კანის ქავილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის ქავილი

ქავილით მიმდინარე კანის დაავადებებზე სასაუბროდ ვეწვიეთ შპს "ესტერის" დერმატოვენეროლოგს ნინო მოსაშვილს.

- ქალბატონო ნინო, კანის რომელი დაავადებების დროს შეიძლება უჩიოდეს ადამიანი ქავილს?

- კანის დაავადებების დიდ ნაწილს თან სდევს ქავილი. აღნიშნული სიმპტომი დამახასიათებელია კანის ისეთი პათოლოგიებისთვის, როგორიც არის:

  • ალერგოდერმატოზები (ტოქსიდერმია, ეგზემა, ატოპიური დერმატიტს, ჭინჭრის ციება და სხვა);
  • ნეიროდერმატოზები;
  • მიკოზები (სოკოვანი დაავადებები);
  • პარაზიტებით გამოწვეული კანის დაავადებები (მუნი, დემოდეკოზი და სხვა).

- რა შეიძლება იყოს ქავილის მიზეზი და ხომ არ არის განსხვავება თავად ქავილის ხასიათსა და ინტენსივობას შორის კანის სხვადასხვა პათოლოგიის დროს?

- კანის პარაზიტული დაავადებებისთვის დამახასიათებელია ქავილი ღამით, რაც მათი ერთგვარი განმასხვავებელი ნიშანია კანის სხვა დაავადებებისაგან. კანის ქავილის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ცნს-ის ფუნქციის მოშლა. ქავილის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ძლიერი ნერვიულობა, სტრესი. ქავილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ქრონიკული ინტოქსიკაციით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, შინაგანი ორგანოების დაავადებებით (მაგალითად, მოხუცებულთა ქავილი). ცნობილია ორსულთა ქავილი, ქავილი ღვიძლის დაავადებების, ქრონიკული ყაბზობის დროს და სხვა. კანის სხვადასხვა პათოლოგიისთვის ქავილის ინტენსივობა, ხასიათი და ხარისხი განსხვავებულია.

- რა არის ალერგოდერმატოზები? იქნებ უფრო ვრცლად გვესაუბროთ მათი განვითარების მიზეზებსა და კლინიკურ გამოვლინებებზე...

- ალერგიულ დაავადებებს მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% უჩივის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარემოს დაბინძურება, კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა, ალერგენთა აგრესიულობის მატება და სხვა.

სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ერთხელ მაინც ემართება კანის ალერგიული დაავადების ერთ-ერთი ფორმა - ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია. იგი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გამომწვევი შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი, მათ შორის - საკვები, მედიკამენტები, ინფექციები, მწერის ნაკბენი და სხვა. ჭინჭრის ციების დროს გამონაყარი ძლიერ წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. იგი სხვადასხვა ადგილას ჩნდება და თან ახლავს ძლიერი ქავილი.

- როგორ ვუმკურნალოთ ჭინჭრის ციებას?

- ჭინჭრის ციების სამკურნალოდ უწინარეს ყოვლისა უნდა დადგინდეს და გამოირიცხოს ალერგიის მიზეზი. თუ ალერგია საკვებისმიერია, უნდა დაინიშნოს ჰიპოალერგიული დიეტა. თუ ალერგიის მიზეზი მედიკამენტია, უნდა შეწყდეს მისი მიღება. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნას. მათი უეფექტობის შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდები.

- რა არის ატოპიური დერმატიტი?

- ეს არის ქრონიკული ალერგიული დაავადება, რომელიც უვითარდებათ ატოპიისადმი გენეტიკურად განწყობილ პირებს. მას ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა, რაც გამოიხატება ასაკობრივი თავისებურებებით და გამღიზიანებლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით. გამაღიზიანებელ ფაქტორებს წარმოადგენს:

  • სახლისა და ყვავილის მტვერი;
  • ზოგიერთი საკვები (ძროხის რძე, კვერცხი, მარწყვი, შებოლილი პროდუქტები, ტომატი და სხვა);
  • ალკოჰოლი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა.

ატოპიური დერმატიტი ბავშვთა ასაკის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი ხშირად ვლინდება სიცოცხლის მე-6 თვიდან, იშვიათად - უფრო გვიან. განასხვავებენ ატოპიური დერმატიტის 3 ასაკობრივ ფაზას: ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა (ჭაბუკობიდან ზრდასრულ ასაკამდე). ადრეულ ასაკში აღინიშნება დაავადების მწვავე ფორმები ერითემით, შეშუპებით, სისველით. კერები განლაგებულია ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირზე, დუნდულებზე, ლოყებზე, ნიკაპზე. მოგვიანებით იწყება კანის ლიქენოიდური დაზიანება, რაც კანის სიმშრალეს იწვევს. ბავშვთა ასაკში ატოპიური დერმატიტისათვის დამახასიათებელია კანის სიმშრალე, სისხლიანი ქერქები, ლიქენიფიკაცია და ნახეთქები. გამონაყარი ლოკალიზებულია კისერზე, მაჯებზე, მუხლქვეშა და იდაყვის სახსრებში. მესამე ფაზაში, ჭაბუკობიდან ზრდასრულ ასაკამდე, გამონაყარი უფრო მეტად ზემო კიდურებსა და სახეზეა ლოკალიზებული. ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია ძლიერი და შეტევითი ხასიათის ქავილი, რომელიც ნებისმიერ ფაზაში გვხვდება. ქავილი ძლიერდება ნერვიულობისა და შესაბამისი ალერგენის ზემოქმედების შედეგად. არღვევს ძილს, რაც ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება.

- როგორ განვასხვაოთ ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის სხვა დაავადებებისგან?

- დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათისა და ანამნეზის მიხედვით, აგრეთვე კანის სინჯებით.

სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით უნდა დადგინდეს, რომელი საყოფაცხოვრებო, კვებითი, მცენარეული თუ ბაქტერიული ანტიგენი იწვევს კონკრეტულ პირში ალერგიულ რეაქციას.

- რას ურჩევდით ატოპიური დერმატიტით დაავადებულებს?

- ატოპიური დერმატიტი ითხოვს დაავადების ხანგრძლივ კონტროლს, კომპლექსურ მიდგომას. მკურნალობა მოიცავს ბაზისური და ანთების საწინააღმდეგო თერაპიის ადეკვატურ კომბინაციას. ალერგენის გამორიცხვა ან მასთან კონტაქტის შემცირება დაავადების გამწვავებას აბრკოლებს. ამისათვის საჭიროა ოთახების განიავება, დალაგება, სეირნობა სუფთა ჰაერზე, ყოველდღიური აბაზანა, პირადი ჰიგიენის დაცვა. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რეჟიმს. პათოგენეზური თერაპია გულისხმობს ქავილის მოხსნას და დარღვეული ძილის მოწესრიგებას. გარეგანი თერაპია უნდა წარიმართოს კლინიკური სურათის გათვალისწინებით.


- რა არის ეგზემა, რა ნიშნები აქვს და რას ურჩევდით პაციენტებს ამ შემთხვევაში?

- ეგზემა არის კანის ზედაპირული შრეების ნერვო-ალერგიული ხასიათის ანთება. მას ახასიათებს ძლიერი ქავილი და ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობა. ეგზემა სერიოზული დაავადებაა. თუ მისი მკურნალობა დროულად არ დაიწყო, გადადის ქრონიკულ ფორმაში და შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. განასხვავებენ ეგზემის სხვადასხვა ფორმას: სებორეულს; პროფესიულს; მიკრობულს და სხვა. ეგზემა იწყება მწვავედ და ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. მწვავე სტადიაში პროცესს ახასიათებს მიკროვეზიკულური გამონაყარი. ვეზიკულები (ბუშტუკები) მალე იხსნება და რჩება წვრილი ეროზიები, საიდანაც გამოიყოფა ექსუდატი. თანდათან ანთება ცხრება, ეროზიებიც შრება და იწყება აქერცვლა. პროცესი გადადის ქრონიკულ სტადიაში, რასაც ახლავს ქერცლები და ნახეთქები. დაავადება ლოკალიზებულია მტევნებზე, მხრებზე, ტერფებზე. ბავშვებში - სახეზე, დუნდულებზე, კიდურებზე, მკერდზე. პროფესიული ეგზემა გამღიზიანებელთან კონტაქტის შედეგად ვითარდება. მიმდინარეობს ხანგრძლივად, მაგრამ ალერგენთან კონტაქტის მოცილებისთანავე უკუვითარდება. ეგზემის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია შევაჯეროთ ანამნეზი, კლინიკური გამოვლინებები და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები. ეგზემის დიფერენცირება უნდა მოხდეს ალერგიული დერმატიტისგან, ტოქსიდერმიისგან, ფსორიაზისგან. ეგზემის მკურნალობა მოიცავს:

  • სწორ კვებას;
  • პირადი ჰიგიენის დაცვას, ალკოჰოლის აკრძალვას, მწარე, ცხარე, მარილიანი საკვებისაგან, ციტრუსების მიღებისაგან თავის შეკავებას;
  • ალერგენთან კონტაქტის (სარეცხი საშუალებები და სხვა) შეწყვეტას.

არ არის რეკომენდებული სინთეტიკური და შალის ქსოვილის ტანსაცმლის ხმარება. თუ დაავადება გართულდა პიოდერმიით (კანის ჩირქოვანი პროცესი), უნდა მოხდეს კერების სანაცია. ეგზემით დაავადებულმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-დერმატოლოგს.

- რა არის ტოქსიდერმია, როგორი სიმპტომებით ვლინდება იგი, რამ შეიძლება გამოიწვიოს და როგორ ვუმკურნალოთ?

- ტოქსიდერმია არის კანის დაზიანება, რომელიც ვითარდება ალიმენტური, ტოქსიკური ან ქიმიური ნივთიერების პერორალურად ან პარენტერალურად შეყვანის, ორთქლის სახით შესუნთქვის ან კანის საშუალებით ორგანიზმში შეღწევის შედეგად. ტოქსიდერმიისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ერთი ნიშანი: როგორც კი შეწყდება გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედება, დაავადებაც ცხრება და პროცესიც სწრაფად მთავრდება. ტოქსიდერმიის დროს კანი შეშუპებული და შეწითლებულია. ანთებითი პროცესი ზუსტად იმ ადგილებში ვითარდება, სადაც კანს დაავადების გამომწვევ საგანთან აქვს კონტაქტი.

პაციენტს აწუხებს ქავილი, წვა, სიცხის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილიც. ტოქსიდერმია ალერგიული, კონტაქტური დერმატიტისაგან განსხვავდება სიმეტრიული გამონაყარით, ასევე ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობით. ტოქსიდერმიის შემთხვევაში ვითარდება საერთო დარღვევები. ტოქსიდერმიის დიაგნოზის დასასმელად გულდასმით უნდა შევკრიბოთ ანამნეზი, გავითვალისწინოთ კლინიკური მონაცემები. მეტად მნიშვნელოვანია ასევე იმუნოლოგიური სინჯები. ტოქსიდერმიის მკურნალობისას აუცილებელია გამომწვევი ალერგენის ზემოქმედების მოხსნა, ინიშნება ანტიჰისტამინური და შარდმდენი პრეპარატები, რთულ შემთხვევებში - კორტიკოსტეროიდები.

- რა შეიძლება იყოს თავის კანის ქავილის მიზეზი?

- თავის ქავილი შესაძლოა უკავშირდებოდეს ფსორიაზს ან სებორეულ დერმატიტს. ამ დაავადებებს თან ახლავს სოკოვანი ინფექცია, რაც კანის გარქოვანებას აჩქარებს. ნაფხანები, თავის მხრივ, ასტიმულირებს მიკროორგანიზმების გამრავლებას, რის გამოც ქავილი უფრო მეტად მძაფრდება. თავის კანის ქავილის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის თმის არასწორი მოვლა და პარაზიტები ანუ ტილები. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად მიმართული სამკურნალო ღონისძიებები ასეთია:

  • უარი თქვით საპონზე. საპონი არა მარტო ვნებს თმას, ასევე აშრობს თავის კანს, რაც იწვევს ქავილის წარმოქმნას.
  • სწორად შეარჩიეთ შამპუნი მჟავიანობის შესაბამისი დონით, რათა თავიდან ავიცილოთ კანის სიმშრალე და ქერტლის წარმოქმნა, რაც ყველაზე ხშირად არის ქავილის გამომწვევი.
  • მიმართეთ დერმატოლოგს, რათა მიიღოთ მაღალკვალიფიციური დახმარება.

- კანის ქავილის მიზეზი ყველაზე ხშირად სოკოვანი დაავადებაა. როგორი ლოკალიზაცია ახასიათებს ამ დაავადებას? როგორ მოვიქცეთ დასნებოვნების შემთხვევაში?

- სოკოვანი დაავადებებიდან ფართოდ არის გავრცელებული კერატომიკოზები, დერმატოფიტიები და კანდიდოზები. დერმატოფიტიებიდან მინდა გამოვყო ფართოდ გავრცელებული საზარდულის და ტერფების ეპიდერმოფიტია. საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს გამონაყარი ლოკალიზებულია საზარდულის ნაოჭებში. შეიძლება გამონაყარი აღინიშნებოდეს იღლიის ფოსოებში და ქალის სარძევე ჯირკვლების ქვეშ. ავადმყოფს აწუხებს ქავილი. ეს დაავადება ძირითადად გადაედება აბაზანის, ღრუბლის და სხვა ფართო მოხმარების საგნების საშუალებით. ახასიათებს ხანგრძლივი და ქრონიკული მიმდინარეობა. ტერფების ეპიდერმოფიტია აზიანებს ტერფის თაღსა და თითებშუა ნაოჭებს. შეიძლება დაზიანდეს ფეხის ფრჩხილებიც. ფეხისგულებზე ჩნდება მკრთალი ვარდისფერი ან აქერცლილი კერები მკვეთრად შემოფარგლული კონტურებით. დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი. ეპიდერმოფიტიით დასნებოვნებას ხელს უწყობს ჭარბი ოფლიანობა, ჰიგიენის წესების დაუცველობა, სხვისი ნახმარი წინდებისა და ფეხსაცმლის ჩაცმა, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა აბანოში, საცურაო აუზზე, საშხაპეში. კანის სოკოვანი დაავადების დიაგნოზი ყოველთვის უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული გამოკვლევით.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ დიაგნოზის დასადასტურებლად ანამნეზურ და კლინიკურ მონაცემებთან ერთად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაც. რომელი ლაბორატორიული მონაცემებია ამ დროს განსაკუთრებით საყურადღებო?

- დერმატოზების შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზი კეთდება, სადაც საყურადღებო მონაცემია ეოზინოფილების რაოდენობა, ხოლო სოკოვანი დაავადების დროს უფრო საგულისხმოა ბაქტერიული კვლევა, რაც გულისხმობს კანიდან აღებული მასალის დათესვას და მასში სოკოს ელემენტების აღმოჩენას.

- რას ურჩევდით ჩვენი ჟურნალის მკითხველებს კანის ქავილისა და დაავადებების შემთხვევაში?

- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენი ჟურნალის მკითხველს ვურჩევ, ქავილისა და კანის დაზიანების შემთხვევაში არ დაიწყონ თვითმკურნალობა, მიმართონ დერმატოლოგს. პაციენტი ხშირად ექიმს მიმართავს არაეფექტური თვითმკურნალობის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დაავადების სურათი წაშლილია, რის გამოც მკურნალობა ხანგრძლივდება, რაც აისახება პაციენტის თვითშეგრძნებაზე და არცთუ უმნიშვნელო - მატერიალურ - ფაქტორზე. სწორად და დროულად დასმული დიაგნოზი სწრაფ განკურნებაში დაგვეხმარება.