რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ შევურჩიოთ ბავშვს სათვალე

მხედველობის პრობლემები უმეტესად ბავშვობიდან იღებს სათავეს. ამ ასაკში სათვალის შერჩევა და მორგება სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს. როგორ შევურჩიოთ ბავშვს სათვალე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ოფთალმოლოგი მაია კავლელიშვილი გვესაუბრება.



- რა ასაკიდან უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ბავშვის მხედველობას?
- ბავშვის მხედველობის სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა მის დაბადებამდე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ თვალის ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგია მუცლადყოფნის პერიოდში, დედის სხვადასხვა დაავადების ფონზე ვითარდება. მაგალითად, ორსულობის მეშვიდე-მერვე კვირას დედის მიერ გადატანილმა ვირუსულმა დაავადებამ (გრიპმა) შესაძლოა თანდაყოლილი გლაუკომა გამოიწვიოს. თანდაყოლილი კატარაქტის არსებობაც ხშირად დედის მიერ ორსულობის პერიოდში გადატანილ ინფექციაზე მიუთითებს. ახალშობილის თვალის ნებისმიერი ანთებითი პროცესის მიზეზიც დედის ინფექციური დაავადებაა. ნაყოფის მხედველობის ორგანოზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს დედის მავნე ჩვევები - თამბაქოს წევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი სწრაფვა. რისკის ფაქტორებს წარმოადგენს არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, არასრულფასოვანი კვება, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა.


- როდის იწყებს ახალშობილი საგნების დანახვას?
- ახალშობილის მხედველობის სიმახვილე დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში ძალზე დაბალია და 0,01-0,02-ს არ აღემატება. ჩამოყალიბებულია მხოლოდ თვალის გუგის რეაქცია (რეფლექსი) სინათლეზე. 2-დან 5 კვირამდე ასაკის პატარა უკვე იწყებს მზერის ფიქსირებას სინათლის წყაროზე ან ამა თუ იმ შედარებით დიდი ზომის საგანზე. ამ პერიოდში თვალების სინქრონული მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ბავშვს შესაძლოა პერიოდული სიელმე აღენიშნებოდეს. ეს საშიში არ არის, მაგრამ თუ სიელმე დაბადებიდან 6-8 კვირის განმავლობაში არ გაქრა, ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ. მეორე თვიდან ბავშვი გარემოს შესწავლას იწყებს. მზერას აფიქსირებს საგნებზე და აკვირდება მათ მოძრაობას. სინქრონულად ვითარდება მხედველობა, სმენა და ტაქტილური (შეხებითი) მგრძნობელობა. მესამე-მეოთხე თვიდან ჩამოყალიბებას იწყებს ფერადი მხედველობა, მხედველობის სიმახვილე 0,2-0,4-მდე იმატებს.  მეექვსე თვიდან ბავშვი მეტ-ნაკლებად სწორად აღიქვამს სხვადასხვა საგნამდე მანძილს.  2 წლისთვის მხედველობის სიმახვილე 0,6-0,7-მდე იმატებს, ხოლო 3-4 წლის ბავშვის მხედველობის სიმახვილე მხოლოდ 10-20%-ით ჩამორჩება მოზრდილისას. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვს სჭირდება 5 პროფილაქტიკური გასინჯვა ოფთალმოლოგთან: სიცოცხლის პირველსავე დღეებში, ერთი, სამი, ექვსი თვისა და 1 წლის ასაკში. ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად გამოვავლინოთ მხედველობის ორგანოს ყოველგვარი პათოლოგია. დაახლოებით 3 წლიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულებით.


- თუ ბავშვს მხედველობის დაქვეითება - ახლომხედველობა აღმოაჩნდა, როგორია შემდგომი მოქმედების ტაქტიკა?
- პირველ ყოვლისა, ჩასატარებელია მხედველობის ორგანოს სრული გამოკვლევა და სწორი კლინიკური დიაგნოსტირება. ამის შემდეგ იწყება მხედველობის ოპტიკური კორექცია - სათვალის შერჩევა. ბავშვისთვის სათვალის შესარჩევად აუცილებელია ე.წ მედიკამენტური ციკლოპლიგია ანუ აკომოდაციის დროებითი დამბლის მიღწევა სპეციალური მედიკამენტებით, უმეტესად ატროპინის 0,5%-იანი ან 1%-იანი ხსნარით. შემდეგ პაციენტი განმეორებით უნდა გაისინჯოს - ხდება ვიწრო და ფართო გუგის ფონზე მიღებული მონაცემების შეჯერება და სათვალის საბოლოო დიოპტრიული ძალის გამოთვლა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბავშვს სათვალე უნდა შევურჩიოთ კლინიკაში და არა ოპტიკის სალონში. ყურადსაღებია კიდევ ერთი რამ: თუ ბავშვს მხედველობის სიმახვილე უკორექციოდ 0,5 ან მეტი აქვს და მისი მხედველობის (მიოპიის) ხარისხი არ აღემატება 2 დიოპტრიას, სათვალე უმეტესად არ ინიშნება!


-

საჭიროა თუ არა სათვალის შერჩევის შემდეგ ოკულისტთან კონსულტაცია? თუ საჭიროა, როგორი სიხშირით?
- სათვალის შერჩევის შემდეგ მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში - პაციენტი წელიწადში 4-ჯერ მაინც უნდა გაისინჯოს. თუ ორი წლის განმავლობაში მიოპია არ პროგრესირებს, შემდეგ წელიწადში 2-3 კონსულტაცია საკმარისია. მიოპიის პროგრესირებისას აუცილებელია შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. თუ მიოპია წელიწადში 0,75 დიოპტრიით ან მეტით იმატებს, მისი პროგრესის შესაჩერებლად აუცილებელია სპეციალური ოპერაციის - სკლეროპლასტიკის ჩატარება.


- კიდევ როდის ენიშნებათ სათვალე ბავშვებს?
- მხედველობის ისეთი მანკების დროს, როგორიც არის ჰიპერმეტროპია და ასტიგმატიზმი. ჰიპერმეტროპია,  იგივე შორსმხედველობა, მიოპიის საპირისპირო რეფრაქციული მანკია, რომლის კორექცია შემკრები ანუ პლუს ნიშნიანი ლინზებით ხორციელდება. მიოპიისგან განსხვავებით, იგი იშვიათად პროგრესირებს. მაგრამ უფრო ხშირად იწვევს დისკომფორტს მხედველობითი დატვირთვის დროს - ე.წ. ასთენოპათიას. ამ დროს პაციენტები უჩივიან თვალების წვას, ტკივილს, ცრემლდენას, რომელიც წერა-კითხვის, ტელევიზორის ყურების დროს ძლიერდება, სიმძიმის შეგრძნებას შუბლის არეში, თავის ტკივილს. სათვალე ამ შემთხვევაშიც მედიკამენტური ციპლოპლეგიის ფონზე შეირჩევა. სწორად შერჩეული სათვალის მეშვეობით ასთენოპათიური მოვლენები ქრება და ბავშვს ნორმალური მეცადინეობის საშუალება ეძლევა. აქვე უნდა ითქვას, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აღენიშნებათ ე.წ. ფიზიოლოგიური ჰიპერმეტროპია. ისე რომ, თუ 5-6 წლამდე ასაკის ბავშვს არ აქვს ჩივილები, არ აღენიშნება სიელმე და ზარმაცი თვალი (ამბლიოპია), მხედველობის სიმახვილე შედარებით მაღალია და ჰიპერმეტროპიის ხარისხი 1,5 დიოპტრიას არ აღემატება, სათვალის დანიშვნა შეიძლება გადავდოთ კიდეც, თუმცა ასეთი ბავშვების დინამიკაში დაკვირვება აუცილებელია.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.