რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აპრილი 2018
კითხვა-პასუხი
მკურნალობა მინერალური წყლებით
მკურნალობა მინერალური წყლებით

mkurnali.geსაქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები მრავალ დაავადებას ყველა წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, როცა მას თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.

 

ამჯერად "ოჯახის მკურნალი" სწორედ ბალნეოთერაპიაზე ანუ მინერალური წყლებით მკურნალობაზე გესაუბრებათ. მინერალურ ანუ სამკურნალო წყალს თავისებური ქიმიური შემადგენლობა, ფიზიკური თვისებები და სამკურნალო ეფექტი აქვს. ბუნებაში არსებობს მინერალური წყლების მრავალი სახეობა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან აიროვანი შემადგენლობით, რადიაქტივობით, წყალში გახსნილი მარილებისა

და ორგანიზმზე აქტიურად მოქმედი ელემენტების (რკინა, ბრომი, იოდი, ფთორი და სხვა) შემადგენლობით, ტემპერატურით და სხვა.


მინერალური წყლები შემდეგნაირად კლასიფიცირდება:
ქიმიური შედგენილობის მიხედვით:

  • ჰიდროკარბონატული;
  • ქლორიდული;
  • სულფატური;
  • შერეული;

მინერალიზაციის მიხედვით:

  • დაბალი მინერალიზაციის (1გ/ლ);
  • საშუალო მინერალიზაციის (1-10გ/ლ);
  • მაღალი მინერალიზაციის (10-15გ/ლ);
  • მაგარი წყლები (50გ/ლ და მეტი);

აიროვანი შემადგენლობის მიხედვით:

  • ნახშირმჟავა;
  • გოგირდწყალბადიანი;
  • აზოტიანი;
  • რადონული;

ტემპერატურის მიხედვით:

  • ცივი (20 გრადუსამდე);
  • თბილი (20-37 გრადუსი);
  • ცხელი (37-42 გრადუსი);
  • ძლიერ ცხელი (42 გრადუსზე მეტი)

მინერალური წყლები გამოიყენება როგორც სასმელად, ასევე აბაზანებისთვის.


მინერალური წყლების გარეგანი გამოყენება
მინერალური წყლის აბაზანებით მკურნალობა ტარდება კურორტის პირობებში, სადაც არის გაზიანი, მარილის შემცველი, იოდ-ბრომიანი ან დაბალი მინერალიზაციის თბილი და ცხელი წყლები, რომლებიც ყოველთვის შეიცავს მცირე რაოდენობით ამა თუ იმ აირს ან სხვა აქტიურად მოქმედ ნივთიერებას. გაზიანი წყლების ყველაზე გავრცელებული ჯგუფია ნახშირმჟავა წყალი. ნახშირმჟავა აბაზანების გავლენით შეიმჩნევა მკვეთრი ძვრები სისხლის მიმოქცევის მხრივ. ეს აბაზანები აძლიერებენ აგრეთვე კუნთებისა და ნერვული სისტემის ტონუსს, აცხოველებენ ნივთიერებათა ცვლას. ყოველივე ამის გამო ნახშირმჟავა აბაზანები უმთავრესად სისხლის მიმოქცევის ორგანოების, ნივთიერებათა ცვლისა და ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის სამკურნალოდ გამოიყენება. რაც უფრო მეტია წყალში ნახშირმჟავას შემცველობა, მით უფრო ძლიერია მისი მოქმედება. დაბალი ტემპერატურის წყალი მეტი რაოდენობით შეიცავს ნახშირმჟავას, წყლის ტემპერატურის ზრდასთან ერთად კი მცირდება მასში გაზის ოდენობაც. ორგანიზმის შეჩვევის მიზნით ნახშირმჟავა აბაზანებით მკურნალობა იწყება შედარებით მაღალი და მთავრდება უფრო დაბალი ტემპერატურის წყლით (34-28 გრადუსი), აბაზანების ხანგრძლივობა საშუალოდ 8-10 წუთია. მკურნალობის სრული კურსი 12-16 აბაზანას მოიცავს. ნახშირმჟავა წყლების ჯგუფს მიეკუთვნება ბორჯომი, ყაზბეგის, კობისა და თრუსოს ნარზანები, კისლოვოდსკის ნარზანი, სომხეთში - არზნი, საფრანგეთში - მონტ-დორი და სხვა. გოგირდწყალბადიან წყლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედების მხრივ ბევრი საერთო აქვთ ნახშირმჟავა აბაზანებთან და ამავე დროს განსხვავებული თვისებებიც ახასიათებთ. გოგირდწყალბადიანი აბაზანა გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, აუმჯობესებს ძვალ-სახსართა სისტემის მდგომარეობას, უხდება კანს და ზოგიერთ ენდოკრინულ დაავადებას. ყოველივე ამის გამო გოგირდწყალბადიანი წყლებით მკურნალობის ჩვენება უფრო ფართოა. გარდა სისხლის მიმოქცევის ორგანოთა დაავადებებისა, მათი მეშვეობით წარმატებით მკურნალობენ სახსრების, ხერხემლისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს, კანის სხვადასხვა სნეულებას, ქალურ დაავადებებს და სხვა. სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა კონცენტრაციის გოგირდწყალბადიანი წყალი. რაც უფრო მაღალია გოგირდწყალბადის შემცველობა, მით უფრო გამაღიზიანებელია მისი მოქმედება, ამიტომ გოგირდწყალბადის კონცენტრაცია და აბაზანის ტემპერატურა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს მითითებული. აბაზანების ტემპერატურა მკურნალობის დასაწყისში შედარებით დაბალია და მერე და მერე იმატებს (35-38 გრადუსი). პროცედურის ხანგრძლივობა 8-15 წუთია. მკურნალობის კურსი 12-15 აბაზანით განისაზღვრება. გოგირდწყალბადიან წყლებს მიეკუთვნება თბილისის თბილი გოგირდოვანი წყალი, მენჯი, გორიჯვარი, რუსეთში - მაცესტა, დაღესტანში - თალგა, ლატვიაში - კემერი, უცხოეთში - აახენი (გერმანია), ბადენი (ავსტრია).



თარიღი : 23-12-2014
saliko
თუ დაგაინტერესებთ წყალტუბოში დასვენება შემიძლია შემოგთავაზოთ მყუდრო, კომფორტული გარემო. ტ: 595609050
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კუჭის სეკრეციული ფუნქციის მდგომარეობა, კუჭის წვენის მჟავიანობა.
24 აგვისტო 2015
ვაშლის ძმარი რომ სასარგებლოა, ბევრს სმენია. ზოგიერთები მას თმის ბზინვარებისათვის თავზე გადასავლებად
18 აპრილი 2018
ბევრი ადამიანი ძალიან განიცდის ასაკის მატებას და ეშინია სიბერის. კომპანია Future You-ს მიერ
ვაგინალური სიმშრალე ქალს ინტიმურ პრობლემებს უქმნის. ასეთ დროს ინტიმური კავშირის დამყარება
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი
დაძაბული დღის შემდეგ, დაძინება განსაკუთრებით რთულდება, რასაც, ძილის ხელისშემშლელი ზოგიერთი ჩვენი