რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პერიკარდიტი - გულის პერანგის ანთება

პერიკარდიტი პერიკარდიუმის, გულის გარეთა გარსის, მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. რა იწვევს მას, როგორ ამოვიცნოთ და როგორი მკურნალობაა საჭირო, ამის შესახებ აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკოაბდომინალური კლინიკის ექიმი, კარდიოლოგი მარინა ჟიჟილაშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო მარინა, რა არის პერიკარდიტი?
- პერიკარდიტი გულის პერანგის სეროზული ფურცლების ანთებას წარმოადგენს. განირჩევა მისი რამდენიმე ფორმა: მწვავე, ექსუდაციური (რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სეროზულიც, ჰემორაგიულიც და ჩირქოვანიც) და კონსტრიქციული (შეხორცებითი). ცალკე სინდრომად უნდა გამოიყოს გულის ტამპონადა.


- რამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე პერიკარდიტი?
- მწვავე პერიკარდიტს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა. ხშირად მწვავე პერიკარდიტი ზემო სასუნთქი გზების ვირუსული დაავადების შემდეგ, დაახლოებით მე-12-15 დღეს ვითარდება. ბაქტერიულ პერიკარდიტს იწვევს პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია. ბოლო ხანს ტუბერკულოზური პერიკარდიტი გაიშვიათდა. იგი შერწყმულია ტუბერკულოზის სხვა ლოკალიზაციასთან: სეროზიტთან, პლევრიტთან, პერიტონიტთან, ფილტვის, ბრონქული ჯირკვლების დაზიანებასთან. იგი იწყება თანდათანობით, შეუმჩნევლად, მიმდინარეობს დიდხანს, თვეობით, რემისიებითა და გამწვავებებით. ექსუდატი სეროზული ან ჰემორაგიულია და დიდ შეხორცებებს ტოვებს. სამწუხაროდ, გახშირდა მეტასტაზური - სიმსივნის გავრცელებით გამოწვეული - პერიკარდიტი. მეტასტაზური პერიკარდიტის დროს ექსუდატი სეროზულ-ჰემორაგიული ან ჰემორაგიულია. ზოგჯერ მასში სიმსივნურ უჯრედებსაც პოულობენ. მიოკარდიუმის ინფარქტი პერიკარდიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც დაავადების მწვავე სტადიაში, ინფარქტის აღმოცენებიდან 24 საათის განმავლობაში, ასევე მოგვიანებით, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც. თირკმელების მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს პერიკარდიტი საკმაოდ ხშირია. ამავე დროს, პერიკარდიუმის დაზიანება (პერიკარდიტი, გულის ტამპონადა) დიალიზის ერთ-ერთი უხშირესი გართულებაა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ნაწილობრივ მაინც თავად დიალიზის პროცესია. ამ დროს პერიკარდიტი უმეტესად ფიბრინულია, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აქვს სეროზული ან ჰემორაგიული ხასიათი. მიქსედემის შედეგად განვითარებული პერიკარდიტი ხშირად ექსუდაციით მიმდინარეობს. ექსუდატში შესაძლოა აღმოჩნდეს ქოლესტერინის კრისტალები. ტრავმული პერიკარდიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს გულმკერდის ღია ან დახურული ტრავმა ან გულის ოპერაცია (ვითარდება ქირურგიული ჩარევიდან 1-2 კვირის შემდეგ როგორც პოსტოპერაციული სინდრომი), ბლაგვი (ავტოავარია, აფეთქება, ნგრევა) ან ბასრი საგნით მიყენებული ტრავმა. იონური რადიაციითა და სხივური ენერგიით გამოწვეული პერიკარდიტი ჯერ კიდევ იშვიათია, თუმცა შეიმჩნევა მისი მატების ტენდეცია, რაც სიმსივნური დაავადებების სხივური მკურნალობით არის განპირობებული. პერიკარდიტი ვითარდება სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის და სხვა კოლაგენოზების დროს. ექსუდატის ხასიათის მიხედვით უმეტესად ფიბრინული ან სეროზულ-ფიბრინულია, ეს უკანასკნელი კი შესაძლოა შეხორცებით ფორმაშიც გადაიზარდოს. მისი ამოცნობა რთულია, რადგან პერიკარდიტის სიმპტომები სუსტია, ხოლო ძირითადი დაავადებისა - ძლიერი. უმთავრესად ქალები ავადდებიან. რევმატული პერიკარდიტი, რომელიც დიდხანს გულის პერანგის ანთების ყველაზე გავრცელებულ ფორმად იყო მიჩნეული, ვითარდება როგორც რევმოკარდიტის ერთ-ერთი გამოვლინება და მწვავე, აქტიური პროცესის მაჩვენებელია. ეს დაავადება ხშირად ემართებათ ბავშვებს. რევმატული პერიკარდიტი მშრალიც შეიძლება იყოს და სველიც. ამ დროს სითხე შესაძლოა სწრაფად ჩადგეს პერიკარდიუმის ღრუში და ასევე სწრაფად გაიწოვოს. პიოგენური ანუ ჩირქოვანი პერიკარდიტი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, პნევმოკოკური, მენინგოკოკური და გონოკოკური ეტიოლოგიისა. იგი გვხვდება იშვიათად, სეფსისისა და სათანადო ინფექციის კერების არსებობის დროს. დაავადება მიმდინარეობს ჩირქოვანი ექსუდატით, მძიმე ზოგადი მდგომარეობით,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ჰექტიური ცხელებით.


- როდის ვითარდება და როგორ მიმდინარეობს ქრონიკული პერიკარდიტი?
- ქრონიკული პერიკარდიტი ორგვარი შეიძლება იყოს: ექსუდაციური და შეხორცებითი. ქრონიკული ექსუდაციური პერიკარდიტი ხშირად მწვავე პერიკარდიტის გაგრძელებაა, ზოგ შემთხვევაში კი ანთება იმთავითვე დუნედ მიმდინარეობს და რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება.


- რა პროცესები მიმდინარეობს მწვავე პერიკარდიტის დროს ექსუდატის დაგროვებისას?
- მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დროს პერიკარდიუმის ღრუში სითხე გროვდება. როდესაც სითხის ოდენობა ნელა იმატებს, პერიკარდიუმის სივრცე თანდათან ფართოვდება, სწრაფი ექსუდაციის დროს კი სითხე ზღუდავს გულის მუშაობას და ხელს უშლის მის ავსებას. ამგვარად ვითარდება ტამპონადა.


- რას უჩივის ადამიანი ექსუდაციური პერიკარდიტის დროს?
- როდესაც ინტრაპერიკარდიული წნევა 3-4 მმ. ვწყ. სვ-ზე მეტად არ იწევს, მცირე რაოდენობის ექსუდატი ჩივილებს არ იწვევს, თუმცა არ არის გამორიცხული, მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა ნახევარში განვითარდეს მკვეთრი, მუდმივი ტკივილი, რომელიც წინ დახრისას მცირდება. ის შესაძლოა სტენოკარდიული ტკივილის მსგავსი იყოს და გადაეცემოდეს კისერში, მარცხენა ბეჭში, მარცხენა ხელში ან მუცლის არეში, ძლიერდებოდეს ჩასუნთქვის, ხველის, მარცხენა გვერდზე წოლის და ყლაპვის დროს. ნიტროგლიცერინი ამ ტკივილს ვერ ხსნის. პერიკარდიუმის ღრუში დიდი ოდენობით ექსუდატის დაგროვებისას ვითარდება ჰაერის უკმარისობა, ავადმყოფი ადვილად იღლება, უჩნდება ციანოზი, რომელიც სითხის მატებასთან ერთად ძლიერდება, აწუხებს ქოშინი, წყვეტილი ხველა, ტემპერატურა ზომიერია. ჩირქოვანი გამონაჟონის არსებობისას კი აღინიშნება ჰექტიური ცხელება, შემცივნება და ოფლიანობა. ტუბერკულოზური პერიკარდიტის დროს ტემპერატურა დიდხანს სუბფებრილური რჩება.


- როგორი შეიძლება იყოს ექსუდაციური პერიკარდიტის მიმდინარეობა?
- გააჩნია ძირითად დაავადებას. შესაძლოა, მოხდეს პლევრიტთან შეუღლება (პოლისეროზიტი), რაც საგრძნობლად გააუარესებს მდგომარეობას. შესაძლოა, ანთება ქრონიკულად მიმდინარეობდეს და პერიოდულად მწვავდებოდეს. ტუბერკულოზური პერიკარდიტი თანდათანობით და დუნედ იწყება და დიდხანს მიმდინარეობს. ექსუდატი თანდათანობით გროვდება, ზოგჯერ ჭარბადაც. შესაძლოა, ჰემორაგიულიც იყოს. ექსუდაციური პერიკარდიტი შესაძლოა დასრულდეს როგორც გამოჯანსაღებით, ასევე შეხორცებების გაჩენით ან ჯავშნიანი გულის განვითარებით, რაც კალციუმის მარილის ჩალაგებით არის განპირობებული.


- როგორ შეიძლება დაისვას ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზი?
- მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზს ჩივილებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ. დიაგნოზის დასმა უფრო ადვილია, როდესაც აშკარაა პერ¬იკარდიტის გამომწვევი რომელიმე მიზეზი. დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას იძლევა ინსტრუმენტული გამოკვლევა: ექოკარდიოსკოპია, ეკგ და რენტგენოგრაფია. რენტგენოგრამაზე გულის სილუეტი გადიდებულია, აქვს სამკუთხედის, ტრაპეციის ან ბოთლის ფორმა. პერიკარდიუმის ღრუში სითხის არსებობას ადასტურებს პერიკარდიოცენტეზი, ამოღებული სითხის გამოკვლევა კი იმ მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება, რამაც მისი დაგროვება გამოიწვია.


- კერძოდ, რა ინფორმაციას გვაწვდის სითხის გამოკვლევა?
- ექსუდატს იკვლევენ:

  • ბაქტერიოლოგიურად - ბაქტერიებისა და სოკოს შტამების, ტუბერკულოზის მიკრობების გამოსავლენად;
  • სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად;
  • რევმატულ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში;
  • ანტინუკლეური ანტისხეულებისა და (წითელი მგლურას) უჯრედების გამოსავლენად, როდესაც ექსუდატი ჰემორაგიულია.

საზოგადოდ, პერიკარდიოცენტეზი საჭირო არ არის, თუ გულის ტამპონადის ნიშნებმა არ იჩინა თავი და ექსუდატის წარმოქმნის მიზეზიც მეტ-ნაკლებად გარკვეულია. პერიკარდიოცენტეზის ჩატარება აუცილებელია მხოლოდ ჩირქოვან ექსუდატზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 
მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს ძვლის ტვინში ძალიან ბევრი ერიტროციტი, ლეიკოციტი ან თრომბოციტი გამომუშავდება. შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტოტრექსატი (ართრიტის სამკურნალო წამალი)
ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, მოსწავლეთა 20 %-ს ჭარბი წონა აქვს. ექიმების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. ამის გამო მოზარდთა სიმსუქნეს ამერიკაში სერიოზული ბრძოლა გამოუცხადეს.
მერკის ენციკლოპედია ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წიგნია ჯანმრთელობისა და მედიცინის საკითხების შესახებ, რომელიც განკუთვნილია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი მკითხველისთვის. იგი წლებია ინარჩუნებს სამედიცინო ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერის პოზიციას.
როგორც ვიცით,ეს უნივერსალური წიგნი 300-ზე მეტმა საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა შეადგინა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის საწინდარია.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხანგრძლივი დაღლილობა ახასიათებს, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გადის. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ანთებითი დაავადებაა.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.