ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები

პიგმენტის შეუკავებლობის დროს ბავშვს კანზე გამონაყარი დაბადებისთანავე ან დაბადებიდან პირველივე დღეებში (ან პირველივე კვირაში) უჩნდება. გამონაყარი, რომელიც ძირითადად ლოკალიზდება ტანის გვერდით ზედაპირებსა და კიდურების პროქსიმულ უბნებში, არათანაბრადაა განლაგებული და მეტწილად ზოლებისა და ცალკეული ჯგუფების სახით ვლინდება. პიგმენტის შეუკავებლობა სტადიებად მიმდინარეობს. თავდაპირველად ჩნდება ერითემულ-ვეზიკულური, ბულოზური და პაპულოზური გამონაყარი, მათი ნაწილი მალევე ღებულობს ვეზიკულურ-პაპილომურ ხასიათს (პაპულა - მშრალი მუწუკი, კვანძი; ვეზიკულა - 5 მმ-მდე ზომის ბუშტული ანუ კანზე ამობურცული 5 მმ-მდე წარმონაქმნი, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე, იშვიათად კი მღვრიე ან სისხლნარევ სითხეს; ბულოზური გამონაყარი - 5 მმ-ზე მეტი ზომის ბუშტუკი).

როგორც წესი, 4-6 კვირის შემდეგ რეგრესირებული კერის ადგილას ჩნდება ყავისფერი ან ჭუჭყიანი რუხი ფერის ე.წ. ბრიზგის, ზოლების ან ხვეული სახის პიგმენტაცია. მისი ინტენსივობა მატულობს 2-3 წლის ასაკამდე, შემდგომში თანდათანობით მკრთალდება, მაგრამ ნარჩუნდება ხანგრძლივად (20-30 წლამდე). ზოგ ავადმყოფში პიგმენტაციის ადგილს იკავებს ატროფიული ცვლილებები - სკლეროზი და დეპიგმენტაცია. არცთუ იშვიათად დაავადების სტადიურობა სუსტადაა გამოხატული და ამ დროს შეიძლება კანზე ერთდროულად გაჩნდეს ბულოზური, ვეზიკულური და პიგმენტური კერები. ზოგჯერ, როცა პიგმენტის შეუკავებლობის საწყისი სტადიები მუცლადყოფნის პერიოდში გამოვლინდა ან სუსტად გამოხატულობის გამო შეუმჩნეველი დარჩა, დაავადების ძირითადი ნიშანი ჰიპერპიგმენტაციაა.

პიგმენტის შეუკავებლობის პირველ სტადიაზე ბუშტუკის შიგთავსში და ხშირად სისხლშიც გვხვდება ეოზინოფილია. დაავადების დასაწყისში ადგილი აქვს ეპიდერმისა და დერმის უჯრედშორის შეშუპებას, დისკერატოზის ნიშნებს, პერივასკულურ ინფილტრაციულ ანთებას. პიგმენტაციის ფორმირებასთან ერთად ანთებითი პროცესი ცხრება და დერმაში მატულობს მელანოფაგების რაოდენობა.

პიგმენტის შეუკავებლობით დაავადებულთა უმრავლესობას, კანის დაზიანების გარდა აღენიშნება სხვადასხვაგვარი ექტო- და მეზოდერმული დეფექტები, რომლებიც ვლინდება ცნს-ის ფუნქციის დარღვევის (ეპილეფსიური გულყრები, მოძრაობის დარღვევები, გონებრივი ჩამორჩენა და სხვა), თვალის პათოლოგიების (სტრაბიზმი ანუ სიელმე, ნისტაგმი, კატარაქტა, ცისფერი სკლერები, ბადურას პიგმენტაცია, მხედველობის ნერვის ატროფია და სხვა), ძვლების, კბილების, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიების სახით.

დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათის მიხედვით. პიგმენტის შეუკავებლობის ადრეულ სტადიაზე აუცილებელია მისი დიფერენცირება დიურინგის ჰერპესისმაგვარი დერმატიტისგან, გვიან სტადიაზე კი - ნევუსებისგან, მასტოციტოზებისგან, პოიკილოდერმიისგან.

პიგმენტის შეუკავებლობის მკურნალობა სიმპტომურია. ის ტარდება დერმატოლოგისა და პედიატრის მიერ ამბულატორიულად. ინიშნება 100%-იანი თუთიის კრემი და კორტიკოსტეროიდული კრემები. აუცილებელია ნევროპათოლოგის, ოკულისტის, ორთოპედისა და სტომატოლოგის კონსულტაცია.

სამშობიარო ტრავმა

ახალშობილთა სამშობიარო ტრავმა მშობიარობის პროცესში განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ბავშვის ქსოვილების ან ორგანოების დაზიანება და როგორც წესი, მათი ფუნქციის დარღვევით მიმდინარეობს.

ახალშობილთა სამშობიარო ტრავმის განვითარების რისკფაქტორია: ნაყოფის არასწორი მდებარეობა, ნაყოფის ზომების შეუსაბამობა დედის მენჯის ძვლის ზომებთან (დიდი ნაყოფი, ვიწრო მენჯი), ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების თავისებურებები (ქრონიკული საშვილოსნოშიდა ჰიპოქსია), ნაადრევი ან გვიანი მშობიარობა, გახანგრძლივებული ან სწრაფი მშობიარობა. ხშირად სამშობიარო ტრავმის მიზეზი ნაყოფის შემობრუნებისას ან გამოყვანის მომენტში არასწორი სამეანო ჩარევა ხდება, მაგალითად, მაშებით ნაყოფის არასწორად გამოყვანა, ვაკუუმექსტრაქტორის არასწორად გამოყენება და სხვა.

განარჩევენ რბილი ქსოვილების (კანი, კანქვეშა ქსოვილი და კუნთები), ძვლოვანი სისტემის, შინაგანი ორგანოების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმებს.

რბილი ქსოვილების სამშობიარო ტრავმა

მშობიარობის დროს ბავშვის კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანება (დაჟეჟილობა, ნაკაწრი, სისხლჩაქცევა და სხვა), როგორც წესი, არ არის საშიში და მხოლოდ ადგილობრივ მკურნალობას საჭიროებს ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ადგილობრივ მკურნალობაში იგულისხმება დაზიანებული უბნის დამუშავება 0,5%-იანი იოდის სპირტხსნარით, ასეპტიკური ნახვევის დადება. დაზიანება ქრება დაახლეობით 5-7 დღეში.

რბილი ქსოვილების შედარებით რთულ სამშობიარო ტრავმას მიეკუთვნება კუნთების დაზიანება. ამგვარი სამშობიარო ტრავმის ერთ-ერთი ტიპური ფორმა მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის დაზიანებაა. მას ახასიათებს ან სისხლჩაქცევები, ან კუნთის გაგლეჯა (ეს უკანასკნელი, როგორც წესი, კუნთის ქვედა მესამედში ვითარდება). ასეთი ტრავმა ძირითადად ნაყოფის ჯდომითი მდებარეობის დროს ვითარდება, თუმცა მაშების დადების ან მშობიარობისას ხელით ჩარევის შემთხვევაშიც შეიძლება განვითარდეს.

დაზიანებისა და ჰემატომის არეში აღინიშნება მომცრო, ზომიერად მკვრივი ან ცომისებრი, შეხებით ოდნავ მტკივნეული სიმსივნე. ზოგჯერ მას ბავშვის დაბადების პირველი კვირის ბოლოს აღმოაჩენენ, როცა ვითარდება კისერმრუდობა. ბავშვს თავი დახრილი აქვს დაზიანებული კუნთის მხარეს, ნიკაპი კი საპირისპირო მხარეს მიბრუნებული.

მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ჰემატომა უნდა გაირჩეს თანდაყოლილი კუნთოვანი კისერმრუდობისგან.

ექიმი დედას ასწავლის, როგორ პოზიციაში დაადებინოს ბავშვს თავი საწოლში (სპეციალურ რგოლზე), თავის პათოლოგიური დახრა რომ გასწორდეს. ინიშნება ფიზიოთერაპია (მშრალი სითბო, ელექტროფორეზი კალიუმის იოდიდით), უფრო მოგვიანებით კი - მასაჟი. როგორც წესი, ჰემატომა გაიწოვება 2-3 კვირაში და კუნთის ფუნქცია სრულად აღდგება. უეფექტო კონსერვატიული თერაპიის შემდეგ ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ, რომელიც 6 თვის ასაკამდე უნდა ჩატარდეს.

ერთ-ერთი ხშირი სამშობიარო ტრავმაა კეფალჰემატომა - თავის ქალას რომელიმე ძვლის ძვლისსაზრდელას ქვეშ სისხლჩაქცევა (ხშირად ცალ ან ორივე თხემის ძვლის, იშვიათად კეფის ძვლის). აუცილებელია მისი გამიჯვნა სამშობიარო სიმსივნისგან, რომელიც ახალშობილის კანისა და კანქვეშა ქსოვილების ლოკალური შეშუპებაა და ამ უბნის ხანგრძლივი, მექანიკური ზეწოლის შედეგია. სამშობიარო სიმსივნე გვხვდება გახანგრძლივებული მშობიარობის და არასწორი სამეანო ჩარევების დროს (მაშების დადება). კეფალჰემატომისგან განსხვავებით, სამშობიარო სიმსივნე სცდება ერთი ძვლის არეს, ის რბილი და ელასტიკურია, პერიფერიაზე ფლუქტუაცია (რხევები) და რგოლი არ აღინიშნება. სამშობიარო სიმსივნე ქრება 1-2 დღეში და სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს.

ბავშვები, რომელთაც რბილი ქსოვილების სამშობიარო ტრავმა აქვთ გადატანილი, როგორც წესი, სრულად გამოჯანმრთელდებიან და ექიმის მეთვალყურეობას აღარ საჭიროებენ.

ძვლოვანი სისტემის სამშობიარო ტრავმა

ძვლოვანი სისტემის სამშობიარო ტრავმებს მიეკუთვნება ბზარები და მოტეხილობები, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად გვხვდება ლავიწის, მხრისა და ბარძაყის ძვლების დაზიანებები. ძვლოვანი სისტემის სამშობიარო ტრავმების მიზეზი არასწორი სამეანო ჩარევაა.

ლავიწის, მხრისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობა

ლავიწის ძვლის მოტეხილობისას პატარას დაზიანების მხარეს შეზღუდული აქვს კიდურის აქტიური მოძრაობა, ხოლო პასიური მოძრაობის დროს ხელი სტკივა (რასაც ტირილით გამოხატავს). გარდა ამისა, აღნიშნული მოტეხილობის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია მოროს რეფლექსის უქონლობა (მოროს რეფლექსი - თუ ახალშობილს ავიტაცებთ ან მაგიდაზე ხელს დავაკაკუნებთ მასთან ახლოს, ის გააკეთებს ხელების შემოხვევის მოძრაობას იდაყვის მოხრით. ეს რეფლექსი გრძელდება 4 თვემდე). მსუბუქი პალპაციით აღინიშნება შეშუპება, ტკივილი და მოტეხილობის ადგილას კრეპიტაცია.

მხრისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობის დროს ბავშვი ვერ ახერხებს დაზიანებული კიდურების აქტიურ მოძრაობას, სტკივა პასიური მოძრაობისას (გამოხატავს ტირილით), დაზიანებული კიდური შეშუპებული, დეფორმირებული და დამოკლებულია.

ძვლების ყველა სახის მოტეხილობას რენტგენოლოგიური კვლევით ადგენენ.

ლავიწის ძვლის მოტეხილობას დაზიანებულ მხარეს ხელის მცირე ხნით იმობილიზაციით, დეზოს ნახვევით, რგოლებით იღლიის ფოსოში ან ტანზე მიდებული გამართული ხელის 7-10-დღიანი გადახვევით მკურნალობენ (ამასთან, ბავშვს აწვენენ საპირისპირო გვერდზე), მხრისა და ბარძაყის მოტეხილობებს კი - კიდურების იმობილიზაციით.

ლავიწის, მხრისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობისას პროგნოზი კეთილსაიმედოა.

მხრის ძვლის ეპიფიზიოლიზი

ახალშობილთა სამშობიარო ტრავმის იშვიათი შემთხვევაა მხრის ძვლის ეპიფიზიოლიზი, რომელიც ვლინდება შეშუპებით, ტკივილითა და კრეპიტაციით მხრის ან იდაყვის სახსარში პალპაციის დროს. დაზიანებული ხელის მოძრაობა შეზღუდულია. ამგვარი დაზიანებისას მოგვიანებით, შემთხვევათა უმრავლესობაში, იდაყვისა და მაჯის სახსარში ვითარდება მოხრითი კონტრაქტურა, რისი მიზეზიცაა სხივის ნერვის პარეზი.

მხრის ძვლის ეპიფიზიოლიზი მხრის ძვლის რენტგენოლოგიური კვლევით დგინდება.

მკურნალობა დაზიანებული კიდურის 10-14 დღით ფიქსაციასა და იმობილიზაციას ითვალისწინებს. შემდეგ ინიშნება ფიზიოთერაპიული პროცედურები და მასაჟი.

ბავშვები, რომელთაც ძვლების სამშობიარო ტრავმა აქვთ გადატანილი, როგორც წესი, სრულად ჯანმრთელდებიან და ექიმის მეთვალყურეობას აღარ საჭიროებენ.