ინტერნეტ თამაში "ლურჯი ვეშაპი" და ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტერნეტ თამაში "ლურჯი ვეშაპი" და ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

სისასტიკე, მკვლელობები, სხვადასხვა იარაღის გამოყენება, ამ თამაშებში მოზარდები საათობით დასდევენ მსხვერპლს დაჭრისა და მოკვლის მიზნით. ეს ყველაფერი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ბავშვის, განსაკუთრებით მოზარდის ფსიქიკაზე, ზრდის აგრესიულობას.

უამრავი მაგალითი არსებობს, მათ შორის საქართველოშიც, მოზარდთა დანაშაულებრივი ქმედებისა, როცა არასრულწლოვნები ძალიან იოლად იმეტებენ ერთმანეთს სასიკვდილოდ. აქ ვერ გამოვრიცხავთ ვირტუალური თამაშების გავლენას. საუბედუროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ინტერნეტ-სამყაროში უკვე ძალზე სახიფათო ე.წ. სასიკვდილო თამაშები გაჩნდა. ერთ-ერთი ასეთი თამაში ცნობილია „ლურჯი ვეშაპის“ სახელწოდებით. უკვე დადგენილია, რომ ის სუიციდური თამაშია - ეს არის დავალებები, რომლებიც კლავს! ბავშვებს სთავაზობენ 50-მდე სახიფათო დავალებას, მაგალითად, ხელზე ვეშაპის ამოკაწვრით დაწყებული, ვენების გადაჭრით დამთავრებული,ხოლო საბოლოო შედეგი სუიციდი ან თვითმკვლელობამდე მიყვანაა. თუ მოზარდი თავს არ იკლავს, სასიკვდილო თამაშის ორგანიზატორები მას ახლობელი ადამიანის განადგუებით ემუქრებიან. ამ თამაშს უკვე ათეულობით მსხვერპლი ჰყავს. მათი რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება. ფსიქოლოგებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკვე განგაშია ატეხილი. „ლურჯ ვეშაპში“ ჩართულნი არიან ბავშვები რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში და უკვე საქართველოშიც არის ტრაგიკული შემთხვევები.

როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ მათი ბავშვები ჩართულნი არიან სუიციდურ თამაშში? იმისათვის, რომ ბავშვები ჩაერთონ თამაშში „ლურჯი ვეშაპი" ან კურატორისგან მიიღონ პირველი დავალება, სიკვდილის ერთ-ერთ ჯგუფში შემავალი მოზარდები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ან ჯგუფში პოსტავენ ე.წ. „ჰეშთეგებს“ შემდეგი ტექსტით: “გამაღვიძე 4.20"-ზე ან „მინდა ჩავერთო თამაშში“, უფრო იშვიათად - "ველი დავალებას". სწორედ ასეთი თეგების არსებობა სოციალურ ქსელებში შეიძლება დაეხმაროს მშობლებს მიხვდნენ, რომ მათი შვილები ძალიან საშიშ გზას დაადგნენ (ჰეშთეგი ეს არის დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშთეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ლინკად და შესაძლებელს ხდის მოძებნოს ამ ჰეშთეგის ქვეშ დათაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით).

• მშობელმა უნდა გააკონტროლოს, რით არის დაკავებული შვილი ინტერნეტ-სივრცეში.

• მშობელმა უნდა დაიცვას ზომიერება, ე.წ. ოქროს შუალედი შვილთან ურთიერთობაში და არ არის საჭირო უკიდურესი ზომების მიღება.

• ყოველი აკრძალვა უკურეაქციას იწვევს, ზოგჯერ ზრდის კიდეც ცნობისმოყვარეობას აკრძალული საგნის მიმართ.

სასიკვდილო თამაშის „ლურჯი ვეშაპი“ ორგანიზატორები მოზარდების ჩათრევას მოხერხებულად ახდენენ იმის გამო, რომ კარგად იცნობენ გარდატეხის ასაკში (12-14 წელი) მოზარდების ფსიქოემოციურ თავისებურებებს.ამ ასაკისთვის დამახასიათებელია მოზარდთა ქცევაში არსებული ბევრი სირთულე, მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებული ნიშან-თვისებაა სუიციდური ქცევები: სუიციდური აზრები, გადაწყვეტილებები, მუქარები, გამონათქვამები. ამას კარგად იყენებენ სპეციალურად განსწავლული ადამიანები და მიზანმიმართულად მიჰყავთ ბავშვები სიცოცხლის მოსპობისკენ. ახდენენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოუმწიფებელ ბავშვურ ფსიქიკაზე და არწმუნებენ მათ, რომ მხოლოდ სიკვდილი გაათავისუფლებს ცხოვრებაში არსებული პრობლემებისგან, სიკვდილის შემდეგ ხომ არაფერი არსებობს და დგება სასურველი თავისუფლება. ართმევენ ბავშვებს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაამარცხონ დეპრესია, მოერიონ ტკივილს. დათრგუნულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები წინააღმდეგობას ვერ უწევენ სასიკვდილო თამაშის კურატორებს, მათ აღარ სჯერათ, რომ არსებობს სიყვარული , არ სჯერათ, რომ შეძლებენ ტკივილის დამარცხებას, შიშობენ თავიანთი მშობლებისა და ახლობლების გამო, რომელთა განადგურებითაც მათ ემუქრებიან, ამიტომ ვერ ტოვებენ თამაშს და ირჩევენ სიკვდილს.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში და როგორ უნდა დაიცვას ბავშვი „ლურჯი ვეშაპისაგან“?

უფროსების ამოცანაა კრიზისულ პუბერტატულ (გარდატეხის ასაკში) პერიოდში იყვნენ შვილების გვერდით. როცა ისინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, არ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა. დაე, ისწავლონ ბავშვებმა თავიანთ შეცდომებზე.

• თუ მშობელი აღმოაჩენს, რომ შვილი იჩენს ინტერესს სუიციდური თამაშის, „ლურჯი ვეშაპის“ მიმართ, მან უნდა გააცნობიეროს, რომ აკრძალვა ერთადერთი გამოსავალი არ არის.

• ეფექტურია, როცა ბავშვს ესაუბრები როგორც თანასწორს, უნდა აგრძნობინოთ, რომ გიყვართ ის და მიიღებთ ისეთს, როგორიც არის - თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

• აუცილებელია აუხსნათ ბავშვს, რომ უფროსებსაც ჰქონიათ ცხოვრებაში დეპრესია, ტკივილი, იმედგაცრუება, მაგრამ ეს უფრო აძლიერებს ადამიანს და არ კლავს, რომ არავის აქვს უფლება განაგოს სხვისი ცხოვრება. ტკივილი და იმედგაცრუება დროებითია ცხოვრებში და გაივლის, არავის აქვს უფლება ითამაშოს სხვისი სისუსტეებით.

• სუიციდური თამაშის კურატორებს, „ყოვლისშემძლეთ“ ძალიან ეშინიათ პოლიციის და ამ თამაშის მონაწილე ბავშვების მშობლებისაც.

შეიძლება ბავშმა საერთოდ არ იცის ასეთი თამაშის არსებობის შესახებ, მშობლის მიერ დასმული შეკითხვა მის ინტერესს უფრო ხომ არ გაამძაფრებს და ხომ არ ეცდება მოძებნოს აღნიშნული თამაში? ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაუსვათ ნეიტრალური კითხვა (მშვიდი ტონით, შფოთვის გარეშე) სმენია თუ არა ასეთი თამაშის შესახებ. ყურადღებით მოისმინეთ ბავშვის პასუხი. თუ მის მონათხრობში არის ბევრი დეტალი, რომელთა შესახებ არ წერენ სოციალურ ქსელებში, ე.ი არსებობს რისკი, რომ ბავშვი უკვე თამაშშია. უფროსი ასევე უნდა დააფიქროს იმ ფაქტმა, რომ თუ ბავშვი ყვება თავის მეგობარზე, რომელიც თამაშში მონაწილეობს, დიდია ალბათობა, რომ ის იტყუება და თვითონ თამაშობს და ასეთი სახით საკუთარ თავზე საუბრობს.

• თუ მშობელს გაუჩნდა ეჭვი, რომ მისი შვილი უკვე არის „ლურჯი ვეშაპის“ საშიშ საზოგადოებაში, ტელეფონის ჩამორთმევა, ინტერნეტის გათიშვა საჭირო არ არის, რადგან სურვილის შემთხვევაში მაინც მოძებნის ქსელში შეღწევის საშუალებას. რაც მეტი იქნება წინააღმდეგობა, მით უფრო მატულობს აკრძალვებისგან თავის დაღწევის სურვილი.

• ეჭვის შემთხვევაში უნდა გადაათვალიეროთ სოცქსელების გვერდები და ტელეფონები ისე, რომ ბავშვმა ეს არ უნდა იცოდეს. სასიკვდილო თამაშები -ეს ის შემთხვევაა, როცა გამართლებულია პირად ცხოვრებაში ჩარევა.

• თუ მშობელსა და შვილს შორის არ არის ურთიერთგაგება, თუ ბავშვი დაინტერესებულია სუიციდით, ჩართულია სიკვდილის ჯგუფში, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს პროფესიონალი - ფსიქოლოგი, რომელიც აუხსნის და ასწავლის მშობელს, როგორ მოუსმინოს და გაუგოს თავის შვილს. ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მას გაუგოს სწორედ თავისმა მშობელმა. მას სიკვდილი სულაც არ უნდა, მას სჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ის ფასეულია, როგორც პიროვნება.

უკვე დადგენილია, რომ მოზარდთა თვითმკვლელობის არაერთი შემთხვევა სუიციდურ თამაშებში ჩართულობას უკავშირდება. ვირტუალური სამყარო, რომლითაც მოზარდები ყველა მოთხოვნილებას , მათ შორის სექსუალურს, იკმაყოფილებენ, სახიფათოა მათი ფსიქიკისთვის. მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ კრიზისულ, გარდატეხის პერიოდში მოზარდი არ უნდა დარჩეს მარტო თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. მშობელი უნდა დაეხმაროს მოზარდს ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვაში. სწორედ ამ პერიოდში მოზარდი აუხსნელ ქცევებს ახორციელებს, საკუთარ თავში იკეტება, რადგან მისი ფსიქიკა ემოციურად არამდგრადია, ადვილად ითრგუნება და ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ. ის უნდა იყოს დაკავებული სხვა საქმეებით: ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა სექციებსა თუ წრეებში, სპორტულსა თუ შემოქმედებით საქმიანობაში, მათი ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით. როგორ უნდა გააშუქოს მედიამ აღნიშნული პრობლემა? როგორც აღვნიშნეთ, უკვე დადგენილია, რომ ინტერნეტ-თამაში „ლურჯი ვეშაპი“ სუიციდური თამაშია და მასში ჩართულობას უკვე არაერთი ბავშვის სიკვდილი მოჰყვა. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სახუმარო თემა - სოციალურ ქსელებში ამ საკითხს, სამწუხაროდ, უკვე მოჰყვა ცინიკური დამოკიდებულება და ანეკდოტების შექმნა. ეს დაუშვებელია, ასევე არ შეიძლება ამ თემით მანიპულირება ტელესივრცეში: ტელეშოუებში, საინფორმაციო გამოშვებებში, ბეჭდურ მედიაში და ამით აჟიოტაჟის შექმნა. საკანდალური ინფორმაციების საბაბით მედია უნდა მოერიდოს ამ თემის მოხერხებულ გამოყენებას.

ეს საფრთხილო თემაა და ბავშვების, განსაკუთრებით კი მოზარდების, ისეთ ფაქიზ სფეროს ეხება, როგორიცაა მათი მგძნობიარე ფსიქიკა. თუ ბეჭდური ან ელექტრონული მედია გადაწყვეტს ამ თემის განხილვას, აუცილებელია ზომიერების დაცვა, რათა არ გამოვიწვიოთ უკურეაქცია, ინტრიგის ჩადება და ცნობისმოყვარეობის გაზრდა ბავშვების მხრიდან ამ თამაშის მიმართ.

შეიძლება ინფორმაციის მიწოდება ნეიტრალური ფორმით, სკანდალისა და ხმაურის გარეშე ანუ შიეძლება აღინიშნოს სიცოცხლისათვის საშიში თამაშის არსებობა ინტერნეტ-სივრცეში და ამავდროულად არ მოხდეს მისი აფიშირება. მედიის ინფორმაცია განკუთვნილი უნდა იყოს მშობლებისთვის, რათა გააკონტროლონ სიტუაცია და თავიანთი შვილების გვერდები და აქტივობები სოციალურ ქსელებში.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ცდილობენ შეასრულონ შვილებთან მიმართებაში ყველა აუცილებელი მოვალეობანი: აჭმევენ, აცმევენ და ა.შ. მათ ავიწყდებათ ყველაზე მთავარი, რომ ბავშვი უპირველეს ყოვლისა სოციალური არსებაა და მისთვის საციცოცხლოდ აუცილებელია ურთიერთობა უფროსებთან, ახლობლების მორალური მხარდაჭერა. ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ სუიციდურ თამაშში მოზარდთა ჩართვა, უმეტეს შემთხვევაში, გარკვეული პრობლემების დაგროვების გამო ხდება, როგორიცაა:

• მშობელთა მხრიდან სიყვარულის დეფიციტი;

• ახლობლების მხრიდან ყურადღების დეფიციტი;

• მოზარდის საზოგადოებაში სოციალიზაციის დეფიციტი;

მედიამ უნდა გაააქტიუროს პრპაგანდა იმისათვის , რომ მოზარდები ჩართულნი იყვნენ სპორტულ თუ შემოქმედებით საქმიანობაში, სხვადასხვა აქტივობებში, მოხდეს მათი წახალისება, დაინტერესება და მოტივირება, რათა ვერ მოხდეს მათი ჩათრევა ისეთ ბოროტებაში, როგორიცაა სუიციდური ინტერნეტ თამაშები. ფსიქოლოგი ნანა კალანდაძე