ონიქომიკოზი ფრჩხილის სოკოვანი დაზიანება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ონიქომიკოზი ფრჩხილის სოკოვანი დაზიანება

იკურნება თუ არა “ფრჩხილის სოკო” (როგორც მას მოსახლეობა უწოდებს), რამდენად ხანგრძლივია და რას მოიცავს მისი მკურნალობა, როგორია პროფილაქტიკა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე:

- ქალბატონო ხათუნა, რა ხდება ონიქომიკოზის დროს?

- ონიქომიკოზი სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფრჩხილის დაზიანებაა. გამომწვევები შესაძლებელია იყოს: დერმატოფიტები, არადერმატოფიტები და საფუარა სოკოები (ცანდიდა სპეციეს). სოკოვანმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს ფრჩხილის ნებისმიერი ადგილი - ფრჩხილის ფირფიტა, საწოლი, ფუძე. ინფექცია ვითარდება ნელა. პროგრესირებასთან ერთად ფრჩხილი იცვლის ფერს, ფრჩხილის ფირფიტა განიცდის დეფორმაციას, ფრჩხილი და მიმდებარე ქსოვილი სქელდება.

ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია უფრო ხშირია მოზრდილ პაციენტებთან. ავადობა პიკს აღწევს 40-60 წლის ასაკში. დაავადების სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. იშვითად გვხვდება ბავშვებთან. ონიქომიკოზი ფეხის ფრჩხილებს უფრო ხშირად აზიანებს, ვიდრე ხელისას (თანაფარდობა შეადგენს 4:1).

დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • მჭიდრო ფეხსაცმელი;
  • ნესტიანი გარემო;
  • ფეხის მომატებული ოფლიანობა;
  • ფრჩხილის მიკროტრავმები და მასში ინფექციის შეღწევა.

- უხშირესად რას უჩივიან პაციენტები ონიქომიკოზის დროს?

- დაავადებას არ ახასიათებს სუბიექტური შეგრძნებები. დროთა განმავლობაში ფრჩხილის ფირფიტას ეცვლება ფერი, რელიეფი, კანსა და ფრჩხილს შორის ჩნდება სიცარიელე – ონიქოლიზისი, ფრჩხილი დეფორმირდება და იმდენად სქელდება, რომ პაციენტს მისი მოჭრა უჭირს. დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს ფრჩხილის ერთი გვერდი ან მთელი ფრჩხილის საწოლი (ინფექციის გავრცელების შემთხვევაში). პარალელურად შეიძლება განვითარდეს კანის სოკო, რომლის ნიშნებია თითებს შორის სისველე, ქავილი, ნახეთქები.

დაავადება გადამდებია და გადაეცემა დაავადებული ადამიანის ნივთებთან კონტაქტით. დაინფიცირება შესაძლებელია ზღვაზე, აბანოში, საშხაპეში, აუზზე, სპორტულ დარბაზში, მით უფრო, თუ დაცული არ არის ჰიგიენის ნორმები.

- რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?

- გარეგან დათვალიერებასთან ერთად დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია ფრჩხილის ანაფხეკის ლაბორატორიული ანალიზი. დაავადება განკურნებადია, მკურნალობა - კომპლექსური. უპირველესად უნდა მოიხსნას დაზიანებული ფრჩხილი, რაც დაეხმარება დაზიანებულ ადგილებში პრეპარატების შეღწევას და დააჩქარებს განკურნების პროცესს. დაზიანებული ფრჩხილის მოხსნა შეიძლება მექანიკურად ან სპეციალური დასაკრავი საშუალებით. ორივე შემთხვევაში პროცედურა უმტკივნეულოა და დისკომფორტს არ უქმნის პაციენტს. მკურნალობა გრძელდება მანამ, ვიდრე დაზიანებული ფირფიტის ადგილს ჯანსაღი ფრჩხილი დაიკავებს (საშუალოდ 5-6 თვე). სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატები კი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მკურნალობის დაწყებამდე ტარდება ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექცია, რაც მკურნალობის პერიოდში თვეში ერთხელ უნდა განმეორდეს: რეზინის ხელთათმანების გამოყენებით ფორმალინში, ძმრის 40%-იან წყალხსნარში ან 1 %-იან ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატში დასველებული ჩვრით ან ტამპონით მუშავდება ფეხსაცმლის შიგნითა ზედაპირი. შემდგომ ფეხსაცმელი თავსდება პოლიეთილენის პარკში და სადეზინფექციო ხსნარში დასველებული მეორე სუფთა ტამპონი რჩება ფეხსაცმლის შიგნით 24 საათის განმავლობაში. შემდგომ ნიავდება სუნის გაქრობამდე. ყურადღება უნდა მიექცეს იატაკს, აბაზანას, პირადი მოხმარების საგნებს და პერიოდულად ჩატარდეს მათი დეზინფექცია.

- რას გულისხმობს ონიქომიკოზის პროფილაქტიკა?

- დაავადების ასარიდებლად უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები. რეკომენდებულია:

  • ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. ის უნდა იყოს თავისუფალი და მოხერხებული, რომ არ დააზიანოს კანი და ფრჩხილები;
  • ბამბის წინდების ჩაცმა და მათი ყოველდღე გამოცვლა;
  • აუზზე, საუნასა და მსგავს ადგილებში რეზინის ღია ფეხსაცმლის ხმარება.

არ არის რეკომენდებული:

  • ფეხშიშველი სიარული ხალხმრავალ ადგილებში (აუზი, საუნა, ზღვის სანაპირო, სპორტული დარბაზი);
  • ვიწრო ფეხსაცმლის ჩაცმა;
  • სინთეზური მასალისაგან დამზადებული ფეხსაცმლის ტარება;
  • სხვისი ფეხსაცმლის, თეთრეულის, პირადი ჰიგიენის ნივთების (მაკრატელი, ღრუბელი, პირსახოცი და სხვა) გამოყენება.