თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიები და მათი მკურნალობის თანამედროვე ნეიროქირურგიული მიდგომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიები და მათი მკურნალობის თანამედროვე ნეიროქირურგიული მიდგომები

- ბატონი ლადო იმავდროულად ხელმძღვანელობს ნეიროქირურგიულ სამსახურებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გარდა ამისა, ის სამედიცინო ცენტრ “ლანცეტის” ნევროლოგია - ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტია ნეიროქირურგიის დარგში. ლადო წიქარიშვილი დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ნეიროქირურგია, მაღალი კვალიფიკაციით, პაციენტებისადმი გულისხმიერებით, საზოგადოდ, კომუნიკაბელობითა და კოლეგიალობით გამორჩეული პროფესიონალი, ძალზე უშუალო და ღირსეული პიროვნება, რის გამოც კოლეგებსა და პაციენტებს განსაკუთრებულად უყვართ. სტაჟირება გავლილი აქვს:

  • ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტში (ნეიროქირურგიის დეპარტამენტი, ენდოსკოპიური ტრანსსფენოიდალური ქირურგია, ნეაპოლი, იტალია);
  • ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ნაციონალურ ჰოსპიტალში (ვიქტორ ჰორსლის სახ. ნეიროქირურგიის დეპარტამენტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. სტაჟირება ხერხემლის ქირურგიაში);
  • ტიუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ნეიროქირურგიის დეპარტამენტი, ტიუბინგენი, გერმანია);
  • მეიოს კლინიკაში (ნეიროქირურგიის დეპარტამენტი, როჩესტერი, აშშ);

- ბატონი ლადო არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა თუ კონგრესის მონაწილეა. ახალგაზრდა ნეიროქირურგი იმავდროულად რამდენიმე ასოციაციის წევრია:

  • საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა საზოგადოების (2003 წლიდან დღემდე);
  • საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის (2003 წლიდან დღემდე);
  • ევროპის ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ასოციაციის (2007 წლიდან დღემდე);
  • სპინალურ ქირურგთა ევროპის ასოციაციის (AOSpine Europe) (2007 წლიდან დღემდე);
  • აშშ-ის ნეიროქირურგთა კონგრესის (CNS), (2007 წლიდან დღემდე);
  • ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის საერთაშორისო წევრი, AANS, (2009 წლიდან დღემდე).

mkurnali.ge- ბატონო ლადო, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებებიდან რომელი გხვდებათ ყველაზე ხშირად და ძირითადად რა ასაკის პაციენტებთან?

- თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა - იშემიითა (თავის ტვინის სისხლნაკლებობით) და სისხლჩაქცევებით (ჰემორაგიებით) მიმდინარე პათოლოგიები. უფრო ხშირია პირველი ჯგუფის ანუ იშემიით მიმდინარე დაავადებები, რომელთა საფუძველსაც სისხლძარღვთა შევიწროება ან მათი ემბოლებით (თრომბებით) დაცობა ქმნის. შედეგად ტვინის შესაბამისი უბნის (ან უბნების) სისხლმომარაგება ირღვევა და ვითარდება იშემიური ინსულტი. მეორე ჯგუფი აერთიანებს სისხლჩაქცევებით მიმდინარე პათოლოგიებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება გამომწვევი მიზეზების, ეპიდემიოლოგიის, გამოვლენისა და სხვა თავისებურებათა მიხედვით და შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიად იყოფა.

კლასიკური გაგებით, ჰემორაგიული ინსულტი გულისხმობს მაღალი არტერიული წნევის შედეგად განვითარებულ სისხლჩაქცევას თავის ტვინში. ჰემორაგიის მიზეზი რეალურად მაღალი არტერიული წნევაა და არა კონკრეტულად სისხლძარღვის რომელიმე პათოლოგია. ქრონიკულად მიმდინარე მაღალი არტერიული წნევის ფონზე სისხლძარღვები, ასე ვთქვათ, “გადაგვარდება” და რაღაც ეტაპზე, სტრესულ ვითარებას ვეღარ უძლებს და სკდება. ეს ძირითადად ასაკიან პაციენტებთან გვხვდება, თუმცა, სხვა დაავადებათა მსგავსად, ჰემორაგიული ინსულტიც მეტად გაახალგაზრდავდა. ეს კი იმის შედეგია, რომ ადამიანები ჯანსაღი წესით არ ცხოვრობენ და ჯანმრთელობაზეც არ ზრუნავენ.

არსებობს უშუალოდ სისხლძარღვთა პათოლოგიებით განპირობებული სისხლჩაქცევებიც. ამ პათოლოგიებიდან პირველ ადგილზეა თავის ტვინის არტერიული ანევრიზმები, მეორეზე კი - სისხლძარღვოვანი მალფორმაციები. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, აერთიანებს არტერიულ-ვენურ მალფორმაციებს, კავერნოზულ ანგიომებს, ტელეანგიექტაზიებს, დურალურ ფისტულებს და სხვა.

- განუმარტეთ მკითხველს, რას გულისხმობს იშემიური ინსულტის სამკურნალოდ გამიზნული ქირურგიული ჩარევა...

- იშემიური ინსულტი, თავისი ბუნებით, უმრავლეს შემთხვევაში, კარდიოლოგიური და ნოზოლოგიური პრობლემაა. ის ხშირად ვითარდება მოციმციმე არითმიის ფონზე. მარტივად რომ ავხსნათ, ამ კონკრეტული კარდიოლოგიური ან სხვა ნოზოლოგიური მიზეზის გამო პატარა თრომბები მიემართება თავის ტვინის სისხლძარღვებში, ეცობა რომელიმე პატარა არტერიას და იწვევს იშემიურ ინსულტს. არანაკლებ ხშირია სისხლძარღვთა შევიწროებით განპირობებული ინსულტიც; იგულისხმება ექსტრაკრანიალურად (ქალას გარეთ) მდებარე სისხლძარღვებში (მაგალითად, კისრის, საძილე არტერიებში) განვითარებული ცვლილებები, ათერომული ფოლაქებით გამოწვეული მათი შევიწროებები, რომლებიც საბოლოოდ თავის ტვინის სისხლმომარაგების მოშლას განაპირობებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ინსულტი შეიძლება ემბოლიური გენეზისაც იყოს. ასეთ დროს ემბოლები ახშობენ სისხლძარღვთა სანათურს და იშემიური ინსულტის განვითარებას აძლევენ დასაბამს. ტაქტიკა და მკურნალობა თითოეულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. მოციმციმე არითმიის ფონზე განვითარებული იშემიური ინსულტის მკურნალობა უპირველესად გულისხმობს გამომწვევი მიზეზის ანუ საკუთრივ არითმიის აღმოფხვრას.

ექსტრაკრანიალური სისხლძარღვების პრობლემებით გამოწვეული იშემიური ინსულტის შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა ზოგჯერ ქირურგიული ჩარევისკენაც იხრება, თუმცა ეს ძირითადად დამოკიდებულია სისხლძარღვთა სტენოზის (მაგალითად, საძილე არტერიის დახშობის) ხარისხზე. ეს უკანასკნელი ფასდება დოპლეროგრაფიით, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. თუ აღნიშნული კვლევები სისხლძარღვის 70 ან მეტი %-ით შევიწროებას (დახშობას) გამოავლენს, შეიძლება დადგეს ქირურგიული ჩარევის საკითხი. ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს - ენდარტერექტომია და სტენტირება. ენდარტერექტომია ღია წესით მიმდინარე ოპერაციაა. გულისხმობს საძილე არტერიის გაჭრას, შევიწროების მიზეზის მოცილებას და სისხლძარღვის მთლიანობის აღდგენას. სტენტირებას რაც შეეხება, ამ დროს საძილე არტერიაში სტენტის ჩადგმა (ჩაყენება) ხდება კორონარული სტენტირების მსგავსად. ამ ორივე მეთოდს თავისი ჩვენებები აქვს. რომელი ოპერაცია ჩატარდეს, ენდარტერექტომია თუ ანგიოპლასტიკა, ამას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმი წყვეტს პაციენტის ასაკის, მისი სომატური სტატუსის, თანმხლები (მიმდინარე) დაავადების, სისხლძარღვის შევიწროების ხარისხის, მოსალოდნელ გართულებათა და სხვა ფაქტორთა გათვალისწინებით. მთავარია, სწორად შეფასდეს კონკრეტული პაციენტის მდგომარეობა და არსებული ვითარება. რაც მთავარია, ოპერაცია გამოცდილმა, პროფესიონალმა ქირურგმა უნდა გააკეთოს (ცნობისათვის, ამ საქმეს, სისხლძარღვთა ქირურგების მსგავსად, ნეიროქირურგებიც წარმატებით უმკლავდებიან).

- ცხადია, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ნეიროქირურგიაში, ისევე როგორც, საზოგადოდ, საექიმო საქმეში, მთავარია...

- რა თქმა უნდა, რადგანაც ყოველთვის არსებობს გარკვეული გართულებების რისკი, იმისათვის, რომ ეს გართულებები ნაკლები იყო, ქირურგს დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს ანუ ბევრი ოპერაცია აკეთოს. მკურნალობის რომელი მეთოდი სჯობს, ამის ანალიზისა და დასკვნისათვის, საზოგადოდ, საუკეთესო კონსერვატულ მკურნალობას ადარებენ ქირურგიულ ჩარევას (ვგულისხმობ მსოფლიოს წამყვანი, გამოცდილი კლინიკების სტატისტიკას), გართულებათა რისკი დასაშვებზე მაღალი არ უნდა იყოს, სხვაგვარად ოპერაციული მკურნალობა ვერ მოუგებს თერაპიულს.

- ჰემორაგიულ ინსულტებზე რას გვეტყვით, როდის დგება დღის წესრიგში ქირურგიული მკურნალობა?

mkurnali.ge- ჰემორაგიული ინსულტები, საზოგადოდ, ორ ჯგუფად იყოფა: სისხლჩაქცევები, რომელთა დროსაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა და ჰემორაგიები, რომელთა დროსაც ქირურგიულ ჩარევას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ესეც თავის მხრივ დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, სისხლჩაქცევის ზომასა და მოცულობაზე, მის ლოკალიზაციაზე, პაციენტის ასაკსა და მდგომარეობაზე. ამ და სხვა ფაქტორთა გათვალისწინებით წყდება, მკურნალობის რომელი მეთოდი ავირჩიოთ, რომელია უფრო მიზანშეწონილი კონკრეტულ ვითარებაში. უმეტეს შემთხვევაში, ჰემორაგიული ინსულტების დროს, ქირურგიული ჩარევა დღის წესრიგში არ დგება ხოლმე, იმიტომ რომ ჩატარებული საერთაშორისო კვლევების თანახმად (ეს, ასე ვთქვათ, დათვლილია), შედარებულია რა ქირურგიულად და არაქირურგიულად ნამკურნალები პაციენტების გამოსავალი, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით არსებობს დასკვნა, რომ უმეტეს შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას დამატებითი უპირატესობა არ აქვს კონსერვატულ მკურნალობასთან შედარებით, არც სიკვდილობის და არც უნარშეზღუდულობის მაჩვენებელთა თვალსაზრისით. თუმცა არ შეიძლება ყველა შემთხვევის, როგორც ამბობენ, ერთ ქვაბში მოხარშვა და ძირითადი კატეგორიიდან არის არცთუ იშვიათი გამონაკლისები, როდესაც ქირურგიულ ჩარევას გარკვეული უპირატესობანი აქვს. ესეც კონკრეტულ ვითარებაში უნდა შეაფასოს პროფესიონალმა. ჩვეულებრივ, ქერქქვეშა სტრუქტურებში, ტვინის ღრმად მდებარე უბნებში სისხლჩაქცევების დროს მაქსიმალურად ცდილობენ ქირურგიული ჩარევისაგან თავშეკავებას, იმიტომ რომ გამოსავალზე ის დიდ გავლენას ვერ ახდენს. ქირურგიულ მკურნალობას უფრო მეტად ზედაპირულად მდებარე ჰემორაგიების დროს ამჯობინებენ, სისხლჩაქცევის მოცულობისა და ლოკალიზაციის მიხედვით. დიდი მნიშვნელობა აქვს, სად არის ჰემორაგია, დიდ ჰემისფეროში თუ ნათხემში, ჩვეულებრივ, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, შესაბამისად, თითოეული ჰემატომისას ჩარევის ტაქტიკა განსხვავებულია, რიგ შემთხვევაში დამხმარე ოპერაციის საკითხი უფრო დგება, ვიდრე საკუთრივ ჰემორაგიის მოშორებისა.

- დამხმარე ოპერაციაში რას გულისხმობთ?

- ჰემორაგიები ხშირად სისხლის მიმოქცევის სერიოზულ მოშლას იწვევს თავის ტვინში, რიგ შემთხვევებში შეიძლება ჰიდროცეფალია (ტვინის შეშუპება) განვითარდეს და აუცილებელი გახდეს, უფრო ეფექტური იყოს არა ჰემორაგიის მოშორება, არამედ, ვენტრიკულური (თავის ტვინის პარკუჭების) დრენირება ლიქვორის გამოშვება, ქალასშიდა წნევის ნორმალიზებისათვის.

- თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმები ერთ-ერთი აქტუალური და ქირურგიული თვალსაზრისით რამდენადმე პრობლემური საკითხია, რამდენად ხშირია ისინი და რას გულისხმობს ანევრიზმების ქირურგიული მკურნალობა?

- სისხლძარღვთა ანევრიზმები და სისხლძარღვოვანი მალფორმაციები მართლაც ცალკე განხილვის თემაა. თუ ეპიდემიოლოგიას განვიხილავთ, საერთაშორისო სტატისტიკით, ევროპეოიდული რასის წარმომადგენლებს შორის ანევრიზმული სისხლჩაქცევა 100 000 მოსახლეზე 10 ადამიანს აღენიშნება. ანევრიზმები უფრო ხშირია იაპონიაში, ფინეთში (სადაც ეს რიცხვი 20-ს აღწევს). კიდევ უფრო საინტერესოა გაუმსკდარი ანევრიზმების თემა. აუტოფსიურ და არა მხოლოდ აუტოფსიურ მასალებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გაუმსკდარი ანევრიზმების შემთხვევა მოსახლეობის 2-დან 5%-ს აღენიშნება. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და მას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ანევრიზმის გასკდომისას ძალიან რთულია მისი მკურნალობა, გარდა ამისა, თანამედროვე მაღალკვალიფიციური მკურნალობის მიუხედავად, ძალიან მაღალია უნარშეზღუდულობისა და სიკვდილობის მაჩვენებლები. დაავადება, საზოგადოდ, ძალიან ვერაგია, ამიტომაც ცივილიზებულ სამყაროში სადღეისოდ მაქსიმალურად ცდილობენ ანევრიზმა გასკდომამდე გამოავლინონ, სამწუხაროდ, მთელი პრობლემა ისაა, რომ ანევრიზმა გასკდომამდე თავს არანაირად არ ავლენს. სკანდინავიურ ქვეყნებში, ასევე იაპონიაში ჩატარებულია უამრავი საერთაშორისო კვლევა (მეცნიერული მუშაობა დღესაც გრძელდება), როგორ უნდა გამოვლინდეს გაუმსკდარი ანევრიზმა. საპილოტე ჯგუფს ქმნიდნენ ე.წ. მაღალი რისკის პირები, რომელთა სისხლით ნათესავებს გაუსკდათ ანევრიზმა. საერთოდ, მიჩნეულია, რომ ანევრიზმის მქონე პაციენტის ახლო ნათესავებთან მეტია პათოლოგიის გამოვლენის ალბათობა, ამიტომაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სადღეისოდ სტანდარტადაა მიღებული პაციენტის (რომელსაც გაუსკდა ანევრიზმა) სისხლით ახლო ნათესავების გამოკვლევა. მათ ყოველთვის ურჩევენ ჩაიტარონ ცერებრული (თავის ტვინის) ანგიოგრაფია მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით.

- გამოდის, რომ გენეტიკურ ფაქტორებს ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ ანევრიზმების განვითარებაში...

mkurnali.ge- ცხადია, რადგან ანევრიზმის განვითარებას სწორედ გენეტიკური ფაქტორები განსაზღვრავს. შეიძლება ის შეძენილიც იყოს, მაგრამ მიდრეკილება და გარკვეული წინასწარგანწყობა მაინც მემკვიდრულად გადაეცემა. თუმცა ერთია მისი განვითარება და მეორეა გასკდომა. ამ უკანასკნელს ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტენზია, მოწევა, სტრესი, მდედრობითი სქესი (ქალებთან უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებთან). შეიძლება ადამიანს სულ არ ჰქონდეს ქრონიკული არტერიული ჰიპერტენზია და უცაბედად, წნევის მომატების ფონზე (მაგალითად, გაჭინთვისას, სქესობრივი აქტის დროს) გაუსკდეს სისხლძარღვი.

- როგორ მკურნალობს თანამედროვე ნეიროქირურგია ანევრიზმებს?

- დავიწყოთ იმით, რომ მკურნალობა გამსკდარი და გაუმსკდარი ანევრიზმების შემთხვევაში განსხვავებულია. ჩვენ ყოველთვის ვუხსნით პაციენტებს და მათ ახლობლებს, რომ ეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი პათოლოგიაა. თუ ანევრიზმა ერთხელ გასკდა, მისი ხელმეორედ გასკდომის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით. არსებობს ღია წესით, ტრადიციული ტრეპანაციით სისხლძარღვთან მიდგომა, ანევრიზმის გამოთიშვა სპეციალური კლიფსის მეშვეობით და ენდოვასკულური (სისხლძარღვის შიგნიდან, ტრეპანაციის გარეშე) ჩარევა. მოგეხსენებათ, ანევრიზმა სისხლძარღვის პათოლოგიური გამობერილობაა. მას აქვს ყელი, სხეული და პარკი. ანევრიზმის კლიპირების დროს სწორედ ყელზე ხდება სპეციალური ტიტანის კლიფსის დადება, გადაჭერა. არსებობს ანევრიზმის მკურნალობის მეორე, თანამედროვე და საკმაოდ დახვეწილი ენდოვასკულური მეთოდი, რომელიც ანევრიზმის გამოთიშვის საშუალებას სისხლძარღვის შიგნიდან მიდგომით იძლევა. ანევრიზმების გამოთიშვა ამ დროს სპეციალური სპირალებით ხდება, რომლებიც პარკში ჩაყენების შემდეგ მის შემოხვევა-დათრომბვას იწვევს. თუმცა, ანევრიზმის ანატომიისა და ლოკალიზაციის გამო, ყოველთვის ვერ ხერხდება ენდოვასკულური მეთოდით მისი გამოთიშვა. არის სიტუაციები, როდესაც ენდოვასკულური ჩარევა უფრო ეფექტურია, უფრო მიზანშეწონილია, ბევრად ნაკლები გართულებებია მოსალოდნელი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კლიპირება შეუცვლელია.

mkurnali.geბოლო საერთაშორისო რეკომენდაციებით, პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ანევრიზმის გასკდომით განვითარებული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, აუცილებლად უნდა მოხვდნენ იმ კლინიკაში, სადაც ორივე სახის სერვისია, ანუ ორივე მეთოდით კეთდება ოპერაციები, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, რიგ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ენდოვასკულურ მეთოდს, ზოგჯერ კი აუცილებელი ხდება ანევრიზმის კლიპირება, შესაბამისად, პაციენტის მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს პროფესიონალთა გუნდმა, მაღალკვალიფიციური ენდოვასკულური ქირურგისა და ნეიროქირურგის მონაწილეობით. თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციით ისიც არის მითითებული, რომ პაციენტი უნდა მოხვდეს ისეთ კლინიკაში, სადაც წელიწადში სულ ცოტა 35 ასეთი ოპერაცია ტარდება. ბუნებრივია, ეს ქირურგის კვალიფიკაციასა და კლინიკის გამოცდილებაზე მეტყველებს. საყურადღებოა ის, რომ მარტო ქირურგის მიერ მაღალტექნიკურად შესრულებული ოპერაცია არ განსაზღვრავს პაციენტის გამოსავალს. მისი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ბედი და საბოლოო გამოსავალი დიდად არის დამოკიდებული პოსტოპერაციულ პერიოდზე, სწორად და მაღალკვალიფიციურად ჩატარებულ რეანიმაციულ მკურნალობაზე, ხანგრძლივ ინსტენსიურ ღონისძიებებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, სპეციფიკურია და პაციენტის მდგომარეობის განსაკუთრებულ მართვას და სპეციფიკურ მკურნალობას გულისხმობს. ამას კი, ცხადია, პროფესიონალთა სერიოზული გუნდი სჭირდება.

მკურნალობის დასახელებული მეთოდები გამოიყენება გაუმსკდარი ანევრიზმების შემთხვევაშიც. თუმცა ამ დროს წინასწარ მიმდინარეობს დებატები, რამდენად მაღალია ანევრიზმის გასკდომის რისკი, ტარდება კვლევები, ითვალისწინებენ პაციენტის ასაკს, ანევრიზმის ზომას, ფორმას, ლოკალიზაციას, გენეტიკურ ფაქტორს. ყველა ამ საკითხის დაჯამებითა და შეფასებით საბოლოოდ იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ანევრიზმის მკურნალობაზე და არჩევენ კონკრეტული შემთხვევისათვის (კონკრეტული პაციენტისათვის მისი ანევრიზმის მიხედვით) ყველაზე რაციონალურ ქირურგიულ მეთოდს (კლიპირებას ან ენდოვასკულურ ჩარევას). ისიც აღსანიშნავია, რომ გართულებების რისკი გაუმსკდარი ანევრიზმების მკურნალობისას ბევრად დაბალია, ვიდრე გამსკდარი ანევრიზმების დროს ჩატარებული ქირურგიული ჩარევებისას.