პოდაგრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოდაგრა

პოდაგრის დროს ორგანიზმში სწორედ შარდმჟავა გროვდება ჭარბად, რაც ან მისი ჭარბი პროდუქციის ბრალია, ან თირკმელების მიერ მისი გამოყოფის დარღვევისა. დაგროვილი შარდმჟავას მარილებისგან წარმოიქმნება კრისტალები, რომლებიც უპირატესად იმ ქსოვილებში ილექება, რომლებიც შედარებით ნაკლებად მარაგდება სისხლით: სახსრებში, ხრტილებსა და მყესებში. თავდაპირველად იმუნური სისტემა დაგროვილ კრისტალებს ბრძოლას უცხადებს, მაგრამ მარცხდება და ურატებით (შარდმჟავას მარილებით) დალექილ უბანში ძლიერი ანთებითი პროცესი იწყება. სწორედ ამ დროს ვითარდება პოდაგრის მწვავე შეტევა. დაავადებისთვის დამახასიათებელია სახსრებისა და თირკმელების დაზიანება, ართრიტი, ძლიერი ტკივილი და პოდაგრული კვანძების, ტოფუსების, წარმოქმნა, განსაკუთრებით - ტერფზე, დიდი თითის სახსრებში.

რისკჯგუფები

დაავადება უმთავრესად 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და მენოპაუზის ასაკის ქალებშია გავრცელებული. ერთეული შემთხვევები შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებსა და ახალგაზრდებშიც. პოდაგრის მთავარი მიზეზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, ეს დაავადება ხშირად ემართებათ მათ, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა ან შაქრიანი დიაბეტი აქვს. დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკაც.

პროვოკატორები

მწვავე შეტევის პროვოცირება შეუძლია ალკოჰოლურ სასმელს, გაძლიერებულ კვებას, ფიზიკურ დატვირთვას, ტრავმას, ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს, ზოგიერთ დაავადებას, მათ შორის - ინფექციურს, სისხლდენას. ხშირად გამწვავებას იწვევს ოპერაციული ჩარევა.

ფორმები

განასხვავებენ დაავადების პირველად (მემკვიდრეობით) და მეორეულ ფორმებს. ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ადამიანი ვერაფერს გრძნობს, შეტევა უეცრად ვითარდება მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედების შემდეგ. დაავადება თანდათან პროგრესირებს, მწვავე შეტევებს ნათელი, უმტკივნეულო პერიოდები ცვლის. თუ შეტევები 6-12 თვეში ერთხელ მეორდება, ესე იგი დაავადებამ უკვე ქრონიკული ფორმა მიიღო.

სიმპტომები

ძირითადი სიმპტომებია სახსრის მწვავე ტკივილი და სიწითლე, ტემპერატურის მომატება. დამახასიათებელია ტერფის სახსრების ანთება და სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. მოსალოდნელია ასეთი სიმპტომებიც: განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, ღებინება, გულძმარვა, მომატებული აღგზნებადობა, მადისა და გემოვნების დაქვეითება, არტერიული წნევის მატება, სუნთქვის გაძნელება. პოდაგრის შეტევა, ჩვეულებრივ, იწყება ღამით, თანდათან ძლიერდება და 2-3 საათის განმავლობაში მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს. ასეთი შეტევების პროგნოზირება ძნელია. მკურნალობის გარეშე შეტევები ხშირდება, მწვავდება და ხანგრძლივდება, დაავადება ვრცელდება სხვა სახსრებზეც, ასევე - თირკმელებსა და შარდგამომყოფ გზებზე. რამდენადაც ურატების გამოლექვა თირკმელებიდან იწყება, პოდაგრის პირველი ნიშანი შესაძლოა იყოს თირკმელკენჭოვანი დაავადება, რომელიც სპეციალურ მკურნალობას მოითხოვს. გარდა ამისა, პათოლოგია ხშირად თან სდევს გაცხიმოვნებას, ჰიპერტონიას, შაქრიან დიაბეტს, რომელთა მკურნალობაც ხშირად კომპლექსური ინდივიდუალური თერაპიის ნაწილს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში პოდაგრა გადაიზრდება ქრონიკულ პოდაგრულ პოლიართრიტში, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივი ტკივილი ახასიათებს. პოდაგრის მკურნალობა ითვალისწინებს იმ ფაქტორების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების განვითარებასა და გამწვავებას. კერძოდ, საჭიროა თავის შეკავება ცხიმიანი ხორცისგან, თევზისგან, პარკოსნებისგან, მარილიანი საკვებისგან. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, პრეპარატები, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიისას იყენებენ. როგორც ქრონიკული, ისე მწვავე პოდაგრის მკურნალობა ითვალისწინებს ნივთიერებათა ნორმალური ცვლის აღდგენას და თირკმელების ფუნქციის გაუმჯობესებას. კომპლექსური მკურნალობის პირობებში უმეტესად ხერხდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ალაგება ან საგრძნობი შემცირება, პათოლოგიური პროცესის პროგრესის შეჩერება, გართულებების თავიდან აცილება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

დიეტა

შუა საუკუნეებში პოდაგრას სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ, მოგვიანებით კი დიეტას მიმართეს და ამ მეთოდს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ის პოდაგრის კომპლექსური თერაპიის ნაწილია და ითვალისწინებს რაციონიდან შებოლილი და ცხარე პროდუქტების, ხორცის ნახარშის, თევზისა და ხორცის კონსერვების, შოკოლადისა და ყავის ამოღებას, ხილის წვენების, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულის ჩართვას, შეწვარი საკვების მოხარშულით შეცვლას. ექიმმა პაციენტს ინდივიდუალური დიეტა უნდა შეურჩიოს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ორგანიზმის თავისებურებები, ნივთიერებათა ცვლის პროცესების ხასიათი და დაავადების უშუალო მიზეზი. ყველა პაციენტს ეკრძალება ალკოჰოლიანი სასმელები და ეძლევა რეკომენდაცია, ერიდოს ნერვულ სტრესს - ეს ორი ფაქტორი ერთსა და იმავე დროს პროვოცირებას უწევს შარდმჟავას სინთეზის გაძლიერებას და მისი გამოდევნის გაუარესებას.

პოდაგრის შესახებ გავრცელებული  მითები

1. თუ ტერფის დიდი თითი დეფორმირებული და ანთებითია, ესე იგი პოდაგრა გაქვთ. ტერფის დიდი თითის დეფორმაციას, გარდა პოდაგრული ტოფუსისა, ხშირად იწვევს ძვალუკა, ასევე - ტერფის არარაციონალური დატვირთვის შედეგად განვითარებული ორთოპედიული დაავადება, რომელიც უპირატესად ქალებისთვისაა დამახასიათებელი, პოდაგრა კი უმთავრესად მამაკაცებს ემართებათ. ამრიგად, დიდი თითის დეფორმაცია ყოველთვის პოდაგრას არ ნიშნავს.

2. პოდაგრის დროს სასარგებლოა ლუდი. პირიქით, ლუდის სმა პოდაგრის დროს სასტიკად აკრძალულია. ჯერ ერთი, ეს არის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ართულებს შარდმჟავას გამოყოფას, მეორეც, უფრო მდიდარია პურინებით, ვიდრე ღვინო და პოდაგრის გამწვავებას იწვევს.

3. პოდაგრა ალკოჰოლიზმის შედეგია. ალკოჰოლისადმი ლტოლვა მართლაც ვნებს თირკმელების ფუნქციას, მაგრამ ალკოჰოლი დაავადების ერთადერთი მიზეზი არ არის.

4. პოდაგრა გენიალურობის ნიშანია. მართალია, პოდაგრა ბევრ დიდ ადამიანს სჭირდა, მათ შორის - ალექსანდრე მაკედონელს, ოლივერ კრომველს, პეტრე დიდს, მოპასანს, სტენდალს, კოლუმბს, ნიუტონს, მიქელანჯელოს, დარვინს, მაგრამ პოდაგრასა და გენიალურობას შორის პირდაპირი კავშირი დღემდე არ დაუსაბუთებიათ.

სამედიცინო ახსნა ასეთია: პოდაგრის დროს სისხლში ჭარბად არის შარდმჟავას მარილები, რომელთა მოქმედებაც კოფეინისა და თეობრომინისას წააგავს, ეს ნივთიერებები კი ძლიერი სტიმულატორებია, რომლებიც თავის ტვინის ქერქს ააქტიურებს. შესაძლოა, პოდაგრის დროს სწორედ ურატების წყალობით უმჯობესდება ტვინის ფუნქციები და გენიალური აზრებიც იბადება.

გაითვალისწინეთ

პოდაგრის პირველივე შეტევის შემდეგ აუცილებლად მიმართეთ ექიმს - სწორი მკურნალობის შემთხვევაში შეტევა 1-2 დღეში გაივლის. გარდა თერაპიისა, აუცილებელია დიეტის დაცვაც: ერიდეთ, განსაკუთრებით - გამწვავებისას, პურინებით მდიდარ საკვებს: ხორცს, ხორცის სუბპროდუქტებს (საქონლისა და ღორის გული, თირკმელები, ღვიძლი, ტვინი), ცხიმიან თევზს, ბარდას, ლობიოს, სოიას და სხვა. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა. შეტევისას აუცილებელია დაზიანებული სახსრების დასვენება და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მათი ტრავმირების აღკვეთა. გადასახედია ყველა ის სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც სხვა პრობლემათა გამო იღებთ. მედიკამენტური თერაპიისას გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები და ტვივილგამაყუჩებელი საშუალებები. ყველა მედიკამენტი უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. რეკომენდებულია სწრაფი სიარული, ველოსიპედი, ცურვა, ტანვარჯიში. დიეტის დროს გაითვალისწინეთ: უნდა მიიღოთ პროდუქტები, რომლებშიც შარდმჟავას რაოდენობა არ აღემატება დღეში 500-ს, ხოლო კვირაში - 3000 მგ-ს. ამ რეკომენდაციათა შესრულება აუცილებელია მაშინაც კი, როდესაც არაფერს უჩივით და არც ტკივილები გაწუხებთ.