რა არის პლექსიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის პლექსიტი

კისრის პლექსიტი

კისრის წნულს ქმნის კისრის ზემოთა თავზურგტვინის ნერვები (I-IV), რომელთა საშუალებითაც ხდება კისრის კანისა და კუნთების, ნაწილობრივ კი თავისა და დიაფრაგმის ინერვაცია. კისრის პლექსიტის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე, კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ინფექცია (გრიპი, ტუბერკულოზი, სიფილისი). კისრის არეში წარმოიშობა ტკივილი, უფრო ხშირად - წინა და გვერდით ზედაპირებზე, ასევე - ყურის მიდამოშიც. შესაძლოა განვითარდეს კისრის კუნთების დამბლა, დაზიანება ან დიაფრაგმის ნერვის დამბლა, რომელსაც მოჰყვება სუნთქვის დარღვევა, დიაფრაგმის მოძრაობის შეზღუდვა, არასრულყოფილად მუშაობს მუცლის პრესი, ავადმყოფი ვერ ლაპარაკობს ხმამაღლა, ვერ ახველებს, აწუხებს სლოკინი.

მხრის პლექსიტი

მხრის წნულს ქმნის კისრის ქვედა თავზურგტვინის (V, VI, VII, VIII) და გულმკერდის (I და II) ნერვები, რომლებიც მხრის სახსრის კუნთებისა და კანის, ბეჭების ზემოთა ნაწილისა და გულმკერდის, ზედა კიდურების მხრის სარტყლის, ზედა კიდურების სახსრებისა და მყესების ინერვაციას ახდენს. მხრის პლექსიტი შეიძლება გამოიწვიოს:

  • მხრის ამოვარდნილობამ;
  • ლავიწის ძვლის მოტეხილობამ;
  • ცეცხლნასროლმა ჭრილობამ;
  • სამშობიარო ტრავმამ;
  • ნარკოზისა და ყავარჯნის დამბლამ, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შედეგია;
  • ხერხემლის ან ფილტვის მწვერვალის სიმსივნემ;
  • ლავიწქვეშა არტერიის ანევრიზმამ;
  • ინფექციურმა დაავადებამ (ტონზილიტმა, გრიპმა, ტუბერკულოზმა, ბრუცელოზმა);
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ (დიაბეტმა, პოდაგრამ).

მთელი წნულის დაავადების დროს ზიანდება მხრის სარტყლისა და ზედა კიდურების კუნთები, ლავიწის ზედა და ქვედა არეებში წარმოიშობა ტკივილი, რომელიც გადაეცემა ხელში, პარესთეზიები ან ჰიპესთეზია, ხელის დუნე დამბლა მხრის სარტყლის კუნთის ატროფიით. რეფლექსები დაქვეითებული ან გამქრალია. სიმპათიკური ბოჭკოების დაზიანების გამო ვითარდება ვეგეტატიურ-ტროფიკული დარღვევები - ხელის ციანოზი (სილურჯე) ან სიფითრე, შეშუპება და ოფლიანობა, ფრჩხილების კვების (ტროფიკის) დარღვევა. ყველაზე ხშირად წნულის ზედა ან ქვედა ნაწილი ზიანდება. კისრისა და მხრის პლექსიტი ხშირად მწვავე ტკივილით იწყება. პროცესი კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს - ტკივილი თანდათან მცირდება, რეფლექსები და მგრძნობელობა აღდგება, თუმცა მძიმე (ტრავმულ) შემთხვევებში საქმე უფრო რთულადაა - ტკივილი კი გაივლის, მაგრამ რჩება ხელის დუნე დამბლა, კუნთის ატროფია, რეფლექსებისა და მგრძნობელობის აღდგენა ვერ ხერხდება. ყავარჯნისა და ნარკოზული დამბლების პროგნოზი უფრო საიმედოა, ვიდრე ახალშობილთა დამბლისა. ხანგრძლივი დამბლისა და პარეზის შემთხვევაში, რომლებსაც კუნთთა კონტრაქტურები მოჰყვება, პროგნოზი არასაიმედოა.

კუდუსუნ-წელის პლექსიტი

კუდუსუნ-წელის წნულს ქმნის წელისა და კუდუსუნის თავზურგტვინის ნერვების (I-IV წელისა და ნაწილობრივ XII გულმკერდისა, V წელისა და I-V კუდუსუნისა), რომლებიც ახდენს მუცლის გვერდითა და წინა კედლების კანისა და კუნთების, ასევე - საზარდულის არის, შორისის, გარეთა სასქესო ორგანოების, დუნდულა და ქვედა კიდურების კუნთების ინერვაციას. კუდუსუნ-წელის პლექსიტის მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის, მენჯის ძვლების (სიმსივნე, ტრავმა), კუნთების, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა (გინეკოლოგიური) დაავადებები, ორსულობა და მძიმე მშობიარობა (ნაყოფის თავით წნულზე ზეწოლა), ხერხემლის ტრავმა, ასევე - ინფექცია, ინტოქსიკაცია და დიაბეტი. კუდუსუნ-წელის პლექსიტისთვის დამახასიათებელია წელის ტკივილი, რომელიც ბარძაყების, დუნდულების, მუხლების არეში გადაეცემა. მოსალოდნელია ამ უბნებში მგრძნობელობის დაქვეითება, ტერფის დამბლა. მყესოვანი რეფლექსები შესუსტებულია, სუსტდება ბარძაყის კუნთებიც. ქვედა კიდურები შუპდება. ოფლიანობა მომატებულია, დარღვეულია ფეხის ფრჩხილების ტროფიკა (კვება). პროცესის მიმდინარეობა და პროგნოზი პლექსიტის მიზეზზეა დამოკიდებული.

- რა იწვევს ახალშობილებში პლექსიტს? რატომ უწოდებენ მას სამშობიარო დამბლას? იკურნება თუ არა იგი?

- ახალშობილებში პლექსიტს ტრავმა იწვევს, ტრავმა კი მაშინ შეიძლება მიიღოს ნაყოფმა, როდესაც საშვილოსნოში არასწორად მდებარეობს და ბუნებრივი გზით დაბადება უჭირს, არ მოდის თავით, საჭირო ხდება მისი ხელით გამოყვანა ან შეტრიალება... ასეთ დროს შესაძლოა, ბავშვის ნერვული ბოჭკოები ზომაზე მეტად დაიჭიმოს ან ძვლოვან წარმონაქმნებზე მიიჭყლიტოს, მათ გარსში წარმოიშვას სისხლჩაქცევები, რომლებიც ნერვს დააწვება. მოსალოდნელია ლავიწის ძვლის მოტეხილობაც. ყოველივე ამის შედეგია ნერვული წნულის დაზიანება და დამბლა. ნერვული ბოჭკოების დაჭიმვის ან მათზე სისხლჩაქცევების ზეწოლის შემთხვევაში აღდგენითი პროცესი იწყება დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს და იშვიათად ტოვებს ნარჩენ მოვლენებს. ნერვული ბოჭკოების გაგლეჯის, ბოჭკოებში სისხლჩაქცევის შემთხვევაში აღდგენითი პროცესი დუნედ მიმდინარეობს, გამორიცხული არ არის კუნთების ატროფია, კონტრაქტურები (მხრის სახსარში - მომხრელი და შიგნით მბრუნავი, იდაყვის), აღინიშნება ოსტეოპოროზი და დაზიანებული კიდურის ზრდაში ჩამორჩენა. ახალშობილებში კუდუსუნ-წელის დამბლა მშობიარობისას ნაყოფის ფეხებით ან დუნდულებით წინამდებარეობის შედეგია. დაზიანების შედეგად პროცესი ვრცელდება ქვედა კიდურებზე, ტერფზე. აღდგენითი პროცესი ნელა მიმდინარეობს და ნარჩენ მოვლენებსაც ტოვებს. არცთუ იშვიათად ერთდროულად ზიანდება ზემო და ქვემო სეგმენტები. ხელის დუნე დამბლა შესაძლოა შერწყმული იყოს ზურგის ტვინის სამშობიარო ტრავმის სიმპტომებთან (კისრის კუნთების სისუსტესთან, დიაფრაგმის დამბლასთან, სუნთქვის ფუნქციის დარღვევასთან). მშობიარობის დროს ნერვული წნულების დაზიანებას შესაძლოა თან ახლდეს ხერხემლის კისრის მალების დაზიანება (მოტეხილობა, გადაადგილება, ქვეამოვარდნილობა) ან მალების თანდაყოლილი დეფექტები. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ნერვული წნულების დაზიანებას იწვევს საყოფაცხოვრებო ან სპორტული ტრავმა. ამ შემთხვევაში დამბლა, ტკივილის სინდრომი, ვეგეტაციურ-ტროფიკული დარღვევები მალე გაივლის.

- როდის უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა ახალშობილებს და რას გულისხმობს ის?

- მძიმე მშობიარობის შემდეგ ახალშობილის ტრავმირებული, დადამბლავებული ხელი ერთი კვირა უნდა მოვასვენოთ. კისრის მალების დაზიანების შემთხვევაში საჭიროა კისრის ნაწილის იმობილიზაცია. ხელი განზიდული უნდა იყოს. მეორე კვირიდან ინიშნება მსუბუქი მასაჟი, პასიური მოძრაობები, ფიზიოთერაპიული პროცედურებიდან - დაზიანებული წნულების ულტრაიისფერი დასხივება, ზურგის ტვინის სეგმენტის ელექტროფორეზი, დიადინამიური დენი, თერაპია ბ ჯგუფის ვიტამინებით. თვის ბოლოს რეკომენდებულია ელექტროსტიმულაცია. თუ ეფექტი ვერ მივიღეთ, საჭირო გახდება ნეიროქირურგიული მკურნალობა. დროული მკურნალობისას ხელის დუნე დამბლის პროგნოზი საიმედოა. ფეხის დამბლის დროს არცთუ იშვიათად ზიანდება მენჯის ღრუს ორგანოებიც. ქვედა სეგმენტის დაზიანების მკურნალობისას ესეც უნდა გავითვალისწინოთ. კურორტული თერაპია ჩვილი ბავშვებისთვის დაუშვებელია!

- როგორ მკურნალობენ მოზრდილ ასაკში პლექსიტს?

- მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებულია. ინფექციური პლექსიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, სითბური პროცედურები, იონოფორეზი, მწვავე პერიოდის ჩაცხრობის შემდეგ - სამკურნალო ფიზკულტურა. ნივთიერებათა ცვლის შედეგად განვითარებული პლექსიტის დროს მკურნალობას თან ახლავს დიეტაც. გინეკოლოგიური დაავადებების თანმხლები პლექსიტის შემთხვევაში სამკურნალოდ აუცილებლად გამოიყენება B ჯგუფის ვიტამინები (B1 და B12), ფიზიოთერაპიული პროცედურები, სამკურნალო ფიზკულტურა. ქრონიკული, ხანგრძლივი პროცესების დროს ნაჩვენებია კურორტული თერაპია ტალახით, გოგირდის წყლებით. ლავიწქვეშა არტერიის ანევრიზმის, სიმსივნის, კისრის მალების ტრავმული დაზიანების დროს (ტრავმიდან 6 თვის შემდეგ) ქირურგიული ჩარევაა საჭირო. გახსოვდეთ: პლექსიტის მკურნალობა მისი გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოთ. ხშირად პირველი ნიშანი, ტკივილი, სუსტია და ასატანი, მაგრამ ნუ მიიყურისძირებთ, დროულად მიმართეთ ექიმს. ასწავლეთ ბავშვებს, არ დაგიმალონ სპორტულ დარბაზსა თუ ეზოში შემთხვევით მიღებული თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა. პლექსიტის დროს დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვა, გადაცივება და ტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობა. პროფილაქტიკა გულისხმობს ორგანიზმის გაკაჟებას, სამკურნალო ტანვარჯიშს. გამწვავების დროს მკურნალობა ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას.