რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ასკარიდოზი - Ascaridosis - аскаридоз

ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება. მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში. პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს.

კლინიკური სურათი. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია პარაზიტების რაოდენობაზე, ავადმყოფის ასაკზე (ბავშვებში მძიმე ფორმები უფრო ხშირია), კვებაზე (საკვებში ცილებისა და B12 ვიტამინის დეფიციტზე). ზრდასრული ასკარიდები ხშირად იცვლიან ლოკალიზაციის ადგილს და სხვადასხვა ორგანოს აზიანებენ. ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის ფაზას (ინვაზიის პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს.
მიგრაციის ფაზას ახასიათებს საერთო სისუსტე, ქავილი და გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლისა და გულმკერდის არეში, სუბფებრილური (380ჩ-მდე) ან მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ხველა და ნახველის (ზოგჯერ- სისხლიანის) გამოყოფა, ქოშინი, დიარეა. ღვიძლი გადიდებულია, ენა- შელესილი, პულსი- აჩქარებული. ფილტვებში სველი ხიხინი ისმის, ხოლო რენტგენოგრამაზე ჩანს მკაფიოდ გამოხატული ბრონქოპნევმონიის კერები. ნახველში შეიძლება ლარვების აღმოჩენა. სისხლში აღინიშნება მკვეთრი ეოზინოფილია, მომატებული ედსი, მცირე ლეიკოციტოზი. 3-4 კვირის შემდეგ მწვავე მოვლენები გაივლის და მდგომარეობა უმჯობესდება.
ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია უმადობა (იშვიათად- ბულიმია), გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება, მეხსიერების დაქვეითება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. გართულებები ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. გართულებებიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების დახშობა, ნაწლავის პერფორაცია, რომელიც პერიტონიტით მთავრდება, ნაწლავის სანათურის დახშობით განპირობებული გაუვალობა, რომელიც ტკივილით, ღებინებით, ყაბზობით მიმდინარეობს, ღვიძლის ასკარიდოზი, ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა, რაც რთულდება სეფსისითა და ჩირქოვანი აბსცესით, პანკრეასის სადინარის დახშობა, რასაც მწვავე პანკრეატიტი მოჰყვება.

დიაგნოსტიკა. მიგრაციის პერიოდში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის (გაურეცხავი მწვანილისა და ხილის მიღება, სანიტარიულად არადამაკმაყოფილებელი გარემო), კლინიკური სურათის (ქავილი, გამონაყარი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. მოგვიანებით განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს.

მკურნალობა. საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს). ამჟამად გამოიყენება შემდეგი ანტიჰელმინთური პრეპარატები: ბენზიმიდაზოლის წარმოებულები, მაგალითად, ლევამიზოლი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი), მებენდაზოლი (ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, ტრიქინელოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია), ალბენდაზოლი (ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქინელოზი, ტრიქოცეფალოზი, ენტერობიოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია) და სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატები, მათ შორის- პირანტელის პამოატი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი), დიეთილკარბამაზინი, ნიკლოზამიდი, პრაზიკვანთელი (ტრემატოდოზი, ოპისტორქოზი, კლონორქოზი, პარაგონიმოზი, შისტოსომოზი, ცესტოდიზი- ტენიარინქოზი, ტენიოზი, დიფილობოთრიოზი, ცისტიცერკოზი), ივერმეკტინი (ონქოცერკოზი, სტრონგილოიდოზი).

პროფილაქტიკა. ასკარიდოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფისა და მატარებლის გამოვლენასა და დეჰელმინთიზაციას, ნიადაგის, წყლის დაცვას ადამიანის განავლისა და ცხოველების გადაუმუშავებელი ნაკელისგან, სურსათის (ხორცის, თევზის, ხილისა და მწვანილის) თერმულ დამუშავებას, გადამტანი მწერების, მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას.

 

 

ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.