პირველი დამატებითი საკვები - ბოსტნეულის პიურე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დამატებითი საკვები - ბოსტნეულის პიურე

ესე იგი დადგა დამატებითი საკვების მიღების დრო! დამატებითი საკვები უფრო სქელი უნდა იყოს, ვიდრე დედის რძე თუ ხელოვნური ნარევი. ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთგვარ ვარჯიშს წარმოადგენს - ნაწლავების მოტორული ფუნქციის სტიმულაციისა და საღეჭი აპარატის სწორი ფორმირებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაძლოა, პატარამ თავდაპირველად პირი არ დააკაროს ახალ, უცხო საკვებს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? მთავარია, არ აღელდეთ და არ დააძალოთ. უბრალოდ, რამდენიმე დღით გადადეთ ახალ საკვებთან გაცნობა და შემდეგ კიდევ ერთხელ მოსინჯეთ. ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოვა...

დამატებითი საკვების მიცემისას გაითვალისწინეთ

დაიწყეთ მცირე ულუფებით - ჯერ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი გაასინჯეთ. თუ მოეწონა, მიეცით კუთვნილი ულუფის ნახევარი 7 დღის შემდეგ შეიძლება სრული ულუფის მიცემა. 7-8 თვიდან ბავშვს უკვე 80 მლ ეკუთვნის, 9-12 თვიდან - 120 მლ. დიეტოლოგიის ოქროს წესი: ერთ დღეს ჩვილს მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი უნდა გაასინჯოთ, ისიც - მხოლოდ ერთ კვებაზე. თავდაპირველად პიურე მოამზადეთ რომელიმე ერთი სახეობის ბოსტნეულისგან, რათა პატარა შეეჩვიოს ახალ პროდუქტს. მერე და მერე შეგიძლიათ რამდენიმე ბოსტნეულის კომბინაცია შესთავაზოთ. დამატებითი საკვები უნდა მისცეთ დღის პირველ ნახევარში, მეორე კვებაზე, ხელოვნური ნარევის ან დედის რძის მიცემამდე. ნუ დაამთხვევთ დამატებითი კვების დასაწყისს იმ პერიოდს, როცა ბავშვის ჩვეული გარემო იცვლება. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის გამოცვლის, დასასვენებლად გამგზავრების და ა.შ. დროს. ასევე თავი შეიკავეთ დამატებითი კვების დაწყებისგან ავადმყოფობისას და გამოჯანმრთელებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ვაქცინაციისა და სხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარების პარალელურად. დამატებითი კვების დაწყებიდან 7-10 დღის განმავლობაში უნდა შევაფასოთ ჩვილის გუნება-განწყობა, კანი, განავალი. თუ ბავშვის მდგომარეობა არ მოგვეწონა, დამატებითი საკვების მიცემისგან თავი უნდა შევიკავოთ და კონსულტაცია პირად პედიატრს ვთხოვოთ. სასურველია, ვაწარმოოთ დღიური, სადაც აღვნიშნავთ, რომელ პროდუქტზე ჰქონდა პატარას ალერგიული რეაქცია. დამატებითი საკვები უნდა იყოს ერთგვაროვანი (კარგი იქნება, თუ მის ასათქვეფად გამოიყენებთ ბლენდერს), პირველ ხანებში - ნახევრად თხიერი, თხელი ფაფის მსგავსი, აუცილებლად თბილი და მისცეთ კოვზით. გარდა ამისა, სასურველია, პირველი დამატებითი საკვები იმ ბოსტნეულისგან იყოს მომზადებული, რომელიც ჩვენს გეოგრაფიულ არეალში მოჰყავთ. რაციონს ახალი პროდუქტი მას შემდეგ უნდა დაამატოთ, რაც ბავშვი კარგად შეეგუება პირველს - პირველის გაცნობიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ.

რა ასაკიდან?

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს დამატებით საკვებს 6 თვიდან ვაძლევთ, ხელოვნურზე მყოფს - უფრო ადრე, დაახლოებით 4 თვიდან. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება: თუ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი წონას ნელა იმატებს, ჩამორჩება თანატოლებს, ესე იგი დამატებითი საკვების უფრო ადრე მიცემაა საჭირო. ამ შემთხვევაში უმჯობესია დამატებითი კვება დაიწყოთ ფაფით, თუმცა გირჩევთ, პედიატრთან ამის თაობაზე მაინც გაიაროთ კონსულტაცია. დამატებითი საკვების ნაადრევად მიცემა შეიძლება მაშინაც, თუ პატარა იწევს საერთო სუფრისკენ და ითხოვს უფროსების საკვებს.


რატომ ბოსტნეული?

დიეტოლოგები გვირჩევენ, დამატებითი კვება დავიწყოთ ბოსტნეულით. იგი შეიცავს ბევრ სასარგებლო ინგრედიენტს, მათ შორის:

  • უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების გადაადგილებას და ნაწლავებში სასარგებლო მიკროფლორის ჩამოყალიბებას.
  • პექტინურ ნივთიერებებს - მათ აქვთ შემომგარსველი და ტოქსინების შემბოჭველი მოქმედება.
  • გარდა ამისა, ბოსტნეული უზრუნველყოფს ორგანიზმის მჟავატუტოვან წონასწორობას, რაც აუცილებელია ყველა ორგანოსა და სისტემის სწორი ფუნქციობისთვის.
  • ბოსტნეულის პიურეს მომზადებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა, რათა კერძს კვებითი ღირებულება არ დავუკარგოთ.

ბოსტნეულის კალათა

სპეციალისტების რეკომენდაციით, უმჯობესია, დამატებითი კვება დავიწყოთ ისეთი ბოსტნეულით, რომელმაც, ნაკლებმოსალოდნელია, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

  • გოგრა - იგი მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით B6-ით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში), ცხიმებით, ცილებითა და ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით (კალციუმით, კალიუმით, რკინით). კაროტინის შემცველობით იგი 5-ჯერ აღემატება სტაფილოს.
  • ყვავილოვანი კომბოსტო - ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, პატარებსაც ძალიან მოსწონთ. მდიდარია მცენარეული უჯრედისით, მინერალებით და მიკროელემენტებით (კალიუმით, ფოსფორით, რკინით, კობალტით, მაგნიუმით, იოდით), ვიტამინებით (ა, ც, ბ ჯგუფის, ე, პპ). ა დაC ვიტამინები უზრუნველყოფენ ბავშვის ორგანიზმის იმუნურ დაცვას. მთელ ამ ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსს ადვილად აითვისებს პატარას ორგანიზმი და იყენებს ნივთიერებათა ცვლის, სისხლწარმოქმნის, ძვლების ფორმირების, დამცველობით პროცესებში.
  • სტაფილო - დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ა ვიტამინად, ამ უკანასკნელს კი ანტიოქსიდანტური (ტოქსინების შემბოჭველი) მოქმედება აქვს, ასევე - მანგანუმს, რომელიც აუცილებელია მასის დეფიციტის მქონე ჩვილებისთვის. სტაფილო რეკომენდებულია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც ნელა იმატებენ სიგრძეს. ბეტა-კაროტინისა და კალციუმის კომბინაცია სასარგებლოა ხშირი გაციების, ბრონქიტების პროფილაქტიკისთვის. ფიტონციდების შემცველობით კი სტაფილო თვით ნიორსა და ხახვსაც კი არ ჩამოუვარდება.

პექტინური ნივთიერებების, უჯრედისისა და საკვები ბოჭკოს უხვი შემცველობის წყალობით სტაფილო ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედებას, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, დადებითად მოქმედებს ნაღვლის დენის პროცესზე. კარტოფილი უმჯობესია სწორედ სტაფილოსთან კომბინირებულად მივცეთ, რადგან კარტოფილის პიურე საკმაოდ ძნელი მოსანელებელია პატარასათვის, მით უმეტეს - თუ ჯერ მას ბოსტნული საერთოდ არ გაუსინჯავს. ასევე შეგიძლიათ კარტოფილისა და ყაბაყის ერთმანეთში არევაც.

  • ყაბაყი - მდიდარია კალიუმით, სპილენძით, კაროტინით დაC ვიტამინით. აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, ანტიალერგიული და ანემიიის საწინააღმდეგო თვისებები, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. პექტინური ნივთიერებების უხვი შემცველობის წყალობით ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. იგი აწესრიგებს ორგანიზმში წყალმარილოვან ცვლას და წმენდს სისხლს.

ყაბაყი სასარგებლოა მათთვის, ვინც ანტიბიოტიკებს იღებს.

შევიხედოთ სამზარეულოში

დადგა დრო, პიურეც მოვამზადოთ. ბოსტნეულს ვჭრით პატარა ნაჭრებად, ვათავსებთ მომინანქრებულ ქვაბში, ვასხამთ მდუღარე წყალს და ვხარშავთ ნელ ცეცხლზე, თავდახურულს. შემდეგ ვაგრილებთ, ვაბლენდერებთ და ვუმატებთ თავისივე ნახარშს სათანადო სისქის მიღებამდე. მიღებულ მასას კიდევ ერთხელ წამოვადუღებთ, ვაგრილებთ სათანადო ტემპერატურამდე და პატარას ვაჭმევთ. ნუ დაუმატებთ სიტკბოს. მარილი იმდენი უყავით, თქვენ რომ უმარილოდ მოგეჩვენოთ. პიურეს გასათხიერებლად ნახარშთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევიც.


გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს

სტაფილოს პიურე

დაგჭირდებათ:

  • 100 გ სტაფილო;
  • 100 გ წყალი;
  • 2 ს. კ. დედის რძე ან ხელოვნური ნარევი.

მოხარშეთ სტაფილო, დააბლენდერეთ ან გახეხეთ საცერში, სათანადო სისქის მიღებამდე გააზავეთ დედის რძით ან ნარევით, კარგად აურიეთ. დაამატეთ მარილი. მიეცით თბილი, კოვზით.

კარტოფილისა და სტაფილოს პიურე

დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი;
  • 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო;
  • 50 მლ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი;
  • 3 მლ მცენარეული ზეთი ან ნაღების კარაქი.

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო, 10 წუთის შემდეგ ჩაამატეთ კარტოფილი, კარგად რომ მოიხარშება, ბოსტნეული წყლიდან ამოიღეთ და დააბლენდერეთ, გაათხელეთ რძით, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მარილი.

გოგრის, სტაფილოსა და ვაშლის პიურე

დაგჭირდებათ:

  • 70 გ გოგრა;
  • 50 გ სტაფილო;
  • ნახევარი ვაშლი (ანტონოვკა, ბანანი);
  • 50 მლ რძე;
  • 3-4 მლ მცენარეული ზეთი ან კარაქი.

მოამზადეთ ზემოთ მითითებული წესით. როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი პირს არ აკარებს ბოსტნეულის პიურეს? ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ:

  • პიურეს დავუმატოთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი, რათა პაწიამ ნაცნობი გემო იგრძნოს.
  • ბოსტნეულს ხილიც შევურიოთ.
  • ზეითუნის ზეთი საგრძნობლად უკეთეს გემოს აძლევს პიურეს, მაგრამ მისი დამატება უნდა დაიწყოთ წვეთობით და თანდათან (წლამდე) 1 ჩაის კოვზამდე გავზარდოთ.

უმჯობესია, პაწიას პიურე თქვენ თვითონ მოუმზადოთ. მზა, ქილებში ჩამოსხმული პიურე მიეცით მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში, მაგალითად, მგზავრობისას, როდესაც კერძის მომზადება შეუძლებელია. დაბოლოს, დაიხსომეთ: ნორმიდან ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ პირად პედიატრს.