რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პოდაგრა - ხაფანგი გურმანებისთვის
პოდაგრა - ხაფანგი გურმანებისთვის

როდის გადადის დაავადება ქრონიკულ ფორმაში?
პირველი სახსროვანი კრიზიდან 3-5 წლის შემდეგ პოდაგრა ქრონიკულ ფორმაში გადადის. შესაძლოა, ეს პერიოდი 10-15 წლამდეც გაგრძელდეს. რაც უფრო მეტი ხანია გასული დაავადების დაწყებიდან, მით უფრო ხანმოკლეა ინტერვალი შეტევებს შორის. პროცესში თანდათანობით ერთვება ახალი სახსრები. შეუმჩნევლად წარმოიქმნება პოდაგრისთვის დამახასიათებელი კვანძები. დროთა განმავლობაში იმატებს სახსრების მყარი დაზიანებანი, ყალიბდება ტიპური ქრონიკული პოლიართრიტის სურათი - სახსრების დეფიგურაცია და დეფორმაცია ძვლების წანაზარდების ხარჯზე, თითების ქვეამოვარდნილობები, კონტრაქტურები, სახსრების უხეში ხრაშუნი, მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა, უქვეითდება ან სრულიად ეკარგება შრომის უნარი. ჩვეულებრივ, ქრონიკული პოლიართრიტის საბოლოო შედეგი მეორეული მადეფორმირებელი პოლიოსტეოართროზია.


ტოფუსები
დაავადების განვითარების მესამე, ქრონიკული პერიოდისთვის დამახასიათებელია ტოფუსების წარმოქმნა. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ქრონიკული პოდაგრული პოლიართრიტი ან ორივე პათოლოგია ერთად. ტოფუსი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომის, მაგალითად, როგორც მუხუდოს მარცვლის, ისე ვაშლისოდენა. ტოფუსი კანქვეშ, ზედაპირთან ახლოს მდებარეობს, თეთრია, მკვრივი. უმეტესად წარმოიქმნება ყურის ნიჟარებზე, თვალის სკლერაზე ან იდაყვებზე, შედარებით იშვიათად ხელის ან ფეხის თითებზე და ნებისმიერ სხვა ადგილას. ტოფუსი ხშირად რბილდება, თავისთავად იხსნება და იქიდან გადმოედინება თეთრი, კბილისპასტისმაგვარი მასა. მიკროსკოპიული გამოკვლევის დროს მასში ნახულობენ შარდმჟავა ნატრიუმის კრისტალებს. ჭრილობა ძალიან იშვიათად ინფიცირდება, რაც შარდმჟავა მარილების ბაქტერიციდული ეფექტით უნდა აიხსნას (ამ ეფექტს განაპირობებს მჟავა რეაქცია).


პოდაგრული თირკმელი
პოდაგრის დროს შინაგანი ორგანოებიდან ყველაზე ხშირად ზიანდება თირკმელი. ყველაზე მეტად შარდკენჭოვანი დაავადებაა გავრცელებული, რომელიც პოდაგრით დაავადებულთა 14-38%-ს აღენიშნება. “პოდაგრული თირკმლის” ცნება გულისხმობს ინტერსტიციულ ნეფრიტს თირკმელებში კენჭის არსებობის გარეშე და პოდაგრულ გლომერულონეფრიტს. პოდაგრული თირკმლის ყველაზე სპეციფიკურ ნიშნად მიიჩნევა ურატების ჩალაგება თირკმელების ტვინოვან შრეში, იშვიათად - ქე­რქოვანშიც. ურატების ჩალაგება თავდაპირველად ატარებს კეროვან ხასიათს, მერე კი ირგვლივ მდებარე თირკმლის ქსოვილებში ვითარდება ანთებითი რეაქციები. ზი­ანდება თირკმლის სისხლძარღვები. თავდაპირველად ფიბროზი ვითარდება, მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს ნეფროანგიოსკლეროზიც. იშვიათად წინა პლანზე წამოიწევს გორგლოვანი აპარატის დაზიანება.


რა აწუხებს ამ დროს ავადმყოფს?
კლინიკურად პოდაგრული თირკმელი ვლინდება შარდში ცილის, ცილინდრების გაჩენით, არტერიული წნევის მატებით.


დიაგნოსტიკა
სისხლში და დღეღამურ შა­რდში შარდმჟავას განსაზღვრით ადგენენ ჰიპერურიკემიის ტიპს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია დაზიანებული სახსრის პუნქცია და სინოვიური სითხის შესწავლა. პოდაგრისთვის დამახასიათებელია ანთებითი სითხის არსებობა და თუ მასში აღმოჩნდა ნატრიუმის ურატის კრისტალები, დიაგნოზი უტყუარია. თუ ავადმყოფს აქვს ტოფუსები ან ტოფუსისმაგვარი კვანძები, სასურველია მათი მიკროსკოპიული შესწავლა. ქრონიკული პოდაგრული პოლიართრიტისთვის პათოგნომურად მიიჩნევა  ე.წ “სახვრეტელას სიმპტომი”, რომელიც ძვალშიგა ტოფუსის რენტგენოლოგიურ ანაბეჭდს წარმოადგენს. “სახვრეტელას” რენტგენოლოგიური სიმპტომის მიზეზია ძვალშიდა ტოფუსის მიერ ქსოვილის დაშლა და ჩანაცვლება. ტოფუსი შეუფერხებლად ატარებს რენტგენის სხივებს.


მკურნალობა
პოდაგრის მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს მწვავე კრიზის კუპირებას, ბაზისური პრეპარატების გამოყენებას, მეორეული მადეფორმირებელი ოსტეოართროზის მკურნალობას, დიეტოთერაპიას, ფიზიოთერაპიას, ბალნეოლოგიურ მკურნალობას, ორთოპედიულ ოპერაციებს.


შეტევის მოხსნა
მწვავე სახსროვანი კრიზის დროს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა წოლითი რეჟიმი, დაზიანებული კიდურის ოდნავ მაღლა აწევა. აუცილებელია დიეტოთერაპია. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, სახსროვანი შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, კოლხიცინი, იბუპროფენი და სხვა), იშვიათად - სტეროიდული (გლუკოკორტიკოსტეროიდები). მსხვილი სახსრების ანთებითი პროცესის დროს, როდესაც ვითარდება გამოხატული სინოვიტი, იშვიათად ნებადართულია გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთჯერადი სახსარშიდა ინექცია. მწვავე პოდაგრული კრიზის ჩამთავრების შემდეგ ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ბაზისური თერაპია, რომელიც ხორციელდება ურიკოდეპრესანტებისა (ალოპურინოლი, მილურიტი, თიოპურინოლი და სხვა) და ურიკოელიმინატორების (ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი) მეშვეობით. შარდკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება შარდის გასატუტიანებელი პრეპარატები - მაგურლიტი, სოლურანი, ბლემარენი და სხვა.


როდის არის საჭირო ორთოპედიული ოპერაცია?
ორთოპედიული ოპერაცია ნაჩვენებია სახსრის გამოხატული დეფორმაციისა და მისი ფუნქციის მკვეთრი დარღვევის დროს. დიდი ზომის კანქვეშა ტოფუსებს ამოკვეთენ. ოპერაციული ჩარევა მარტივია და უმტკივნეულო. ზოგჯერ შარდმჟავას ნაერთების ჩალაგება ისეთ გამოხატულ ძვლოვან დესტრუქციას და სახსრის ირგვლივ ქსოვილის დაზიანებას იწვევს, რომ საჭირო ხდება დაზიანებული ნაწილის (უმეტესად - ფალანგის) ამპუტაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი ოპერაციული ჩარევა პოდაგრით დაავადებულს მდგომარეობას უმწვავებს, ამიტომ ქირურგიული მკურნალობა უნდა ტარდებოდეს შეტევის საწინააღმდეგო საშუალებების ფონზე.


როგორ დავიცვათ თავი?
მან, ვისაც მყარი უსიმპტომო ჰიპერურიკემია და პოდაგრის მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილება აქვს, უნდა დაიცვას დიეტა, თავი არიდოს ალკოჰოლურ სასმელებს, ცხიმოვანი საკვების მიღებას და ყველა იმ ფაქტორს, რომელსაც პოდაგრის შეტევის პროვოცირება შეუძლია.


შეიცვალეთ გემოვნება!
პოდაგრის დროს აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს რომ გაეცნობით, ალბათ იფიქრებთ, რომ ყველზე გემრიელ კერძებს უნდა შეელიოთ. მაგრამ ჩვენი გემოვნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ ის პროდუქტები, რომლებიც თქვენს სუფრაზე იშვიათად უნდა მოხვდეს: ღვიძლი, თირკმელი, ტვინი, ენა, ნებისმიერი ხორცი, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ცხოველისა, თევზი, ფრინველი, ლორი, კონსერვი, ხორცისა და თევზის ნახარში, მცენარეებიდან - პარკოსნები, სოკო, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ასევე - ჩაი, ყავა, კაკაო, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით - შამპანური. სვით ბევრი წყალი - დღეში 1,5 ლიტრი მაინც. კარგია ტუტე მინერალური წყლები (ბორჯომი). კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე (ხილისა, ბოსტნეულისა, ხაჭოსი).


საოჯახო რეცეპტები

  • დააყენეთ წითელი მოცვი ჩაისავით (20 გრამი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
  • 20-20 გრამი კრაზანა, გვირილის ყვავილი, ცაცხვის ყვავილი, დიდგულას ყვავილი აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაფილტრეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. შეავსეთ 1 ლიტრამდე გადადუღებული წყლით და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1/2-1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ინახება მხოლოდ 3 დღე.
  • 3 ჩაის კოვზ მარიამსხალას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
  • პოდაგრის გამწვავებისას მტკივანი სახსარი დაისუსხეთ ჭინჭრით, დილით კი ნავთით გაიწმინდეთ.
  • დილაობით სვით ნივრისა და ლიმონის ნაყენი.

ფიტოთერაპიის პარალელურად დილა-საღამოს, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ, მიირთვით ვაშლი.

 

 



თარიღი : 22-03-2017
თინათინ
ბატონო ნუგზარ, აპითერაპია პოდაგრის მკურნალობისთვის თითქმის პანაცეაა... თუ დაინტერესდებით, დამიკავშირდით ტელ: 599183470 . პატივისცემით, აპითერაპევტი თინათინ გელხვიიძე.
თარიღი : 18-05-2015
ნუგზარი წულუკიძე
გასაგებია რომ ზალიან ცუდი ავადმყოფობაა, მე მაქვს დიდი ხანია თითქმის ყველგან ვარ ნამყოი საზგვარ გეთაც. ამ ავადტოფობას მართლაც უნდა დიეტა ოგონდ არუნდა დაარგვიო და თუ კაგად იქნები არუნდა ჩატვალო რო ისე რო კარგად ხარ და ცოტა დიეტას დაარგვევ, დაივიცყე ყველანაირი ალკოგოლური დასალევი, ყველანაირი გაზიანი ტკბილი დასალევი, ტკბილი კომპოტები, ყავა ნამცხვრები, სიგარეტი, დანარჩენი ჭამე და არავიტარ შემტხვევაში არ იშიმშილო დალიე რამდენსაც შეზლებ წყალი კარგია ჭყარო ჭყალის დალევა დგეში 2 ან 3 ლიტრი, ეს შეყავადს მოგცემს აუცილებლად და რა მორჩენას, თუ არ დაიცავ შედეგი ზაან ზაან ცუდი იქნება, ასეთი დიეტა მთელი ცხოვრება უნდა გაინაგზოს, ს ა ნ ა მ არ გამოიგონებენ ამ ცამალს ან გამოგონებული არის და ვერიშოვის კაცი სადმე, ესაა და ეს გაიხარე
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრს სირბილი არ შეუძლია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ან იმის შიშით, რომ სახსრები შეაწუხებს. მეცნიერებმა ექსპერიმენტული კვლევით დაადგინეს, რომ რეგულარული სირბილი არა მარტო ზოგადად ჯანმრთელობისთვის, არამედ სახსრებისთვისაც სასარგებლოა.
ომეგა-3-ით მდიდარი თევზის ქონისა და ასპირინის კომბინაცია ართრიტთან ბრძოლის მაქსიმალურად ეფექტურ გადაწყვეტილებად აღიარეს.
ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ სტკივათ მუცელი, თავი, ფეხები... ასეთი ჩივილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ ის სახსრების ტკივილს ეხება. ეს ნიშანი შესაძლოა სახსრების ანთებით დაზიანებაზე მეტყველებდეს. გვესაუბრება მედიცინის დოქტორი მაკა იოსელიანი.

სახსრების ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. იმპლანტების მწარმოებელი მსოფლიო ფირმები მუდმივად ხვეწენ გამოშვებული პროდუქციისათვის საჭირო მასალას და ცდილობენ, სულ უფრო მეტად სრულყოფილი ენდოპროთეზები შექმნან. მათი მთავარი ამოცანაა უზრუნველყონ ენდოპროთეზის კომპონენტების ძვალში მყარად ფიქსაცია და სახსრის ოპტიმალური ფუნქციობა, მაქსიმალურად გაზარდონ ენდოპროთეზის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, შეამცირონ პოსტოპერაციული გართულებების რიცხვი.

შეცვლილი და მტიკვნეული სახსარი მხოლოდ რევმატოლოგიური დაავადების გამოვლინება როდია. ზოგჯერ ეს სიმპტომები შინაგანი ორგანოების სრულიად განსხვავებული დაავადებების დროს ვითარდება. არის შემთხვევები, როცა პაციენტისა და ექიმის ყურადღებას სახსროვანი სიმპტომები იპყრობს, თუმცა აღნიშნულის მიღმა შინაგან ორგანოთა ესა თუ ის დაავადება იმალება. დღეს შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ანალოგიური მდგომარეობები.

უკანასკნელი ასწლეულები კაცობრიობამ საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და გაადვილებას მოანდომა. ცხადი პოზიტიური შედეგების გვერდით, შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ ამ ქმედებათა ნეგატიური მხარეებიც, რომელთა შორისაც, უპირველესად, შემცირებული ფიზიკური აქტივობა უნდა დასახელდეს.

07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.