თუ პატარას ხშირად აღებინებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ პატარას ხშირად აღებინებს

- რა შემთხვევაში უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება წამოქაფებას?

- თუ ბავშვი წონას ცუდად იმატებს, თანაც ამონაღები მასა არცთუ მცირეა, გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე უნდა ვიფიქროთ.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი კუჭის შიგთავსის ხორხსა და ხახაში უნებლიე ამოსვლაა, რაც ზოგჯერ ამ მასის გამოდევნით (წამოქაფებით) სრულდება.

- როგორ ვლინდება გასტროეზოფაგური რეფლუქსი?

- გასტროეზოფაგური რეფლუქსი ფიზიოლოგიური მოვლენაა. დღე-ღამეში რამდენჯერმე მეორდება და ჯანმრთელი ბავშვებისა და მოზრდილების 70%-ს აღენიშნება. რეფლუქსის ეპიზოდები, ჩვეულებრივ, კვების შემდეგ ან ძილის დროს, ვერტიკალური პოზიციიდან ჰორიზონტალურში გადასვლისას ფიქსირდება. გრძელდება 2 წუთამდე, ასიმპტომურია ან უმნიშვნელო სიმპტომებით ვლინდება.

ფიზიოლოგიური რეფლუქსი ყოველდღე აღენიშნება ჯანმრთელი ჩვილების 35-50%-ს, არ აისახება ზოგად მდგომარეობაზე, არ მოითხოვს მკურნალობას და 12-14 თვემდე გაივლის.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი პათოლოგიად მაშინ მიიჩნევა, როდესაც გაზრდილია მისი სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ბავშვის ზოგად მდგომარეობასა და ფიზიკურ განვითარებაზე აისახება.

არსებობს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება - პათოლოგია, რომელიც კუჭის შიგთავსის გადანაცვლების შედეგად საყლაპავის ლორწოვანის დაზიანებით გამოწვეული კლინიკური ნიშნების და/ან გართულებების ერთობლიობაა.

- რეფლუქსურ დაავადებას ჩვილების 1-8%-სა და მოზრდილების 7%-თან ვხვდებით. რა უშლის ან უწყობს ხელს რეფლუქსის დაავადებად გარდაქმნას?

- რეფლუქსი დაავადებაში ყოველთვის არ გადაიზრდება, ორგანიზმს აქვს დამცავი მექანიზმები, რომლებიც ხელს უშლის ამ პროცესს. ესენია:

  • საყლაპავის ქვედა სფინქტერი;
  • დიაფრაგმა, რომელიც საყლაპავის კუჭთან შეერთების ადგილზე ზეწოლისას ფუნქციონირებს როგორც გარე სფინქტერი;
  • საყლაპავის პერისტალტიკა;
  • ნერწყვის ტუტე რეაქცია (კუჭში კი მჟავე არეა);
  • კუჭის დროული დაცლა.
რეფლუქსურ დაავადებას საფუძვლად უდევს კუჭის შესასვლელი ნაწილის (კარდიოს) ქრონიკული უკმარისობა. ბავშვებსა და მოზრდილებთან მისი მთავარი მიზეზია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, რადგან ამ დროს მოშლილია ყველა ანტირეფლუქსური ბარიერი.

ხელშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია:

  • კუჭის დაგვიანებული დაცლა;
  • ჰიპერკალცემიით გამოწვეული გასტრინის ჭარბი პროდუქცია;
  • ჰიპერაციდოზი (მომატებული მჟავიანობა);
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

- როგორია დიაგნოსტიკა?

- მოზრდილებთან რეფლუქსური დაავადების დიაგნოსტიკა უმეტესად სიმპტომებისა და კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება. ბავშვებთან კი დიაგნოსტიკა გაძნელებულია, ვინაიდან დაავადების უნივერსალური ნიშანი არ არსებობს და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში კლინიკური გამოვლინებები სხვადასხვაგვარია.

თუ მოზრდილებსა და მოზარდებთან რეფლუქსზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია მხოლოდ გულძმარვის საფუძველზე, უფროსი ასაკის ბავშვებთან ყველაზე ხშირია:

  • ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • ხველა;
  • 1-დან 5 წლამდე მთავარი ჩივილებია: ხველა და ანორექსია.

ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებთან კლინიკური სიმპტომები არასპეციფიკურია და რამდენადმე განსხვავებული, ვიდრე მოზრდილებთან. წამყვანია:

  • გაღიზიანება, უმიზეზო ტირილი, კოლიკის მსგავსი შეტევები;
  • ცუდი ძილი, ხშირად გაღვიძება, ძილში ტირილი;
  • ხშირი წამოქაფება და ღებინება;
  • ზურგის ტარისებური (რკალისებური) გაზნექა ჭამის დროს ან მის შემდეგ;
  • ბოყინი ან კვების შემდეგ ამოქაფება;
  • სლოკინი;
  • გამონადენი ცხვირიდან;
  • ყლაპვის პრობლემები, გადაცდენისა და მოხრჩობის ეპიზოდები;
  • საკვების მიღებაზე უარის თქმა (ანორექსია);
  • ღამის ხველა, აპნოე (სუნთქვის წამიერი შეჩერება);
  • მორეციდივე რესპირატორული დაავადებები (ასთმა, ბრონქიტი, პნევმონია, ოტიტი, სინუსიტი);
  • ამონასუნთქი ჰაერისა და საფენების მჟავე სუნი.

არსებობს საგანგაშო ნიშნები. ესენია:

  • ღებინება ნაღვლის მინარევით;
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  • შეუპოვარი ან შადრევნისებური ღებინება;
  • ღებინების სინდრომის გამოვლენა 6 თვის შემდეგ;
  • ზრდის შეფერხება;
  • დიარეა ან ყაბზობა;
  • ძილიანობა;
  • ღვიძლისა და ელენთის გადიდება;
  • მუცლის დაჭიმვა (დეფანსი) ან შებერვა;
  • დასაბუთებული ან საეჭვო გენეტიკური ან მეტაბოლური სინდრომი.

ბავშვთა ასაკში გასტროეზოფაგური დაავადების დიაგნოსტიკა უნდა ეფუძნებოდეს დიაგნოსტიკურ ტესტებს, ამისთვის აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების არსებობისას ექიმთან მიმართვა. მდგომარეობის შეფასების შემდეგ საჭიროა ვიწრო სპეციალისტის ჩართვა.

- დადასტურებული დიაგნოზის დროს რას ურჩევთ პაციენტს?

- რეფლუქსური დაავადების დიაგნოზის დასმის შემდგომ საჭიროა მისი სწორად მართვა, რაც გულისხმობს:

  • ცხოვრების სტილის შეცვლას (დიეტა, კვების რეჟიმი, ძილის პოზა);
  • მედიკამენტურ მკურნალობას;
  • ქირურგიულ მკურნალობას;
  • კვებით რეკომენდაციებს - ძუძუთი და სპეციალურ (ანტირეფლუქსურ) კვებაზე მყოფ ჩვილებთან გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამოვლენის სიხშირე ერთნაირია, თუმცა არსებობს მონაცემები, რომ რეფლუქსის ეპიზოდები უფრო ხანმოკლეა ძუძუთი კვების დროს. საკვების მოცულობის შემცირებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მასის მატებას, განსაკუთრებით იმ ჩვილებთან, რომელთაც ისედაც დუნე მატება აქვთ.

ზოგჯერ საკვების კალორიულობის გაზრდის ხარჯზე შესაძლებელია ულუფებისა და მათი ოდენობის შემცირება. საკვები ნარევები ამცირებენ ხილულ რეგურგიტაციას (საკვების უკუსვლას), რაც მშობლებს ამშვიდებს, მაგრამ, სინამდვილეში, რეფლუქსი არ იშვიათდება. შესაბამისად, არც გართულებების რისკი მცირდება. ჩვილებს, რომლებიც ცუდად იმატებენ წონას, ზონდით კვება სჭირდებათ.

უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს რაციონი არ ეზღუდებათ. თუმცა მიზანშეწონილია კოფეინის შემცველი, ცხიმიანი და ცხარე საკვების, შოკოლადის აკრძალვა, რეკომენდებულია ჭარბი წონის დაკლება, გვიან ვახშმობის შეზღუდვა.

ჭამის შემდეგ უშაქრო საღეჭი რეზინის ღეჭვა რეფლუქსს ამცირებს. რეფლუქსს ამცირებს მუცელზე ძილიც. ასეთ პოზაში ჩვილები უფრო იშვიათად იღვიძებენ და ტირიან, ვიდრე გულაღმა ძილის დროს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ უეცარი სიკვდილის რისკი მუცელზე წოლისას - 10-ჯერ, ხოლო გვერდზე წოლისას 3-ჯერ მეტია. ამიტომ მუცელზე წოლა გამართლებულია, როცა ჩვილს ღვიძავს.

მუცელზე წოლა შესაძლოა ეფექტური გამოდგეს 1 წელს გადაცილებულ ბავშვებთან, რომელთა შორის უეცარი სიკვდილის რისკი მინიმალურია.

არ დადასტურდა თავწამოწეული ძილის აუცილებლობაც. სწორად და თავწამოწეული ძილისას რეფლუქსის სიხშირე ერთნაირია.

მარცხენა გვერდზე წოლისას რეფლუქსი ნაკლებია, ვიდერე მარჯვენა გვერდზე წოლისას, მაგრამ თუ ჩვილს გვერდზე წოლა არ სურს, ბალიშით ნუ აიძულებთ.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ძილის დროს პოზას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა თავწამოწეული ძილი, ასევე მარცხენა გვერდზე წოლა მდგომარეობას ხშირად აუმჯობესებს.

მკურნალობის ტაქტიკა ექიმმა უნდა შეარჩიოს. ოპერაციული მკურნალობა გამართლებულია, როდესაც უეფექტოა მედიკამენტური თერაპია, შეიმჩნევა მედიკამენტზე დამოკიდებულება ან აღინიშნება რეფლუქსური დაავადების სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. მშობელს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს შესაძლო გართულებებისა და რეციდივის თაობაზე.

მშობლებს ვურჩევთ - საეჭვო შემთხვევაში საკონსულტაციოდ ბავშვთა გასტროენტეროლოგს მიმართონ.