მარტოხელა მამის ტრაგიკული ისტორია - დედამ ბავშვებს პენსია მოპარა და ოჯახი მიატოვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტოხელა მამის ტრაგიკული ისტორია - დედამ ბავშვებს პენსია მოპარა და ოჯახი მიატოვა

– მისი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მოხდა. ამ ამბავმა მაშინ ბევრი ჩვენგანი დაამწუხრა, თუმცა თანაგრძნობა დიდხანს არ გაგრძელებულა. არავინ დაინტერესებულა, როგორ განვითარდა მოვლენები 6 წლის ლუკას გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ 43 წლის ბორის ჩაგუნავას კიდევ ორი შვილი დარჩა: ლუკას ტყუპისცალი – 6 წლის ლერი და 3 წლის საბა. გარდაცვლილის მსგავსად, ორივე მცირეწლოვანს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვთ, რაც ხშირად აგრესიულ ქცევასა და გაღიზიანებაში გამოიხატება. პატარებს მხოლოდ მამა ზრდით, თუ არ ჩავთვლით, რომ პერიოდულად მათთან დასახმარებლად მიდის ბებია (მამის დედა).

ჩაგუნავების ოჯახს ჩვენ სწორედ იმ დროს მივაკითხეთ, როდესაც მარტოხელა მამა ბავშვებს კლინიკაში წასაყვანად ამზადებდა. პატარები იქ თბილისის მერიის დაფინანსებით კვირაში სამჯერ გეგმურ სარეაბილიტაციო კურსს გადიან.

ოჯახს დიასახლისის ნაკლებობა ნამდვილად არ ეტყობა. კარგად დალაგებული სახლი, მოვლილი და სუფთად გამოწყობილი პატარები, გაზქურაზე ახლად მომზადებული კერძი და სამზადისი კლინიკაში მორიგი ვიზისტისთვის... ამ ყველაფერთან გამკლავება ბორის ჩაგუნავასთვის ადვილი არ არის, თუმცა ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში ბავშვებს თავშესაფარში არ გაუშვებს, მიუხედავად იმისა, რომ პატარები საკმაოდ რთული ქცევითი აშლილობით ხასიათდებიან და ერთმანეთის მიმართ აგრესიასაც გამოხატავენ. მამამ არცერთის მიმართ ყურადღება წუთიერადაც კი არ უნდა მოადუნოს. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული, განსაკუთრებით იმ ტრაგიკული 28 ივნისის შემდეგ, როდესაც 6 წლის ლუკა სახლის აივნიდან გადმოვარდა. მეზობლების გადმოცემით, სამ მცირეწლოვან ბავშვს მამა განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა. ტრაგედიაც ზუსტად იმ დროს დატრიალდა, როდესაც მამა შვილებს საჭმელს აჭმევდა.

ჩაგუნავების ოჯახში მისულები, ცხადია, პირველ რიგში, დავინტერესდით, სად იმყოფება ბავშვების დედა და რატომ უწევდა ახალგაზრდა მამაკაცს ასეთ სირთულეებთან გამკლავება სრულიად მარტოს? აღმოჩნდა, რომ ნატა ხვედელიძემ სამი მცირეწლოვანი ბავშვი ლუკას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიატოვა. ბორის ჩაგუნავა გვიყვება, რომ დედამ ბავშვების რამდენიმე თვის პენსია ერთიანად გამოიტანა და მეგობარ მამაკაცთან ერთად გაიქცა. ამრიგად, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებმა ერთადერთი შემოსავლის წყაროც დაკარგეს. უფრო მეტიც, დედა არც საკუთარი შვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩენილა. როგორც ბორის ჩაგუნავა ამბობს, მისმა მეუღლემ ამბავი მხოლოდ ტელეფონის საშუალებით მოიკითხა და კვლავ გაუჩინარდა.

ეს არ გახლავთ ერთადერთი სირთულე, რომელიც უახლოეს თვეებში ბორის ჩაგუნავას თავს დატრიალდა. გასული წლის ოქტომბერში მისი სახელი ერთ-ერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში ამოტივტივდა. საუბარია გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ჩაგუნავა დააპატიმრეს და ბრალად დასდეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. უშუალოდ აფეთქების განხორციელებაში კი მისი სიძე, დარჩო ხეჩუაშვილი იქნა მხილებული, რომელიც ამჟამადაც მიმალვაშია. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ჩაგუნავა ამ საქმეში ჩათრეული?

ქერჩის ქუჩა #22-ში, ბორის ჩაგუნავას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა 2016 წლის 7 ოქტომბერს, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებიდან მესამე დღეს ჩაატარეს და ჩაგუნავა ბრალდებულის სახით დააკავეს. ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა.

წარდგენილ ბრალდებაში ბორის ჩაგუნავამ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები მასთან ბინაში 2016 წლის ზაფხულში შესანახად მისმა სიძემ, დარჩო ხეჩუაშვილმა მიიტანა. ჩაგუნავა ამბობს, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან ფლობდა ხეჩუაშვილი იარაღს და რა მიზნით აპირებდა მის გამოყენებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორის ჩაგუნავა სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 6-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელიც ჩაგუნავასთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა გასულ კვირას თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დატოვა. ამრიგად, ბორის ჩაგუნავა ამჟამად საკუთარ შვილებთან, პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფება.

ბორის ჩაგუნავა გივი თარგამაძის საქმეში გამოჩენამდე თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონში მსახურობდა. 1997-98 წლებში ჩაგუნავა გახლდათ სპეცდანიშნულების რაზმ "დელტას" მებრძოლი; 1999 წელს კი – შსს-ს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მებრძოლი; 2000 წელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოფიცერი გახდა; 2000-2002 წლებში კი – ანტიტერორისტული ცენტრის ოფიცერი. ამჟამად ის უმუშევარია და სრულიად მარტოს უწევს ორი მცირეწლოვანი ბავშვის გაზრდა.

ბორის ჩაგუნავა:

– აი, ასე ვწვალობთ. ბავშვებს მხოლოდ მე ვზრდი. ჩემმა ცოლმა დატოვა სამივე პატარა, საყვარლის გამო. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ არსებობს ქალი, რომელმაც სამი ავადმყოფი ბავშვი დატოვა და სახლიდან გაიქცა. ამ ბავშვების მდგომარეობით არცერთხელ არ დაინტერესებულა.

– ანუ დაბრუნებაც არ უცდია?

– არა. მე ჩემს თავმოყვარეობასაც კი გადავაბიჯე და ბავშვების გამო არაერთხელ ვთხოვე დაბრუნება, რადგან ხედავთ, როგორ მდგომარეობაშიც არიან, მათი გარეთ გაყვანაც კი საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ის სანახავადაც კი არ მოსულა ბავშვებთან, საკუთარ შვილებთან, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვთ და თქვენც ხედავთ ხომ ამას. მე ცოლი სულ არ მაინტერესებს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაბრუნებას ვთხოვდი, ჩემი შვილები იყვნენ. სახლში ვინმე ყურადღების მიმქცევი რომ ეყოლებოდათ, მე სადმე ვიმუშავებდი და რაღაც ელემენტარულს შემოვიტანდი სახლში. მხოლოდ ამის გამო ვთხოვდი დაბრუნებას, მაგრამ მას საკუთარი შვილები არ ანაღვლებს.


– ახლა არსად მუშაობთ ხომ? როგორ ინახავთ პატარებს? რითი არსებობთ?

– ამჟამად არსად არ ვმუშაობ. ახლობლებისა და ნაცნობების იმედად ვართ, მაგრამ მთელი ცხოვრება სხვას ხომ ვერ დაავალდებულებ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც მცირედით მაინც გვეხმარება.

– ბავშვის გარდაცვალების შემდეგაც არ გამოჩენილა თქვენი მეუღლე?

– არა, არც მაშინ მოსულა. ერთხელ დარეკა ამბის გასარკვევად – აინტერესებდა მართალი იყო თუ არა ეს ამბავი. არც კი დაინტერესებულა, როდის და სად არის დაკრძალვა. კაი, ცოცხალი ბავშვები თუ არ გაინტერესებს, გარდაცვლილი მაინც არ უნდა იტირო-მეთქი, – მივწერე, მაგრამ სრული იგნორი. პასუხიც არ გამცა. ბავშვის საფლავიც კი არ იცის, სად არის. თითქმის სამი თვე გავიდა, რაც სახლიდან გაიქცა და ერთხელ არ მოუკითხავს შვილები. უფრო მეტიც, წასვლამდე წინასწარ გამოიტანა ბავშვების რამდენიმე თვის პენსია, რომელიც ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ეს გახლდათ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა. ლუკას დაკრძალვიდან მეოთხე დღეს ზღვაზე "ზაგარს" იღებდა და სოციალურ ქსელში "სელფებს" აქვეყნებდა. ეს ტრაგედიაც მის სინდისზეა. ის რომ არ გაქცეულიყო ასე უნამუსოდ, დღეს შეიძლება ჩემი შვილი ცოცხალი ყოფილიყო.

– არ გიფიქრიათ ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადაცემაზე? როგორ შეძლებთ სამომავლოდ ამ ყველაფერთან გამკლავებას სრულიად მარტო?

– არის სპეციალიზებული სკოლა-ინტერნატი მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებისთვის და ვაპირებ, ლერი სექტემბრიდან იქ შევიყვანო, დილიდან საღამომდე იქ იქნება და მერე სახლში წამოვიყვან. როგორც ასეთი, რომ ბავშვები მთლიანად თავშესაფარში ჩავაბარო და სახლიდან გავუშვა, ამას ერთი წუთითაც კი არ ვუშვებ. ჩემს შვილებს, ავად თუ კარგად, მე თვითონ მივხედავ.

– სანამ თქვენი მეუღლე წავიდოდა, მუშაობდით?

– კი, თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. მერე, როგორც იცით, ცოტა ხნით ციხეში ყოფნა მომიწია. როდესაც გამოვედი, შავ მუშად დავიწყე მუშაობა, ბავშვებისთვის პურის ფული რომ მეშოვა. მთელი დღე 20 ლარად ვტვირთავდი დიდ ავტომობილებს. ელემენტარულად, კლინიკაში ტრანსპორტირების ფულს მაინც ვშოულობდი. ჩემს ცოლს უთქვამს, მატერიალური გაჭირვების გამო წავედიო. ჯერ ერთი, დღეს ვის ულხინს ხომ? ამის გამო შეიძლება სამი მცირეწლოვანი შვილი დატოვო, მათ უკანასკნელი ლუკმა პირიდან გამოაცალო და გაიქცე?! ეს ნორმალური დედის საქციელია?!

– მანამდე როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– როგორც ყველა ოჯახში, შეიძლება ჩვენც გვეკამათა, მაგრამ არაფერი სერიოზული. კი უთქვამს ხოლმე, რომ გაბრაზდებოდა, – თქვენთან ცხოვრებით დავიღალეო, მაგრამ მისი ეს სიტყვები სერიოზულად არასდროს მიმიღია. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა. როგორც ჩანს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს გაიჩინა საყვარელი და მასთან ერთად არჩია ყოფნა.

– ბავშვების მკურნალობა რამდენად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული?

– აქამდე თავდაცვის სამინისტრო მეხმარებოდა, ახლა მერიის სპეციალური პროგრამაა და იმ პროგრამაში არიან ჩართულნი ბავშვები. უშუალოდ ამ მკურნალობაში ფულს მთავრობა გვიხდის, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის. ჯანმრთელ ბავშვებს რამდენი რამ სჭირდებათ და ამათ კიდევ უფრო მეტი.

– იმ ტრაგიკულ დღეს როგორ გაიხსენებთ, როდესაც ლუკა გარდაიცვალა? როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

– ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფერზე საუბარი. წუთებში მოხდა ყველაფერი. სამივე ბავშვი დავსი ოთახში, მულტფილმებს უყურებდნენ და თან საჭმელს ვაჭმევდი. დედაჩემიც ჩვენთან იყო იმ დღეს. ლუკას განსაკუთრებულად უყვარდა ჭამა და ცოტა დიდხანს გაგვიგრძელდა ეს პროცესი. ლერი და საბა სამზარეულოში იყვნენ უკვე გასულები. როდესაც ლუკამაც დაასრულა ჭამა, მეც სამზარეულოში გავედი და თეფში გავიტანე, ბავშვმა მულტფილმის ყურება განაგრძო. მანამდე აივნის კარი ოდნავ შევხსენი, ვიფიქრე, ჰაერი გაიწმინდება-თქო. წუთიერად გავედი თუ არა სამზარეულოში, ბავშვი ამდგარა, გასულა აივანზე და გადავარდა. დედაჩემმა სამზარეულოში მითხრა, – აივნის კარი ხომ დაკეტილიაო, რადგან არასდროს არ ვტოვებდი ღიას. ის კი არა, ყველა კარზე სახელურებიც კი მოვხსენი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მყოლოდნენ. დედაჩემის ნათქვამის შემდეგ ეგრევე გავიქეცი ოთახისკენ, მაგრამ ბავშვი იქ უკვე აღარ დამხვდა. წამებში მოხდა ყველაფერი. არც კი მინდა იმ დღის გახსენება.


– გასაგებია... რაც შეეხება თქვენს დაკავებას... როგორ აღმოჩნდით ამ საქმეში ჩათრეული?

– ჩემი სიძე, დარჩო ხეჩუაშვილი მოვიდა ჩემთან და სახლში იარაღის შენახვა მთხოვა. თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ნამუსზე შემაგდო. ის ხშირად გვეხმარებოდა ხოლმე, მისი მანქანით დაგვყავდა ბავშვები კლინიკაში. მითხრა, მე ასეთ პატივს გცემ და შენ ერთხელ არ გინდა, რომ ხელი გამიმართოო. ნუ, იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი.

– არ უთქვამს, რომ გივი თარგამაძის აფეთქება ჰქონდა დაგეგმილი?

– არა. მე ეს ყველაფერი უკვე აფეთქების შემდეგ გავიგე. ეს რომ მცოდნოდა, არც იარაღს დავიტოვებდი და არც სახლში შემოვუშვებდი. ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეგ ამ საქმეში იქნებოდა გარეული, მაგრამ კადრები რაც გავრცელდა, აშკარად მასზე მიუთითებს. არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა, ვის დავალებას ასრულებდა და რა კავშირები გააჩნდა. ფაქტია, რომ მის გამო აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში. მას შემდეგ, რაც მიიმალა, საერთოდ არ შემხმიანებია. რომ ვიცოდე, სად იმყოფება, ჩემი ხელით მივიყვან სამართალდამცველებს მასთან, რადგან ასეთი უბედურება დამატეხა თავს.

"პრაიმტაიმმა" ბორის ჩაგუნავას მეუღლესთან, ნატა ხვედელიძესთან დაკავშირებაც სცადა. გვსურდა, პირადად მასთან გაგვერკვია, რატომ დატოვა სამი მცირეწლოვანი შვილი და მართლაც მოჰპარა თუ არა ბავშვებს კუთვნილი პენსია? სამწუხაროდ, ნატა ხვედელიძესთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. მას მობილური ტელეფონი გათიშული აქვს. როგორც ბორის ჩაგუნავამ გვითხრა, მეგობარ მამაკაცთან ერთად მისამართი შეიცვალა და ამჟამად, სავარაუდოდ, ქირით ცხოვრობს, თუმცა კონკრეტული მისამართი მისთვისაც უცნობია. როგორც ყვება, მეუღლე მასთან კონტაქტზე აღარ გამოდის.

PRIMETIME.GE