მეტყველების დარღვევა აუტისტური სპექტრის მოშლილობათა დროს და კომუნიკაციური თერაპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტყველების დარღვევა აუტისტური სპექტრის მოშლილობათა დროს და კომუნიკაციური თერაპია

რატომ გვიანდება ამეტყველება და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, თუ მისი შვილი ენის ამოდგმას აგვიანებს? ამის შესახებ მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ "ლოგომედის" ხელმძღვანელი, ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.

- მეტყველების რა ტიპის დარღვევები ახასიათებს აუტისტურ სპექტრს?

- აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობათათვის მეტყველების საკმაოდ მრავალფეროვანი დარღვევებია დამახასიათებელი. ამ დროს ბავშვები უმეტესად უმეტყველონი, არავერბალურნი არიან, ზოგ მათგანს ბგერებიც კი არ გააჩნია. არავერბალურ პატარას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე სპონტანური ვოკალიზაციის ბგერა, რომელსაც იგი არამიზნობრივად გამოსცემს.

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს ბგერები და მარცვლები აქვს, საუბრობს, მაგრამ საგნებს არქმევს ისეთ სახელებს, რომლებსაც საგნის რეალურ დასახელებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის არაკონვენციურ, ე.წ. ჟარგონულ ენაზე მეტყველი ბავშვი. ასეთი ბავშვების ერთ ნაწილს შენარჩუნებული აქვს ინტონაცია, ემოცია, რომელსაც ის ამა თუ იმ მომენტში ჟარგონით გამოხატავს, ადეკვატურია მისი სურვილისა. მაგალითად, თხოვნას თავისი ფორმა აქვს, პროტესტს - თავისი და ა.შ. ამ შემთხვევაში მშობლისთვის შვილის გაგება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არსებობენ არაკონვენციურად მეტყველი ბავშვებიც, რომლებიც ემოციებს არაადეკვატურად გამოხატავენ და ეს მათი სურვილებისა და მიზნების გაგებას რამდენადმე ართულებს.

ამ ტიპის მოშლილობებს ახასიათებს ე.წ. ექოლალიებით საუბარიც - რასაც ვეუბნებით, იმავეს იმეორებენ, ზოგჯერ - არტიკულაციისა და მართლმეტყველების სრული დაცვით, მაგრამ თავად მიზნობრივად არ ლაპარაკობენ, ყველაზე მარტივ მიზნობრივ წინადადებებსაც კი არ ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ, ურთულესი შენების ფრაზაც უშეცდომოდ გაიმეორონ.

არსებობს მეტყველების დარღვევის ისეთი ფორმაც, როდესაც საკმაოდ მდიდარი ლექსიკური მარაგის ფონზე თავს იჩენს აგრამატიზმი და მეტყველების სინტაქსური შენების რღვევა - ბავშვები ლაპარაკობენ, ვერბალურნი არიან, მაგრამ ვერ ახერხებენ, შეუთანხმონ ერთმანეთს დრო, პირი და რიცხვი. ბავშვი ამ შემთხვევაში აგებინებს გარშემო მყოფებს, რა სურს, რადგან მეტყველება, შეიძლება ითქვას, პირველყოფილ დონეზე განვითარებული აქვს.

აუტისტური სპექტრის მოშლილობათათვის ასევე დამახასიათებელია აკვიატებული სიტყვები და ფრაზები. ზოგჯერ ბავშვი მთელი დღე იმეორებს მულტფილმში გაგონილ რომელიმე სიტყვას ან ფრაზას ანდა წინადადებას, რომლითაც მას ოჯახის რომელიმე წევრი მიმართავს.

ამ ტიპის პრობლემის მქონე ბავშვი ზოგჯერ არაბუნებრივი ხმით ლაპარაკობს, მშობელი თავადაც ხვდება, რომ მისი შვილის ბუნებრივი ხმა სხვაა.

- რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როდესაც მათი შვილი ნორმის შესაბამისად ვერ მეტყველებს?

- როდესაც ბავშვი ექოლალიებით ლაპარაკობს, მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს დროთა განმავლობაში გამოსწორდება, ალაგდება აგრამატიზმისთვის დამახასიათებელი მომენტები, ლოდინში კი შესაძლოა ძვირფასი დრო დავკარგოთ.

უფრო და უფრო მომრავლდნენ მშობლები, რომლებიც სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათი შვილი თავისუფლად ითვლის ინგლისურად, იცის ანბანი, სიტყვების მნიშვნელობა, ესე იგი ბავშვი მეტყველებს, უბრალოდ, ქართული არ მოსწონს.

მინდა განვმარტო: ბავშვი ითვლის ინგლისურად და ასახელებს სიტყვებს არა იმიტომ, რომ ქართული არ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ გაურბის ენას, რომელზეც სთხოვენ კონტაქტს, ესე იგი იმას, რისი კეთებაც არ სურს. პრობლემის არსებობისას ასევე გაურბიან მშობლიურ ენას ინგლისურ, რუსულ და სხვა ენაზე მოლაპარაკე პატარებიც. ასე რომ, როდესაც ბავშვი უცხო ენისადმი ინტერესს ამჟღავნებს და, ამასთან, სათანადო ყურადღებას არ აქცევს მშობლიურ ენას, ეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

როდესაც ბავშვი ლაპარაკობს არაფიზიოლოგიური ხმით, ნუ ჩათვლით, რომ მულტფილმის გმირს ბაძავს.

ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ უთუოდ აუტისტური სპექტრის მოშლილობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ დროული დიფერენცირება აუცილებელია.

- უკანასკნელ ხანს მეტყველების ფუნქციის განვითარებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კომუნიკაციური თერაპიით ცდილობენ. რას წარმოადგენს იგი და რომელი კატეგორიის დაღვევების დროსაა რეკომენდებული მისი გამოყენება?

- კომუნიკაციური თერაპია მეტყველების თერაპიის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც მიმართავენ ისეთი დარღვევების დროს, როგორებიცაა აუტიზმი და აუტისტური სპექტრი, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, სმენის დაქვეითება, მეტყველების რეცეპტული დარღვევა, ნებისმიერი ტიპის თანდაყოლილი, შეძენილი თუ ტრავმული გენეზის სამეტყველო აპარატის დაზიანება.

ესაა ჩანაცვლებით, დამხმარე ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ნებისმიერ დონეზე მეტყველ თუ არამეტყველ ადამიანს კომუნიკაციაში ეხმარება.

თერაპიის დასაწყისში აუცილებელია "დაიხატოს" შერჩეული პაციენტის ემოციური, სენსორული და რეცეპტორული პორტრეტი, დადგინდეს, ვინ არის, რას წარმოადგენს ეს პიროვნება და როგორია მისი ინტერესების სფერო.

ამისთვის საჭიროა მულტიდისციპლინური ჯგუფი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ნევროლოგი, ერგოთერაპევტი და ფიზიოთერაპევტი. სწორედ ისინი ადგენენ იმ ინდივიდუალურ სამუშაო გეგმას, რომლის მეშვეობითაც გარემო ბავშვისთვის მაქსიმალურად მისაღები და გასაგები უნდა გახდეს.

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ვერ ლაპარაკობს ან რაიმე სირთულეს აწყდება ვერბალურ კომუნიკაციაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, შეძლოს გარემოში სიგნალების გაგზავნა, როდესაც რაღაც აწუხებს ან აღელვებს: სტკივა, შია, სცივა, სწყინს, უხარია, რა მოსწონს, რა - არა და ა.შ. ამრიგად, წარმატებული თერაპიისთვის საჭიროა, სამუშაო გეგმა იყოს სავსებით ადაპტირებული და მორგებული ბავშვის ინდივიდუალურ ფსიქო-სენსორულ პორტრეტს.

კომუნიკაციური თერაპიის განსახორციელებლად, ადამიანურ რესურსთან ერთად, აუცილებელია სპეციალური "მოლაპარაკე" მოწყობილობები: ალბომები, წიგნები, კომპიუტერული პროგრამები, სათამაშოები, ანუ ყველაფერი უნდა იყოს კონსტრუირებული იმისთვის, რომ ბავშვს გაუჩნდეს მოტივაცია, რამენაირად მოახერხოს და თავისი განწყობა, განცდები, სურვილები გარემოში გამოგვიგზავნოს.

- რამდენად მნიშვნელოვანია თერაპიის პროცესში ოჯახის მონაწილეობა?

- თერაპიის შედეგი უშუალოდაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად აქტიურად და სწორად არიან ჩართულნი სამუშაო პროცესში არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ საბავშვო ბაღისა და სკოლის აღმზრდელებიც. მხოლოდ ასეთი საყოველთაო, შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობითაა შესაძლებელი მიზნის მიღწევა.

ყველამ ვიცით, რომ როდესაც ოჯახში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია, მთელი ოჯახი მასზეა კონცენტრირებული. ვიდრე მას ჰყავს მომვლელი, კომუნიკაციის დეფიციტი ნაკლებად მწვავეა, მაგრამ დგება დრო, როდესაც ბავშვი მარტო რჩება. სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა მომზადდეს იგი კომუნიკაციური თერაპიის დახმარებით, იყოს გარემოსთან აბსოლუტურად ადაპტირებული, თავად მართოს და აკონტროლოს პირადი ცხოვრება ისე, რომ არც თავად დააწვეს ვინმეს ტვირთად და არც ცხოვრება იყოს მისთვის მძიმედ სატარებელი ჯვარი.