ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც - დროა, ჩვენც გამოვიყენოთ ეს პრაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც - დროა, ჩვენც გამოვიყენოთ ეს პრაქტიკა

ამ ანგარიშის მიხედვით ვგებულობთ, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ინტერნეტმომხმარებლიდან ერთი ბავშვია და ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან მოზარდებს ვერც ოჯახი და ვერც სახელმწიფო სათანადოდ ვერ იცავს.

როგორ შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა ბავშვების ცხოვრება და რას გვიმზადებს მომავალი ამ მიმართულებით?

ციფრები და სტატისტიკა

• მსოფლიოში ყოველი სამი ინტერნეტმომხმარებლიდან ერთი ბავშვია.

• 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ინტერნეტით.

• ამ ასაკობრივი ჯგუფის 71 პროცენტი ინტერნეტმომხმარებელია, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ეს ციფრი 48 პროცენტია.

• ამასთან, მსოფლიო ახალგაზრდების 29 პროცენტს დაახლოებით 346 მილიონ ახალგაზრდას ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე.

ანგარიში ამბობს, რომ ინტერნეტი ბავშვებისთვის ცუდია?

პირიქით. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტთან წვდომა ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს, რადგან თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი სწავლის, კომუნიკაციის და თავისუფალი თვითგამოხატვის შეუზღუდავი შესაძლებლობაა.

ანგარიში ამბობს, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა უკვე დადგა და ეს შეუქცევადი პროცესია, რომელსაც ფეხს სათანადოდ ვერ უწყობენ ვერც სახელმწიფოები, ვერც არასამთავრობო სექტორი და ვერც მშობლები.

რა სიკეთე მოაქვს გლობალურ ქსელს ბავშვისთვის?

სწორად გამოყენებების შემთხვევაში, ინტერნეტი მნიშვნელოვნად ცვლის იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც იჩაგრებიან სიღარიბის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილების თუ გეოგრაფიულად რთულად მისაწვდომ ტერიტორიაზე ცხოვრების გამო. ციფრულ ტექნოლოგიას შეუძლია დააკავშიროს ეს ბავშვები დანარჩენ სამყაროსთან.

წარმოიდგინეთ ცერებრალური დამბლის მქონე ბიჭი, რომელიც თავის თანატოლებს ინტერნეტით ელაპარაკება. ინტერნეტის წყალობით, ის თანაბარ პირობებშია: მის ცხოვრებაში პირველად მისი შესაძლებლობები მეტად ჩანს, ვიდრე მისი შეზღუდული შესაძლებლობა.

ანდა სირიელი გოგონა, რომელიც ომს გამოექცა და ლტოლვილთა ბანაკში ციფრული ტაბლეტის გამოყენებას სწავლობს, რომ მისთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოაჩინოს.

ან 13 წლის ქუთაისელი ნინო შალამბერიძე, რომელიც ესპანურს ონლაინ კურსის მეშვეობით სწავლობს. მის ოჯახს რეპეტიტორის აყვანის საშუალება არ აქვს, ინტერნეტმა კი მას ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა მისცა.

15 წლის გიორგისთვის კი, ინტერნეტი საბერძნეთში მცხოვრებ დედასთან ყოველდღიური კონტაქტის ერთადერთი საშუალებაა.

ამიტომ, ინტერნეტი ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მიიჩნევენ ანგარიშის ავტორები, რადგან ის ბავშვები, რომელიც ინტერნეტის მიღმა არიან, სხვებთან არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

მაგალითად, გოგონა, რომელსაც ოჯახში ან თემში გავრცელებული წესები ინტერნეტით სარგებლობას უკრძალავს, ვერ მიიღებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რომელსაც სხვა ბავშვები იღებენ.

რა საფრთხე ემუქრება გლობალურ ქსელში ჩართულ ბავშვს?

თუმცა, ბევრ სიკეთესთან ერთად, ინტერნეტი უამრავ საფრთხესაც შეიცავს, გვაფრთხილებენ ანგარიშის ავტორები და კონკრეტული მაგალიტები მოჰყავთ:


ვიდეოთამაშებზე დამოკიდებული ბიჭუნას ისტორია; კიბერბულინგის მსხვერპლი მოზარდი, რომელმაც სუიციდით დაასრულა ცხოვრება; 14 წლის გოგონა, რომლის ყოფილი შეყვარებული სოციალურ ქსელში შექმნილი პროფილით ავრცელებს მის შიშველ ფოტოებს, რომელთა გადაღებასაც თავად აიძულებდა; 8 წლის ფილიპინელი გოგონა, რომელსაც მეზობელი სექსუალურ კავშირს აიძულებს. ეს რეალური მაგალითებია მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ამ ანგარიშში მრავლადაა.

კიბერბულინგი ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა, რომელიც გლობალურ ქსელში ჩართულ ბავშვს ემუქრება.

"სკოლაში მეც ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ როცა სახლში შევდიოდი და კარს ვხურავდი, ჩემი ჩაგვრა იქ მთავრდებებოდა. დღეს კი, მოძალადეს შეუძლია მსხვერპლს საკუთარ ბინაშიც შეჰყვეს. ახლა ბულინგი კვირაში 7 დღის და დღეში 24 საათის განმავლობაში გრძელდება," – ამბობს ჯონ კარი, ბრიტანელი ექსპერტი ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ანგარიშის პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა.

ასევე, ინტერნეტში ბოროტმოქმედები ადვილად ახერხებენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას ანონიმური პროფილების საშუალებით, მაშინ, როცა ბავშვი ცუდს არაფერს ეჭვობს. ისინი აიძულებენ ბავშვებს სექსუალურ და სხვა სახიფათო ურთიერთობებს. ხშირია ბავშვების რადიკალიზების მცდელობები და მათი წაქეზება არაჯანსაღი და საშიში ქცევისაკენ.

გასულ წელს, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 13-დან 17 წლამდე ასაკის გოგონების მესამედი თანატოლებისგან ინტერნეტით არასასურველ სექსუალურ შეტყობინებებს იღებს, ხოლო ყოველი მეათე – გაუპატიურების მუქარას. მალაიზიური პოლიციის ინფორმაციით კი, 2015 წელს ინტერნეტში გაცნობის შედეგად გაუპატიურებულთა 80 პროცენტი 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი იყო.

გარდა ამისა, ბავშვისთვის ინტერნეტში ხელმისაწვდომია არასასურველი და მისი ასაკისთვის შეუფერებელი შინაარსის მასალა, რაც აზიანებს მის ფსიქიკას. ეს მასალა შეიძლება შეიცავდეს სექსუალური, პორნოგრაფიული ხასიათისა და ძალადობის შემცველ ვიდეოებსა და ფოტოებს, არასასურველ რეკლამას, რასისტულ, დისკრიმინაციულ გამონათქვამებსა და სიძულვილის ენის შემცველ ინფორმაციას, ვებ-გვერდებს, რომლებიც აქეზებს არაჯანსაღ ან საშიშ ქცევას, მაგალითად, საკუთარი სხეულის დაზიანებას, თვითმკვლელობას ან ანორექსიას.

რას აკეთებს ინტერნეტში ბავშვების უსაფრთხოებისთვის მსოფლიო?

დიდ ბრიტანეთში, თითქმის ყველა ოჯახში, სადაც არასრულწლოვანი ბავშვია, მშობლის მოთხოვნით, ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანია აყენებს სპეციალურ ფილტრს, რომელიც ინტერნეტში მოზარდისთვის საზიანო ყველა ონლაინ რესურსს ბლოკავს. ასეთივე ფილტრებით სარგებლობს ყველა ბრიტანული სკოლა.

დაცულია არასრულწლოვანთა მობილური ტელეფონებიც – როცა მშობელი არასრულწლოვანი შვილისთვის მობილურ ტელეფონს ყიდულობს, სიმბარათი ბავშვზე ფორმდება და მისი სრულწლოვანების მიღწევამდე, ვერცერთი ტელეფონი, სადაც ეს სიმბარათი ჩაიდება, ბავშვებისთვის საზიანო და საფრთხისშემცველ რესურსებზე წვდომას ვერ მიიღებს.


არასრულწლოვნებისთვის საზიანო ინტერნეტრესურსების სიას დიდ ბრიტანეთში სპეციალური კომისია ადგენს. ამ კომისიის წევრები არა პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეეები, არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც დიდი ნდობით სარგებლობენ.

თუმცა, რეგულაციების შემოღების მიუხედავად, გარკვეული საფრთხე მაინც დარჩა. მაგალითად, არასრულწლოვანმა, შესაძლოა, რომელიმე ინტერნეტკაფეში უფასო ინტერნეტის სერვისით ისარგებლოს და საზიანო ინტერნეტრესურსებზე წვდომა დაუბრკოლებლად მიიღოს.

რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

საქართველოში მოქმედებს რეგლამენტი, რომელიც კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებს და კანონიერ ინტერესებს იცავს. ამ რეგლამენტის მიხედვით, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ვებგვერდების მფლობელები, ვალდებულები არიან მომხამრებელი მავნე ინფორმაციისგან დაიცვან.

თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ეს რეგულაცია თითქმის არ მოქმედებს. დღეს საქართველოში მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა, რომლებსაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა, სრულიად დაუცველნი არიან გლობალურ ქსელში.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პარლამენტი მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნეტსივრცის ხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გათავისუფლებას:

"ევროპაში დიდი ხანია არსებობს პრაქტიკა: ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც. დროა, ჩვენც გამოვიყენოთ ეს პრაქტიკა. კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების 90% უყურებს პორნოგრაფიას, სადაც ხშირად სექსუალური ძალადობაა. კანონის მიღების შემდეგ პროვაიდერი იქნება ვალდებული, რომ კონტენტი ამ ტიპის ინფორმაციისგან გაწმინდოს."

თუმცა, ამ რეგულაციებს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ისეთი სუსტი დემოკრატიის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ასეთი შეზღუდვა, შესაძლოა, ცენზურის, სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის საფუძვლად იქცეს. ამისთვის თურქეთის მაგალითიც საკმარისია – ამ ქვეყანაში პორნოგრაფიულ საიტებთან ერთად, ინტერნეტრეგულაცია ვიკიპედიასაც შეეხო. მთელი მსოფლიოს სტუდენტების საყვარელი ვირტუალური ენციკლოპედია ამ ქვეყანაში დაბლოკილია, რადგან ერთ-ერთ სტატიაში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი დიქტატორად იყო მოხსენიებული.

მაკა შერაზადაშვილი ორი არასრულწლოვანი შვილის დედაა. ის და მისი მეუღლე დილიდან საღამომდე სამსახურში არიან, ამიტომ ვერ ახერხებენ იმის გაკონტროლებას, თუ რას აკეთებენ ბავშვები ინტერნეტში:

"ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ – სახლში საერთოდ გავთიშეთ ინტერნეტი", – ამბობს ის. ახლა მაკას უფროსი შვილი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეა, იძულებულია სამსახურიდან დედის დაბრუნებას დაელოდოს და საშინაო დავალება მისი მობილური ინტერნეტის გამოყენებით დაწეროს – სკოლაში მას ხშირად აძლევენ დავალებას, რომლის შესრულებისთვისაც ინფორმაცია ინტერნეტში უნდა მოიძიოს.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ და ოჯახმა პირველ რიგში, ბავშვებში ინტერნეტწიგნიერების გაზრდაზე უნდა იზრუნოს: "სკოლებმა დაწყებითი კლასებიდანვე უნდა იზრუნონ სასწავლო პროგრამებში ციფრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებაზე. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტ საფრთხეებისაგან", – ამბობს ქურციკიძე.

მისი თქმით, არასრულწლოვანის მიერ ინტერნეტში გატარებული დრო უნდა იყოს არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა: "დროს იმდენად არა აქვს მნიშვნელობა, რამდენიც იმას, თუ რას უყურებენ და რას აკეთებენ ბავშვები ონლაინ".

წყარო: jam-news.net