რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ბოყინი უწყინარი, მაგრამ უსიამოვნო

55 წლის ქალბატონი გვწერს: "ბოლო დროს დამჩემდა ხშირი ბოყინი, განსაკუთრებით ღამით. რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?" ამ კითხვით მივმართეთ მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ზოგად
ქირურგს, თორაკოაბდომინური კლინიკის ლაპაროსკოპიული საოპერაციოს გამგეს, საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს დავით აბულაძეს:

- ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.

საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში. ის შედგება ჩაყლაპული ჰაერისგან, ასევე - ზოგიერთი საკვების (ლობიოს, კომბოსტოს, მუხუდოს და სხვა) მონელების შედეგად წარმოქმნილი აირებისა და ნახშირორჟანგისგან, რომელიც კუჭში მოხვედრილი ტუტე საკვების ან სითხის (საჭმელი სოდა, მინერალური წყალი) კუჭის წვენთან რეაქციის შედეგად გამოიყოფა. ეს აირი, ჩვეულებრივ, თანდათანობით, ადამიანისთვის შეუმჩნევლად ამოდის კუჭიდან საყლაპავისა და პირის ღრუს გავლით, მაგრამ თუ აირის წნევამ განსაზღვრულ ზღვარს მიაღწია, საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული მომჭერი კუნთოვანი რგოლი, კარდიული სფინქტერი, იხსნება და აირი ერთბაშად მაღალი წნევით ამოიტყორცნება პირის ღრუში, რასაც თან სდევს დამახასიათებელი ხმიანობა, გამოწვეული საყლაპავის ზედა სფინქტერის ვიბრაციით, ზოგჯერ - დამახასიათებელი სუნიც, რომელიც აირის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მსგავსი მოვლენა ფიზიოლოგიურ ნორმად ითვლება, თუ ადგილი აქვს ერთეულ შემთხვევებს, ისიც - დიდი ოდენობის ან სწრაფად და არასათანადოდ დაღეჭილი საკვების მიღების დროს, მაგრამ თუ ბოყინი რეგულარულია, თავს იჩენს ნებისმიერი საკვების მიღების შემდგომ ან ცარიელ კუჭზე და მუდამ შემაწუხებელი სუნი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება უნდა ვივარაუდოთ. ასევე სერიოზული სიმპტომია ბოყინის დროს საკვების ნარჩენების უკან ამოსვლა. დაავადების კვალობაზე, კუჭის შიგთავსი შესაძლოა იყოს მჟავე, მწარე ან ჰქონდეს ლპობის სუნი.


- რომელი დაავადებები იწვევს ბოყინს?
- შემაწუხებელ ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა (გასტროეზოფაგური რეფლუქსი), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი. პათოლოგიური ბოყინი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე უბნის ავთვისებიანმა სიმსივნემ. ბოყინის გამომწვევ დაავადებათაგან კეთილთვისებიან ქირურგიულ პათოლოგიებად ითვლება კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა და კენჭოვანი ქოლეცისტიტი, თუმცა ზოგიერთ სხვა პათოლოგიასაც გართულების შემთხვევაშიც (მაგალითად, სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის, თორმეტგოჯას ან ნაწლავის პერფორაცია, დესტრუქციული ქოლეცისტიტი და დესტრუქციული პანკრეატიტი) შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა და საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს.


- როგორ უნდა მოხდეს ამ დაავადებების დიაგნოზირება?
- ამ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა შესაძლებელია ისეთი მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდებით, როგორიც არის ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპია (გასტროსკოპია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული კვლევა, ირიგოგრაფია, კოლონოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭიროა ისეთი მიზანმიმართული კვლევებიც, როგორიცაა ბიოფსია, კუჭისა და საყლაპავის პH-მეტრია, დუოდენური ზონდაჟი, კომპიუტერული ტომოგრაფია, კუჭის წვენში ჰელიკობაქტერიის ტიტრის განსაზღვრა და სხვა.


- როგორ მკურნალობენ თქვენ მიერ ჩამოთვლილ პათოლოგიებს? რას ურჩევდით პაციენტებს?
- რაც

შეეხება კარდიოსპაზმს ან საყლაპავის აქალაზიას, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარს ან კარდიალური სფინქტერის უკმარისობას და კენჭოვან ქოლეცისტიტს, მათი ქირურგიული მკურნალობა უმეტესად გეგმურად ხდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში (ისევე, როგორც მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში) უკვე კარგა ხანია დანერგილია ლაპაროსკოპიული ოპერაციები ზემოაღნიშნული პათოლოგიების დროს და, შეიძლება ითქვას, ბრწყინვალე შედეგებიც გვაქვს, ხოლო არაქირურგიული დაავადებების სამკურნალოდ არსებობს სამკურნალწამლო საშუალებათა მთელი არსენალი, რომელთა დროული და სწორი შერჩევა პაციენტს თავიდან ააცილებს უსიამოვნო და უმეტეს შემთხვევაში სახიფათო ქირურგიულ გართულებებს. ასე რომ, გირჩევთ, შემაწუხებელი ბოყინის შემთხვევაში დროულად მიმართოთ გასტროენტეროლოგს ან ქირურგს. ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა: თავი არიდოს გაზიან სასმელებსა და ისეთ საკვებს, როგორიც არის ლობიო, ბარდა, კომბოსტო. რეკომენდებულია, მიირთვას ხშირად და მცირე ულუფებით. დაავადების დროული გამოვლენა კი გამოჯანმრთელების უმთავრესი პირობაა.

 

 

თარიღი : 05-05-2015
ქეთი
მყავს 11 წლის ბიჭი.აწუხებს ხშირი ბოყინი.მყავდა 2 პროფესორთან,გადააყლაპეს თეთრი სითხე.მითხრეს არაფერი არ არისო.ბავშვს ისევ საშინლად აბოყინებს.როგორ მოვიქცე?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.