რაზე მეტყველებს ტემპერატურის მატება ქალებში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე მეტყველებს ტემპერატურის მატება ქალებში?

მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.

- ქალბატონო სოფიო, რა არის ბაზალური ტემპერატურა და რა საჭიროა მისი გაზომვა?

- ბაზალური ტემპერატურის მიხედვით ხდება ოვულაციის სავარაუდო თარიღის გამოთვლა. ბაზალური ტემპერატურა ძირითადად სწორ ნაწლავში იზომება. ცნობილია, რომ მენსტრუალური ციკლი ფოლიკულური, ოვულატორული და ლუთეინური ფაზებისგან შედგება. ამ სამი ფაზის შესაბამისად იცვლება ორგანიზმში ჰორმონთა დონე. ჰორმონებთან ერთად იცვლება ბაზალური ტემპერატურაც. ბაზალური ტემპერატურის გაზომვით შეგვიძლია გავიგოთ:

  • მწიფდება თუ არა კვერცხუჯრედი და როდის (შესაბამისად, გამოვყოთ დაორსულებისთვის ოპტიმალური დღეები);
  • მოხდა თუ არა კვერცხუჯრედის მომწიფება - ოვულაცია;
  • შევაფასოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობის ხარისხი;
  • ვიეჭვოთ გინეკოლოგიური პრობლემების არსებობა;
  • ვივარაუდოთ მომდევნო მენსტრუაციის დაწყების სავარაუდო დღე;
  • უჩვეულო მენსტრუაციის ან მისი შეკავების დროს დავადასტუროთ ორსულობა.

- როგორ იზომება ბაზალური ტემპერატურა?

- ბაზალური ტემპერატურის გასაზომად საჭიროა ჩვეულებრივი (ვერცხლისწყლის ან ელექტრონული) თერმომეტრი. ვერცხლისწყლის თერმომეტრით ტემპერატურას ზომავენ 5 წუთის განმავლობაში, ელექტრონულს იღებენ სიგნალის შემდეგ. თერმომეტრი უნდა მოამზადოთ წინა საღამოს და საწოლთან დაიდოთ.

  • ტემპერატურა აუცილებლად ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ.
  • არ ადგეთ, არ წამოჯდეთ, საწოლში აქტიურად არ იმოძრაოთ. მშვიდად აიღეთ თერმომეტრი და შეიყვანეთ უკანა ტანში.
  • უძრავად იწექით 5 წუთის განმავლობაში.
  • თერმომეტრი ამოიღეთ, ჩაიწერეთ მაჩვენებელი.

ბაზალური ტემპერატურის ნორმალური გრაფიკი დაახლოებით ასეთია:

  • ციკლის პირველი დღიდან მენსტრუაციის დასრულებამდე ბაზალური ტემპერატურა თანდათან იწევს დაახლოებით 37,0-დან 36,3-36,5 გრადუსამდე.
  • ციკლის შუაში (შედარებით ხანგრძლივი ციკლის დროს) ბაზალური ტემპერატურა მერყეობს 36,3-36,6 გრადუსების ფარგლებში.
  • მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მწიფდება კვერცხუჯრედი, რის გამოც ბაზალური ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში 37,1-37,3 გრადუსამდე იმატებს (ქალების უმრავლესობას ტემპერატურა აწევამდე 1-2 დღით ადრე ერთბაშად 0,1-0,2 გრადუსით უქვეითდება).
  • II ფაზაში ბაზალური ტემპერატურა 37,0-37,4 გრადუსის ფარგლებშია.
  • მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ბაზალური ტემპერატურა იწყებს დაქვეითებას და დაახლოებით 37,0 გრადუსს აღწევს.

სხვაობა მეორე ნახევრის საშუალო ბაზალურ ტემპერატურასა და პირველი ნახევრის ბაზალური ტემპერატურის მაჩვენებლებს შორის 0,4-0,5 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ვირუსული დაავადების დროს შედეგი მცდარია, ამიტომ ტემპერატურის კონტროლს აზრი არ აქვს. ბაზალურ ტემპერატურაზე ასევე გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურის მატებით მიმდინარე ზოგადი დაავადება, სქესობრივი კონტაქტი საღამოს (მით უმეტეს, დილით), ალკოჰოლის მიღება, ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უჩვეულო დროს, გვიან დაძინება (მაგალითად, დაწექით 3 საათზე, ტემპერატურა კი 6-ზე გაიზომეთ), საძილე პრეპარატის მიღება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, აქტიური სპორტით დაკავება. ეს გადახრები აუცილებლად უნდა მიეთითოს ფურცელზე.

- როგორ უნდა განისაზღვროს დაორსულებისთვის ხელსაყრელი დღეები?

- ბაზალური ტემპერატურის მეთოდით თუ ვიხელმძღვანელებთ, არც ისე დიდი უსაფრთხო პერიოდი დაგვრჩება. მაგალითად, 28-დღიანი ციკლის დროს მხოლოდ 10 დღეა უსაფრთხო. პროგესტერონის უკმარისობის დროს, რის განსაზღვრაც სპეციალური გამოკვლევებით არის შესაძლებელი, უსაფრთხო პერიოდი უფრო ხანმოკლეა. მეთოდი მოუხერხებელია იმითაც, რომ ტემპერატურის გაზომვა საჭიროა ყოველდღე, განსაკუთრებით - დაკვირვების დასაწყისში. 28 დღეზე ხანგრძლივი ან ხანმოკლე ციკლის შემთხვევაში შესაბამისად ხანგრძლივდება ან მოკლდება I ფაზა (ტემპერატურის მომატებამდე), ხოლო II ფაზა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს 12-14 დღეზე ნაკლები. დაორსულებისთვის ხელსაყრელი დღეების გამოსათვლელად აუცილებელია ბაზალური ტემერატურის გაზომვა არანაკლებ 3-4 ციკლის განმავლობაში. იდეალური ციკლის შემთხვევაში ეს პერიოდი ამგვარად გამოითვლება: იმ დღიდან, როდესაც ტემპერატურა გადაკვეთს 37,0 გრადუსის ნიშნულს, უნდა გადაითვალოთ 6 დღე უკან და 6 - წინ. 28-დღიანი ციკლის დროს ეს ციკლის მე-14 დღეს ემთხვევა (ამ დროს ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება), ციკლის 1-ელიდან მე-7 დღემდე და 21-ე დღიდან ციკლის დასრულებამდე კი შეგიძლიათ თავი არ დაიცვათ. გაითვალისწინეთ: თუ სხვადასხვა ციკლში 37,0-ის გადაკვეთა სხვადასხვა დღეს მოხდა, მაშინ სარისკო პერიოდის განსაზღვრისას 6 დღეს უკან ნაკლები მაჩვენებლიდან გადაითვლიან, ხოლო წინ - მეტიდან. იგივეა პრინციპი მოკლე ციკლის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ციკლი 21 დღე გრძელდება, მაშინ კვერცხუჯრედის მომწიფება უკვე მე-7 დღეს არის მოსალოდნელი. შესაბამისად, საშიშია მე-2-13 დღეები, თუ ოვულაციის დღე არ მოძრაობს.

- როგორია ბაზალური ტემპერატურა ორსულობის დროს?

- დაორსულებისას ბაზალური ტემპერატურა მაღლა იწევს და მომატებული რჩება ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში. ამ დროს ბაზალური ტემპერატურის დაქვეითება ხშირად ორსულობის შეწყვეტის საფრთხეზე მიუთითებს.

- რას გვეტყვით ზოგადად ორსულთა სხეულის ტემპერატურაზე?

- ორსულობისას სხეულის ტემპერატურა იმატებს და 37 გრადუსის მახლობლად მერყეობს. ეს გამოწვეულია ორსულობის ჰორმონების მოქმედებით და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებით. ორსულობის პირველ თვეებში ქალს არ უნდა აშინებდეს სხეულის ტემპერატურის 37,2-გრადუსიანი, თუნდაც ოდნავ უფრო მაღალი მაჩვენებელი. როდესაც საშვილოსნოში ნაყოფი იწყებს განვითარებას, ქალის ორგანიზმი დიდი ოდენობით გამოიმუშავებს პროგესტერონს, რაც სხეულის ტემპერატურაზე მოქმედებს. ეს თავისებური რეაქციაა ორსულობაზე.

- ესე იგი, ტემპერატურის უმიზეზო მომატებისას ორსულობაც უნდა ვიეჭვოთ?

- დიახ, ასეა, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს იმუნიტეტში შესაძლოა ერთგვარი ჩავარდნაც მოხდეს, ამიტომ როდესაც შეიგრძნობთ უსიამოვნო სიმპტომებს: სისუსტეს, შემცივნებას ან სიმხურვალეს, - აუცილებლად გაიზომეთ ტემპერატურა. თუ იგი 37,8-ს აღემატება, მაშასადამე, დროა, ზომები მიიღოთ. ტემპერატურის მომატება შესაძლოა ანთებითი პროცესის, ინფექციის, გაციების, გრიპის ან რომელიმე ორგანოს მუშაობის დარღვევის ნიშანი იყოს. გახსოვდეთ: მაღალ ტემპერატურას ძნელად იტანს ორსული და პოტენციურად საშიშია ნაყოფისთვის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ორსულებს, რომლებსაც პირველ ტრიმესტრში, განსაკუთრებით - მე-3-5 კვირას, აქვთ მაღალი ტემპერატურა (39 გრადუსი), უფრო ხშირად უჩნდებათ დეფექტიანი ბავშვები, თუმცა ეს უმთავრესად იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტემპერატურის აწევა ცხელ აბაზანაში დიდხანს ყოფნით იყო გამოწვეული. ტემპერატურის დროებითი მომატება, რაც ინფექციების უმრავლესობას ახასიათებს, ბავშვისთვის ნაკლებად საშიშია. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს უმჯობესია ცხელება ნებაზე არ მიუშვათ. აი, რამდენიმე უსაფრთხო მეთოდი:

  • ჩაიცვით სწორად. მავნეა როგორც მეტისმეტად თბილად, ასევე შილიფად ჩაცმა. ძალიან თბილი ტანსაცმელი აფერხებს სხეულიდან სითბოს გაცემას, გრილი კი ხელს უწყობს შემცივნებას, რომლის დროსაც ორგანიზმი კიდევ უფრო მეტ სითბოს გამოიმუშავებს. ჩაიცვით მსუბუქად და თავისუფლად, ეს კანში აირთა ცვლას გააუმჯობესებს. თუ ძლიერ ოფლიანდებით, ხშირად იცვალეთ ტანსაცმელი.
  • შეინარჩუნეთ ოთახში სიგრილე, გააღეთ ფანჯარა, ჩართეთ კონდიციონერი, გადით შინიდან. გრილი და სუფთა ჰაერი სხეულს გააგრილებს.
  • სვით ბევრი სითხე. ოფლდენისა და სუნთქვის გახშირების შედეგად ორგანიზმი კარგავს დიდი ოდენობით სითხეს, რომლის მარაგი უნდა შეივსოთ.

- რას გვეტყვით ლოგინობის ხანის ცხელებაზე?

- ლოგინობის ხანა იწყება პლაცენტის გამოძევების შემდეგ და 4-6 კვირა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ქალის რეპროდუქციული სისტემა უბრუნდება საწყის, ორსულობამდელ მდგომარეობას. სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი ინფექციური გართულებები.


 

- საიდან იჭრება ორგანიზმში ინფექცია?

- ინფექცია ეგზოგენურიც შეიძლება იყოს და ენდოგენურიც. პირველ შემთხვევაში ინფექცია იჭრება გარედან - საშოდან (გასინჯვის, სქესობრივი კავშირის დროს, სამედიცინო ინსტრუმენტების საშუალებით). მეორე შემთხვევაში ინფექცია სასქესო ორგანოებში ხვდება სხვა ორგანოებიდან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხდება თვითდასნებოვნება. ამ პერიოდში ბევრი რამ არის დამოკიდებული ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. როდესაც იმუნური სისტემა ძლიერია, ინფექცია არ ვრცელდება, იმუნური სისტემის დასუსტებისას კი მიკრობები იოლად ერევიან ორგანიზმს და მშობიარობის შემდგომ დაავადებებს იწვევენ. მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს უმთავრესად ჩირქოვანი სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი აინფიცირებს. თავდაპირველად მიკრობი საშვილოსნოს ყელზე, საშოზე ან შორისზე არსებული ნახეთქიდან საშვილოსნოს შიგნითა გარსში იჭრება. თუ ორგანიზმი დასუსტებულია, მკურნალობა არასწორად ჩატარდა ან თავად მიკრობია ძალზე ვირულენტური, ის პირველადი კერის გარეთაც ვრცელდება. ამის შედეგად ზიანდება საშვილოსნოს ღრმა შრეები, საშვილოსნოს ირგვლივ არსებული ქსოვილი, მენჯის ღრუს პერიტონეუმი, საშვილოსნოს, მენჯისა და ბარძაყის ვენები. მიკრობები მთელ ორგანიზმში მიმოიფანტება და ანთებითი პროცესი რთულდება სეფსისით. ამრიგად, ინფექციის გავრცელების სქემა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:

  • პირველი ეტაპი - ინფექცია შემოიფარგლება სამშობიარო ჭრილობით (ენდომეტრიტი);
  • მეორე ეტაპი - ინფექცია ვრცელდება სამშობიარო ჭრილობის გარეთ, მაგრამ მაინც ლოკალიზებულია (მეტრიტი, პარამეტრიტი, შემოსაზღვრული თრომბოფლებიტი);
  • მესამე ეტაპი - ინფექცია განაგრძობს გავრცელებას (გავრცობილი პერიტონიტი, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი);
  • მეოთხე ეტაპი - ინფექცია გენერალიზებულ სახეს იღებს (სეფსისი მეტასტაზების გარეშე და მეტასტაზებით).

- რა არის ენდომეტრიტი?

- ენდომეტრიტი, საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება, მშობიარობის შემდგომი ინფექციის ყველაზე ხშირი ფორმაა. მშობიარობიდან მესამე-მეოთხე დღეს მელოგინეს ამცივნებს, ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე უწევს. ამას ერთვის გაძლიერებული ოფლდენა, თავის ტკივილი, ეიფორია. მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი. გასინჯვისას საშვილოსნო მტკივნეულია, შეწყვეტილია ლოქიის გამოყოფა. ვითარდება ინტოქსიკაცია. დაავადება 8-10 დღე გრძელდება. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს მცირე მენჯის ღრუს პერიტონეუმზე და გამოიწვიოს მისი ანთება - პელვეოპერიტონიტი. ლოგინობის ხანის ცხელებით მიმდინარე დაავადებებიდან ყურადღებას იქცევს გავრცობილი პერიტონიტი. ის უმეტესად საკეისრო კვეთის გართულებაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, სათავე ორსულობის დროს არსებულმა ინფექციურმა დაავადებებმა დაუდოს. ამ დროს ყურადღებას იპყრობს მუცლის ძლიერი ტკივილი, პირღებინება, გულისრევა, ნაწლავთა პარეზი, მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა. მდგომარეობა მძიმეა. გავრცობილ პერიტონიტს ქირურგიული გზითY მკურნალობენ. გარდა ამისა, მკურნალობაში ერთვება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ტარდება ინტენსიური თერაპია - დეზინტოქსიკაცია, წესრიგდება მჟავატუტოვანი და წყალმარილოვანი ცვლა. მენჯის ვენებში ინფექციის გავრცელებისას შესაძლოა მენჯის ვენებისა და ქვედა კიდურთა ვენების თრომბოფლებიტი განვითარდეს. ის მშობიარობიდან მეორე-მესამე კვირას იწყება. ავადმყოფი უჩივის დაზიანებული კიდურის ტკივილს, რომელიც მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ძლიერდება. ვენა შეწითლებულია, ისინჯება მტკივნეული, მკვრივი სიმისებრი წარმონაქმნი, რომელიც ირგვლივ არსებული ქსოვილებისგან მკვეთრად არის გამოყოფილი. სხეულის ტემპერატურა მომატებულია 37-38 გრადუსამდე. ყველაზე ხშირად პროცესი კოჭის ვენაში ლოკალიზდება. აღმავალი თრომბოზის დროს, როდესაც ანთება ბარძაყის ვენაზე ვრცელდება და მას ბარძაყისა და მუხლქვეშა ვენების თრომბოზი ერწყმის, ქვედა კიდური შეშუპებულია, მტკივნეული, მუხლის სახსარში მოძრაობა - შეზღუდული. თუ პათოლოგიური პროცესი უფრო ზევით გავრცელდა, მთელი კიდური შუპდება, ტკივილი ძლიერდება, კანი ციანოზური ხდება. ლოგინობის პერიოდში ხშირია აგრეთვე საშარდე გზების ინფექცია - ამ პერიოდში შარდის ბუშტი არასრულად იცლება, რაც ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებას და საშარდე გზების შემდგომ ინფიცირებას. სხვა მიზეზებიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მშობიარობის დროს მიღებული შარდის ბუშტის ტრავმა და შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. მელოგინეს ეწყება ხშირი შარდვა, შარდვის დროს - უსიამოვნო შეგრძნება და წვა, ტკივილი ბოქვენის ზემოთ. ინფექციის აღმავალი გზით გავრცელებისას ტკივილი მოიცავს თირკმლის მიდამოს და გადაეცემა საზარდულის არეში. ანტიბაქტერიული პრეპარატები შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის საფუძველზე ინიშნება.

- კიდევ რა დაავადება შეიძლება დაემართოს მეძუძურ ქალს?

- ძუძუთი კვების პირველ პერიოდში დვრილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა. გარდა ამისა, როდესაც ბავშვი არასწორად ეჭიდება ძუძუს, წოვებას თან სდევს ტკივილი. შესაძლოა, ძუძუსთავებიც დასკდეს. ნახეთქები ზერელეც შეიძლება იყოს და ღრმაც. თუ კერტების დაზიანება ზედაპირულია, მათი დახეთქვა ტკივილს არ იწვევს, მაგრამ ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ დედა ახალშობილს ძუძუს ვეღარ აწოვებს. ამ დროს დვრილები შეშუპებული და შეწითლებულია, ნახეთქები დაფარულია სისხლიანი ან ჩირქოვანი ქერქით. დვრილის შეხება და მით უმეტეს ძუძუს გამოწველა ძლიერ ტკივილს იწვევს. დიდია ალბათობა, ღრმა ნახეთქებიდან ინფექცია შეიჭრას და სარძევე ჯირკვლის ანთება - მასტიტი განვითარდეს.

- როგორ მიმდინარეობს ეს დაავადება?

- მასტიტი უმთავრესად ლოგინობის ხანის პირველი სამი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. უპირატესად ცალი ჯირკვლის ანთება ვითარდება, თუმცა არც ორმხრივი ანთებაა გამორიცხული. ახასიათებს შემცივნება, სხეულის ტემპერატურის უეცარი მომატება 38-39 გრადუსამდე, სარძევე ჯირკვლის ძლიერი ტკივილი. ჯირკვალი გადიდებულია. მის სიღრმეში შეიგრძნობა მტკივნეული, მკვრივი წარმონაქმნი. ჩვეულებრივ, გადიდებულია იღლიის ლიმფური კვანძებიც. სარძევე სადინარები იხშობა და რძე გუბდება. ზოგჯერ ანთებითი პროცესი პროგრესირებს და სარძევე ჯირკვალი ჩირქდება. დაჩირქებას თან სდევს მდგომარეობის დამძიმება. ტკივილი ძლიერდება, ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს, მკვეთრად იცვლება სისხლის სურათი. პირველმშობიარეებს შორის მასტიტი ორჯერ ხშირია.

- როგორ მკურნალობენ მასტიტს და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან?

- მასტიტის პროფილაქტიკა გულისხმობს სარძევე სადინარებისა და ჯირკვლების სწორ ჰიგიენას, ნახეთქების პროფილაქტიკას. ნახეთქები არ გაჩნდება, თუკი ძუძუსთავების მოვლას ორსულობიდანვე დაიწყებთ, მშობიარობის შემდეგ კი ახალშობილს ძუძუს სწორად აწოვებთ. აუცილებელია სარძევე ჯირკვლების ყოველდღიური ბანა გრილი წყლით და მკერდის დაზელა უხეში პირსახოცით. ნებისმიერი ფორმის მასტიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი, კალორიული და ვიტამინებით მდიდარი საკვები. რძის შეგუბებისას აუცილებელია ჯირკვლის დაცლა სპეციალური საწველით. საწყის სტადიაში ნაჩვენებია კონსერვატიული მკურნალობა ანტიბიოტიკებით, ჩირქოვანი მასტიტის დროს კი საჭიროა ქირურგიული ჩარევა. კიდევ ერთი: ძუძუთი კვება სეროზული და ინფილტრაციული მასტიტის დროს, ანტიბიოტიკების გამოყენების ფონზეც კი არ წყდება. მეძუძური დედა გართულებებს თავს დააღწევს, თუ სწორად მოუვლის სარძევე ჯირკვლებს:

  • მეტისმეტად ხშირად ნუ დაიბანთ მკერდს, მით უმეტეს საპნით, რადგან ამ დროს ძუძუს შორდება ბუნებრივი საცხი, რომელიც ძუძუსთავებს იცავს.
  • ნუ გამოიყენებთ კრემებსა და აეროზოლებს, ბორის მჟავას ხსნარებს - შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიონ.
  • კვების შემდეგ დვრილზე დაიტოვეთ რამდენიმე წვეთი რძე და ჰაერზე გაიშრეთ.
  • დვრილები მუდამ მშრალი უნდა იყოს.
  • გამოიწველეთ რძე, რომელიც კვების შემდეგ ძუძუში დარჩა.
  • მთლიანად დაიცალეთ ცალი ძუძუ, ვიდრე ბავშვს მეორეს მისცემდეთ.
  • თუ ბავშვს ერთი ძუძუ ჰყოფნის, მომდევნო კვება მეორე ძუძუთი დაიწყეთ.
  • იცვალეთ მდებარეობა ყოველი კვების დროს.
  • არ აქციოთ ძუძუ მატყუარად, არ მისცეთ ნება ბავშვს, უბრალოდ წოვოს იგი.