ორსულობა და ფსიქონევროლოგიური დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და ფსიქონევროლოგიური დარღვევები

- რა იწვევს თავის ტკივილს, საშიშია თუ არა იგი, ღირს თუ არა მკურნალობა? იქნებ ჯობს, მოვითმინოთ?

- თავის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა და არამხოლოდ ორსულებში. ის შეიძლება გამოიწვიოს როგორც ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა, ასევე დაავადებებმა, რომლებიც ორსულობაზე არ არის დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემებით, ათიდან ცხრა შემთხვევაში ორსულს აწუხებს დაძაბვის თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება გადაღლის, ძლიერი ფსიქოემოციური დატვირთვის შედეგად, მით უმეტეს, ორსული აშკარად თუ ფარულად ყოველთვის ღელავს - როგორ ჩაივლის ორსულობა, მშობიარობა, ჯანმრთელი დაიბადება თუ არა ბავშვი. დაძაბვის თავის ტკივილი უმეტესად ორსულობის I-II ტრიმესტრებში იჩენს თავს. ტკივილი მსუბუქი ან ზომიერია, ორმხრივი, არ გააჩნია მკაფიო ლოკალიზაცია, გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე. ზოგჯერ ამას ტკივილსაც ვერ დაარქმევთ - ეს არის, უფრო მეტად, ზეწოლის, თავზე სალტის მოჭერის შეგრძნება. ის თავის ფუძის კანისა და კუნთების ხანგრძლივი დაძაბვის შედეგია და ამიტომაც ეწოდება დაძაბვის ტკივილი. ტკივილი ხშირად ძლიერდება დღის მეორე ნახევარში, ანდა ძლიერი ფსიქოემოციური თუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, არის მონოტონური ან მზარდი. შედარებით იშვიათად ორსულებში თავის ტკივილის მიზეზია შაკიკი. მისთვის დამახასიათებელია ტკივილის განმეორებითი შეტევები, მხედველობის დარღვევები, ასევე - დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ. ასეთ ორსულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც შაკიკი დაორსულებამდეც ჰქონდა, და ისეთებიც, ვისაც ის პირველად ორსულობისას გამოაჩნდა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მოსალოდნელია შეტევების გახშირება; მეორე-მესამეში შეტევები იშვიათდება და გაცილებით მსუბუქადაც მიმდინარეობს.

- რით მკურნალობენ თავის ტკივილს?

- ორსულებში თავის ტკივილის მკურნალობისას, განურჩევლად მისი წარმოშობისა, უპირატესობა ენიჭება არამედიკამენტურ საშუალებებს - ფსიქოლოგიურ რელაქსაციას, ფიტოთერაპიას... მნიშვნელოვანია შრომისა და დასვენების რეჟიმის ორგანიზაცია, იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც ტკივილის შეტევებს უწევს პროვოცირებას. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ნაკლები დრო გაატარეთ დახუთულ შენობაში, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ოღონდ არა ავტომაგისტრალების მახლობლად, არამედ პარკში, ტყეში. მუშაობისას ხშირად შეისვენეთ, გაანიავეთ ოთახი, შეასრულეთ რამდენიმე ვარჯიში. ორგანიზმი ჟანგბადით გამდიდრდება და თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
  • ნუ დაიკლებთ ძილს. ურიგო არ იქნება, დღისითაც ჩათვლიმოთ. თუ სამსახური ამის საშუალებას გაძლევთ.
  • ურიგო არ იქნება, თუ დროს გამონახავთ და ორსულთათვის განკუთვნილ ტანვარჯიშის ან ცეკვის წრეზე ივლით. ასეთი დატვირთვა მოაძლიერებს ბავშვს, დაბადებისთვის მოამზადებს თქვენს ორგანიზმს, გაგახალისებთ და ახალ ნაცნობებს შეგძენთ.
  • აუცილებლად უნდა აითვისოთ რელაქსაციის მეთოდები, სუნთქვითი ვარჯიში. შესაძლოა, მათი დახმარებით ტკივილს მედიკამენტების გარეშეც დააღწიოთ თავი.
  • თუ ტკივილი ძალზე ძლიერია და არამედიკამენტური საშუალებები არ გშველით, მიიღეთ გამაყუჩებელი. თქვენს პატარას ეს უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე თქვენი მუდმივი უგუნებობა.

ორსულთათვის ნებადართულია: უბრალო ანალგეტიკები (პარაცეტამოლი), აუცილებლობის შემთხვევაში - კოფეინი. რეკომენდებული არ არის ასპირინი და მისი ანალოგები, ერგოტამინი (ეს უკანასკნელი ხშირად შედის შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებების შემადგენლობაში). მედიკამენტების მიღებამდე უთუოდ მოეთათბირეთ ექიმს, რადგან ისეთმა ერთი შეხედვით უვნებელმა წამლებმაც კი, როგორებიც ინდომეტაცინი, ვოლტარენი ან ასპირინია, შეიძლება ავნოს ნაყოფს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თავის ტკივილი გახშირდა ან გაძლიერდა;
  • ტკივილი ძლიერდება პოზის შეცვლის, ვარჯიშის დროს, ღამით;
  • ტკივილი აღმოცენდება თავის დახრისას, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ანდა მხედველობის გაუარესება ახლავს თან.

 


- რას გვეტყვით მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ?

- ახალშობილის მოვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გარდა ამისა, ახალბედა დედებს ყველაფერი აშფოთებთ, აღელვებთ. ისინი იღლებიან, გარემოსადმი ინტერესს კარგავენ, უჩნდებათ არამოტივირებული აგრესია,  ხშირად ეცვლებათ განწყობილება. მშობიარობის შემდეგ ასეთი რამ ბევრს ემართება, თუმცა ამას ყველა ვერ აცნობიერებს, ანდა ერიდება ამაზე საუბარს, რადგან ჰგონია, რომ ვერ გაუგებენ. ეს მდგომარეობა უმეტესად დროებითია - რამდენიმე დღე, თვე, ზოგჯერ წელიწადიც გრძელდება, მაგრამ ნელ-ნელა გაივლის, როგორც კი ახალგაზრდა დედა შეიძენს ახალშობილის მოვლის აუცილებელ ჩვევებს და ახალ მოვალეობათა წინაშე თავს უსუსურად აღარ იგრძნობს. სტატისტიკური მონაცემებით, მშობიარობისშემდგომი დეპრესია მელოგინე ქალების თითქმის ნახევარს გადააქვს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ხშირად ერევათ მშობიარობის შემდგომ სტრესში (ბაბყ ბლუეს), რომელსაც პრაქტიკულად ყველა მელოგინე განიცდის და რომელიც თანდათან მცირდება ჰორმონული ფონის სტაბილიზაციასთან ერთად. ბაბყ ბლუეს-ი მკურნალობას არ მოითხოვს. მის დაძლევაში მელოგინეს ეხმარება დასვენება და მზრუნველი ადამიანების, ოჯახის წევრების, მეგობრების ან სპეციალიზებული სამსახურების თანადგომა. მშობიარობის შემდგომი დეპრესია კი ხშირად მოითხოვს სამედიცინო ჩარევას და სპეციალურ მკურნალობას. ეს ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც დეპრესიის სხვა ფორმებისგან დიდად არ განსხვავდება.

- ვის უნდა მიმართოს ამ დროს ქალმა?

- ფსიქოლოგს, რომელიც მასთან ერთად გააანალიზებს მდგომარეობას და დეპრესიის დაძლევაში დაეხმარება. იშვიათად დეპრესია იმდენად ღრმაა, რომ მისი კლინიკური სურათი ძალიან ემსგავსება ფსიქოზს: შფოთვა, რეალობის შეგრძნების დაკარგვა, ჰალუცინაციები... ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ფსიქიატრს, რომელიც მკურნალობის უფრო ეფექტურ მეთოდს შეარჩევს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ

  • თუ თავს ცუდად გრძნობთ, ამას ტრაგედიად ნუ მიიჩნევთ. ჩააგონეთ საკუთარ თავს: ყველაფერი რომ დალაგდეს, საჭიროა დრო. ყველაფერს ერთბაშად ნუ შეეჭიდებით, აკეთეთ მხოლოდ ის, რისთვისაც გეყოფათ ძალა, გადადეთ ზოგიერთი საქმე სამომავლოდ. არასასურველი პერიოდი მალე დასრულდება.
  • არ დაუშვათ ნათესავებისა და მეგობრების შემოსევა სამშობიარო სახლიდან დაბრუნებისას; თუ ხალხთან ურთიერთობა გღლით, ჯობს მარტო იყოთ. არ გადაიღალოთ. ეცადეთ იპოვოთ ადამიანი, რომელიც საოჯახო საქმიანობაში დაგეხმარებათ.
  • ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, მიმართეთ მეუღლეს, ახლობლებს, გაანდეთ თქვენი სულიერი მდგომარეობა. თუ მოგეჩვენათ, რომ ქმარმა ვერ გაგიგოთ, მაშინვე გულგრილობას ნუ დააბრალებთ - იქნებ ისიც განიცდის ბავშვის დაბადებას და მასაც დრო სჭირდება მამობასთან შესაგუებლად.
  • ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას. განწყობას მოუწესრიგებელი იერიც აფუჭებს.
  • ხშირად ისეირნეთ ბავშვთან ერთად. ეს თქვენც გარგებთ და ახალშობილსაც.
  • იკვებეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით.
  • ეცადეთ, დროდადრო საღამო მეუღლესთან ერთად გაატაროთ, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ თავი ზედმეტად არ იგრძნოს. ბავშვი შეგიძლიათ ბებიას ან ძიძას დაუტოვოთ.
  • კვირაში ერთხელ მოიწყვეთ უქმე. წინასწარ მოიფიქრეთ, სად და როგორ გაატაროთ იგი - სილამაზის სალონში, აუზზე, საუნაში თუ კაფეში. შეიძლება, მეგობარსაც ესტუმროთ. მთავარია, შინიდან გახვიდეთ.
  • გაურთულებელი მშობიარობიდან 4-6 კვირის შემდეგ სქესობრივი კავშირის განახლება ნებადართულია, თანაც ინტიმური ურთიერთობა ხშირად დეპრესიასაც შველის.

ასე რომ, იზრუნეთ საკუთარ თავზე - თქვენს პაწიას ჯანმრთელი დედიკო სჭირდება.