თბილისში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

ეს იყო გრანდიოზული ღონისძიება, დიდი სამეცნიერო ზეიმი, რომელზეც საინტერესო მოხსენებებისა და ვიდეოჩვენებების (“პრეზენტაციების”) გარდა, პირველად ამიერკავკასიაში, ულტრათანამედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური დემონსტრირება გაიმართა, განხორციელდა პირდაპირი ჩართვა აშშ-დან. კონგრესის მონაწილეებმა “ცოცხალი ქირურგიისა და ლექციის” ტრანსლაციის წყალობით იხილეს რობოტასისტირებული რადიკალური პროსტატექტომია ვიპულ პატელის შესრულებით (ფლორიდა, აშშ).

კონგრესი მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ონკოლოგიური უროლოგიის სფეროში არსებული თანამედროვე მიღწევების გაცნობის, ექიმთა განათლების გარდა, ქართველ პროფესიონალთა გამოცდილებისა და ცოდნის წარმოჩენასაც ემსახურებოდა. როგორც შევიტყვეთ, უცხოელი კოლეგები, მსოფლიოს ონკოუროლოგთა ელიტის სახელოვანი წარმომადგენლები, აღფრთოვანებულნი დარჩნენ ქართველი ექიმების პრაქტიკული გამოცდილებით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით. ეს, რა თქმა უნდა, მეტად საამაყოა მთელი ერისთვის და კიდევ ერთ გამორჩეულ ფურცლად ჩაიწერება საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ისტორიაში!

კონგრესის დეტალებზე სასაუბროდ საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატს, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს ვეწვიეთ:

- ბატონო გურამ, უპირველესად კონგრესის მონაწილეთა და უამრავი ქართველი კოლეგის სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ გრანდიოზული სამეცნიერო ზეიმისათვის, რომელიც ახალდაარსებულმა ასოციაციამ მოაწყო...

- ეს მართლაც დიდი სამეცნიერო ზეიმი იყო, რადგან მონაწილეებმა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი კოლეგების ძალიან მაღალი რანგის მოხსენებები მოისმინეს. მოწვეული გვყავდა ელიტარული ფიგურები, მსოფლიოს წამყვანი ონკოუროლოგები, უმაღლესი რანგის სტუმრები, რომელთა წინაშეც ქართველმა ექიმებმა თავიანთი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე წარმოაჩინეს. ამით კი ქართულ მედიცინას დიდი პლუსი ჩაეწერა, ავტორიტეტი აუმაღლდა როგორც სამეზობლოს, ისე დასავლეთის თვალში.

სასიხარულოა, რომ მონაწილეები სამეცნიერო კონგრესის ხარისხით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. კონგრესში მონაწილეობდნენ აკად. ფ. თოდუას სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ავერსისა და სხვა წამყვანი კლინიკების ექიმები, მსოფლიოს 10 ქვეყნის წარმომადგენლები სამეზობლოდან და დასავლეთიდან.

მოწვეული სტუმრები ჩვენ საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის საპატიო წევრებად ავირჩიეთ, რაც მათ ძალიან გაუხარდათ.

- ასოციაციაზე რას გვეტყვით, ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური ღონისძიებები ძალიან საინტერესოს ხდის ორგანიზაციის მუშაობას და აფართოებს მის არეალს?

- საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია წელს დაფუძნდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მასში უკვე 100-ზე მეტი წევრია. ძალიან სწრაფად ხდება წევრების გაერთიანება (შემოდინება), მით უფრო, რომ ჩვენი ასოციაცია არ არის მონოპროფილური, ის აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობების ექიმებს: კლინიკურ ონკოლოგებს, უროლოგებს, ქიმიოთერაპევტებს, პათოლოგანატომებს, სხივური ონკოლოგიის სპეციალისტებს, რადიოლოგებს, საზოგადოდ, იმ ექიმებს, რომლებიც ონკოლოგიას ემსახურებიან.

კონგრესის ერთ-ერთმა საპატიო მონაწილემ ბელგიიდან, ჰენდრიკ ვან პოპელმა, რომელიც ონკოუროლოგიის უმაღლესი რანგის ელიტური, ლეგენდარული წარმომადგენელია, თავად ევროპის უროლოგთა ასოციაციის (40-ათასიანი უზარმაზარი ორგანიზაციის) ვიცე-პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ განგვიმტკიცა აზრი, რომ სწორად შეგვიქმნია ასეთი ფართოპროფილური გაერთიანება, რადგან ნებისმიერ მონოპროფილურ ორგანიზაციაში, იმავე ევროპის უროლოგთა ასოციაციაში, ცალკე აღებული ონკოლოგიის სექცია სუსტია. ბუნებრივია, უროლოგთა ასოციაციაში სხვა დარგის სპეციალისტები თავს ისე ვერ გრძნობენ, როგორც ოჯახში. საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია კი ამ მხრივაც გამორჩეულია.

- რა იყო განსაკუთრებული სიახლე ქართველი ექიმებისათვის?

- თქვენ წარმოიდგინეთ, განხილული საკითხებიდან არც ერთი არ ყოფილა უცხო და ახალი ჩვენი ექიმებისათვის, რადგან საქართველოშიც რეალურად ყველა მეთოდსა და მიდგომას ვფლობთ. ბევრი ვისაუბრეთ შარდის ბუშტის კიბოზე, შტეფან მიულერი (გერმანიიდან) საინტერესო მოხსენებით წარდგა ცისტექტომიაზე (შარდის ბუშტის ამოკვეთაზე), ვის, როდის, როგორ და რატომ უნდა გაუკეთდეს, მოსალოდნელ გართულებათა პრევენციაზე, მე ვაჩვენე ვიდეოფილმი (ჩვენეული გამოცდილება) ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნაზე, რადიკალური ცისტექტომიის შემდეგ ახალი შარდის ბუშტის ჰაუტმანის მეთოდით ფორმირებაზე საინტერესო მოხსენება და 200 შემთხვევის ანალიზი მოგვახსენა ფუად გულიევმა აზერბაიჯანიდან.

ძალიან კარგი მოხსენებები იყო ფ. თოდუას ცენტრიდან. ზაალ კვირიკაშვილმა საინტერესო ვიდეოჩვენება მოაწყო სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს მეტასტაზების ამოკვეთის რთულ ოპერაციებზე. კოლეგამ პეტერბურგიდან მოგვახსენა მაღალდოზიან ბრაქითერაპიაზე, მოგეხსენებათ, დაბალდოზიანი ბრაქითერაპია თბილისშიც ტარდება, ამ საკითხზე მოხსენებით წარდგა ქართველი სპეციალისტი ანდრო ძნელაძე; თურქეთის წარმომადგენლებმა გააშუქეს დისტანციური სხივური თერაპიის საკითხები, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი თემა გაშუქდა, თირკმლის რეზექციები, პროსტატის კიბოს დროს ქიმიოთერაპიისა და სხვა საკითხები. კონგრესი დილის 9 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დამთავრდა, დასასრულ, რა თქმა უნდა, ორიგინალური სოციალური პროგრამითაც გავახარეთ სტუმრები.

- რობოტული ქირურგიული ოპერაციის დემონსტრირება როგორ დასრულდა?

- ამან კონგრესის მონაწილეთა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. მოგეხსენებათ, რობოტული ტექნოლოგიები, საზოგადოდ, ძალიან სწრაფად ვითარდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვების გამო (ერთგვარი ტექნოლოგიური ვეტო ადევს მწარმოებელი კომპანიების მიერ, რატომღაც კავკასიაში არ ყიდიან) საქართველოში, ისევე როგორც მთელ ჩვენს სამეზობლოში, ეს აპარატურა არ არის. შესაბამისად, პირდაპირი ტრანსლაცია აშშ-დან მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის. სპეციალური ინტერნეტკავშირით შევძელით გვეჩვენებინა რობოტასისტირებული პროსტატექტომია (პროსტატის ამოკვეთის ოპერაცია), რამაც კოლეგების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

- როგორც ჩემთვის ცნობილია, უცხოელი კორიფეები “ემ-ემ-ტე ჰოსპიტალში” ჩატარებულმა ოპერაციებმა და საზოგადოდ, ქართველი სპეციალისტების გამოცდილებამაც აღაფრთოვანა...

- 5 ოქტომბერს კონგრესის ფარგლებში ჩატარდა სემინარი, კონსულტაციები, რთული შემთხვევების გარჩევა-ანალიზი “ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის” ბაზაზე, ჩვენმა ექიმებმა მოისმინეს მოწვეული სტუმრების აზრი და შეფასებები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროფესიული გამოცდილებისა და მიდგომების ურთიერთგაცვლა. კონგრესის დაწყებამდე ჩატარდა ერთობლივი რეკონსტრუქციული ოპერაციები ბავშვებთან და მოზრდილებთან.

მოგეხსენებათ, პროსტატის კიბოს შორსწასული ფორმების მულტიმოდალური მკურნალობისას წინათ ქირურგიული ჩარევა არ გამოიყენებოდა, დღეს სრულიად სხვაგვარი მიდგომებია. ჩვენ ოპერაციულ ჩარევებს ასეთ დროსაც ვახორციელებთ, საკმაოდ დიდი, 7-წლიანი გამოცდილება გვაქვს, რაც მთავარია, კარგი შედეგებიც სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით. ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის, რომ ბელგიიდან ჩამოსულმა მოწინავე ექსპერტებმა იგივე გამოცდილება წარმოაჩინეს, სრულად დაემთხვა ჩვენი პროფესიული საკითხები.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან სასიხარულო და გარკვეულწილად საამაყოც არის იმის ნახვა და იმაში დარწმუნება, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ და როგორც ვაკეთებთ, იმავეს ისევე აკეთებენ ევროპის მოწინავე კლინიკის წამყვანი სპეციალისტები!

* * *

შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კონგრესის საპატიო მონაწილე, სახელოვანი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს, ევროპის, ამერიკისა და საერთაშორისო უროლოგთა ასოციაციების ნამდვილი წევრი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის წევრი, მამაკაცის ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ბოჭორიშვილი:

კონგრესის პროგრამა უაღრესად საინტერესო იყო. მასში მონაწილეობდნენ და ძალზე შთამბეჭდავი მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორებმა:

ნ ჰენდრიკ ვან პოპელმა - ევროპის უროლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა (ბელგია);

ნ შტეფან მიულერმა - ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა, გერმანიის უროლოგთა საზოგადოების ექს-პრეზიდენტმა, ევროპის უროლოგთა საბჭოს ექს-პრეზიდენტმა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა (გერმანია);

ნ რიენ ნაიმანმა - ნეიმეგენის ონკოცენტრის უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორმა (ჰოლანდია);

ნ სერდარ ტექგიულმა - ანკარის უნივერსიტეტის პედიატრიული უროლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა (თურქეთი);

ნ ედუარდ სტახოვსკიმ - კიევის ონკოცენტრის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (უკრაინა);

ნ ფუად გულიევმა - აზერბაიჯანის კიბოს ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (აზერბაიჯანი);

ნ სერგეი პოლიაკოვმა - ბელორუსიის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა;

ნ კოლეგებმა სომხეთიდან, სანკტ-პეტერბურგიდან.

ძალიან საინტერესო იყო ქართველი კოლეგების მოხსენებებიც. მათ შორის იყო ჩვენი ორი მოხსენება, რომელთაგან ერთი ბრაქითერაპიის ჩვენეულ გამოცდილებას მიეძღვნა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დატვირთული დღის წესრიგისა, ის განუხრელად დაცული იყო და საკმარისი დრო ეთმობოდა ძალზე საინტერესო დისკუსიებსა და კამათს.

შთამბეჭდავი იყო პროფესორ პატელის პირდაპირი ჩართვა ფლორიდიდან, რომელმაც რობოტასისტირებული მეთოდით რადიკალური პროსტატექტომია აწარმოა და საინტერესო მოხსენებაც წაიკითხა.