მზის დამწვრობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზის დამწვრობა

მზის დამწვრობამ შესაძლოა შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს. მაგალითად, ადრეულ ასაკში მიღებული მზის დამწვრობა მომავალში კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, გადამეტებული განმეორებითი ულტრაიისფერი დასხივება ზოგჯერ ნაწიბურებსა და ე.წ. ჭორფლს (პიგმენტირებულ უბნებს) ტოვებს, იწვევს კანის სიმშრალესა და ნაადრევ დაბერებას, ზრდის კატარაქტისა და მაკულური დეგენერაციის განვითარების რისკს.

ულტრაიისფერი სხივები სინათლის უხილავი ტალღებია, რომელთა წყაროა როგორც მზე, ასევე სოლარიუმის ნათურები.

მზე გამოასხივებს ულტრაიისფერი სხივების სამ ძირითად ტიპს (სპექტრს), ესენია:

  • ულტრაიისფერი სხივები A,
  • ულტრაიისფერი სხივები B,
  • ულტრაიისფერი სხივები C.

ცნობილია, რომ დედამიწაზე აღწევს მხოლოდ A და B გამოსხივება, C სხივებს კი ოზონის შრე აკავებს. აქამდე მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ულტრაიისფერი სხივები B იყო კანის სიმსივნის გამომწვევი, უახლესი კვლევებით კი გაირკვა, რომ ულტრაიისფერი სხივები A ასევე მეტად სახიფათოა.

ყველაზე ინტენსიური (დიდი) ულტრაიისფერი გამოსხივება აღინიშნება შუადღეს 10-დან 15 საათამდე, განსაკუთრებით - გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ზამთრის სუსტმა მზემაც კი შეიძლება ავნოს კანსა და თვალებს. გამოსხივების ინტენსივობა დამოკიდებულია სიმაღლესა და განედზე, რაც უფრო მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან რეგიონი და რაც უფრო ახლოსაა ეკვატორთან, მით დიდია იქ გამოსხივება. ისიც საყურადღებოა, რომ ულტრაიისფერ გამოსხივებას არეკვლადი ზედაპირებიდან ერთგვარი ასხლეტის თვისება აქვს. მაგალითად, თოვლი, ქვიშა და წყალი აირეკლავს (ისხლეტს) აღნიშნულ გამოსხივებას, ამგვარად, მოცურავეები, მოთხილამურეები, მეთევზეები და უბრალოდ ზღვის სანაპიროზე დამსვენებლები არეკლილი დასხივების რისკჯგუფში იმყოფებიან.

მზის დამწვრობის სიმპტომები

  • კანის დამწვარი უბანი წითლდება და ანთებას განიცდის, მასთან შეხება მტკივნეულია;
  • მზის ზემოქმედებიდან რამდენიმე დღეში კანი შესაძლოა შესივდეს, ქერქით ან სითხით სავსე ბუშტუკებით დაიფაროს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გამონაყარიც;
  • ზოგჯერ იმატებს სხეულის ტემპერატურა, ასეთ დროს იზრდება ორგანიზმის გაუწყლოების რისკი;
  • სიმპტომთა სიმძიმე დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: კანის ტიპზე, მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობაზე, მიღებულ სამკურნალო პრეპარატებზე, მზის დამცავი კრემის ხარისხზე.

ზოგჯერ მზის დამწვრობის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მაინც აისახება კანზე, ზრდის მისი დანაოჭების, ჭორფლის აღმოცენებისა და კიბოს განვითარების რისკს.

მზის მძიმე დამწვრობისა და დაკვრის სიმპტომები

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები (მათი გამოვლენისას აუცილებელია სამედიცინო დახმარება):

  • ცხელება,
  • თავბრუხვევა,
  • ციებ-ცხელება,
  • გულისრევა,
  • პულსის აჩქარება,
  • სუნთქვის გახშირება,
  • გაუწყლოება,
  • კანზე მტკივნეული ბუშტუკების აღმოცენება,
  • შოკი ცნობიერების (გონების) დაკარგვით.

პირველი დახმარება მზის დამწვრობის დროს

მზის დაკვრაზე ეჭვის მიტანისთანავე აუცილებელია დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ექიმის მოლოდინში დაზარალებულს არ უნდა დაალევინოთ ცივი წყალი (ის აძლიერებს, აღრმავებს ციებ-ცხელებას), კომპრესებიც არ უნდა იყოს ცივი, არამედ გრილი. საშუალო სიმძიმის დამწვრობისას ადამიანმა რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოს - გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა აუცილებელია:

  • გრილი კომპრესები, შეგიძლიათ დაზარალებულს უბრალოდ დაუსველოთ ტანსაცმელი, რომ დაუქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და შეუმციროთ ტკივილის შეგრძნება;
  • დაზარალებულს შეუძლია მიიღოს გრილი აბაზანა საპნისა და სხვა დასაბანი საშუალებების გარეშე, რადგან მათი გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს კანის გაღიზიანებას. აბაზანის მიღების შემდეგ არ შეიძლება კანის საგულდაგულოდ გამშრალება-ტრავმირება, საკმარისია ზეწრის მსუბუქად მიდება კანის ოდნავ შესაშრობად;
  • შეიძლება დამატენიანებელი და დამარბილებელი ლოსიონის ან კრემის წასმა, თუმცა მანამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან, რადგან ზოგიერთ კოსმეტიკური საშუალება შეიცავს ბენზოკაინს, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კრემებისა და საცხების დიდი ნაწილი კი აფერხებს კანის შეხორცებას, უწყვეტს რა მას ჟანგბადის მიწოდებას;
  • ბუშტუკებით დაფარული უბნები სასურველია დოლბანდის საფენით დაფაროთ (გადაიხვიოთ), რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის შეჭრა;
  • ძლიერი დისკომფორტისას შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

მზე და დაავადებები

არსებობს პათოლოგიები, რომელთა მიმდინარეობის დროსაც ულტრაიისფერი დასხივება სერიოზულ დაზიანებას აყენებს კანს დამწვრობის, სითხით სავსე ბუშტუკებისა და წყლულების განვითარების სახით, ეს პათოლოგიებია:

  • ალბინიზმი - ალბინოსები (მათ კანსა და თვალებში არ არის პიგმენტი მელანინი) განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან მზის ულტრაიისფერი დასხივებისადმი, შესაბამისად, მათი კანი გაცილებით ადვილად იწვება;
  • სისტემური წითელი მგლურა - ამ დაავადებით დაავადებულებს აღენიშნებათ ქსოვილების ანთება, მათ შორის - სახის კანის. სისტემური წითელი მგლურასათვის დამახასიათებელი (კლასიკური) “პეპელა” ცხვირსა და ლოყებზე განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივებისადმი, ფაქტობრივად, მზე ამძიმებს, აუარესებს როგორც კანის, ასევე დაავადების სისტემურ გამოვლინებებს;
  • პორფირია - ამ დაავადებას ახასიათებს ჰემის (ჰემოგლობინის შემადგენლობაში შემავალი პიგმენტის) სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტი პორფირინების მოჭარბებული წარმოქმნის ფონზე. ამ უკანასკნელთა სტიმულირება კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით იწვევს კანის ქრონიკულ ანთებას და სითხით სავსე ბუშტუკების განვითარებას;
  • ვიტილიგო - არის პათოლოგია, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანზე დეპიგმენტირებული უბნების არსებობა. ისინი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა მზის სხივების ზემოქმედებისადმი.