როცა პატარას მსტვინავი სუნთქვა ეწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა პატარას მსტვინავი სუნთქვა ეწყება

მისი მიზეზი კი უხშირესად მცირე ზომის ბრონქების - ბრონქიოლების მწვავე ანთებითი დაზიანებაა. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის პედიატრი ირმა კაკაურიძე.

რა არის ბრონქიოლიტი

ბრონქიოლიტი - ეს არის ქვედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, რაც გულისხმობს მცირე ზომის ბრონქების - ბრონქიოლების მწვავე ანთებით დაზიანებას. დაავადება გვხვდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებთან, ამასთან, უფრო მეტად 5-6 თვის ჩვილებთან, და ხასიათდება ზედა სასუნთქი გზების სიმპტომატიკით (რინორეით), რასაც მოჰყვება ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაიზანება, ეს კი იწვევს ე.წ. ვიზინგს - მსტვინავ სუნთქვას.

რა ფაქტორები იწვევს ბრონქიოლიტს

ბრონქიოლიტის გამომწვევი, უმეტეს შემთხვევაში, არის ვირუსი, ყველაზე ხშირად ეს არის რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი. თუმცა იშვიათად შეიძლება იყოს გამომწვევი რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, კორონა ვირუსი. RSV ვირუსს ახასიათებს სეზონური გამწვავებები, ჩვენი კლიმატის პირობებში გვიანი შემოდგომიდან შუა გაზაფხულამდე, ხშირად გამწვავებები უბრალოდ წვიმიან სეზონს უკავშირდება.

ამასთან, დაავადება მეტად ვითარდება: დღენაკლულებთან (გესტაციის 37 კვირამდე დაბადებულებთან), 12 კვირაზე პატარა ასაკის ბავშვებთან, ქრონიკული პათოლოგიის, მაგ., ბრონქოპულმონური დისპლაზიის, სასუნთქი გზების თანდაყოლილი ანატომიური დეფექტების, გულის თანდაყოლილი დაავადებების, იმუნოდეფიციტის, ნევროლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებთან. გარდა ამისა, არსებობს სხვა გარემო რისკფაქტორებიც, როგორებიცაა პასიური მწეველობის გარემო, ბევრი ადამიანი ოჯახში და სხვა.

რა ნიშნებით ხასიათდება ბრონქიოლიტი, როდის მწვავდება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

დაავადება ვითარდება ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან. დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, ბავშვის ასაკზე, დაავადების სიმწვავეზე, გამომწვევზე, მაღალ რისკჯგუფებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. საშუალო ან მწვავე მიმდინარეობის ბრონქიოლიტის დროს საჭიროა ექიმის ჩართვა დაავადების დაწყებიდან 3-4 დღეში. ბრონქიოლიტს, ჩვეულებრივ, წინ უძღვის 1-3-დღიანი ანამნეზი ცხვირის გაჭედვის/რინორეის ან მსუბუქი ხველის, რასაც ერთვება ცხელება, ხველა და მსუბუქი რესპირატორული დისტრესი (სუნთქვის სიხშირის გაზრდა, მსუბუქი რეტრაქციები), ასევე შეიძლება გამოიხატოს საკვებისა და სითხის მიუღებლობა, რაც მდგომარეობას ამძიმებს. ერთ-ერთი საშიში სიმპტომია აპნოე - სუნთქვის გაჩერება 15-20 წამზე ხანგრძლივად, რაც უფრო მეტად ვითარდება 2 თვემდე ასაკის ბავშვებთან და დღენაკლულებთან. მძიმე ბრონქიოლიტის დროს აღინიშნება სუნთქვის უკმარისობის ნიშნები - სუნთქვის სიხშირის გაზრდა, რეტრაქციები (კანისა და კუნთების ჩადრეკა ნეკნთაშუა არეებსა და კისრის მიდამოში), ნესტოების ბერვა, კანის ციანოზური (მოლურჯო) ელფერი, მივარდნილობა, საკვებისა და სითხის მიუღებლობა. ამ დროს ბავშვი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

როგორია მკურნალობის ეტაპები

ბრონქიოლიტის დროს 2 წლამდე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობის უმთავრესი ღონისძიებები მიმართულია იმისაკენ, რომ ბავშვმა ისუნთქოს თავისუფლად და მიეწოდოს სითხეები ადეკვატური რაოდენობით. ანტიბიოტიკები გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული გართულების დროს. ხველის წამლების, დეკონგესტანტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ბინაზე მკურნალობა მოიცავს ტემპერატურის კონტროლს, სითხეებით დატვირთვას, ცხვირის გასუფთავებას ფიზიოლოგიური ხსნარით, მნიშვნელოვანია ბავშვის სიახლოვეს მოწევის აკრძალვა, რადგან ეს აუარესებს დაავადების მიმდინარეობას. ამის შემდეგ ბინაზე გრძელდება შემდეგი სიმპტომების მონიტორინგი - ცხელების, უმადობის, სუნთქვის სიხშირის მომატების, ციანოზის, სუნთქვაში დამატებითი კუნთების ჩართვის. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია სათანადო რეაგირება.

მძიმე ბრონქიოლიტის დროს ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ჰოსპიტალიზაციას, ძირითადი მკურნალობა არის ოქსიგენოთერაპია, ინფუზიური თერაპია კვების სტატუსის, პათოლოგიური დანაკარგების გათვალისწინებით, იშვიათ შემთხვევებში საჭირო შეიძლება გახდეს ფილტვის ხელოვნური ვენტილაციაც.

ბავშვების უმეტესობა გამოჯანმრთელებას იწყებს 2-5 დღის შემდეგ, თუმცა მსტვინავი სუნთქვა შეიძლება გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტხანსაც. ბრონქიოლიტს აქვს ძალიან სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით - დღენაკლულებთან, გულის და ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებში, ამიტომ მშობელმა უნდა იცოდეს ნიშნები, რომ დროულად და ადეკვატურად შეაფასოს მდგომარეობა და დაიწყოს მკურნალობა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბრონქიოლიტი

ბრონქიოლიტის გამომწვევი, როგორც აღვნიშნეთ, უმეტეს შემთხვევებში არის ღშV ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით - სუნთქვის, ხველების, ცემინების დროს. საჭიროა ხელების ხშირი ჰიგიენა, განსაკუთრებით - ჩვილის მოვლისას, დაიბანეთ ხელები საპნით, წყლით, დაიმუშავეთ სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარებით. ამასთან, ბრონქიოლიტით დაავადებული ბავშვი უნდა მოარიდონ ზემოთ აღნიშნულ რისკჯგუფებში მყოფ ჩვილებს.

რეკომენდებულია ყოველწლიური გრიპის ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან. განსაკუთრებით - რისკჯგუფების ბავშვებთან (დღენაკლულები (გესტაციის 37 კვირამდე დაბადებულები), 12 კვირაზე პატარა ასაკის ბავშვები, ქრონიკული პათოლოგიის, მაგ., ბრონქოპულმონური დისპლაზიის, სასუნთქი გზების თანდაყოლილი ანატომიური დეფექტების, გულის თანდაყოლილი დაავადებების, იმუნოდეფიციტის, ნევროლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები).

დამატებითი რეკომენდაციები მშობლებს

მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს ისეთ კლინიკურ ნიშნებს, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება, სიფერმკრთალე ან ციანოზი, მივარდნილობა, ხველის მძიმე ეპიზოდები ან აპნოეს ეპიზოდები, რაც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. რისკის ჯგუფების მქონე ბავშვების მშობლებმა (ადრეული ასაკის ჩვილები, დღენაკლულები, გულის თანდაყოლილი ანომალიების ან ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები) მდგომარეობის შესაფასებლად დროულად უნდა ჩართონ პედიატრი.