სტაფილოკოკი და მისი თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტაფილოკოკი და მისი თავისებურებანი

აღმომაჩნდა ანტიმიკრობული ანტისტაფილოკოკური ანტისხეულები დიდი რაოდენობით. გამოხატული მაქვს თავზე სტაფილოკოკური ფოლიკულიტი.

კოკები ოვალური და სფერული ფორმის ბაქტერიების საერთო სახელწოდებაა (ბერძნული სიტყვა კოკკოს "მარცვალს" ნიშნავს). ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ასობით სხვადასხვა კოკის გარემოცვაში იმყოფება, თუმცა სტაფილოკოკზე მეტად ცნობილი და ფართოდ გავრცელებული კოკი არ არსებობს. მიკრობიოლოგიური ტერმინი სტაფილოკოკი სამედიცინო პრაქტიკაში პირველად 1881 წელს გამოიყენეს.

მიკროსკოპში ჩანს, რომ კოკები ჯგუფებად გროვდებიან და ყურძნის მტევნებს ჰგვანან. სწორედ აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება - სტაპჰყლოს ბერძნულად მტევანს ნიშნავს. სიტყვა სტაფილოკოკი დღეს პრაქტიკულად ყველას გაუგონია და, წესისამებრ, უარყოფით ემოციას იწვევს. ადამიანისა და ცხოველების ათობით დაავადება სწორედ სტაფილოკოკებს უკავშირდება. ამ დაავადებათა მკურნალობისას ექიმები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან.

სტაფილოკოკები მიკროორგანიზმთა მთელი გვარია. ამჟამად მათი 27 სახეობაა ცნობილი. 14 მათგანი ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზეა აღმოჩენილი. სტაფილოკოკების უმრავლესობა ადამიანისთვის უვნებელია, მაგალითად, ხსენებული 14 სახეობიდან დაავადებას მხოლოდ სამი იწვევს, მაგრამ ეს სამიც საკმარისია... აქ უთუოდ უნდა ითქვას ერთი რამ: რომელი ბაქტერიაც არ უნდა ავიღოთ, დაავადების თვალსაზრისით საშიშროებას ქმნის არა საკუთრივ მიკრობი, არამედ მისი პათოგენურობის ფაქტორები - განსაზღვრული ნივთიერებები, რომლებიც შედის მიკრობის შემადგენლობაში ან მისი ცხოველმყოფელობის პროცესში წარმოიქმნება.

როგორც ამბობენ, ჯარისკაცს კი არ უნდა ვუფრთხოდეთ, არამედ მის ხელთ არსებულ იარაღს. სტაფილოკოკი, რომელიც მიკროსკოპში პატარა და უმოძრაო მარცვალს ჰგავს, ძალზე საშიში მოწინააღმდეგეა - მისი ყოველი ნაწილი, სტრუქტურის ყოველი ელემენტი და თითოეული ბიოქიმიური პროცესი დიდი საფრთხის წყაროს წარმოადგენს.

სტაფილოკოკის გარემომცველი კაფსულა ადვილად ისხლეტს და იგერიებს ფაგოციტებს - მიკრობების მშთანთქავ უჯრედებს და ხელს უწყობს ორგანიზმში ბაქტერიის შეჭრას. მისი უჯრედული კედელი იწვევს ალერგიულ და ანთებით რეაქციებს, ანეიტრალებს იმუნოგლობულინებს, ართმევს ფაგოციტებს მოძრაობის უნარს. სტაფილოკოკის მრავალრიცხოვანი ფერმენტები არღვევს უჯრედთა სტრუქტურას, უვნებელყოფს ანტიბიოტიკებს, ამასთანავე წარმოქმნის ე. წ. ჰემოლიზინებს - ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და სისხლის სხვა უჯრედებს. გარდა ამ საშიში არსენალისა, სტაფილოკოკს აქვს ტოქსინებიც, რომელთაგან თითოეული ფაქტობრივად განსაზღვრული მოქმედების შხამია.

სტაფილოკოკური ინფექციის სირთულე და არსი სწორედ ამ დამაზიანებელ ფაქტორთა მრავალფეროვნებაშია. დამაზიანებელ ფაქტორთა რაოდენობით სტაფილოკოკს ბაქტერიათა სამყაროში ანალოგი არ მოეპოვება. აქედან გამომდინარე, გასაგებია სტაფილოკოკურ დაავადებათა მრავალფეროვნებაც. სტაფილოკოკი დიფტერიის გამომწვევი ჩხირი არ გეგონოთ, ერთი კონკრეტული ტოქსინითა და ერთადერთი დაავადებით;

სტაფილოკოკისგან უამრავ დაავადებას უნდა მოელოდეთ - კანის ჩირქგროვიდან დაწყებული, მენინგიტითა და ფილტვების ანთებით დამთავრებული. მათ შორის - სეფსისს, ნაწლავურ ინფექციას და ვინ მოთვლის, კიდევ რას არა. ცალკე უნდა ვახსენოთ ოქროსფერი სტაფილოკოკი. ის განსაკუთრებით საშიში ბაქტერიაა, ვინაიდან დამაზიანებელ ფაქტორთა მთელ არსენალს ფლობს და, რაც მთავარია, ანტიბიოტიკებისა და ანტისეპტიკური საშუალებებისადმი ძლიერი გამძლეობით გამოირჩევა.


მკურნალობის თავისებურებანი

სტაფილოკოკური დაავადების მკურნალობა არცთუ იოლი ამოცანაა. ეს იმიტომ, რომ სტაფილოკოკი განსაკუთრებული მიკრობია. ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებისადმი გამძლეობის თვალსაზრისით მას ვერც ერთი ბაქტერია ვერ შეედრება. პენიცილინის გამოყენების პირველმა გამოცდილებამ პრეპარატის ეფექტიანობა სწორედ სტაფილოკოკთან მიმართებით აჩვენა. მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და დღეს ასეთ სტაფილოკოკებზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება.

ფარმაკოლოგები სულ ახალ და ახალ ანტიმიკრობულ საშუალებებს ქმნიან, მიკრობიოლოგებს კი უფრო და უფრო მეტად უჭირთ სტაფილოკოკთა იმ შტამების გამოყოფა, რომლებიც არსებული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობას არ ამჟღავნებენ. როგორც უკვე ითქვა, სტაფილოკოკებთან ბრძოლა რთული საქმეა. მკურნალობა მიზნად ისახავს როგორც გამომწვევთა განადგურებას, ასევე ორგანიზმის იმუნური სტატუსის ამაღლებას. ჩირქოვან კერებს დაავადებულ ორგანოებს ხშირად ოპერაციული ჩარევით აშორებენ, სტაფილოკოკის მგრძნობელობის მიხედვით შერჩეულ ანტიბიოტიკებთან ერთად იყენებენ ანტისტაფილოკოკურ პლაზმასა და იმუნოგლობულინებს, რომელთა საშუალებით ორგანიზმში მზა ანტისხეულები შეჰყავთ.

თქვენს შემთხვევაში მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს. აუცილებლად უნდა მოიცავდეს როგორც ზოგადად, ასევე ადგილობრივად მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებებს. მკაცრად უნდა დაიცვათ ჰიგიენა და, რაც მთავარია, იზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ამისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ვიტამინებით მდიდარი ასკილი, ქაცვი, მოცვი, ცირცელი, იმუნო და ბიომასტიმულირებელი საშუალებები (ალოე, ქაცვი, ბაბუაწვერა, ბეგქონდარა, კოთხუჯი), ანტიმიკრობული მცენარეები (სალბი, არყი, კრაზანა, ევკალიპტი, სოჭი, ასფურცელა, წყლის იელი და სხვა). კარგია ალოეს ექსტრაქტი (გამონაწვლილი), მრავალძარღვას წვენი, არყის ნაყენი და ნახარში, ქაცვის ზეთი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგს, რომელიც სათანადო გამოკვლევების საფუძველზე, სტაფილოკოკის ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის გათვალისწინებით, დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად კი აიღეთ 15 გ ორკბილას ბალახი, 10-10 გრამი კაკლის ფოთოლი, დედოფლისთითას ბალახი და შვიტა, 20 გ იაჟუჟუნა. აურიეთ ერთმანეთში, 4 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლ წყალი, მთელი ღამე გააჩერეთ, დილით კი 5-7 წუთი ადუღეთ. ნახარში დღეში 5-6 ულუფად გაყავით და ჭამიდან 20 წუთის შემდეგ დალიეთ. მკურნალობის კურსი 5-6 კვირას მოიცავს.