სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი
ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. აამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს.