რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
საახალწლო ალერგია და მოულოდნელი უსიამოვნებები
საახალწლო ალერგია და მოულოდნელი უსიამოვნებები
ვის არ სურს, ისეთ ღირსშესანიშნავ დღეს, როგორიც ახალი წელია, შინ ულამაზესი ნაძვის ხე ედგას? მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მანაც კი შეიძლება ალერგია გამოიწვიოს და დღესასწაული უსიამოვნო სიურპრიზად გვიქციოს. საქმე ის არის, რომ მედიკოსებმა ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს: იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც ნაძვი სახლში გვიდგას, ალერგიის განვითარების ალბათობა ხუთჯერ იმატებს. ის ფაქტიც კი, რომ გაციების შემთხვევების პიკი ახალი წლის დღეებზე მოდის, ექიმების აზრით, მცდარია. უბრალოდ, გაციების სიმპტომები ძალიან ჰგავს ალერგიის კლინიკურ ნიშნებს. ამასთან, უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს არა თავად ნაძვის ხე, არამედ ის სითხეები, რომლებითაც მას ამუშავებენ, ასევე - მტვერი და სოკო, რომელიც ხის წიწვებზე იბუდებს.

ნაძვის ყიდვისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა ხე მავნებლების საწინააღმდეგო ქიმიკატებით და ხარისხის დიდხანს შესანარჩუნებლად საჭირო სხვა ქიმიური საშუალებებით მუშავდება. ზოგიერთი ეგზემპლარი - მათი რაოდენობა არცთუ მცირეა - ხანძარსაწინააღმდეგო ნივთიერებებითაც არის დამუშავებული. ეკოლოგების რჩევით, საახალწლო ნაძვის ხის შეძენისას უნდა გავეცნოთ მათზე გაცემულ სერტიფიკატს და სასურველია, ეს ბიოსერტიფიკატი იყოს.

ცხადია, ალერგიას მხოლოდ ნაძვის ხეს ვერ დავაბრალებთ - ის შესაძლოა საახალწლო სუფრამ, ალკოჰოლურმა თუ გამაგრილებელმა გაზიანმა ფერადმა სასმელებმაც გამოიწვიოს.

არცთუ იშვიათად ალერგიას იწვევს ხელოვნური ნაძვი, რომელიც წარმოების ნარჩენებისგან მზადდება. მის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებების მთელ ნაკრებს აღმოაჩენთ. მათ შესაძლოა ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიონ, მეტადრე მაშინ, როცა ასეთ ხეზე გირლანდაა ჩამოკიდებული - ის ახურებს ხელოვნურ მცენარეს და აძლიერებს მავნე ნაერთების გამოყოფას.

ნაძვის ხის სათამაშოებიც შეიძლება ალერგიის მიზეზად იქცეს, თუმცა ეს ყველა მათგანს არ ეხება - ვგულისხმობთ უმთავრესად იაფფასიან ნაწარმს. მედიკოსებს მიზანში აქვთ ამოღებული საახალწლო სანთლებიც, რომლებიც წვისას მურს, ტყვიას, ვერცხლისწყალს და სხვა მავნე და ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ - მათმა ჩასუნთქვამ შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული პრობლემები გამოიწვიოს. სანთლები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ხანდაზმულთათვის.

ამრიგად, საახალწლო ალერგიის თავიდან ასაცილებლად ყურადღებით უნდა იყოთ, დაიცვათ სიფრთხილის ნორმები და თან იქონიოთ პრეპარატები, რომლებიც ალერგიის შემთხვევაში დაგეხმარებათ.

ახალი წლის დღეებში არც უბედური შემთხვევებისგან ვართ დაზღვეულნი. როგორ დავეხმაროთ დაშავებულს? შედარებით ადვილია დახმარება, თუ შუბლში შამპანურის საცობი მოგხვდათ. ამ დროს ნატკენ ადგილზე ყინული, თოვლი ან უბრალოდ ცივ წყალში დასველებული ნაჭერი უნდა მიიდოთ. ურიგო არ იქნება, დაშავებული მცირე ხნით წამოვაწვინოთ, ოღონდ ამ დროს თავი ტანზე მაღლა უნდა ჰქონდეს.

თუ ხელში პატარა პეტარდა აგიფეთქდათ და უმნიშვნელოდ დაშავდით, დაშავებული ადგილი ანადუღარ წყალში გახსნილი სოდით ჩამოიბანეთ (2 ს/კ სოდა 1 ლიტრ წყალზე). მერე ჭრილობის კიდეებზე იოდი წაისვით და სტერილური ბინტით შეიხვიეთ. თუ მცირე დამწვრობა მიიღეთ, მაგრამ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, ხელი 10-15 წუთით შეუშვირეთ გამდინარე ცივ წყალს, მერე კი ნატკენი ადგილი დამწვრობის საწინააღმდეგო ქაფით ან მალამოთი დაიმუშავეთ და შეიხვიეთ. თუ დამწვრობამ დიდი ფართობი მოიცვა ან კანზე ბუშტუკები გაჩნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ ბავშვმა ტორტის პლასტმასის მოსართავი გადაყლაპა: პატარა მოსართავი ადვილად გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და 24 საათში გარეთ გამოდის; თუ
დიდია, შესაძლოა შეკრულობა გამოიწვიოს, ხოლო თუ წაწვეტებულია და ბავშვი ტკივილს გრძნობს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ უცხო სხეული სუნთქვას უშლის ხელს, ბავშვი ისე წახარეთ წინ, რომ თავი მხრების დონეზე დაბლა ჰქონდეს და ხელისგული რამდენჯერმე დაჰკარით ზურგზე, ბეჭებს შორის. ამგვარად რეფლექსურ ხველას გამოიწვევთ. თუ გადაცდენილი საგანი გადმოვარდა, ბავშვს წყალი დაალევინეთ. თუ ამ გზით უცხო სხეული ვერ ამოაგდებინეთ, ზურგიდან მოეხვიეთ ბავშვს, ცალი ხელით მუშტი შეკარით და კუჭთან მიადეთ, მეორე ხელი პირველს დაადეთ ზემოდან და მკვეთრად მიაწექით კუჭისთავის მიდამოს. გააკეთეთ 6-10 ბიძგი ზემოთ და თქვენკენ.

თუ ვინმე ელექტროგირლანდას შეეხო და დენმა დაარტყა, დაშავებული, უპირველეს ყოვლისა, მოაშორეთ დენის წყაროს - რეზინის ან მშრალი შალის ხელთათმანებით სადენი ჯოხით გასწიეთ. თუ ადამიანს გონება არ დაუკარგავს, დააწვინეთ და დაალევინეთ ტკბილი მაგარი ჩაი. თუ უგონოდაა, სასწრაფოში დარეკეთ, მის მოსვლამდე კი ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი. დენის შესვლის ადგილი მშრალი სტერილური საფენით დაფარეთ, ხოლო დამწვრობა სპეციალური ქაფით ან კრემით დაამუშავეთ.

დაბოლოს, გახსოვდეთ: ელემენტარული წესების ცოდნა და დაცვა, ასევე მცირეოდენი ყურადღება და სიფრთხილე დიდ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან და საშუალებას მოგცემთ, დღესასწაული სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ფორთოხალი დემენციისგან დაცვის რეალური საშუალებაა. ყოველდღიურად ფორთოხლის, გრეიფრუტის, ლიმონის ან ლაიმის მოხმარება დადებითად მოქმედებს ადამიანის მდგომარეობაზე და ამცირებს დემენციის განვითარების რისკს. ციტრუსები ტვინს ალცჰაიმერის დაავადების ან დემენციის გამომწვევი დაზიანებისგან იცავს. ციტრუსის მჟავა შეიცავს ნაერთ ნობილეტინს, რომელსაც მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების დამუხრუჭება შეუძლია.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
საყოფაცხოვრებო ქიმიის შერჩევისას ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი ყურადღებას აქცევს ფასს, არომატს, ეკონომიურობას, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი - უსაფრთხოება. ბზინვარე ზედაპირი ყოველთვის არ ნიშნავს სისუფთავეს.
ძილის ამერიკული ნაციონალური ფონდის (NSF) მონაცემებით, საძინებელი ოთახის ტემპერატურას დიდი გავლენა აქვს ძილის პროცესზე, კერძოდ, მაღალი ტემპერატურა ძილის სრულფასოვნებას არღვევს. ძილი რეკომენდებულია 18-20 გრადუსი ცელსიუსის პირობებში.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.