბრუცელოზმა);
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ (დიაბეტმა, პოდაგრამ).

მთელი წნულის დაავადების დროს ზიანდება მხრის სარტყლისა და ზედა კიდურების კუნთები, ლავიწის ზედა და ქვედა არეებში წარმოიშობა ტკივილი, რომელიც გადაეცემა ხელში, პარესთეზიები ან ჰიპესთეზია, ხელის დუნე დამბლა მხრის სარტყლის კუნთის ატროფიით. რეფლექსები დაქვეითებული ან გამქრალია. სიმპათიკური ბოჭკოების დაზიანების გამო ვითარდება ვეგეტატიურ-ტროფიკული დარღვევები - ხელის ციანოზი (სილურჯე) ან სიფითრე, შეშუპება და ოფლიანობა, ფრჩხილების კვების (ტროფიკის) დარღვევა. ყველაზე ხშირად წნულის ზედა ან ქვედა ნაწილი ზიანდება. კისრისა და მხრის პლექსიტი ხშირად მწვავე ტკივილით იწყება. პროცესი კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს - ტკივილი თანდათან მცირდება, რეფლექსები და მგრძნობელობა აღდგება, თუმცა მძიმე (ტრავმულ) შემთხვევებში საქმე უფრო რთულადაა - ტკივილი კი გაივლის, მაგრამ რჩება ხელის დუნე დამბლა, კუნთის ატროფია, რეფლექსებისა და მგრძნობელობის აღდგენა ვერ ხერხდება. ყავარჯნისა და ნარკოზული დამბლების პროგნოზი უფრო საიმედოა, ვიდრე ახალშობილთა დამბლისა. ხანგრძლივი დამბლისა და პარეზის შემთხვევაში, რომლებსაც კუნთთა კონტრაქტურები მოჰყვება, პროგნოზი არასაიმედოა.


კუდუსუნ-წელის პლექსიტი
კუდუსუნ-წელის წნულს ქმნის წელისა და კუდუსუნის თავზურგტვინის ნერვების (I-IV წელისა და ნაწილობრივ XII გულმკერდისა, V წელისა და I-V კუდუსუნისა), რომლებიც ახდენს მუცლის გვერდითა და წინა კედლების კანისა და კუნთების, ასევე - საზარდულის არის, შორისის, გარეთა სასქესო ორგანოების, დუნდულა და ქვედა კიდურების კუნთების ინერვაციას. კუდუსუნ-წელის პლექსიტის მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის, მენჯის ძვლების (სიმსივნე, ტრავმა), კუნთების, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა (გინეკოლოგიური) დაავადებები, ორსულობა და მძიმე მშობიარობა (ნაყოფის თავით წნულზე ზეწოლა), ხერხემლის ტრავმა, ასევე - ინფექცია, ინტოქსიკაცია და დიაბეტი. კუდუსუნ-წელის პლექსიტისთვის დამახასიათებელია წელის ტკივილი, რომელიც ბარძაყების, დუნდულების, მუხლების არეში გადაეცემა. მოსალოდნელია ამ

უბნებში მგრძნობელობის დაქვეითება, ტერფის დამბლა. მყესოვანი რეფლექსები შესუსტებულია, სუსტდება ბარძაყის კუნთებიც. ქვედა კიდურები შუპდება. ოფლიანობა მომატებულია, დარღვეულია ფეხის ფრჩხილების ტროფიკა (კვება). პროცესის მიმდინარეობა და პროგნოზი პლექსიტის მიზეზზეა დამოკიდებული.


- რა იწვევს ახალშობილებში პლექსიტს? რატომ უწოდებენ მას სამშობიარო დამბლას? იკურნება თუ არა იგი?
- ახალშობილებში პლექსიტს ტრავმა იწვევს, ტრავმა კი მაშინ შეიძლება მიიღოს ნაყოფმა, როდესაც საშვილოსნოში არასწორად მდებარეობს და ბუნებრივი გზით დაბადება უჭირს, არ მოდის თავით, საჭირო ხდება მისი ხელით გამოყვანა ან შეტრიალება... ასეთ დროს შესაძლოა, ბავშვის ნერვული ბოჭკოები ზომაზე მეტად დაიჭიმოს ან ძვლოვან წარმონაქმნებზე მიიჭყლიტოს, მათ გარსში წარმოიშვას სისხლჩაქცევები, რომლებიც ნერვს დააწვება. მოსალოდნელია ლავიწის ძვლის მოტეხილობაც. ყოველივე ამის შედეგია ნერვული წნულის დაზიანება და დამბლა. ნერვული ბოჭკოების დაჭიმვის ან მათზე სისხლჩაქცევების ზეწოლის შემთხვევაში აღდგენითი პროცესი იწყება დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს და იშვიათად ტოვებს ნარჩენ მოვლენებს. ნერვული ბოჭკოების გაგლეჯის, ბოჭკოებში სისხლჩაქცევის შემთხვევაში აღდგენითი პროცესი დუნედ მიმდინარეობს, გამორიცხული არ არის კუნთების ატროფია, კონტრაქტურები (მხრის სახსარში - მომხრელი და შიგნით მბრუნავი, იდაყვის), აღინიშნება ოსტეოპოროზი და დაზიანებული კიდურის ზრდაში ჩამორჩენა. ახალშობილებში კუდუსუნ-წელის დამბლა მშობიარობისას ნაყოფის ფეხებით ან დუნდულებით წინამდებარეობის შედეგია. დაზიანების შედეგად პროცესი ვრცელდება ქვედა კიდურებზე, ტერფზე. აღდგენითი პროცესი ნელა მიმდინარეობს და ნარჩენ მოვლენებსაც ტოვებს. არცთუ იშვიათად ერთდროულად ზიანდება ზემო და ქვემო სეგმენტები. ხელის დუნე დამბლა შესაძლოა შერწყმული იყოს ზურგის ტვინის სამშობიარო ტრავმის სიმპტომებთან (კისრის კუნთების სისუსტესთან, დიაფრაგმის დამბლასთან, სუნთქვის ფუნქციის დარღვევასთან). მშობიარობის დროს ნერვული წნულების დაზიანებას შესაძლოა თან ახლდეს ხერხემლის კისრის მალების დაზიანება (მოტეხილობა, გადაადგილება, ქვეამოვარდნილობა) ან მალების თანდაყოლილი დეფექტები. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ნერვული წნულების დაზიანებას იწვევს საყოფაცხოვრებო ან სპორტული ტრავმა. ამ შემთხვევაში დამბლა, ტკივილის სინდრომი, ვეგეტაციურ-ტროფიკული დარღვევები მალე გაივლის.


- როდის უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა ახალშობილებს და რას გულისხმობს ის?
- მძიმე მშობიარობის შემდეგ ახალშობილის ტრავმირებული, დადამბლავებული ხელი ერთი კვირა უნდა მოვასვენოთ. კისრის მალების დაზიანების შემთხვევაში საჭიროა კისრის ნაწილის იმობილიზაცია. ხელი განზიდული უნდა იყოს. მეორე კვირიდან ინიშნება მსუბუქი მასაჟი, პასიური მოძრაობები, ფიზიოთერაპიული პროცედურებიდან - დაზიანებული წნულების ულტრაიისფერი დასხივება, ზურგის ტვინის სეგმენტის ელექტროფორეზი, დიადინამიური დენი, თერაპია ბ ჯგუფის ვიტამინებით. თვის ბოლოს რეკომენდებულია ელექტროსტიმულაცია. თუ ეფექტი ვერ მივიღეთ, საჭირო გახდება ნეიროქირურგიული მკურნალობა. დროული მკურნალობისას ხელის დუნე დამბლის პროგნოზი საიმედოა. ფეხის დამბლის დროს არცთუ იშვიათად ზიანდება მენჯის ღრუს ორგანოებიც. ქვედა სეგმენტის დაზიანების მკურნალობისას ესეც უნდა გავითვალისწინოთ. კურორტული თერაპია ჩვილი ბავშვებისთვის დაუშვებელია!


- როგორ მკურნალობენ მოზრდილ ასაკში პლექსიტს?
- მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებულია. ინფექციური პლექსიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, სითბური პროცედურები, იონოფორეზი, მწვავე პერიოდის ჩაცხრობის შემდეგ - სამკურნალო ფიზკულტურა. ნივთიერებათა ცვლის შედეგად განვითარებული პლექსიტის დროს მკურნალობას თან ახლავს დიეტაც. გინეკოლოგიური დაავადებების თანმხლები პლექსიტის შემთხვევაში სამკურნალოდ აუცილებლად გამოიყენება B ჯგუფის ვიტამინები (B1 და B12), ფიზიოთერაპიული პროცედურები, სამკურნალო ფიზკულტურა. ქრონიკული, ხანგრძლივი პროცესების დროს ნაჩვენებია კურორტული თერაპია ტალახით, გოგირდის წყლებით. ლავიწქვეშა არტერიის ანევრიზმის, სიმსივნის, კისრის მალების ტრავმული დაზიანების დროს (ტრავმიდან 6 თვის შემდეგ) ქირურგიული ჩარევაა საჭირო. გახსოვდეთ: პლექსიტის მკურნალობა მისი გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოთ. ხშირად პირველი ნიშანი, ტკივილი, სუსტია და ასატანი, მაგრამ ნუ მიიყურისძირებთ, დროულად მიმართეთ ექიმს. ასწავლეთ ბავშვებს, არ დაგიმალონ სპორტულ დარბაზსა თუ ეზოში შემთხვევით მიღებული თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა. პლექსიტის დროს დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვა, გადაცივება და ტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობა. პროფილაქტიკა გულისხმობს ორგანიზმის გაკაჟებას, სამკურნალო ტანვარჯიშს. გამწვავების დროს მკურნალობა ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას.


 

თარიღი : 09-07-2014
shorena
გამარჯობათ ძალიან მაინტერესებს,ვარ 29 წლის ორსული მაქვს მშობიარობის ტრამვა ანუ მხრის პლექსიტი და ჩემთვის თუ შეიძლება მშობირობა? გთხოვთ მიპასუხოთ!!!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომელთაც D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება, 43% ით გაზრდილია გაფანტული სკლეროზის რისკი. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს და ვლინდება 20-40 წლის ასაკში.
მთელს მსოფლიოში, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე (WorldAlzheimer'sDay)აღინიშნება. ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც პირველად, 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა
ბრიტანელმა მეცნიერებმა უჯრედულ დონეზე გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ მგრძნობიარე ნეირონების აღდგენის მეთოდიკა. ზურგის ტვინის მამოძრავებელი ფესვების აღდგენა შესაძლებელია ქირურგიული გზით.
სწრაფი ძილის, იგივე “ REM ძილის” (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს ძილის ყველაზე აქტიური ფაზაა (სტადიაა), რადგანაც თავის ტვინის აქტივობა ამ ფაზაში განსაკუთრებულად მაღალია.
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
მეცნიერებმა დიდი ხანია გაარკვიეს, რომ ქალებს ინსულტისგან ბუნება იცავს. ეს ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ნეიროპროტექტორული როლის დამსახურებაა. 
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.