რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნევროზისა და დეპრესიის მკურნალობა

mkurnali.geნევროზის მკურნალობის მეთოდებსა და საშუალებებზე გვესაუბრება აკად. პ. სარაჯიშვილის სახ. კლინიკური ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი, ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მარინე მეტრეველი.


- ქალბატონო მარინე, როგორ უნდა წარიმართოს ნევროზული, სტრესული თუ დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობა?

- ნევროზის მკურნალობა ხორციელდება ინდივიდუალურად, დაავადების მიზეზის შესაბამისად. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, რამ განაპირობა დაავადება, რათა ეფექტური მკურნალობა დაინიშნოს. ნევროზს მხოლოდ ექიმმა სპეციალისტმა უნდა უმკურნალოს. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს არა მარტო ფარმაკოლოგიური პრეპარატებით თერაპიას, არამედ ფსიქოთერაპიის კურსსაც, რომლის მიზანიც არის კონფლიქტის მოგვარება ან კონფლიქტური სიტუაციისადმი პაციენტის დამოკიდებულების შეცვლა. როდესაც ნევროზის მიზეზი გადაღლაა, აუცილებელია ნერვული სისტემის ენერგეტიკული უნარის აღდგენა. ამისთვის იყენებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და ცვლითი პროცესების გამაუმჯობესებელ პრეპარატებს, ვიტამინებს. ძალიან მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება, რაც ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობის აღდგენის საშუალებას გვაძლევს. ზოგჯერ ნევროზის განვითარების საფუძველია იგივე გენები, რომლებიც ენდოგენური დეპრესიის მიზეზად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში ეფექტურია ანტიდეპრესანტების მიღება. მკურნალობის პირველი შედეგი (მაგალითად, ძილის გაუმჯობესება) მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღესვე ხდება თვალსაჩინო, ხოლო ზოგადი დაძაბულობისა და შფოთვის ნიშნები შემცირებას იწყებს მკურნალობის პირველი კვირის დასასრულს. ანტიდეპრესანტების მიღების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ერთი თვეა. ამის შემდეგ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში მათი დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს.


- როგორ მოქმედებს ფსიქოტროპული მედიკამენტები ორგანიზმზე?
- ფსიქოტროპული მედიკამენტები ზემოქმედებას ახდენს ადამიანის უმაღლეს ქერქულ ფუნქციებზე, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, იწვევს მოდუნებას, სიმშვიდეს. მათი წყალობით ადამიანი მწვავე პრობლემებს ზერელედ ეკიდება, რაც ზოგ შემთხვევაში აუცილებელია, მაგრამ ამ პრეპარატების მუდმივი გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს არა მარტო მიჩვევას, არამედ ორგანულ ცვლილებებს ტვინის ქსოვილსა და სხვა ორგანოებში, მერე კი ჯაჭვურ რეაქციათა წყებას პაციენტის მთელ მიკროსამყაროში. დეპრესიის, ნევროზული მდგომარეობის დროს, როდესაც ნერვულ სისტემაში ორგანული ცვლილებები არ შეინიშნება, ანტიდეპრესანტების მიღება სასურველია, როგორც აღვნიშნე, მცირე ხანს, დიდი-დიდი, ორი-სამი თვის განმავლობაში.


- გამოიყენება თუ არა ნევროზების სამკურნალოდ ტრანკვილიზატორები?
- ზოგ შემთხვევაში ტრანკვილიზატორების მიღება აუცილებელია ძილის მოსაწესრიგებლად და დღის განმავლობაში შფოთვის მოსახსნელად, განსაკუთრებით - მკურნალობის ადრეულ ეტაპზე. ნევროზების მედიკამენტური თერაპიის დროს შედარებით ეფექტურია ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორები: დიაზეპამი, რელანიუმი, ვალიუმი, ოქსაზეპამი, ფენაზეპამი, სიბაზონი. ტრანკვილიზატორები მოქმედებს თავის ტვინის განსაზღვრულ ნივთიერებებზე, რომლებიც განაგებენ ნერვულ უჯრედებს შორის აგზნების გადაცემას. მათზე ზემოქმედება ნეირონების დამუხრუჭებას იწვევს. სწორედ ამას უკავშირდება ტრანკვილიზატორების არა მარტო სედაციური (დამამშვიდებელი) და საძილე, არამედ ანტიფობიური (შფოთვის საწინააღმდეგო) და ანტიკონვულსიური (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) მოქმედებაც.


- გვერდით ეფექტებზე რას გვეტყვით?
- ტრანკვილიზატორების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება, მოხსნის სინდრომი (დაავადების სიმპტომების გაძლიერება ტრანკვილიზატორების მოხსნის შემთხვევაში), იმ ზომამდე გააუარესოს მეხსიერება და დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაციის უნარი, რომ საწყის დონემდე მათი აღდგენა შეუძლებელიც კი გახდეს. ცალკეულ შემთხვევებში მოსალოდნელია კანის ქავილი, გულისრევა, ღებინება, პოტენციის დაქვეითება. ზოგიერთ პიროვნებას, ვისთვისაც შთაგონება მნიშვნელოვანია, აღენიშნება ერთგვარი ფსიქოლოგიური ეფექტი: ეშინია, რომ პრეპარატების მიღების შემთხვევითი შეწყვეტაც კი მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ასეთი ფსიქოლოგიური ფენომენი არ შეიძლება წამლისმიერ დამოკიდებულებად განვიხილოთ,

თუმცაღა სამ-ოთხთვიანი რეგულარული მიღების შემდეგ ტრანკვილიზატორების უმეტესობა ნამდვილ დამოკიდებულებას იწვევს. ხანდაზმულებს ერღვევათ მოძრაობის კოორდინაცია, იშვიათად ეიფორიაც კი უვითარდებათ. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ტრანკვილიზატორები მოქმედებს დაავადების მხოლოდ სიმპტომებზე და არა მიზეზებზე, ამიტომ მათი საშუალებით განკურნება შეუძლებელია.


- აქვს თუ არა ტრანკვილიზატორებს უკუჩვენება?
- ტრანკვილიზატორების მიღების უკუჩვენება გახლავთ ღვიძლისა და თირკმლის მწვავე დაავადებები, მიასთენია. ასევე, არ შეიძლება მათი დანიშვნა მძღოლებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაოც ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ კოორდინაციას მოითხოვს. ალკოჰოლური სასმელები და ანალგეტიკები ტრანკვილიზატორების მოქმედებას აძლიერებს.


- კიდევ რომელი ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება ნევროზის სამკურნალოდ?
- შორს წასულ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს სხვადასხვა ჯგუფის ნეიროლეპტიკები მცირე დოზით. ასთენიური გამოვლინებების შემთხვევაში ეფექტურია ტრანკვილიზატორების კომბინაცია ნოოტროპებთან ან ფსიქოსტიმულატორებთან. შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი ნაზად მოქმედი ფსიქოაქტიური პრეპარატებიც, როგორებიც არის ელეუტეროკოკი და ლიმონიკი. გამოხატული აფექტური (დეპრესიული) მოშლილობისას ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ტრანკვილიზატორებითა და ანტიდეპრესანტებით. მკურნალობისას უნდა გვახსოვდეს, რომ ნევროზული რეაქციები უმეტესად შექცევადია. თერაპიაში ჩართული უნდა იქნეს ორგანიზმის ზოგადგამაძლიერებელი საშუალებები, კომპლექსური ვიტამინმინერალური პრეპარატები, ფიზიოთერაპიული პროცედურები, სამკურნალო ვარჯიშები. კარგია კურორტული მკურნალობაც. ექიმთან დროული ვიზიტი თავიდან აგვაცილებს დაავადების არა მარტო გახანგრძლივებას, არამედ მრავალ კონფლიქტურ სიტუაციასაც, შეგვინარჩუნებს კარგ, მეგობრულ ურთიერთობას ირგვლივ მყოფებთან როგორც სახლის გარეთ, ასევე შინ. ნევროზის პროფილაქტიკა გულისხმობს მთელ რიგ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ღონისძიებებს, მათ შორის - ნორმალური ოჯახურ-საყოფაცხოვრებო და შრომითი პირობების შექმნას, რაციონალურ პროფესიულ ორიენტაციას, ემოციური გადაძაბვის პრევენციას, პროფესიული მავნე ფაქტორების თავიდან აცილებას და სხვა.



თარიღი : 16-03-2017
ირაკლი
ნევროზებს ნევროლოგი არ უნდა მკურნალობდეს!!! ნუ გახდებით არაკეთოლსინდისიერი ექიმების მსხვერპლი! ნევროზი არის ფსიქიკის პრობლემა და ფსიქიატრის ან ფსიქოქოთერაპევტის საქმეა! http://rustavi2.com/ka/video/9870?v=2 ეს ნახეთ
თარიღი : 16-03-2017
ირაკლი
ნევროზებს ნევროლოგი არ უნდა მკურნალობდეს! ნევროზს რასაც ვეძახით ეს არი ფსიქიკური მდგომარება და მას ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრი უნდა მკურნალობდეს.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.