რა სიკეთე მოაქვს მასაჟს და სამკურნალო ვარჯიშს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიკეთე მოაქვს მასაჟს და სამკურნალო ვარჯიშს

მასაჟის მთავარი შედეგია სისხლის, ლიმფის მიმოქცევის ადგილობრივი გაუმჯობესება. იგი მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია ლიმფოსტაზის დროს. მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც ხელით, რაც საკმაო ოსტატობას მოითხოვს, ასევე აპარატითაც. უფრო და უფრო ფართოდ ინერგება აპარატული - ვიბრაციული, ელექტროსტიმულაციური ტიპის - მასაჟი, რომელიც სწორედ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ლიმფოსტაზის დასაძლევად, შეშუპების, სისხლძარღვების პრობლემების გადასალახავად არის მიმართული. მიუხედავად ამისა, კომპლექსური მიდგომის თვალსაზრისით ხელით მასაჟს ჯერჯერობით ვერაფერი შეედრება.

- უნდა დაიღალოს თუ  არა მასაჟის დროს პაციენტი?

- სწორად შერჩეული და კარგად გაკეთებული მასაჟი პაციენტს არ ღლის. თუ მასაჟის დროს პაციენტი დისკომფორტს განიცდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაჟისტი ან აპარატი რაღაცას არასწორად აკეთებენ. სტუდენტებსა და სპეციალისტებს ხშირად ვუმეორებ, რომ არასწორად გაკეთებას სჯობია, მასაჟი საერთოდ არ  გავაკეთოთ, რადგან მეთოდის არასწორი გამოყენებით შესაძლოა ვავნოთ კიდეც პაციენტს, პროცესი გავამწვაოთ. ჯანმრთელი ადამიანისთვის მასაჟის გაკეთება გაცილებით ადვილია, რადგან თუნდაც არასწორად ჩატარებული პროცედურით მძიმე დარღვევას ვერ გამოვიწვევთ.

- რამდენი სახის მასაჟი არსებობს?

- მასაჟის მეთოდიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. მთავარი, რა თქმა უნდა, გახლავთ კლასიკური მასაჟი. აგრეთვე არსებობს:

  • წერტილოვანი მასაჟი - ჩვენებისამებრ, ხდება ლოკალური ზემოქმედება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე სხეულის ამა თუ იმ ნაწილში ლოკალიზებული ტკივილის,  ფუნქციის დარღვევის აღმოსაფხვრელად;
  • რეფლექტორულ-სეგმენტური ტიპის მასაჟი ზახარინ-გედის პარავერტებრალური ზონების მიხედვით, საიდანაც ხდება შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ ფუნქციის რეგულირება. სრულდება შინაგანი ორგანოების, სისტემებისა და ქსოვილების ფუნქციურ მდგომარეობაზე რეფლექტორული ზემოქმედების მიზნით;
  • შვედური მასაჟი, რომელიც არსით რეფლექტორული ტიპისაა. ხდება სახსარმყესოვანი აპარატის მასირება და რეფლექტორული ზემოქმედება სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე;
  • აპარატული მასაჟები.

ყველა ჩამოთვლილი მასაჟი სამედიცინო ტიპისა გახლავთ. მათ გარდა არსებობს კოსმეტიკური და სპორტული მასაჟები. მასაჟების ასეთი დაყოფა პირობითია, ხშირია თანხვედრა, მასაჟის ტექნიკისა თუ ილეთების გადაფარვა და გადასვლა მომიჯნავე ტიპებში. ზემომოყვანილი დაყოფა უპირატესად იმისთვის არის მოწოდებული, რომ სწორად ჩამოყალიბდეს მასაჟის კონცეფცია.

- რა არის მასაჟის ჩვენება?

- აჯობებს, უკუჩვენებებზე ვისაუბროთ, ვინაიდან მათი ჩამოთვლა უფრო იოლი იქნება - მასაჟის ჩვენებათა სპექტრი ძალიან ფართოა. უკუჩვენებაა:

  • ნებისმიერი ტიპის დეკომპენსირებული მდგომარეობა;
  • ალგიური სინდრომი;
  • მწვავე პროცესი. ამ დროს მასაჟის კეთება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან პაციენტი ვერ მოეშვება და ვერ მივიღებთ სასურველ ეფექტს, პირიქით, მასაჟის შემდეგ ტკივილი ძლიერდება. მწვავე შემთხვევებში გამოიყენება არა მასაჟი, არამედ ოსტეოპათიური მიდგომა მანუალური თერაპიის ელემენტებით;
  • ალერგიული, ინფექციური თუ სხვა სახის დაავადებით გამოწვეული გამონაყარი,  რომელიც არ იძლევა კანზე მანიპულაციების შესრულების საშუალებას;
  • მაღალი ტემპერატურა.

არსებობს პირობითი, შედარებითი უკუჩვენებებიც:

  • სიმსივნური, სპეციფიკური (ტუბერკულოზი) პროცესები;
  • ჰემატომა (სისხლჩაქცევის დროს მასაჟს თავს არიდებენ, რათა სისხლჩაქცევის ზონა არ გაიზარდოს).

სიმსივნის დროს სიფრთხილეა საჭირო სარეაბილიტაციო პროცესში მასაჟის ჩართვისას. ეს დამოკიდებულია როგორც სიმსივნური პროცესის სტადიაზე, ასევე რიგ სხვა ფაქტორზეც.

- არსებობს თუ არა გამონაკლისი, როდესაც მასაჟი მწვავე მდგომარეობის დროსაც რეკომენდებულია?

- რეაბილიტაციის პროცესი და მასთან ერთად მასაჟი ხშირად სარეანიმაციო განყოფილებაშიც კი დაწყებულა და ეს, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, მეტად შედეგიანია. ზოგიერთს ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ მასაჟი და, საზოგადოდ, რეაბილიტაცია აუცილებლად მკურნალობის დასრულების შემდეგ უნდა იქნეს დაწყებული. ეს აზრი მცდარია. ავიღოთ თუნდაც პოლიტრავმა, როდესაც პაციენტი ჩართულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და არ არის კონტაქტური - ამ დროს აუცილებელია, გაუმჯობესდეს პერიფერიული სისხლის მიმოქცევა, საამისოდ კი მასაჟი ძალიან ხელსაყრელია. ან ინსულტი, როდესაც ტარდება ინტენსიური სარეანიმაციო ღონისძიებები პაციენტის გადასარჩენად - არავითარი უკუჩვენება არ არსებობს საიმისოდ, რომ სწორად დაიდოს ხელი ან ფეხი, ეს კი არსებითად უკვე პირველი ეტაპის მკურნალობაა, რადგან ამით თავიდან ავიცილებთ კონტრაქტურების წარმოქმნას, რომლებიც შესაძლოა პაციენტის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ განვითარდეს.


- ალბათ, მასაჟს განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ძვალსახსროვანი და ნევროლოგიური პათოლოგიების რეაბილიტაციის პროცესში...

- მართალი ბრძანდებით, მასაჟი უმეტესად ტრავმატოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტების სარეაბილიტაციოდ გამოიყენება. არსებითად, ის დამხმარე საშუალებაა და გაცილებით ეფექტურია სამკურნალო ვარჯიშებთან ერთად. სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ მასაჟს უნიშნავს, ვარჯიშს კი უგულებელყოფს, არადა წამყვანი სწორედ ვარჯიშია, მასაჟი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა საიმისოდ, რომ შევძლოთ ვარჯიში, მოვიყვანოთ სხეული იმ მდგომარეობაში, რომ საჭირო მოძრაობის შესრულება შეძლოს. ტრავმატოლოგიასა და ნევროლოგიაში თითქმის არ არის დაავადება, რომლის მასაჟის გარეშე განკურნება შესაძლებელი იყოს, ხოლო თუ მოხერხდა, მერწმუნეთ, შედეგი ვერ იქნება ისეთი, როგორსაც ველით, განსაკუთრებით - ტრავმატოლოგიური ოპერაციის შემდეგ. ოპერაცია საქმის ნახევარია. მეორე ნახევარი გახლავთ რეაბილიტაცია. მინახავს ბრწყინვალედ შესრულებული ოპერაციები, როდესაც არასწორი რეაბილიტაციის გამო ქირურგის შრომა წყალში ჩაყრილა და, სამწუხაროდ, ქირურგისავე არასწორი მითითებით. სასურველია, ყველა აცნობიერებდეს იმ სარეაბილიტაციო საშუალებების მნიშვნელობას, რომლებიც მკურნალობას გაცილებით ეფექტიანს გახდის.

- სპორტული მასაჟი ახსენეთ. რით განსხვავდება იგი კლასიკური სამკურნალო მასაჟისაგან, ძალით, მეთოდით, თუ შესრულების ინტენსივობით?

- სპორტულ მასაჟს თავისი ეტაპები აქვს და იმაზეა დამოკიდებული, შეჯიბრების წინ ვატარებთ, აღდგენით თუ ტრავმის შემდგომ პერიოდში. სპორტული მასაჟის დროს ხდება კუნთების სტიმულაცია, გახურება, ისეთ რეჟიმში მოყვანა, რომ სპორტსმენმა შეძლოს უფრო მეტი მოცულობის კუნთური მუშაობის შესრულება. ხანდახან საამისოდ სპეციალურ მალამოებს, ბალზამებსაც კი ვიყენებთ. აღდგენით პერიოდში ხდება კუნთების მოდუნება და გაჭიმვა,  რაც,  პრინციპში, ყოველთვის სჭირდება სპორტსმენს, ვინაიდან კუნთი სწორედ ამ გაჭიმვითი ვარჯიშებისა და მომადუნებელი მასაჟის საშუალებით აღდგება. მინდა, აქვე გითხრათ, რომ მასტიმულირებელი ვარჯიშები აუცილებელია დამბლის დროს, თანაც არა დამბლადაცემულ, არამედ გადარჩენილ კუნთებზე. სპორტული მასაჟი ინტენსიურად უტარდებათ სპორტსმენებს უშუალოდ შეჯიბრების წინ, - ეს საჭიროა კუნთების გასახურებლად, ტონუსში მოსაყვანად, - ხოლო ყოველდღიურად, დატვირთვის შემდეგ, გადაძაბვის ან გადაჭიმვის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, კეთდება მომადუნებელი მასაჟი.

- რას წარმოადგენს წყალქვეშა მასაჟი?

- წყალქვეშა მასაჟი აპარატული ტიპის მასაჟია, რომელიც წყლის ძლიერი ჭავლით სხეულის მასირებას გულისხმობს. ის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი გახლავთ და უკვე აღარ ითვლება ფუფუნების საგნად. იოლად შეიძლება მისი გაკეთება სახლშიც, ჯაკუზიში. შეიძლება ასევე, სააბაზანოში დაიდგას საშხაპე კაბინა, რომელიც შარკოს ტიპის წყლის ჭავლს უშვებს და მასაჟის ტიპის ზემოქმედებას ახდენს კანზე.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ სამკურნალო ვარჯიში რეაბილიტაციის პროცესის აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია...

- ეს ბევრად უფრო რთული და მრავლისმომცველი თემაა, ვიდრე მასაჟი. მასაჟის ზოგადი პრინციპები ასე თუ ისე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, მივცეთ პაციენტებს საერთო ტიპის დანიშნულებანი, მაგრამ არ არსებობს ტრაფარეტული სამკურნალო ვარჯიშები, ვთქვათ, წელისა, კისრისა... ყოველი პაციენტისთვის ვარჯიშთა კომპლექსი უნდა შეიქმნას ინდივიდუალურად, ასაკის, ფუნქციურ შესაძლებლობათა გათვალისწინებით. თუ ადამიანს თავის სიცოცხლეში არ უვარჯიშია, უნდა შეირჩეს, ჩამოყალიბდეს ისეთი სქემა სამკურნალო ვარჯიშისა, რომ პაციენტი ნელ-ნელა შეეჩვიოს დატვირთვას, რასაც დრო სჭირდება. ერთი სიტყვით, სამკურნალო ვარჯიშთა კომპლექსის შედგენა რთული, შემოქმედებითი სამუშაოა და სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტაა ამ საქმის პროფესიონალი. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი მეთოდისტები, რომელთა მთავარი საზრუნავი პაციენტი, მისი კომფორტია, რადგან ჩვენი მიზანია, ვუმკურნალოთ არა დაავადებას, არამედ ავადმყოფს.


- ჩვენებები და უკუჩვენებები ალბათ სამკურნალო ვარჯიშებსაც აქვს...

- ჩვენებათა ნუსხა ფაქტობრივად ისეთივეა, როგორიც სამკურნალო მასაჟის დროს, უკუჩვენება კი გაცილებით ნაკლებია, კერძოდ:

  • დეკომპენსირებული მდგომარეობები;
  • მწვავე შემთხვევები;
  • ტკივილი;
  • მაღალი (38 გრადუსი და მეტი) ტემპერატურა.

ვარჯიშისთვის უკუჩვენება არ არის სიმსივნური პროცესი, პირიქით, სასარგებლოც კია. სტადიის შესაბამისად შერჩეული დოზირებული ვარჯიში აუცილებელია იმუნური სისტემის რეგულირებისთვის, მით უმეტეს, ისეთი პროცედურების შემდეგ, როგორიც არის, მაგალითად, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და სხვა ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ საჭიროა სამკურნალო ვარჯიში. ასთმის მკურნალობა ხომ სუნთქვითი ვარჯიშების გარეშე წარმოუდგენელია. პნევმონიის დროს პირველ რიგში ვებრძვით მაღალ ტემპერატურასა და სისუსტეს, ამ ეტაპის დაძლევის შემდეგ კი დღის წესრიგში დგება ფილტვის ქსოვილის ფუნქციის აღდგენა, რაც საშუალოდ 6 თვეს გრძელდება. ამ პროცესს საგრძნობლად აჩქარებს სუნთქვითი ვარჯიშები.

- რა როლი ენიჭება ცურვას გამაჯანსაღებელ კომპლექსში?

- უკვე ვახსენეთ წყალში ვარჯიში, წყლის მასაჟი - ჰიდროკინეზოთერაპია, რომელიც არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. სამწუხაროდ, ჩვენში არსებული აუზები, როგორც წესი, გასართობი, საცურაო ტიპისაა. სავარჯიშო აუზი ძალიან ცოტაა, რადგან მათი შენახვა რთულია. საჭიროა სპეციალური აპარატურა. მაგალითად, წყალქვეშა ველოტრენაჟორი განსხვავდება ჩვეულებრივი ველოტრენაჟორებისგან. ის ხსნის მუხლის სახსრის შეზღუდულობას უწონობის მდგომარეობაში, რომელიც წყალში იქმნება. წყლის ქვეშ უფრო ადვილია სახსროვანი, კუნთოვანი სისტემის ფუნქციური აღდგენა და უფრო მეტად ვართ დაზღვეულნი არასწორი მოძრაობისგან, რომელმაც შესაძლოა გვავნოს კიდეც.

- ცურვის რომელი სტილია უმჯობესი სამკურნალო თვალსაზრისით?

- წელის, ზურგის კუნთების გასამაგრებლად კარგია ბრასი, ზურგი, ყველაზე უკეთესი კი ბატერფლაის ანუ დელფინის სტილით ცურვაა, თუმცა ის რთული და დამღლელიც არის. ბრასი უფრო იოლიც გახლავთ და კომპლექსური მოქმედების თვალისაზრისითაც უმჯობესია.

- საშუალოდ რა რაოდენობით და როგორი პერიოდულობით სჭირდება ადამიანს მასაჟი?

- მასაჟის უსასრულოდ კეთება არ შეიძლება. უნდა ჩატარდეს მაქსიმუმ 15-20 პროცედურა, შემდეგ გაკეთდეს პაუზა - ორი კვირით, ერთი თვით... ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, თუ მასაჟის გაგრძელება აუცილებელია, სჯობია უფრო მეტხანსაც შევისვენოთ. რაც შეეხება სამკურნალო ვარჯიშს, აქ პაუზა საჭირო არ არის, პირიქით, მუდმივი, უწყვეტი ვარჯიში უკეთესიც კია. რაც შეეხება პერიოდულობას, ოპტიმალურია მასაჟის კურსის 3-4 თვეში, 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ ჩატარება.

- დღის რომელი მონაკვეთი სჯობია სავარჯიშოდ?

- სამკურნალო და ფუნქციური თვალსაზრისით ყველაზე უკეთესია ვარჯიში 16-დან 20 საათამდე, ოღონდ არა მაძღარზე, ნასადილევზე - ორგანიზმი მსუბუქად უნდა იყოს. დილით ვარჯიში ნაკლებშედეგიანია, რადგან ახალგაღვიძებულზე ორგანიზმი ჯერ კიდევ მოშვებულია, აკლია ტონუსი და უფრო მეტად იტვირთება. თუ მაინცდამაინც დილაობით ვარჯიში გსურთ, ნელ-ნელა უნდა შეეგუოთ დილის დატვირთვას 2-2-წუთიანი, სუნთქვითი ვარჯიშებით.

- თქვენი თქმით, მკურნალობის პროცესში ისევე საჭიროა მასაჟისა და სამკურნალო ვარჯიშების ჩართვა, როგორც მედიკამენტებისა, მაგრამ ბევრს სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი დღემდე ფუფუნების საგნად მიაჩნია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ხელმისაწვდომია მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა ჩვენი მოსახლეობისთვის?

- სამწუხაროდ, ეს მართლაც არ არის იაფი პროდუქტი, რადგან ხელით მასაჟი საკმაოდ ბევრ შრომასა და ენერგიას, ასევე არაორდინარულ მიდგომას საჭიროებს. ბევრს ამის საშუალება არ აქვს, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში თუ გაიღებს შესაბამის თანხას.

- სადაზღვევო კომპანიები მასაჟის კურსს არ ანაზღაურებენ?

- სამწუხაროდ, არა. მასაჟს, ფიზიოთერაპიასა და სამკურნალო ვარჯიშს არც ერთი პაკეტი არ ითვალისწინებს. ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის ძნელი დასადგენია მიჯნა სამკურნალო და კოსმეტიკურ მასაჟებს შორის.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- მინდა, ყველას ვუსურვო, ჰქონოდეს გაჯანსაღების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება. უმჯობესია, მასაჟები და ვარჯიშები ემსახურებოდეს დაავადებათა პროფილაქტიკას, ვიდრე მკურნალობას. საზღვარგარეთ, განვითარებულ ქვეყნებში, დარბის ყველა, განურჩევლად ასაკისა. ფიტნესცენტრები კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადაჭედილია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხალხი ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობას, რათა შეძლოს შრომა. სადაზღვევო კომპანიებსაც უჯობთ, ჩართონ თავიანთ პროგრამებში ფიტნესკლუბების მომსახურება, ვიდრე შემდგომ უზარმაზარი თანხები იხადონ მკურნალობაში. ვისურვებდი, სოციალური დაზღვევის სისტემები ჩვენშიც ისეთივე ყოფილიყოს, როგორიც არის, მაგალითად, საფრანგეთში - თუ ადამიანმა სადაზღვევო თანხა არ მოიხმარა, მას ეს ფული უბრუნდება პენსიაზე გასვლის შემდეგ. მთელი მსოფლიო სავსეა ასაკოვანი წყვილებით, რომლებიც დასეირნობენ სწორედ იმ უზარმაზარი თანხით, რომელიც მიიღეს სამედიცინო დაზღვევის თანხების დაზოგვის გზით, მანამდე კი ივარჯიშეს, ცხოვრების აქტიური წესით, პროფილაქტიკური გასინჯვებით ჯანმრთელობა შეინარჩუნეს.